საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-1222-ბ-10-2015 14 აგვისტო, 2015 წელი,
ა-1222-ბ-10-2015 თსუ უზრუნველყოფა ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
მზია თოდუა(თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოწინააღმდეგე მხარე - დ. ბ-ი
განმცხადებლის მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება და დ. ბ-ის პირად ანგარიშებზე, საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, 54 754.66 ლარის დაყადაღება
დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის (შემდეგში - დასაქმებული) სარჩელი მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში - თსუ, დამსაქმებელი ან მოპასუხე) მიმართ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4. მე-3 პუნქტში მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სააპელაციო სასამართლოს იმავე პალატას.
6. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ, დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებულ ნაწილში, გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დასაქმებულის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 მაისის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
8. 2015 წლის 16 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადება/საჩივრით მომართა დამსაქმებელმა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინების (შემდეგში უზენაესი სასამართლოს 26.09.2014 განჩინება ან სასამართლოს სადავოდ ქცეული განჩინება), 02 ოქტომბრის განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 მაისის განჩინების გაუქმება.
9. დამსაქმებლის განმარტებით, მე-8 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილებების (განჩინებების) გაუქმების საფუძველია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში-სსსკ) 394-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის დანაწესი, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს 26.09.2014 განჩინება, რომლის საფუძველზეც დასაშვებად იქნა ცნობილი დასაქმებულის საკასაციო საჩივარი, მიღებულია მოსამართლეების: თ. თ-ას, ვ. რ-ის და ბ. ა-ის მიერ, ხოლო განჩინებას ხელს აწერენ არა იგივე, არამედ სხვა მოსამართლეები: თ. თ-ა, ბ. ა-ე და პ. ქ-ე.
10. დამსაქმებლის განმარტებით, სასამართლოს სადავოდ ქცეული აქტი არის უკანონო და უნდა გაუქმდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სხვა საპროცესო აქტებიც: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 02 ოქტომბრისა და 2015 წლის 06 მაისის განჩინებები, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება, რადგან სამივე მათგანს საფუძვლად უდევს უკანონო განჩინება სასამართლოს სადავოდ ქცეული აქტის სახით.
11. 2015 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებებით (# ა-3140-15 და # ა-3141-15) მომართა დამსაქმებელმა და მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება და დასაქმებულის პირად ანგარიშებზე, საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, 54 754.66 ლარის დაყადაღება (იხ. ტ. 3, ს.ფ. 143 და 146).
12. დამსაქმებელმა განცხადებებში მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო მისი 2015 წლის 16 ივნისის განცხადება საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუმცა შუამდგომლობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე, სასამართლოს პასუხი არ გაუცია. აქედან გამომდინარე, დამსაქმებელმა, სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ი" ქვეპუნქტებით დააყენა წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტში დასახელებული მოთხოვნა. დამსაქმებელმა აღნიშნა, რომ დასაქმებული მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია, მას შემოსავლის რაიმე წყარო არ გააჩნია, ასევე, ცნობილია, რომ მის საკუთრებად არ ირიცხება რაიმე სახის უძრავ - მოძრავი ქონება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო, 2015 წლის 14 აგვისტოს წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებისა და დასაქმებულის პირად ანგარიშებზე, საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, 54 754.66 ლარის დაყადაღების შესახებ სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
13.1 დამსაქმებელი თავისი მოთხოვნის საფუძვლად უთითებს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო მისი 2015 წლის 16 ივნისის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუმცა, შუამდგომლობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე, სასამართლოს პასუხი არ გაუცია (იხ. განჩინების მე-12 პუნქტი).
13.2 საკასაციო სასამართლო, დამსაქმებლის განცხადებებში მითითებულ მოთხოვნებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რადგან ისინი მოკლებულია პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველებს. სსსკ 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შესაძლოა დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
13.3 საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა და, ამდენად, იგი თავისი არსით ემსახურება მოსარჩელის უფლებების დაცვას. შესაბამისად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შეიძლება შეიტანოს მოსარჩელემ. დამსაქმებლის მოთხოვნა მის წინააღმდეგ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებასა და დასაქმებულის პირად ანგარიშებზე, საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, თანხის დაყადაღების თაობაზე, რომელიც ეფუძნება მოპასუხის არგუმენტს, რომ მას წარმოდგენილი აქვს განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინებების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია.
13.4 დამსაქმებელი თავად არის მის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელში პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარე - მოპასუხე, სარჩელი დაკმაყოფილებულია და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. სწორედ ამ უკანასკნელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს დამსაქმებელი. შესაბამისად, მისი მოთხოვნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისკენ მიმართულ ქმედებას კი არ წარმოადგენს, რაც სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია, პირიქით, მოპასუხის მოთხოვნა ეხება აღსრულების პროცესის შეჩერებას, მიმართულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ და შეუძლებელია განხილული იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად. შესაბამისად, დამსაქმებლის მოთხოვნა ვერ დარეგულირდება სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით (სსსკ 191-1991 მ მუხლები).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე, 285-ე, 432-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებისა და დ. ბ-ის პირად ანგარიშებზე, საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, 54 754.66 ლარის დაყადაღების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მომხსენებელი ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე