Facebook Twitter

№ას-966-927-2014 30 სექტემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ. ლ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ლ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სესხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ. ლ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების - მ. ფ-ისა (პირველი მოპასუხის) და დ. ლ-ის (მეორე მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 10 000 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 10000 აშშ დოლარის გადახდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 30 ივლისს მოპასუხეებმა მოსარჩელისგან ისესხეს 15 000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, თვეში 5%-ის სარგებლით. სასამართლომ დაადგინა ასევე, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელეს გადაუხადეს 5000 აშშ დოლარი 15000 აშშ დოლარიდან.

4. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ მოსარჩელისათვის დაებრუნებინათ სესხის დარჩენილი თანხა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მას დაეკისრა თანხის გადახდა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განჩინებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მიიჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლისა და 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოვალეები ვალდებულნი იყვნენ დაებრუნებინათ კრედიტორისათვის ნასესხები თანხა.

8. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ იგი არ არის თანხის დაბრუნებაზე ვალდებული პირი. პალატის დასკვნით, საქმეში არსებული ხელწერილით ცალსახად დგინდებოდა, რომ 15 000 აშშ დოლარი აპელანტმა პირველ მოპასუხესთან ერთად ისესხა და მასთან ერთადვე იკისრა მისი დაბრუნების ვალდებულება.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 464-ე და 465-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ კრედიტორს უფლება ჰქონდა სესხის თანხის დაბრუნება სოლიდარულად მოეთხოვა მოპასუხეებისაგან.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მეორე მოპასუხემ. კასატორის მოსაზრებით, მას მოსარჩელისგან თანხა არ უსესხებია. მან შეცდომით დაწერა 30.07.2012 წლის ხელწერილი, კერძოდ, ხელწერილის შინაარსი მას მოსარჩელემ უკარნახა, სინამდვილეში მსესხებელი იყო პირველი მოპასუხის მამა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მან შეცდომით დაწერა 30.07.2012 წლის ხელწერილი და რომ სინამდვილეში მსესხებელი იყო პირველი მოპასუხის მამა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ხელწერილის შინაარსი ჩამოყალიბებულია სრულიად ნათლად და არაორაზროვნად, საიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხეებმა, როგორც მეუღლეებმა, მოსარჩელისგან ისესხეს 15000 აშშ დოლარი. ამ ხელწერილს ხელს აწერს ორივე მოპასუხე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, თუკი სადავო ხელწერილით მოპასუხეებს მხოლოდ იმ ფაქტის დაფიქსირება სურდათ, რომ თანხა ისესხა პირველი მოპასუხის მამამ, ხოლო ისინი მხოლოდ ამ ფაქტის მოწმეები იყვნენ, მაშინ გაუგებარია, რამ შეუშალა მათ ხელი, რომ ასეთი შინაარის ხელწერილი შეედგინათ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო კოდექსის 72-ე-73-ე მუხლებით გათვალისწინებული შეცდომით დადებული გარიგების შემადგენლობას.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, რაც იმას ნიშნავს, რომ კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30% რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 4 ნოემბრის განჩინებით კასატორს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემული საკასაციო წარმოების დასრულებამდე. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის საფუძველზე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (500 აშშ დოლარის) 30%-ის, 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. დ. ლ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ნოემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (500 აშშ დოლარის) 30%-ის, 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

3. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი