საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-678-644-2015 14 აგვისტო, 2015 წელი,
ას-678-644-2015 თსუ ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით: დ. ბ-ის (შემდგომში დასაქმებულის) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში დამსაქმებლის) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 25 აგვისტოს N341/02-03 ბრძანება დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. დასაქმებული აღდგენილ იქნა დამსაქმებლის მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1 760 ლარის (დარიცხული) ოდენობით, 2010 წლის 25 აგვისტოდან მოცემულ დავაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდზე. დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07% გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 მაისის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.
3. 2015 წლის 27 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა დამსაქმებლის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. 2015 წლის 28 მაისის განცხადებით კი დამსაქმებლის წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 ივნისის განჩინებით დამსაქმებლის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს. აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებით შეიძლება, გარკვეული ზიანი მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რაც ქმნის იმის წინაპირობას, რომ განმცხადებელმა მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად შესაბამისი გარანტიები წარადგინოს. კონკრეტულ შემთხვევაში, შუამდგომლობის წარმომდგენი პირის მიერ გარანტიის წარმოდგენა არ განხორციელებულა.
6. პალატამ განმარტა, რომ საქმის განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევას. ამ გამონაკლისის დაშვებით საფრთხე არ უნდა შეექმნას იმ ზოგად წესს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არის საბოლოო, რომ იგი საბოლოოდ და შეუქცევადად ადგენს მხარეთა შორის ურთიერთობებს. ვინაიდან უფლების შესახებ დავა ყოველთვის ქმნის ამ უფლების განუსაზღვრელობას. ის, რაც იწვევდა კონფლიქტს მხარეებს შორის, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ითვლება დადგენილად და უდავოდ. დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილებით დაცული უფლების მუდმივად ეჭქვეშ დაყენება. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აღსრულდეს. მისი აღსრულების შეჩერება მხოლოდ დასაბუთებული საჭიროებისას, გამონაკლის შემთხვევაში უნდა მოხდეს. კანონის აღნიშნული დანაწესი განპირობებულია იმით, რომ აღსრულების შეჩერებამ არ უნდა დააზარალოს მხარე, რომლის უფლებაც გადაწყვეტილების გამოტანამდე დარღვეული იყო და სწორედ ამ გადაწყვეტილებით მოხდა მისი უფლების სასამართლო წესით დაცვა.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საკითხზე მსჯელობისას მხარეთა უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარმოდგენილი განცხადების განხილვამდე, განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებით უფრო მეტი ზიანი შეიძლება მიადგეს ფიზიკურ პირს, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გათვალისწინებით აქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მიიღოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სარგებელი, ვიდრე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორს აღსრულების დროებით შეუჩერებლობის შემთხვევაში.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 ივნისის განჩინება დამსაქმებელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და აღსრულების შეჩერება.
9. კერძო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე;
9.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლზე, არ განმარტა თუ რატომ იგულისხმება ამ მუხლში აღნიშნულ "შესაბამის გარანტიებში" გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებით შესაძლო ზიანის მიყენება მოწინაღმდეგე მხარისათვის.
9.2. სასამართლო არც ზიანის კონკრეტულ სახეობაზე მიუთითებს, ანუ არ განმარტავს რა სახის ზიანი შეიძლება მიადგეს დასაქმებულს აღსრულების დროებით შეჩერებით.
9.3. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელე უფრო მეტად დაზარალდება, ვიდრე დამსაქმებელი, რადგან დამსაქმებლის მიერ ასანაზღაურებელ თანხას ყოველდღიურად ემატება 0,07%. ამიტომ დასაქმებულის მოლოდინი მიიღოს თანხა, არ შეიძლება აღემატებოდეს დამსაქმებლის ინტერესს არ გადაიხადოს ყოველდღიური თანხა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 10 ივლისის განჩინებით დამსაქმებლის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 ივნისის განჩინებაზე, წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს.
14. ზემოთმოხმობილი ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ აჩერებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურებს. აღსრულების პროცედურის შეჩერების საკითხის დადებითად გადაწყვეტა დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე, რომლის არსებობის მტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე, ეკისრება თავად განმცხადებელს. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) ვერ ასაბუთებს აღსრულების შეჩერების აუცილებლობასა და მიზანშეწონილობას. მას არც შესაბამისი გარანტია წარუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს განჩინების მეშვიდე პუნქტში მითითებულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით განმარტავს, რომ აღსრულების შეჩერება შუამდგომლობის აღმძვრელი მხარის ზიანისაგან დაცვის ფუნქციის მატარებელი პროცესუალური ქმედებაა, მაგრამ სსკ-ის 432-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე უდავოა ის გარემოება, რომ მხარე რომლის ინტერესებშიც წარმოებს აღსრულება, აღსრულების შეჩერებით, ზიანს იღებს. ზიანთა თანაფარდობა არ შეიძლება მხოლოდ ფულადი თანხის ეკვივალენტურობით გადაწყდეს. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთი მხარე, დასაქმებული ე.წ. "სუსტი მხარეა", რომლის უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლებაა ხელყოფილი, ხოლო მეორე მხრივ, სოლიდური ინტელექტუალური და ფინანსური პოტენციალის მქონე დაწესებულება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება აღსრულების მომლოდინე ფიზიკური პირისათვის უფრო მეტი ზიანის მიყენების ვარაუდის შესახებ.
16. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 ივნისის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მომხსენებელი ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე