Facebook Twitter

№ ას-937-899-2014 10 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ. ჯ-ი“(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „თ. გ. ფ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სახელშეკრლებო ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „მ. ჯ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ააიპ „თ. გ. ფ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა: ა) მოპასუხისათვის შპს „მ. ჯ-სა“ და ააიპ „თ. გ. ფ-ს შორის 2012 წლის 3 ივლისის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არსებული მშენებლობის პროექტის შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში შეთანხმების დავალება, რაც უზრუნველყოფს მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას; ბ) მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 6400 ლარისა და 2013 წლის ნოემბრიდან ხელშეკრულების პირობების შესრულებამდე ყოველთვიურად 400 ლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელის განმარტებით, მას და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, ფონდმა იკისრა ვალდებულება შპს „მ. ჯ-ისთვის“ გადაეცა 69 კვ.მ ფართი პირველ სართულზე, ასევე, 250 კვ.მ მანსარდის სართულზე და 180 კვ.მ - სარდაფის სართულზე. ასაშენებელი შენობის თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული იყო მანსარდის სართულისა და სარდაფის ფართების მშენებლობა. არსებული პროექტის მიხედვით კი არ არის გათვალისწინებული მანსარდის სართული, ხოლო სარდაფის სართული იმგვარადაა დაპროექტებული, რომ შეუძლებელი ხდება ხელშეკრულების შესრულება, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. შპს „მ. ჯ-მა“ არაერთხელ გაუგზავნა წერილი არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად და სახელშეკრულებო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესასრულებლად, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

2012 წლის 3 ივლისის ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, შენობის სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2013 წლის 30 მაისს, რაც არ შესრულებულა. ფონდი ე-ის მოედნის №..-ის თანამესაკუთრეებზე დღემდე გასცემს კომპენსაციას მშენებლობის დასრულებამდე, რომელიც შეადგენს ყოველთვიურად 400 ლარს. ფონდსა და თანამესაკუთრეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით, კერძოდ, 1.4 პუნქტის მიხედვით, თანამესაკუთრეებს (გარდა მოსარჩელისა) საპროექტო სამუშაოების წარმოებისა და პროექტის შეთანხმების უფლებამოსილება დელეგირებული აქვს ფონდზე, შესაბამისად, იგი ვალდებულია შეათანხმოს პროექტი მხოლოდ მოსარჩელესთან შეთანხმებით.

მოპასუხემ სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარადგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „მ. ჯ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ. ჯ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინებით შპს „მ. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა:

სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინებით შპს ,,მ. ჯ-ის’’ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად. მოწინააღმდეგე მხარეს - ა (ა) იპ ,,თ. გ. ფ-ს’’ გადაეგზავნა სააპელაციო საჩივრისა და თანდართული საბუთების ასლები და დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში წარმოედგინა შესაგებელი სააპელაციო საჩივარზე. ამავე განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგები. ა (ა) იპ ,,თ. გ. ფ-მა’’ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო შესაგებელი არ წარმოადგინა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 201.1-ე, 2321-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ა (ა) იპ ,,თ. გ. ფ-ს’’ საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა შპს „მ. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი და მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია, რაც წინაპირობა იყო იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს ემსჯელა კანონით გათვალისწინებულ შედეგზე - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, კერძოდ, შპს ,,მ. ჯ-ი’’ სააპელაციო საჩივარს ამყარებდა იმ გარემოებაზე, რომ ა (ა) იპ ,,თ. გ. ფ-ი’’ არ ასრულებდა ხელშეკრულბით გათვალისწინებულ ვალდებულებას და მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სასამართლო წესით ითხოვდა მოპასუხისათვის: 1. შპს ”მ. ჯ-სა” და ა(ა) იპ „თ. გ. ფ-ს” შორის 2012 წლის 3 ივლისის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არსებული მშენებლობის პროექტის შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში შეთანხმების დავალებას; 2. მოპასუხისათვის შპს ”მ. ჯ-ის” სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით, 6400 ლარისა და 2013 წლის ნოემბრიდან ხელშეკრულების პირობების შესრულებამდე ყოველთვიურად 400 ლარის გადახდის დაკისრებას.

საქმეში არსებული სარჩელით დადგენილია, რომ 2012 წლის 3 ივლისს შპს „მ. ჯ-სა” და ა (ა) იპ „თ. გ. ფ-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, ფონდი კისრულობდა ვალდებულებას საკუთარი ხარჯითა და პასუხისმგებლობით, განეხორციელებინა ქ. თბილისში, ე-ის მოედნის №..-ში მდებარე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ამავე მიწის ნაკვეთზე ახალი შენობის მშენებლობა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დაფინანსების უზრუნველყოფა. აღნიშნულ შენობაში შპს „მ. ჯ-ი” წარმოადგენდა ერთ-ერთ თანამესაკუთრეს. ფონდმა იკისრა ვალდებულება შპს „მ. ჯ-ისათვის” გადაეცა 69 კვ.მ. ფართი პირველ სართულზე, 250 კვ.მ. - მანსარდის სართულზე და 180 კვ.მ. - სარდაფის სართულზე.

არსებული პროექტის მიხედვით, არ არის გათვალისწინებული მანსარდის სართული, ხოლო სარდაფის სართული იმდაგვარადაა დაპროექტებული, რომ შეუძლებელი ხდება ხელშეკრულების შესრულება მოსარჩელის სასარგებლოდ.

დადგინდა, რომ შპს ”მ. ჯ-მა” არაერთხელ გააგზავნა წერილი, რომლითაც მოითხოვა არსებული მდგომარეობის გამოსწორება და სახელშეკრულებო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულება, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

დადგენილ იქნა ასევე, რომ 2012 წლის 3 ივლისის ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, შენობის სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2013 წლის 30 მაისს, რაც არ განხორციელებულა.

მიუხედავად დადგენილად მიჩნეული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 316-317-ე მუხლების თანახმად, ეს ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო საჩივარს (სასარჩელო მოთხოვნას), ვინაიდან: 1. მხარეებს შორის 2012 წლის 3 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული შპს „მ. ჯ-ის” უფლება, მოეთხოვა ფართების გადაცემის ვალდებულების შესრულებისათვის საჭირო ისეთი ქმედების განხორციელება, როგორიცაა მოსარჩელისთვის სასურველი პროექტის ადმინისტრაციულ ორგანოში შეთანხმების დავალდებულება; 2. სარჩელში არ იყო მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ფონდის მიერ მოსარჩელისათვის მშენებლობის დასრულებამდე კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 400 ლარის გადახდის ვალდებულება.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში (სარჩელში) მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც არ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ და მხარეები მოიწვია სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე და 317.1-ე მუხლებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 3 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა მოსარჩელისათვის გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართები.

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ შპს ,,მ. ჯ-ს’’ სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარეთა შორის ისეთი შეთანხმების არსებობის შესახებ, რომ შპს „მ. ჯ-ს” უფლება ჰქონდა მოეთხოვა ფონდისათვის: 1. ისეთი ქმედების განხორციელება, როგორიცაა მოსარჩელისთვის სასურველი პროექტის ადმინისტრაციულ ორგანოში შეთანხმების დავალდებულება, და 2. მშენებლობის დასრულებამდე კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა. ამდენად, მხარეებს შორის შეთანხმების არარსებობის პირობებში პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის ეს მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული ის გარემოება, რომ 2012 წლის 3 ივლისის ხელშეკრულების 4.3.1 და 4.3.2 პუნქტები პირდაპირ მიუთითებდნენ მის უფლებაზე სადავო ვალდებულებების შესრულების მიმართ.

აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებული მესაკუთრის მოთხოვნის უფლება ეხებოდა ფონდის ვალდებულებას ხარისხიანად შეესრულებინა სამუშაოები და მესაკუთრისათვის გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართები. სასამართლოს აზრით, აღნიშნული პუნქტები არ მიუთითებდნენ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს ”მ. ჯ-ის” უფლებაზე, მოეთხოვა ზემოთ აღნიშნული ქმედების განხორციელება და ფონდის მიერ მოსარჩელისათვის მშენებლობის დასრულებამდე კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობისა და ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მის წინააღმდეგ გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმავე დასაბუთებით, რაც მოცემულია განჩინების 4.1 პუნქტში.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 394-ე და 404-ე მუხლებზე აპელანტის წარმომადგენლის მითითებასთან დაკავშირებით კი სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მითითებული ნორმებით განმტკიცებულია სახელშეკრულებო ვალდებულებათა ჯეროვნად, დათქმულ ვადაში შესრულებისა და ამ დანაწესის დარღვევის შემთხვევაში კრედიტორის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობები. ვინაიდან, განსახილველი სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი არ გამომდინარეობდა სახელშეკრულებო ვალდებულების (ფართების დათქმულ ვადაში გადაცემა) დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნიდან, პალატის აზრით, მითითება ხსნებულ ნორმებზე არამართებული იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ. ჯ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, განჩინების ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებაში სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 316-317-ე მუხლები, რაზეც დაამყარა თავისი არგუმენტაცია მასზე, რომ აპელანტის მოთხოვნა იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო საჩივარს.

სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, როდესაც მიიჩნია, რომ ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულებაში მითითებული არ იყო მოპასუხის მიერ შესასრულებელი ყველა ის ვალდებულება, რომელიც საბოლოო ჯამში განაპირობებდა მისი მთავარი სახელშეკრულებო ვალდებულების - შესაბამისი ფართების კასატორისათვის გადაცემას, კასატორს უფლება არ ჰქონდა მოეთხოვა მოწინააღმდეგე მხარისათვის ისეთი საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების დავალდებულება, რომელიც განაპირობებდა ძირითადი ვალდებულების შესრულებას. კასატორმა სასამართლო წესით მოითხოვა მოპასუხისათვის ისეთი ქმედების განხორციელების დავალდებულება, რომელიც განაპირობებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, შესაბამისად, სხვა ძალებით, მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება შეუძლებელი ხდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სამართლებრივი შეფასება იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნულ შეფასება არ ემყარება იმ ფაქტებისა და მტკიცებულებების ადეკვატურ შეფასებას, რომლებიც წარდგენილი იქნა კასატორის მიერ საქალაქო სასამართლოში.

კასატორის აზრით სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი, როდესაც ამავე მუხლის მიხედვით მოპასუხის მიერ არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება თუ სარჩელში მითითებული გარემოებები ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

მოცემულ შემთხვევაში არსებობს შემდეგი მოცემულობა: კასატორსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს უნდა აეშენებინა შენობა და მანსარდისა და სარდაფის სართულებზე არსებული ფართები გადაეცა კასატორისათვის. ამასთან ხელშეკრულების და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პროექტი უნდა შეთანხმებულიყო კასატორთან, როგორც უძრავი ქონების თანამესაკუთრესთან. ყოველივე ზემოთქმული ცხადყოფს, რომ იმისთვის, რომ მოპასუხეს კასატორისათვის გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართები მანსარდისა და სარდაფის სართულებზე, საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მანსარდისა და სარდაფის სართულები. ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება (ისეთი ტიპის საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა კასატორისათვის გადასაცემო ფართები), კასატორმა მოითხოვა სასამართლოსათვის მოპასუხისათვის ასეთი ქმედების შესრულების დავალდებულება.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა სწორედ ეს სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებული და გამყარებული მოთხოვნა აღიქვეს როგორც იურიდიულად გაუმართლებელი, შესაბამისად, არასწორად გამოიყენეს და განმარტეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეში უდავოდ აღიარებული ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე თანდართული მტკიცებულებები, რაც საბოლოო ჯამში გახდებოდა სწორი სამართლებრივი შეფასებების გაკეთების წინაპირობა და საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინებით შპს „მ. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი უთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (№ას-535-509-2013).

შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „მ. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (670 ლარის) 70% – 469 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ (ს/კ №.....) 2014 წლის 30 ივლისს №1 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 670 ლარის 70% – 469 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე