Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-1222-ბ-10-2015 10 სექტემბერი, 2015 წელი,

ა-1222-ბ-10-2015 თსუ ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ბ-ი (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული აღსრულების შეჩერება

დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის (შემდეგში - დასაქმებული) სარჩელი მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში - თსუ, მოპასუხე ან მოწინააღმდეგე) მიმართ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

5. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ, დასაქმებულის სასარგებლოდ დაკმაყოფილებულ ნაწილში, გაასაჩივრა თსუ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დასაქმებულის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 მაისის განჩინებით თსუ-ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, განუხილველად დარჩა.

7. 2015 წლის 16 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადება/საჩივრით მომართა თსუ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის რამდენიმე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, კერძოდ: 2014 წლის 26 სექტემბრის, 02 ოქტომბრის განჩინებების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებისა და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 მაისის განჩინების.

8. განმცხადებლის განმარტებით, დასახელებული გადაწყვეტილებების გაუქმების საფუძველია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 394-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის დანაწესი, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინება (შემდეგში - უზენაესი სასამართლოს 26.09.2014 განჩინება ან სასამართლოს სადავოდ ქცეული აქტი), რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი დასაქმებულის საკასაციო საჩივარი, უკანონოა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 394-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო 421-ე მუხლის პირველი ნაწილზე და 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, განმცხადებელმა მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული იგივე განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

9. თსუ-ის ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, რომ საქმე განხილულია მოსამართლეების: თ. თ-ას, ვ. რ-ისა და ბ. ა-ის მიერ, ხოლო სასამართლოს სადავოდ ქცეულ აქტს ხელს აწერენ მოსამართლეები: თ. თ-ა, ბ. ა-ე და პ. ქ-ე.

10. თსუ-ს მიაჩნია, რომ ვინაიდან უზენაესი სასამართლოს 26.09.2014 განჩინება უკანონოა, იგი უნდა გაუქმდეს, შესაბამისად, გასაუქმებელია წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილებები: უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 02 ოქტომბრის და 2015 წლის 06 მაისის განჩინებები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება. თსუ-ს მიაჩნია, რომ დასახელებული სამი გადაწყვეტილება (განჩინება) ასევე უკანონოა, რადგან მათ მიღებას უძღოდა უზენაესი სასამართლოს 26.09.2014 უკანონო განჩინება; მოწინააღმდეგე აღნიშნავს, რომ მისთვის სასამართლოს სადავოდ ქცეული აქტის ბათილობის საფუძვლის შესახებ ცნობილი გახდა 2015 წლის 12 ივნისს. თსუ-ის მოსაზრებით, დასაქმებულის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე, უზენაესი სასამართლოს უკანონო განჩინების არარსებობის პირობებში, ცხადია, არ იარსებებდა შემდგომი გადაწყვეტილებები, მ.შ. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განჩინება (საქმეზე # ას-252-239-2015).

11. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, თსუ-ს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც, კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში, კერძოდ, სასამართლოს სადავოდ ქცეულ აქტს ხელს აწერს პ. ქ-ე, ნაცვლად ვ. რ-ისა. „პ. ქ-ეს არ ჰქონდა უფლება გადაწყვეტილება მიეღო და ხელი მოეწერა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც თ. თ-სა და ბ. ა-ესთან ერთად, ვ. რ-ს უნდა მიეღო“. იხ. ტ. 3, ს.ფ. 86).

12. თსუ-მა შუამდგომლობით ასევე მოითხოვა წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება საქმეზე # 2ბ/6106-14, ამ განჩინების მე-10 პუნქტში აღნიშნული საფუძვლით.

13. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2015 წლის 3 ივლისს, თსუ-მა შუამდგომლობით მოითხოვა საკასაციო პალატის წარმოებაში არსებული კერძო საჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების ერთ წარმოებად გაერთიანება.

14. საკასაციო სასამართლოს 13.07.2015 განჩინებით თსუ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და # ას-678-844-2015 სამოქალაქო საქმესთან, დასაქმებულის სარჩელის გამო მოპასუხე თსუ-ადმი, ერთ წარმოებად გაერთიანდა სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული თსუ-ის განცხადება უზენაესი სასამართლოს 26.09.2014 განჩინების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე (საქმე # ა- 1222-ბ-10-2015, იხ. საკასაციო სასამართლოს 13.07.2015 განჩინება, ტ.3, ს.ფ. 25-29).

15. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით საქმეზე # ა-1222-ბ-10-2015 თსუ-ს ხარვეზი დაუდგინდა, მიეთითა სსსკ-ის 427-ე მუხლზე, დაევალა მოთხოვნის დაზუსტება და შესაბამისი ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდა (იხ. 22.07.2015 განჩინება, ტ.3, ს.ფ. 71-76).

16. წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტში მითითებული განჩინების საფუძველზე, თსუ-მა აღმოფხვრა ხარვეზი და 2015 წლის 27 ივლისს დაზუსტებული განცხადება წარმოადგინა, რომლითაც მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 26.09.2014 განჩინების ბათილად ცნობა (იხ. ამ განჩინების მე-7 პუნქტი; ტ.3, ს.ფ. 85-89).

17. საკასაციო სასამართლომ 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით წარმოებაში მიიღო თსუ-ს განცხადება საქმეზე # ა- 1222-ბ-10-2015 (ტ. 3, ს.ფ. 100-103).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტში წარმოდგენილი განცხადებისა და მე-12 პუნქტში მითითებული შუამდგომლობის საფუძვლების შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თსუ-ს განცხადება უზენაესი სასამართლოს 26.09.2014 განჩინების ბათილად ცნობისა და შუამდგომლობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

18.1 წინამდებარე განჩინების მე-7 და მე-16 პუნქტებში მითითებული სასამართლოს სადავოდ ქცეული აქტის ბათილობის პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

18.2 სასამართლოს სადავოდ ქცეული აქტი არის საკასაციო ინსტანციის სამი მოსამართლის მიერ ხელმოწერილი განჩინება საქმეზე # ას-106-101-2014, რომლითაც სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დასაშვებად ცნო დასაქმებულის საკასაციო საჩივარი (ტ.3, ს.ფ. 256-269).

18.3 აღნიშნული ეხება უზენაეს სასამართლოში საქმისწარმოების ეტაპს, რომელზეც სსსკ-ის 391-ე მუხლით დადგენილი საფუძვლების მიხედვით, ირკვევა საჩივრის დასაბუთებულობა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის; აღნიშნული ნორმა განთავსებულია სსსკ-ის მეცხრე კარის XLVIII თავში, რომელიც კასაციის დასაშვებობას ეხება.

18.4 საკასაციო საჩივარი თუკი არ აკმაყოფილებს დასაშვებობის კანონით განსაზღვრულ საფუძვლებს, დაუშვებლად იქნება ცნობილი. სსსკ არ ადგენს საკასაციო სასამართლოს, როგორც უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის, პროცესუალური აქტის გასაჩივრების შესაძლებლობას, შესაბამისად, სასამართლოს სადავოდ ქცეული აქტი, რომელიც კონკრეტულ პროცესუალურ ეტაპს - საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ეხება, არ საჩივრდება.

18.5 თსუ თავის განცხადება/საჩივარში სსსკ- 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით ითხოვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საქმის წარმოების განახლებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელია თსუ-ს განცხადება/საჩივარი, რადგან მოწინააღმდეგეს არცერთი მტკიცებულება ან არგუმენტი არ წარმოუდგენია, თუ რატომ არ უნდა აწერდეს ხელს სასამართლოს სადავოდ ქცეულ აქტს მოსამართლე პ. ქ-ე და რატომ უნდა მოეწერა ხელი ამ განჩინებაზე მოსამართლე ვ. რ-ს. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის განჩინებას ხელს აწერს საკასაციო პალატის ის შემადგენლობა (თავმჯდომარე და მომხსენებელი მოსამართლე და პალატის ორი მოსამართლე), რომელმაც შეისწავლა კასაციის საფუძვლები, განიხილა და დასაშვებად ცნო საჩივარი, რაც მოსამართლეებმა დაადასტურეს განჩინებაზე საკუთარი ხელმოწერით (იხ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი). შესაბამისად, დაუსაბუთებელია თსუ-ს პოზიცია, თუ რატომ უნდა მიეღო 26.09.2014. განჩინების გამოტანაში მონაწილეობა ვ. რ-ს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი).

18.6 სსსკ- ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი დაინტერესებული პირის განცხადებით, თუ: გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო გადაწყვეტილების მიღებაში. მოხმობილი ნორმის დანაწესში მოიაზრება მოსამართლე, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, მაგალითად, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით: მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში (ამ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში); რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განუცხადეს აცილება და ეს აცილება მიიღო სასამართლომ; რომელიც დროებით ჩამოცილებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან; რომელიც არ არის იმ კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობაში და იგი არ შუყვანიათ ამ შემადგენლობაში კანონით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში, თსუ არ უთითებს და არც საქმის მასალებით დასტურდება რომელიმე საფუძვლის არსებობა, რაც კონკრეტული მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში უკანონო მონაწილეობას დაადასტურებდა, შესაბამისად, არ არსებობს სადავოდ ქცეული სასამართლო აქტის ბათილობის სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

18.7 დასაშვებობის ეტაპთან დაკავშირებული სასამართლო აქტის კანონიერების ეჭვქვეშ დაყენება და მისი ბათილობის მოთხოვნა სსსკ-ის 394-ე მუხლით, ასევე დაუსაბუთებელია, რადგან მითითებული ნორმა საკასაციო წარმოების თავშია და გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს ეხება, არ შეიცავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლებს. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს სადავოდ ქცეული აქტით დავა არსებითად არ გადაწყვეტილა, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა არ ნიშნავს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას აუცილებლად კასატორის სასარგებლოდ.

18.8 საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის განჩინებას ხელი მოაწერეს სწორედ იმ მოსამართლეებმა, რომელთაც კოლეგიურად მიიღეს გადაწყვეტილება და განჩინების შესავალ ნაწილში ერთ-ერთი მოსამართლის გვარის მითითება განპირობებულია ტექნიკური შეცდომით, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლად (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი) ვერ იქნება განხილული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სადავოდ ქცეული აქტით დასაშვებად ცნობილი საკასაციო საჩივარი განიხილა სამოქალაქო პალატის იმავე შემადგენლობამ, რომელმაც დასაშვებად ცნო საკასაციო საჩივარი, რაც მოწინააღმდეგე მხარეს, მოსამართლეთა არაკანონიერი შემადგენლობის საფუძვლით, სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისი პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთების არარსებობის გამო. (იხ. საქმის მასალებში საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინება საქმეზე # ას-106-101-2014, ტ.2,ს.ფ. 274 – 299).

18.9 აღსანიშნავია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, მიიღება მხოლოდ განჩინება, რომელიც საკასაციო სამართალწარმოების ეტაპის საპროცესო აქტია და ამ კონტექსტშიც დაუსაბუთებელია თსუ-ის მითითება სსსკ-ის 394-ე მუხლზე, რომელიც ეხება გადაწყვეტილების (მათ შორის, აქვე შედის უზენაესი სასამართლოს ის განჩინებებიც, რომლებითაც ძალაში რჩება გადაწყვეტილებები ან საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს და სხვ.) გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს.

18.10 წინამდებარე განჩინების 18.8 ქვეპუნქტში მითითებული ნორმა შეიცავს საპროცესო დარღვევების ნუსხას, რომელთა არსებობა იწვევს გადაწყვეტილების გაუქმებას. მოხმობილ ნორმაში მითითებული დარღვევები აუცილებლად ხდება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი; თსუ-ს მოთხოვნა არ შეესაბამება სამართლებრივი ნორმის დანაწესს, საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავოდ ქცეული აქტის გასაჩივრების პროცესუალურ-სამართლებრივი ფორმის არარსებობის გამო, თვითონ მოწინააღმდეგე მხარემაც კი განცხადება/საჩივარი დაარქვა საკუთარ პრეტენზიას.

18.11 საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „საქმის წარმოების განახლების მიზნით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმების ობიექტი შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები და განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტის თუ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, ასევე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, აგრეთვე განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა და სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, სასამართლო ინსტანციების ყველა სხვა განჩინება არ შეიძლება იყოს საქმის განახლების მიზნით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიექტი, რადგან მათი მეშვებოთ ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა“ (იხ. სუსგ # 3კ -41-02, 14.01, 2003).

18.12 თსუ უზენაესი სასამართლოს 26.09.2014 განჩინებას სადავოდ ხდის ორი განსხვავებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლით, სსსკ-ის 394-ე მუხლით (აღნიშნული ნორმა კასაციის დასაშვებობის თავშია და გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს ეხება) და 421-ე მუხლით და 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (საქმის წარმოების განახლების კარშია განთავსებული, კერძოდ, თავში LII განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი, როდესაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება); მითითებულთაგან არცერთი სამართლებრივი საფუძველი არ წარმოადგენს მოწინააღმდეგის განცხადება/საჩივარში მითითებული პრეტენზიის დასაბუთებას.

18.13 მოწინააღმდეგე, სასამართლოს სადავოდ ქცეული აქტის ბათილობის გარდა, მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული აღსრულების შეჩერებას იმ საფუძვლით, რომ უკანონოა უზენაესი სასამართლოს 26.09.2014 განჩინება (იხ. ტ.3, ს.ფ. 53) და მიუთითებს სსსკ-ით დადგენილი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველთაგან სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ საქმის განხილვაზე.

18.14 საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 18.13 ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან არ არსებობს სასამართლოს სადავოდ ქცეული აქტის კანონის დარღვევით მიღებულად მიჩნევის ან ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი (იხ. წინამდებარე განჩინების 18.1-18.12 ქვეპუნქტები), დამსაქმებელი არც სსსკ-ის 432- ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძვლებზე უთითებს. შესაბამისად, მოწინააღმდეგის განცხადება/საჩივარი, ამ აქტის უკანონობის ან ბათილობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული აღსრულების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 432-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მომხსენებელი ე. გასიტააშვილი

პ. ქათამაძე