Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-678-644-2015 14 აგვისტო, 2015 წელი,

ას-678-644-2015 თსუ kerZo ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით: დ. ბ-ის (შემდგომში დასაქმებულის) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში დამსაქმებლის) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 25 აგვისტოს N341/02-03 ბრძანება დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. დასაქმებული აღდგენილ იქნა დამსაქმებლის მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1 760 ლარის (დარიცხული) ოდენობით, 2010 წლის 25 აგვისტოდან მოცემულ დავაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, მის აღსრულებამდე.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 მაისის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.

3. 2015 წლის 25 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას უსწორობის გასწორების შესახებ განცხადებით მიმართა დამსაქმებლის წარმომადგენელმა.

4. განმცხადებელმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.

5. კონკრეტულ შემთხვევაში განმცხადებელი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას 2010 წლის 25 აგვისტოდან მოცემულ დავაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაქმებულის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1 760 ლარის დაკისრების ნაწილში და უთითებს, რომ 2010 წლის 25 აგვისტოდან 2015 წლის 06 მაისამდე მონიტორინგის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის ხელფასი დიფერენცირებული იყო, შესაბამისად დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ყოველთვიურად არა 1 760 ლარის ოდენობით, არამედ დიფერენცირებული სახით უნდა დაკისრებოდა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით დამსაქმებლის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიციაზე, აღნიშნა, რომ განცხადება გადაწყვეტილებაში უსწრობის გასწორების შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საფუძვლიანი, თუ დადასტურდება გადაწყვეტილებაში უსწორობის ან აშკარა არითმეტიკული შეცდომის არსებობა.

8. სასამართლოს აზრით, სამართლებრივად დაუსაბუთებელია განმცხადებლის პოზიცია, რომ უსწორობის გასწორებით შეიძლება გადაწყდეს განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული საკითხი.

9. პალატას მიაჩნია, რომ განცხადებაში მითითებული საფუძველი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ უსწორობად, სინამდვილეში განმცხადებელი წარმოდგენილი განცხადებით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შეცვლას და მის ახლებურად ჩამოყალიბებას, რაც პალატის მოსაზრებით საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობები.

11. დამსაქმებელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება.

12. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა მოითხოვა დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შეცვლა და არა უსწორობის გასწორება, რადგან სასამართლოს დამსაქმებლისათვის უნდა დაეკისრებინა მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო და არა კონკრეტული თანხა, რომელიც დასაქმებულმა მიუთითა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით დამსაქმებლის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებაზე, წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

16. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებები, რის გამოც ის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორებას ითხოვს, იგივეა რასაც ის განცხადებით ითხოვდა (იხ. განჩინების მე-5, მე-12 პუნქტები).

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

18. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კერძო საჩივარში (განცხადებაში) მითითებული საფუძველი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ უსწორობად, სინამდვილეში განმცხადებელი წარმოდგენილი განცხადებით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შეცვლას, რაც საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებაში უსწორობის (ცდომილების) გასწორება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული არ გამოიწვევს გადაწყვეტილების შეცვლას და გავლენას არ მოახდენს მხარეთა უფლება-მოვალეობებზე. მოცემულ შემთხვევაში კი კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში უნდა შეცვალოს ხელფასის ოდენობა, რაც ამ გადაწყვეტილების არსებითად შეცვლის ტოლფასია და თავისი არსით არ წარმოადგენს უსწორობის გასწორებას.

20. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მომხსენებელი ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე