Facebook Twitter

№ას-997-958-2014 28 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ასოციაცია „ს-ის“ თავმჯდომარე გ. ა-ი, გამგეობის წევრები - ც. ც-ე და გ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე.-პ. ჯ-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ასოციაცია „ს-ის“ თავმჯდომარემ და გამგეობის წევრებმა სარჩელი აღძრეს სს „ე.-პ. ჯ-ას“ მიმართ ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

ასოციაცია „ს-ის“ საკუთრებაშია მაღალი ძაბვის ხაზი, მიწისზედა ნაწილი 3240 მ. მავთული, აც-70 განთავსებული 80 ცალი მაღალი ძაბვის 11 მ. რკინა-ბეტონის ბოძებზე მავთულის საერთო სიგრძე 9720 მ. მაღალი ძაბვის კაბელი 3*90 სიგრძით 1660 მ. ხაზი განთავსებულია ქვესადგური „ხ-ი-1“ ფიდერი ჩ/ფ „ხ-ი-2“-დან სს კ-ამდე, დ-ის თემი.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ქონება წლების განმავლობაში წარმოადგენს ასოციაცია „ს-ის“ საკუთრებას, იგი ვერ ახორციელებს მასზე უფლებამოსილებებს, რაც მესაკუთრისათვის არის კანონით გათვალისწინებული, ვინაიდან მოპასუხე მხარე არ აძლევს საშუალებას გამოიყენოს იგი და განახორციელოს მასზე საკუთრების უფლება. ასოციაცია „ს-ს“ სურს მის საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს, რაშიც ხელს უშლის მოპასუხე მხარე, რის გამოც ითხოვს მოპასუხეს აღეკვეთოს მოსარჩელისათვის საკუთრებით სარგებლობისათვის ხელშეშლა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე არ უთითებს, რაში მდგომარეობს ხელშეშლა და/ან საერთოდ სარგებლობს თუ არა სს „ე.-პ. ჯ-ა“ ამ ქონებით. თუ სარგებლობს, რა ფორმით. ამასთან, საქმის მასალები არ იძლევა იმ ქონების იდენტიფიცირების საშუალებასაც კი, რომელთან დაკავშირებითაც მოსარჩელე აყენებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. მოპასუხემ მიუთითა სემეკის 18.09.2008 წლის დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ მოცემული ნორმის შესაბამისად, პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიანტი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია.

მოპასუხის განცხადებით, მოსარჩელე მართალია მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, თუმცა არ განმარტავს, კონკრეტულად რას ასაბუთებს ამ მუხლით. ვინაიდან უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მის სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენს, სავარაუდოდ მოსარჩელე აპელირებს აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. მოპასუხის განმარტებით, ამ ნორმის თანახმად, მოსარჩელეს ჯერ მოპასუხისაგან უშუალოდ უნდა მოეთხოვა ხელშეშლის შეწყვეტა, თუმცა როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ერთადერთი, რასაც მოსარჩელე ითხოვდა, ნივთის ყიდვაა. ცხადია, ყიდვაზე უარის თქმა ვერ განიხილება ხელშემშლელ მოქმედებად. წარმოდგენილი სარჩელიდან ვერ დგინდება, რას მიიჩნევს მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ამ მუხლით გათვალისწინებულ მოქმედებად. შესაბამისად, მითითებული ნორმის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ასოციაცია „ს-ის“ თავმჯდომარის გ. ა-ის, გამგეობის წევრების ც. ც-ის და გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: აეკრძალა მოპასუხეს ხელშეშლა მოსარჩელე ასოციაცია „ს-ის“ საკუთრებაში (მაღალი ძაბვის ხაზი, მიწისზედა ნაწილი 3240 მ. მავთული, აც-70 განთავსებული 80 ცალი მაღალი ძაბვის 11 მ. რკინა ბეტონის ბოძებზე, მავთულის საერთო სიგრძე 9720 მ.) არსებული ქონების განკარგვაში და აღნიშნული ქონებით სარგებლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ე.-პ. ჯ-ამ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ე.-პ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ასოციაცია „ს-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე ასოციაცია „ს-ის“ ფორმალური თვალსაზრისით წარდგენილი აქვს როგორც ნეგატორული, ისე ვინდიკაციური სარჩელი. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს აეკრძალოს მოსარჩელისათვის ელექტროგადამცემი ხაზის განკარგვაში ხელშეშლა და მოპასუხის მფლობელობიდან და სარგებლობიდან გამოთხოვილი იქნეს აღნიშნული ხაზოვანი ნაგებობა.

ამდენად, პალატამ დაადგინა, რომ ფაქტობრივად შინარსობრივი თვალსაზრისით, მოსარჩელის მიერ აღძრულია მხოლოდ ვინდიკაციური სარჩელი - მოპასუხის მფლობელობიდან ელექტროგადამცემი ხაზის გამოთხოვის თაობაზე და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში თავისთავად აღმოიფხვრება ის მიზეზი, რასაც მოსარჩელე მიიჩნევს საკუთრების განკარგვაში ხელშეშლად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ასოციაცია ,,ს-ს’’ (საიდენტიფიკაციო კოდი N.....) საკუთრებაში გააჩნია ელექტროგადამცემი ხაზი: მაღალი ძაბვის ხაზი. მიწისზედა ნაწილი 3244.38 მ. მავთული AC-70 განთავსებული 80 ცალი მაღალი ძაბვის 11 მ. რკინა-ბეტონის ბოძებზე, მავთულის საერთო სიგრძე 9720 მ. მაღალი ძაბვის კაბელი 3*90 სიგრძით 1706.06 მ. ობიექტის სიგრძე:4959.44 მ. დაფარვის ზონა: ქ.ხონი, სოფელი დ-ი. წინა საკადასტრო კოდი: ....., ახალი საკადასტრო კოდი №..... (ტ. I, ს.ფ. 22,23 115-117).

სასამართლომ ასევე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,ე.-პ. ჯ-ა’’ სარგებლობს ასოციაცია ,,ს-ის’’ საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზით.

სს ,,ე.-პ. ჯ-ას“ გააჩნია ელექტროგადამცემი ხაზის ფლობის და მისით სარგებლობის უფლება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,ე.-პ. ჯ-ას“ მიერ ელექტროგადამცემი ხაზის ფლობის და მისით სარგებლობის უფლების განსაზღვრა უნდა მოხდეს ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმატიული ბაზის გამოყენებით. კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ. დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით”, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს, ერთის მხრივ, განაწილების ლიცენზიანტს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.

ზემოაღნიშნული წესების მე-15 მუხლი არეგულირებს განაწილების ლიცენზიანტის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების შემთხვევებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით, პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიანტი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ასოციაცია „ს-ი“ არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატს, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება კანონისმიერადაა შეზღუდული განაწილების ლიცენზიატი პირის მიერ მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით ქსელით ფლობისა და სარგებლობის თმენის ვალდებულებით. შესაბამისად, სს ,,ე.-პ. ჯ-ას“ გააჩნდა ელექტროგადამცემი ხაზის ფლობის და მისით სარგებლობის უფლება. შესაბამისად, არ არსებობდა მოპასუხის მფლობელობიდან ელექტროგადამცემი ხაზის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით, წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდებოდა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაციის დაკისრების საკითხი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ასოციაცია „ს-ის“ თავმჯდომარემ გ. ა-მა, გამგეობის წევრებმა ც. ც-ემ და გ. გ-ემ შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მათ არ ჰქონდათ იურიდიული ინტერესი კონკრეტული საქმის მიმართ. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში სასამართლომ მართებული გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის შეცვლაც არასწორად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით არ უნდა მომხდარიყო სააპელაციო სასამართლოს მიერ. მოწინააღმდეგე მხარემ დაადასტურა მოსარჩელე მხარის განმარტება, რომ მათ იქვე ჰქონდათ სხვა ხაზი და სწორედ ამ ხაზით შეეძლოთ მოეხდინათ ელექტროენერგიის მიწოდება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განმარტება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, უნდა მიეღო პირდაპირ მტკიცებულებად სხვა მტკიცებულებებთან ერთად და 105-ე მუხლიდან გამომდინარე მიეღო გადაწყვეტილება.

კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მხოლოდ ვინდიკაციური სარჩელის ნაწილში და არ განიხილა ნეგატორული მოთხოვნის ნაწილში მაშინ, როცა ძირითადი მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელიდან ნეგატორული მოთხოვნით გამომდინარეობდა. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებულია კანონის დარღვევით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ასოციაცია „ს-ის“ თავმჯდომარე გ. ა-ის, გამგეობის წევრების ც. ც-ისა და გ. გ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ასოციაცია „ს-ის“ თავმჯდომარე გ. ა-ის, გამგეობის წევრების ც. ც-ისა და გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ასოციაცია „ს-ს“ თავმჯდომარე გ. ა-ის, გამგეობის წევრების - ც. ც-ისა და გ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ასოციაცია „ს-ს“ თავმჯდომარე გ. ა-ის, გამგეობის წევრების - ც. ც-ისა და გ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ასოციაცია „ს-ის“(საიდენტიფიკაციო კოდი: ...) თავმჯდომარე გ. ა-ს, გამგეობის წევრებს - ც. ც-ესა და გ. გ-ეს დაუბრუნდეთ გ. ა-ის მიერ 2014 წლის 6 ოქტომბერს №55 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე