Facebook Twitter

№ას-956-918-2014 28 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ქ-ე, ვ. დ-ე (მოსარჩელეები)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. კ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ბ. ქ-ემ, გ. ქ-ემ და ვ. დ-ემ სარჩელი აღძრეს ზ. კ-ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით:

ბ. ქ-ემ და მისმა ბიძამ, გ. ქ-ემ ერთობლივი თანხებით შეიძინეს ავტომანქანა „დოჯ-ქარავანი“ სახ. ნომრით „...-...“, რომელიც აღრიცხული იქნა ბ. ქ-ის სახელზე საკუთრების უფლებით. 2009 წლის 13 ნოემბერს მოპასუხე ზ. კ-ისგან მიიღეს შეთავაზება, მისთვის მიექირავებინათ აღნიშნული ავტომობილი, რაშიც ზ. კ-ე ავტომანქანის გადაცემის მომენტიდან ყოველ მე-3 დღეს ქირის სახით გადაუხდიდა მათ 300 ლარს. ზ. კ-ემ მის მიერვე დაწერილი ხელწერილით აიღო ვალდებულება, რომ 2009 წლის 13 ნოემბრიდან ყოველ მე-3 დღეს ავტომანქანის ექსპლუატაციისათვის გ. ქ-ეს გადაუხდიდა 300 ლარს მანამ, სანამ ხსენებული ავტომანქანა იმუშავებდა, ხოლო ავტომანქანის გაუვარგისების შემთხვევაში დააბრუნებდა მას ან შეისყიდდა 4000 აშშ დოლარად. მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა, მოპასუხემ არც დათქმული თანხა გადაიხადა და არც ავტომანქანა დააბრუნა. მან ასევე არ აანაზღაურა ავტომანქანის საფასური.

მოსარჩელეთა განმარტებით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ ბ. ქ-ის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ზ. კ-ემ ავტომანქანა მიღებიდან მეორე დღესვე გაასხვისა, სადავო თანხა კი დღემდე არ გადაუხდია.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ზ. კ-ის ხელწერილი ფაქტობრივად წარმოადგენს ქირავნობის წერილობით ხელშეკრულებას. ვინაიდან მოპასუხემ მის მიერ აღნიშნული ხელწერილით ნაკისრი არცერთი ვალდებულება არ შეასრულა, დღეის მდგომარეობით მას გადასახდელი ჰქონდა 108 000 ლარი (მოპასუხეს ნივთი გადაეცა 2009 წლის 13 ნოემბერს; ხელშეკრულების დადებიდან დღემდე გასულია 36 თვე; ე.ი. 36 თვე X 30 დღეზე = 1080 დღეს. თანხის გადასახდელ ყოველ 3 დღეზე = 360ჯერად გადასახდელ 300 ლარს, რაც შეადგენს 108 000 ლარს).

მოსარჩელე ვ. დ-ე აღნიშნავს, რომ მის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა მერსედესი „E-300“, სახ. ნომრით ...-..., რომელიც შეიძინეს მან და ბ. ქ-ემ ერთობლივი თანხებით, 2009 წლის სექტემბერში ზ. კ-ეს მიყიდეს 5000 აშშ დოლარად. ვინაიდან მოპასუხემ მითითებული თანხა დათქმულ დროში ვერ გადაიხადა, 2009 წლის 24 ნოემბერს მოსთხოვეს ხელწერილი ვალის აღიარების თაობაზე. რადგან მოპასუხესთან მათ ჰქონდათ კარგი საქმიანი ურთიერთობა, ამასთან არსებობდა ზ. კ-ის მიერ შედგენილი სესხის ხელწერილი გ. ქ-ის სახელზე, 2011 წლის 8 სექტემბერს მათ ზ. კ-ეს გადაუფორმეს მანქანა, ამასთან, პერიოდულად ითხოვდნენ მანქანის საფასურს. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია სადავო თანხა, რაც მოსარჩელეთა განმარტებით, მათ აყენებს მატერიალურ ზიანს ნაკისრი ვალდებულებით თანხის დაბრუნების ვადის გადაცილების გამო თვეში მთლიანი თანხის (5000 აშშ დოლარის) ღირებულების 3%-ს, რაც შეადგენს თვეში 150 აშშ დოლარს. სულ დღემდე მიუღებელი შემოსავალი შეადგენს 5400 აშშ დოლარს. მოპასუხეს რომ დროულად შეესრულებინა ვალდებულება, მოსარჩელეები მიიღებდნენ აღნიშნული თანხიდან სარგებელს, ყოველთვიურად 3%-ის ოდენობით. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად მოსარჩელეები უთითებენ 2012 წლის 17 იანვარს ი/მ ზ. ბ-ესა და გ. ქ-ეს შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაზე.

მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს მათ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯების 5000 ლარის, სულ 8000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელეთა მიმართ არანაირი ვალდებულება არ ეკისრება. ვალდებულება, რომელიც მან გ. ქ-ის მიმართ აიღო, შესრულებული აქვს. კერძოდ, მას ქ. ბათუმში, გ-ას გამზ. №..-ში აქვს სუნამოების მაღაზია, საიდანაც გ. ქ-ეს წაღებული აქვს 12 421 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ქ-ის, გ. ქ-ის და ვ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ზ. კ-ეს გ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ზ. კ-ეს გ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის თანხა 248 ლარის ოდენობით და ადვოკატის მომსახურების თანხა 330 ლარის ოდენობით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გ. ქ-ემ, ბ. ქ-ემ, ვ. დ-ემ და ზ. კ-ემ შეიტანეს სააპელაციო საჩივარი. გ. ქ-ემ, ბ. ქ-ემ და ვ. დ-ემ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ზ. კ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ქ-ის, ბ. ქ-ისა და ვ. დ-ის სააპელაციო საჩივარი; ზ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ზ. კ-ეს გ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4 000 აშშ დოლარის და 1500 აშშ დოლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2009 წლის 24 ნოემბერს შედგენილი ხელწერილის თანახმად, ზ. კ-ემ აიღო ვალდებულება გ. ქ-ის მიმართ, რომ 5000 აშშ დოლარს დაუბრუნებდა მას 1 თვის ვადაში. სწორედ ამ ხელწერილზე დაყრდნობით დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ სარჩელი და ზ. კ-ეს დააკისრა 5000 აშშ დოლარი.

2009 წლის 13 ნოემბრით დათარიღებული ხელწერილის თანახმად, ზ. კ-ემ აიღო ვალდებულება გ. ქ-ის წინაშე, რომ ყოველ მესამე დღეს გადასცემს მას 300 ლარს. ამ თანხას იგი გადაიხდიდა მანამ, სანამ გ. ქ-ის მანქანა იმუშავებდა. ავტომანქანის გაუვარგისების შემთხვევაში კი იღებდა ვალდებულებას ქ-ისთვის დაებრუნებინა მანქანა უკან, ან შეესყიდა იგი 4000 აშშ დოლარად.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ზემოთხსენებული ხელწერილის შინაარსი ბუნდოვანი და გაუგებარია. პალატამ განმარტა, რომ ნება, რომელიც მხარეებმა მითითებული ე.წ. ხელწერილით გამოხატეს სრულიად გასაგები და ნათელია.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ზ. კ-ის წარმომადგენელმა დაადასტურა ხელწერილში მოხსენიებული ავტომანქანის ზ. კ-ის მიერ 1500 აშშ დოლარად გაყიდვის ფაქტი, ასევე ის ფაქტი, რომ ამ ავტომანქანის გამო იგი 4000 აშშ დოლარით არის ვალდებული გ. ქ-ის წინაშე, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს თანხა ზ. კ-ეს გადახდილი ჰქონდა.

რაც შეეხება ყოველ მესამე დღეს გადასაცემ 300 ლარს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტ ზ. კ-ის წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ზ. კ-ეს ე.წ. ხელწერილით ნაკისრი ვალდებულებები თანხებთან დაკავშირებით მოსარჩელე გ. ქ-ის მიმართ შესრულებული აქვს.

საქმეში წარმოდგენილი ცნობით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტომანქანა მერსედესი სახ. ნომრით ...... 09/07/08 წლიდან 08/09/11 წლამდე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ვ. დ-ის სახელზე. 08/09/11 წლიდან 04/02/13 წლამდე სადავო ავტომანქანა საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ზ. კ-ის სახელზე. 2013 წლის 04 თებერვლიდან კი საკუთრების უფლებით ირიცხება გ. ა-ის სახელზე.

ამრიგად, პალატამ დაადგინა, რომ ზ. კ-ეს ავტომანქანა გ. ქ-ისათვის არ დაუბრუნებია, რაც წარმოშობდა მის მიერ 4000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას ქ-ის წინაშე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ზ. კ-ემ აღიარა გ. ქ-ის წინაშე ვალის, 5000 აშშ დოლარის არსებობა. ამასთან, საქმის მასალებით დაუდასტურებელი იყო ფაქტობრივი გარემოება აღნიშნული თანხის ზ. კ-ის მიერ გ. ქ-ისათვის გადახდის თაობაზე.

პალატამ ასევე დაუდასტურებლად მიიჩნია ზ. კ-ის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მას ქ. ბათუმში, გ-ას გამზირზე №..-ში აქვს სუნამოების მაღაზია, საიდანაც გ. ქ-ეს წაღებული აქვს 12 421 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 341-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვალის არსებობის აღიარება ცალმხრივი ხელშეკრულებაა და პირს, რომელმაც აღიარა ვალის არსებობა წარმოეშობა მისი შესრულების ვალდებულება იმ პირის მიმართ, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება. ამ უკანასკნელს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. ვალის არსებობის აღიარება დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან, რომლის არსებობაც მხარეთათვის სადავოც შეიძლება იყოს. ვალის აღიარება ქმნის ახალ დამოუკიდებელ მოთხოვნას.

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილებით ზ. კ-ემ იკისრა ვალდებულება ქ-ისათვის ერთ შემთხვევაში 5000 აშშ დოლარის 1 თვეში გადახდისა, ხოლო მეორე ხელწერილით იკისრა ვალდებულება ან ავტომანქანის დაბრუნებისა ან მისი ღირებულების 4000 აშშ დოლარის გადახდისა.

პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 5 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. ამასთან, მიიჩნია, რომ სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილშიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საფუძვლიანი იყო და ყოველწლიური 10%-ის გათვალისწინებით 3 წელზე გაანგარიშებით ზ. კ-ეს უნდა დაკისრებოდა 5000 აშშ დოლარზე დამატებით 1 500 აშშ დოლარი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. კ-ეს ასევე უნდა დაკისრებოდა ავტომანქანის დაუბრუნებლობის გამო 4000 აშშ დოლარი გ. ქ-ის სასარგებლოდ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გ. ქ-ემ, ვ. დ-ემ და ზ. კ-ემ შეიტანეს საკასაციო საჩივარი. გ. ქ-ემ და ვ. დ-ემ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის სრულად დაკმაყოფილება. ზ. კ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

გ. ქ-ემ და ვ. დ-ემ საკასაციო საჩივარში აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუმცა არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც საქმეზე მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. კერძოდ, კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის 1500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ მიუღებელი შემოსავლის ნაწილში ზ. კ-ე 1500 აშშ დოლარის დაკისრებას საფუძვლად დაუდო დადგენილი გარემოება, რომლის თანახმადაც, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველწლიური 10 %-ის ოდენობით სამ წელზე გაანგარიშებით ზ. კ-ეს უნდა დაკისრებოდა 5000 აშშ დოლარზე დამატებით 1500 აშშ დოლარი. კასატორების აზრით, სასამართლოს მიერ გამოტანილი აღნიშნული დასკვნა უსაფუძვლოა, რადგან ზ. კ-ის მიერ აღებული ვალდებულებით არ იყო განსაზღვრული მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველწლიურად 10 %-ის გადახდევინება. კასატორები მიუღებელი შემოსავლის რაოდენობის გამოთვლისას მტკიცებულების სახით ეყრდნობოდნენ გ. ქ-ესა და ი/მ ზ. ბ-ეს შორის 2012 წლის 17 იანვარს გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, გ. ქ-ისაგან სესხად აღებულ 4000 ლარზე ყოველთვიური სარგებლის სახით მსესხებელი ი/მ ზ. ბ-ე ქ-ეს უხდიდა ძირი თანხის 3%-ს თვეში. კასატორების განმარტებით, აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ აქცია მსჯელობის საგნად. ამ მტკიცებულების მხედველობაში მიღებით კი კასატორების განმარტებით, ისინი მოპასუხისგან მიიღებდნენ 5000 აშშ დოლარის 3%-იან შემოსავალს 5400 აშშ დოლარის ოდენობით.

ზ. კ-ემ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამასთან, სასამართლომ არასწორად განიხილა აღნიშნული სამოქალაქო საქმე, რადგან პროცესზე ესწრებოდა არაუფლებამოსილი წარმომადგენელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით გ. ქ-ისა და ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ქ-ისა და ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი, ასევე ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, რომლითაც განსაზღვრულია მიუღებელი შემოსავლის მავალდებულებელი გარემოებების არსებობა და მისი ოდენობის სამართლიანი განსაზღვრის კრიტერიუმები (იხ. სუსგ-ები №ას-992-950-2013; №ას-725-693-2014;)

შესაბამისად, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამასთან, ზ. კ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით პალატა დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მხარის ვალდებულება, მისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები. მხარის დასაბუთებული პრეტენზიის არსებობა სასამართლოს წარმოუშობს ვალდებულებას, დადგენილი გარემოებების სისწორე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეაფასოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით (სსსკ 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები). სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ ზ. კ-ის მოსაზრებას, რომ სასამართლომ არასწორად განიხილა სამოქალაქო საქმე, რადგან პროცესზე ესწრებოდა წარმომადგენელი, რომელიც არ იყო უფლებამოსილი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. კ-ის უფლებებს სასამართლოში იცავდა ადვოკატი ნ. დ-ე, რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობით (იხ. ტ. 1. ს.ფ. 220), რომელიც ძალაში იყო 2014 წლის 21 თებერვლამდე. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, 2014 წლის 24 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე ნ. დ-ემ წარმოადგინა ადვოკატის ორდერი (იხ. ტ. 2. ს.ფ. 256), რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად დაუშვა იგი სასამართლო პროცესზე მხარის წარმომადგენლად (სამოქალაქო საქმის განხილვაში ორდერის საფუძველზე მონაწილე ადვოკატის უფლებამოსილების ფარგლებთან (მოცულობასთან) დაკავშირებით იხილეთ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა: სუსგ საქმე #ას-1614-1608-2011 და საქმე #ას-1269-1289-2011). აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კასატორ ზ. კ-ის მიერ წარმოდგენილი არ არის. ამდენად, უსაფუძვლოა მხარის აპელირება ზემოაღნიშნული მოტივით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, ვინაიდან სახეზე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით განსაზღვრული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ქ-ისა და ვ. დ-ის, ასევე ზ. კ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გ. ქ-ისა და ვ. დ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 341,45 ლარის 70% - 239,015 ლარი. კასატორი ზ. კ-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ქ-ისა და ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. კასატორებს გ. ქ-ესა (პ/ნ: ...) და ვ. დ-ეს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეთ გ. ქ-ის მიერ 2014 წლის 25 სექტემბრის №5 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 341,45 ლარის 70% - 239,015 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე