საქმე №ას-979-940-2014 10 სექტემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს თ-ს თბილისის ფილიალი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. კ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. კ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ავიაკომპანია თ-ის (სს თ-ს თბილისის ფილიალი) მიმართ მორალური ზიანის _ 80 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით დ. კ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დ.კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის _ 10 000 ლარის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 13 ივლისს, 10:20 საათზე ავიაკომპანია „თ-ს“ რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკიდან საქართველოში სანკტ.პეტერბურგი-სტამბოლი-თბილისი ტრანზიტული რეისით უნდა ჩამოესვენებინა დ. კ-ას შვილის, მ. ნ-ის ცხედარი;
სტამბოლიდან თბილისში 2013 წლის 13 ივლისს, 10:20 საათზე ჩამოფრენილ ავიაკომპანია „თ-ის“ თვითმფრინავში მ. ნ-ის ცხედარი არ აღმოჩნდა, რადგან ავიაკომპანიამ ცხედარი შეცდომით გადააგზავნა სამხრეთ კორეაში;
მხარეთა განმარტებებისა და ავიაზედნადებების თანახმად, მ. ნ-ის ცხედარი ავიაკომპანია „თ-ის“ მიერ საქართველოში ჩამოტანილი იქნა 2013 წლის 14 ივლისს, 17:20 საათზე;
2013 წლის 13 ივლისს, 10:20 საათზე აპელანტი დ. კ-ა და სხვა ჭირისუფლები იმყოფებოდნენ აეროპორტში და ელოდებოდნენ მიცვალებულის ჩამოსვენებას. მას შემდეგ, რაც 2013 წლის 13 ივლისს, 10:20 საათზე სტამბოლიდან ჩამოფრენილ ავიაკომპანია „თ-ის“ რეისზე მ. ნ-ის ცხედარი არ აღმოჩნდა, მოსარჩელემ ინფორმაციისათვის მიაკითხა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ ავიაკომპანია „თ-ის“ წარმომადგენლობას, თუმცა, ინფორმაცია მისი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ, ვერ მიიღო, რის შემდეგაც, დახმარების მიზნით, მიმართა პოლიციასა და ტელევიზიას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარწმუნოდ იქნა მიჩნეული აპელანტის განმარტება, რომ მას თ-ს წარმომადგენლის მიერ არ მიეწოდა ინფორმაცია, თუ რატომ არ აღმოჩნდა მ. ნ-ის ცხედარი 2013 წლის 13 ივლისს, 10:20 საათზე ჩამოფრენილ ავიაკომპანიის კუთვნილ თვითმფრინავში და თუ სად იმყოფებოდა ის იმჟამად. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომლის თანახმად, არავის არ შეიძლება დაეკისროს უარყოფის მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, იმ გარემოების დამტკიცება, რომ ავიაკომპანია „თ-ის“ წარმომადგენელმა დროულად და ამომწურავად მიაწოდა მომხდარის თაობაზე ინფორმაცია აპელანტს, ავიაკომპანიას ეკისრებოდა, რომელმაც ეს გარემოება ვერ დაადასტურა. ავიაკომპანია „თ-ის“ მხრიდან მ. ნ-ის ცხედრის თბილისში დაგვიანებით ჩამოსვენებითა და აღნიშნულის გამომწვევი მიზეზებისა და ცხედრის ადგილსამყოფელის მოსარჩელისათვის დროულად და სრულყოფილად შეუტყობინებლობით, დ. კ-ას შეელახა ღირსება და განიცადა ძლიერი სულიერი ტკივილი.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში განმარტებულ ღირსების ცნებაზე, კონვენციის მე-13 ოქმზე, რომლითაც გაუქმდა სიკვდილით დასჯა და აღნიშნა, რომ ადამიანის ღირსების ფართო და ფუნდამენტური გაგება უდევს საფუძვლად სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპს –ადამიანის უფლებებით სახელმწიფოს ბოჭვას, ისევე როგორც, საზოგადოდ, წარმომადგენლობით დემოკრატიას, რომელიც გონიერი, თავისუფალი ნებისა და პასუხისმგებლობის მქონე ინდივიდთა ერთობლივ მმართველობას გულისხმობს. თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება საქართველოს კონსტიტუციის უზენაესი ღირებულებაა. ღირსების უფლება ვრცელდება გვამზე და გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნაზეც. პალატამ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებებით („მოქალაქე ა. გ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; „საქართველოს მოქალაქეები: გ. ყ-ი და ა. უ-ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და აღნიშნა, რომ „ღირსება“, სამოქალაქოსამართლებრივი გაგებით, შეიძლება განიმარტოს როგორც საკუთარი მორალური თუ სხვა თვისებების, უნარის, საზოგადოების წინაშე მისი ვალის მოხდის, საკუთარი საზოგადოებრივი მნიშვნელობის შეფასება თვით პიროვნების მიერ. ეს თვითშეფასება ემყარება მორალური თუ სხვა თვისებების შეფასების საზოგადოების მიერ აღიარებულ კრიტერიუმებს. ღირსების ძირითადი უფლებით ადამიანის დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით აღიარებული საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან კავშირში. პალატამ აღნიშნა ისიც, რომ საქართველოში მიცვალებულის სათანადოდ დატირება და უკანასკნელ გზაზე პატივისცემით მისი გაცილება ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციას წარმოადგენს. მოსარჩელის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას წარმოადგენდა მისი გარდაცვლილი შვილის საქართველოში არსებული წეს-ჩვეულების შესაბამისად დატირება და უკანასკნელად გამომშვიდობება. დედის მიერ შვილის ცხედრის პირველად ნახვა დაკავშირებულია უდიდეს სულიერ ტკივილთან, რასაც დიდი ემოციური ძალისხმევა და შემზადება სჭირდება. მ.ნ-ის გარდაცვალებიდან ჩამოსვენების თარიღამდე გასული პერიოდის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ მას, ცხედრის შენახვის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ჩამოსვენების დღესვე ჰქონდა განზრახული საქართველოში დამკვიდრებული წეს-ჩვეულებების დაცვით შვილის დაკრძალვა. ფაქტობრივად, მ. ნ-ის ცხედრის ჩამოსვენება განხორციელდა 2013 წლის 14 ივლისს, საღამოს, 17:20 საათზე. იმის გათვალისწინებით, რომ მიცვალებულის გასაპატიოსნებლად ჩასატარებელი რიტუალები გარკვეულ დროს მოითხოვდა, აპელანტს 14 ივლისსაც შეეზღუდა შვილის სათანადო პატივით დაკრძალვის შესაძლებლობა. შესაბამისად, სრულად იქნა გაზიარებული აპელანტის განმარტება, რომ მან დათქმულ დროს გარდაცვლილი შვილის ჩამოუსვენებლობით განიცადა დიდი ემოციური სტრესი და ძლიერი სულიერი ტკივილი. გარდაცვლილი შვილის დაგვიანებით ჩამოსვენება, რომ მოსარჩელის ემოციურ განცდებს გამოიწვევდა სადავოდ არც მოპასუხის წარმომადგენელს გაუხდია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე.
სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნა, რომ ზიანი შეიძლება იყოს, ერთი მხრივ, მატერიალური, ხელშესახები, ობიექტურად არსებული და, მეორე მხრივ, მორალური, რომელიც გაიგივებულია სულიერ განცდასა და ფიზიკურ ტანჯვასთან. პირს ზიანი დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დგება იმ შემთხვევაში, როცა ზიანი სამართლებრივად მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს დაზარალებულის სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია მოქმედებით (უმოქმედობით) და რომელიც ხელყოფს მოქალაქის კანონით გათვალისწინებულ არამატერიალურ სიკეთეს. მორალური ზიანი ანაზღაურდება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად, ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურება ხდება ფულადი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა ეფუძნებოდეს მიყენებული ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხს, შესაბამისად, ანაზღაურების მიღების უფლების მქონე პირთა განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს პიროვნებისათვის ფიზიკური ან ზნეობრივი ტანჯვის მიყენება. მორალური ზიანი ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილების არსებობისას დგინდება და გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანი სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები, მსგავსად მსუბუქი ფიზიკური ტკივილისა, მხედველობაში არ მიიღება. მძიმე ფსიქიკური განცდებისა და სულიერი ტანჯვისას მოქმედებს ე.წ მორალური ზიანის პრეზუმფცია და ზიანის მიმყენებლის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს მორალური ზიანის, როგორც სამართლებრივი კატეგორიის, მიზანს _ შეუმსუბუქოს დაზარალებულს სულიერი მდგომარეობა.
პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის ბრალით მოსარჩელის შვილის ცხედრის ჩამოსვენება რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოში განხორციელდა 31 საათის დაგვიანებით. ავიაკომპანიის ქმედებებით (ინფორმაციის არადროული მიწოდებით) შეილახა მოსარჩელის ღირსება და მიადგა დიდი სულიერი ტკივილი.
პალატამ მიუთითა სს „თ-ს“ თბილისის ფილიალის დირექტორის 2013 წლის 4 ნოემბრის წერილზეც, რომლის თანახმადაც ავიაკომპანიამ მოსარჩელეს მიყენებული ტკივილის შემსუბუქების მიზნით შესთავაზა სამი უფასო ბილეთით სარგებლობა ევროპის მიმართულებით, აღნიშნულის საპირისპიროდ კი, დავის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის პრევენციული ფუნქციის, დარღვეული უფლებების ხასიათს, პირის ჯანმრთელობის დაზიანებისა და ამ დარღვევის ნეგატიურ როლის გათვალისწინებით, პალატამ მორალური ზიანის გონივრულ და სამართლიან ოდენობად 10 000 ლარი მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს თ-ს თბილისის ფილიალმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლო გასცდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ვარაუდის დონეზე გარკვეული გარემოებები დადასტურებულად მიიჩნია, ისე რომ მხედველობაში არ მიიღო ვალდებულებითი სამართლის ნორმები და გადაწყვეტილება დელიქტური სამართლის, ასევე პირის პატივისა და ღირსების შელახვის მარეგულირებელ ნორმებს დაამყარა, რასაც განსახილველ შემთხვევასთან კავშირი არ აქვს.
გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, გათვალისწინებული იყო მიმართულებები და არა დრო, თუ როდის და რა მარშუტით უნდა მომხდარიყო ცხედრის გადმოსვენება, მით უფრო, რომ ხელშეკრულების შესაბამისად მოქმედებდა შეზღუდვები, რომელიც ნათლად არის გაწერილი ხელშეკრულებაში. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კი, დელიქტური ვალდებულებები სახეზეა მაშინ, როდესაც არ არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა.
სააპელაციო პალატამ უგულებელყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და დამკვიდრებული განმარტებები დელიქტთან მიმართებაში, ასევე გამოიყენა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელთაც მოცემულ საქმესთან არავითარი შეხება არ აქვთ. გადაწყვეტილება აგებულია იმაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მიადგა ზიანი, შეილახა მისი პატივი და ღირსება ემოციური სტრესის მიყენებით, თუმცა ამის შესახებ რაიმე მტკიცებულება და ფაქტი საქმეში არ არსებობს.
გადაზიდვის დოკუმენტში საერთოდ არ არის მითითებული გადმოსვენების დრო და თარიღი, ხოლო რაზე დაყრდნობით ადასტურებს სასამართლო ამ ფაქტს გაუგებარია. ამ გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი, მოქმედებს საერთაშორისო ნორმები და ხელშეკრულების დებულებები, რომლებიც გადაზიდვას არეგულირებენ და მხარეთა პასუხისმგებლობას განსაზღვრავენ.
პალატამ არასწორად მიიჩნია საკმარისად მოსარჩელის მიერ იმის მითითება, რომ მას მოპასუხის წარმომადგენლებმა არ მიაწოდეს ინფორმაცია შვილის ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ. კასატორი მოქმედებდა ხელშეკრულების ფარგლებში და განზრახ ან გაუფრთხილებლობით რომელიმე მხარისათვის ზიანის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის არადროული და არასრულყოფილი ინფორმირებით შეილახა მისი ღირსება, თუმცა გაურკვეველია, რას მოიაზრებს სასამართლო დროულ ინფორმირებაში, მოპასუხემ არაერთხელ აღნიშნა, რომ სულიერი ტკივილი შვილის გარდაცვალებისას დადგა და ეს ტკივილი გრძელდებოდა, ხოლო კასატორს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება განზრახული არ ჰქონია. სააპელაციო პალატა ცდილობს, პატივისა და ღირსების განმარტებით გაამართლოს მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა მხოლოდ შინაგანი რწმენა, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილების მიღებას. ასევე არასწორია სასამართლოს შეფასება, რომ კასატორის მხრიდან შეთავაზებული ავია ბილეთები მიყენებული ტკივილის შემსუბუქებას ემსახურებოდა. შეთავაზება სასამართლოს მხრიდან არა ერთი თხოვნის გათვალისწინებით განხორციელდა, რომელიც არა მიყენებული ზარალის კომპენსაციას, არამედ ადამიანური მომენტის გათვალისწინებით მხარისათვის დახმარების გაწევას წარმოადგენდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სს თ-ს თბილისის ფილიალის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, ხოლო კასატორს სადავოდ არ გაუხდია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2013 წლის 12 ივლისს, 10:20 საათზე ავიაკომპანია თ-ს რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოში სანკტ.პეტერბურგი-სტამბოლი-თბილისის ტრანზიტული რეისით უნდა ჩამოესვენებინა დ. კ-ას შვილის, მ. ნ-ის ცხედარი;
2013 წლის 13 ივლისს, 10:20 საათზე სტამბოლიდან თბილისში ჩამოფრენილ ავიაკომპანია თ-ის თვითმფრინავში მ. ნ-ის ცხედარი არ აღმოჩნდა, რადგანაც ავიაკომპანიამ ცხედარი შეცდომით სამხრეთ კორეაში გააგზავნა;
მ. ნ-ის ცხედარი მოპასუხემ საქართველოში 2013 წლის 14 ივლისს, 17:20 საათზე ჩამოასვენა, რის გამოც, მოსარჩელეს, 2013 წლის 14 ივლისსაც შეეზღუდა შვილის სათანადო პატივით დაკრძალვის შესაძლებლობა.
მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას იმ გარემოებაზე ამყარებდა, რომ დათქმულ დროს, 2013 წლის 13 ივლისს, 10:20 საათისათვის იგი გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თუმცა, რადგანაც ავიაკომპანიის მითითებულ რეისზე მ.ნ-ის ცხედარი არ აღმოჩნდა, ინფორმაციისათვის მიაკითხა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ ავიაკომპანია თ-ის წარმომადგენლობას, მაგრამ მოპასუხემ მისი შვილის ცხედრის ადგილსამყოფელი არ შეატყობინა, შესაბამისად, მან დახმარებისათვის მიმართა, როგორც პოლიციას, ისე ტელევიზიას. ავიაკომპანიამ მოსარჩელე შეგნებულად არ ჩააყენა საქმის კურსში, რამაც დიდი დაღი დაასვა მოსარჩელეს, მის ფსიქიკურ და ემოციურ მდგრადობას. დ.კ-ამ განიცადა წარმოუდგენელი ფსიქიკური და ემოციური სტრესი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე დაღს დაასვამს მის ჯანმრთელობას.
სააპელაციო პალატამ, მოსარჩელის ამ მტკიცების გაზიარებით, მიიჩნია, რომ სს თ-ს მხრიდან მ.ნ-ის ცხედრის ადგილსამყოფელის დროულად შეუტყობინებლობით დ.კ-ას შეელახა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სიკეთე _ ღირსება, შესაბამისად, მოსარჩელემ განიცადა ძლიერი სულიერი ტკივილი, დაირღვა კონსტიტუციით აღიარებული მისი თავისუფალი განვითარების უფლება. მოსარჩელის მიერ განცდილი მძიმე ფსიქიკური და სულიერი ტანჯვის გამო, სააპელაციო პალატამ პრეზუმირებულ ფაქტად მიიჩნია მორალური ზიანის არსებობა, რომლის გაქარწყლების ვალდებულებაც ზიანის მიმყენებელს ეკისრებოდა. ეს გარემოება კი, ქვემდგომი სასამართლოს შეფასებით, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად არასწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლზე, რასაც სავსებით მართებულად არ დაეთანხმა კასატორი. სს თ-ს თბილისის ფილიალი გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ სასამართლომ დაარღვია მატერიალური სამართლის ნორმა, კერძოდ, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა, იმის გარკვევისათვის, თუ რამდენად დასაბუთებულ შედავებას წარმოადგენს კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს რამდენიმე საკითხზე:
სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული დანაწესი მოცემული შემთხვევისაგან განსხვავებულ ურთიერთობას შეეხება. 2004 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2004 წლის 16 ივლისიდან, ახლებურად მოწესრიგდა მე-18 მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა და ნორმის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლებების რეალიზაცია, სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნორმებთან ერთად, შესაძლებელი გახდა სპეციალური კანონით - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, რომელიც პირის პატივის, ღირსებისა თუ საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში სამართლებრივ ბალანსს სიტყვის და/ან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გზით ადგენს. მოცემულ შემთხვევაში კი, სპეციალური კანონით რეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობა სახეზე არ გვაქვს. ნიშანდობლივია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხმობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები შეეხება სწორედ გამოხატვის თავისუფლების ჭრილში შეფასებულ ღირსების ცნებას.
განსახილველი სამართალურთიერთობა გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ მორალური ზიანის ანაზღაურებას შეეხება. გადაზიდვის სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი არც ერთი ნორმა, გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია გადამზიდველის პასუხისმგებლობის საფუძვლები და დადგენილია, რომ იგი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე _ მიტანის ვადის გადაცილებისათვის. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე საქართველოს საჰაერო კოდექსის 78-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილი ტვირთის დაგვიანებით გადაზიდვისათვის გადამზიდავის პასუხისმგებლობას ადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ნორმის მე-2 ნაწილით მოწესრიგებულია ამგვარ შემთხვევაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი და დადგენილია, რომ გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ ყველა ზომა მიიღო ზარალის თავიდან ასაცილებლად ან მისი თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. ასეთ მტკიცებულებათა წარდგენამდე მიიჩნევა, რომ ტვირთის, ბარგის ან მგზავრის პირადი ნივთების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვა, დაზიანება ან დაგვიანებით გადაზიდვა მოხდა გადამყვან-გადამზიდველის მიზეზით.
ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის (მორალური ზიანის ანაზღაურება) მარეგულირებელ სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი წარმოადგენს, თუმცა უნდა შემოწმდეს ის წინაპირობები, რომელთა არსებობასაც უკავშირებს კანონი ნორმით გათვალისწინებული შედეგის დადგომას, კერძოდ, მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია მოცემული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენას. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდაა დადგენილი მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის ფაქტი, კერძოდ ის, რომ სს თ-ს უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად მოხდა ტვირთის სამხრეთ კორეაში გადაზიდვა. ასევე დადგენილია და კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ გარემოების თაობაზე, რომ ვალდებულების დარღვევისთანავე მან მოსარჩელეს არ აცნობა მიზეზი, თუ რამ განაპირობა მ.ნ-ის ნეშტის კონკრეტული რეისით ჩამოუსვენებლობა, სად იმყოფებოდა იგი და როდის მოხდებოდა ნეშტის დანიშნულების ადგილას გადატანა. კასატორს არც იმის მტკიცება შემოუთავაზებია სასამართლოსათვის, რომ ვალდებულების დარღვევა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით ან სხვა საპატიო მიზეზით. პალატა ვერ გაიზიარებს ავიაკომპანიის მსჯელობას ინფორმაციის მოძიებისათვის საჭირო დროის თაობაზე, ვინაიდან ეს მოსაზრება ვერ აქარწყლებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (პოლიციის შესაბამისი სამსახურის აქტები) დადასტურებულ გარემოებას დახმარების აღმოჩენის მიზნით მოსარჩელის მიერ პოლიციისა და ტელევიზიისათვის მიმართვის შესახებ.
გასათვალისწინებელია, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გადაზიდვის ტიპიურ, სამოქალაქო ურთიერთობის ფარგლებს სცდება და მისი სპეციფიკურობის გათვალისწინებით, მხარეთა განსაკუთრებულ გულისხმიერებას საჭიროებდა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ფაქტია, რომ დარღვეულია.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დ.კ-ას მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებაზე, რომ შვილის ცხედრის შეთანხმებულ დროს ჩამოუსვენებლობის, ასევე ინფორმაციის არადროული მიწოდების შედეგად მან ძლიერი სულიერი სტრესი განიცადა, ამ გარემოებამ მის ფსიქიკას დაღი დაასვა და გავლენა იქონია ემოციურ მდგრადობაზე. პალატა დამატებით მოიხმობს დ.კ-ას განმარტებას, რომელიც მან სააპელაციო სასამართლოში წერილობით წარადგინა და განმარტა, რომ გარდაცვლილი შვილის ცხედარი, შორ მანძილზე გადაადგილების გამო, ცუდ მდგომაროებაში იყო და არ მიეცა მისი ნახვის, ასევე ჩასასვენებლით დაკრძალვის შესაძლებლობა, აღნიშნულმა კი, მძიმედ იმოქმედა მოსარჩელის ჯანმრთელობაზე. ამ განცხადებაში მოყვანილი გარემოებები სააპელაციო პალატას დაუშვებლად არ უცვნია, კასატორს კი, სადავოდ არ გაუხდია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება ჩამოსვენების დღეს მ.ნ-ის დაკრძალვის შეუძლებლობის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია სარჩელზე დართული სს თ-ს თბილისის ფილიალის დირექტორის წერილი, სადაც მოპასუხე მწუხარებას გამოთქვამს მ.ნ-ის გარდაცვალების გამო, განუმარტავს დ.კ-ას, რომ ვალდებულების დარღვევის გამო, მას რაიმე პასუხისმგებლობა არ დაეკისრება და, ჰუმანურობიდან გამომდინარე, ადამიანური ტკივილის შესამსუბუქებლად, სთავაზობს ერთი წლის განმავლობაში ევროპის მიმართულებით სამი უფასო ბილეთით სარგებლობას. რაიმე მტკიცებულება, რაც, მომხდარი შემთხვევის გამო, ავიაკომპანიის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ფსიქოლოგიური თუ სხვა მორალური დახმარების გაწევას დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება.
საკასაციო სასამართლო მტკიცების საგნად არ მიიჩნევს და სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გადმოცემულ შეფასებებს საქართველოში დამკვიდრებული მიცვალებულის უკანასკნელ გზაზე სათანადო პატივით გაცილების, ასევე დედის მიერ შვილის ცხედრის პირველად ნახვასთან დაკავშირებული სულიერი ტკივილის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამგვარ ვითარებაში მყოფი პირისათვის შვილის ცხედრის ადგილსამყოფელის, ასევე იმის დროულად შეუტყობინებლობა, თუ რა მიზეზით არ აღმოჩნდა ნეშტი კონკრეტულ რეისზე, იძლევა პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ ავიაკომპანიის მხრიდან ვალდებულების დარღვევით განცდილი ზემოაღნიშნული ნეგატიური ფაქტორებიდან გამომდინარე, მოსარჩელის ჯანმრთელობას მიადგა იმგვარი ზიანი, რასაც შედეგად პირის სულიერი ტანჯვა, ძლიერი ემოციური სტრესი მოჰყვა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პრეზუმირებული ფაქტი ისეთი ფაქტია, რომელიც არ შედის მტკიცების საგანში, ხოლო პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს პრეზუმფცია (ვისთვისაც არახელსაყრელი შედეგის მომტანია). ამგვარი მტკიცებულება მოპასუხის მხრიდან არ წარმოდგენილა, საკასაციო საჩივარში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ ავიაკომპანია ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებდა და მას მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება განზრახული არ ჰქონია.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტები (მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევა, ზიანის დადგომა, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის) იძლევა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შემადგენლობას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა 10 000 ლარის გადახდა. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას მორალური ზიანის ფუნქციის, მისი პრევენციული ბუნებისა და მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ოდენობის სასამართლოს მიერ განსაზღვრის თაობაზე, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, რადგანაც კასატორს დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა სადავოდ არ გაუხდია, მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს დაკისრებული თანხის პროპორციულობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს თ-ს თბილისის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე