28 სექტემბერი, 2015 წელი
საქმე№ას-980-925-2015 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. თ-ი (მოსარჩელე)
კასატორის წარმომადგენელი – ა. ჭ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ქონების დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. თ-მა სარჩელი აღძრა ლ. გ-ის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ქონების დაბრუნების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-ის წარმომადგენელმა ა. ჭ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით მ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. თ-ის წარმომადგენელმა ა. ჭ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მ. თ-ის წარმომადგენლის ა. ჭ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დადგენილია, რომ თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინება მ. თ-ის წარმომადგენელ ა. ჭ-ს ჩაბარდა 2015 წლის 3 ივლისს (ტ. II, ს.ფ. 59), ხოლო საკასაციო საჩივარი მის მიერ წარდგენილ იქნა 2015 წლის 17 აგვისტოს (ტ.II, ს.ფ. 60), ანუ 21 დღიანი ვადის დარღვევით. ამდენად, სახეზეა მ. თ-ის წარმომადგენლის ა. ჭ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. თ-ის წარმომადგენლის ა. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური