№ ას-565-536-2014 22 ივლისი , 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ი-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. რ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მესაკუთრის ქონებაზე არსებული იპოთეკის მოხსნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ი-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ი-სა და ჯ. რ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. ახალციხეში, ვ-ას ქ.№...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან (ს/კ - ...) მის საკუთრებაში არსებულ 2/3 წილზე იპოთეკის მოხსნა შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელის განმარტებით, 1990 წლის 10 მარტიდან თ. ი-ესთან კანონიერ ქორწინებაში იმყოფება. 2004 წლის 28 იანვარს შეიძინეს საცხოვრებელი სახლი ქ. ახალციხეში, ვ-ას ქუჩის №..-ში, რომელიც საჯარო რეესტრში გაფორმდა მეუღლის – თ. ი-ის სახელზე. მისგან შეუთანხმებლად, მეუღლემ ჯ. რ-ისგან ისესხა 8000 აშშ დოლარი, რის უზრუნველსაყოფადაც, იპოთეკით დაიტვირთა მთელი სახლი. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ივლსის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ცნობილ იქნა უძრავი ქონების თანამესაკუთრედ, ხოლო საჯარო რეესტრში მისი 2/3 წილი დარეგისტრირდა 2013 წლის 15 ოქტომბერს. დარეგისტრირებისთანავე განხორციელდა მისი წილის მიმართ არსებული იპოთეკის ავტომატური რეგისტრაცია, რის გამოც მან 2013 წლის 19 ოქტომბერს ჯ. რ-ეს მიმართა წერილით და მოითხოვა მის 2/3 წილზე იპოთეკის მოხსნა. 2013 წლის 18 ოქტომბერს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მითითებულ საცხოვრებელ სახლზე რეალიზაციის შეჩერება, რაც დაკმაყოფილდა. 17 ოქტომბერს მიმართა სააღსრულებო ბიუროს განცხადებით და მიღებული პასუხით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მზადდებოდა აუქციონზე ბინის იძულებითი რეალიზაცია.
მოპასუხე ჯ. რ-ემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე თ. ი-ესთან შეთანხმებით ცდილობს სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, რათა ამ უკანასკნელმა თავი აარიდოს ნაკისრი ვალდებულების – ვალის გადახდის შესრულებას.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ი-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განჩინებით გ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თ. ი-ე და გ. შ-ე 1990 წლის 10 მარტიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების რეგისტრაციის დროს გ. შ-ემ შეიცვალა გვარი და გადავიდა მეუღლის - თ. ი-ის გვარზე;
2004 წლის 28 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის №1-250 ხელშეკრულებით თ. ი-ემ იყიდა ქ. ახალციხეში, ვ-ას ქ.№..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რის საფუძველზეც იმავე წლის 30 იანვარს საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში;
ჯ. რ-ესა და მოპასუხე თ. ი-ეს შორის 2010 წლის 30 აპრილს დაიდო ნატარიულად დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
სესხის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა თ. ი-ის კუთვნილი უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ. ახალციხე, ვ-ას ქ. №..-ში, სარეგისტრაციო ზონა - ახალციხე, კოდი - ..; სექტორი - ქ. ახალციხე, კოდი - .., კვარტალი - ..; ნაკვეთი - .., შენობა ნაგებობები - ობიექტი №1; №2, №. იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე თ. ი-ეს მოსარჩელე ჯ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარის გადახდა;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ი-ე ცნობილი იქნა ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების საცხოვრებელი სახლის (მდებარე: ქ. ახალციხე, ვ-ას ქ. №..-ში; ს/კ - .....) 2/3 წილის თანამესაკუთრედ. ხოლო გ. ი-ეს უარი ეთქვა წილის რეალურ გამოყოფაზე და კუთვნილი წილის ყადაღისაგან გათავისუფლებაზე უსაფუძვლობის გამო. ასევე გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 01 მარტის №13184872-2/048-13წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება თ. ი-ის (პ/ნ №.....) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ქ. ახალციხეში, ვ-ას ქ. №..-ში (საკადასტრო კოდი: .....) მდებარე საცხოვრებელი სახლის რეალიზაციის შეჩერების შესახებ.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მხარეთა შორის არსებული არცერთი სასამართლო დავის საგანი არ ყოფილა იმის დადგენა, რომ აღებული ვალი გამოყენებულ იქნა მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის, შესაბამისად, არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ აღნიშნული გარემოება სასამართლოს არ დაუდგენია სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის საფუძველზე;
სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ, რადგან მან არ იცოდა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მისი მეუღლის მიერ დადებული გარიგების შესახებ, ამის გამო იგი გათავისუფლებულია თანასაკუთრებაში არსებული მისი წილი ქონებიდან მეუღლის ვალის დაფარვის ვალდებულებისაგან. ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ თ. ი-ის მიერ აღებული სესხი გამოყენებული არ ყოფილა მთელი ოჯახის ინტერესებისათვის, რის გამოც გ. ი-ის სარჩელი თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონებიდან 2/3 წილის რეალური გამოყოფისა და კუთვნილი წილის ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა;
სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლზე მითიტებით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ თ. ი-ის მიერ აღებული სესხი გამოყენებული არ ყოფილა მთელი ოჯახის ინტერესებისათვის, აპელანტის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი, შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის მითითება სამოქალაო კოდექსის 1170–ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე;
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, (საქმე №13189977-2/059-13წ.)ახალციხეში, ვ-ას ქუჩის №..-ში მდებარე უძრავი ქონების 2/3 დარეგისტრირდა გ. ი-ის, ხოლო 1/3 თ. ი-ის საკუთრებად (სარეგისტრაციო მონაცემები: ზონა ახალციხე .., სექტორი ქალაქი ახალციხე ..; კვარტალი .., ნაკვეთი ..., არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 143 კვმ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი 1; ობიექტი 2);
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 185-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ჯ. რ-ესა და მოპასუხე თ. ი-ეს შორის 2010 წლის 20 აპრილს დაიდო ნატარიულად დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა საჯარო რეესტრში თ. ი-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ. ახალციხეში, ვ-ას ქ. №..-ში, (სარეგისტრაციო ზონა - ახალციხე, კოდი - ..; სექტორი - ქ. ახალციხე, კოდი -.. კვარტალი - ..; ნაკვეთი - .., შენობა ნაგებობები - ობიექტი №1);
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ გ. ი-ეს სრული კანონისმიერი უფლება ჰქონდა, ჯერ კიდევ 2004 წელს, სახლის შეძენისას საჯარო რეესტრში თანასაკუთრების უფლებით დაერეგისტრირებინა უძრავი ქონება და აეცილებინა ის რისკი, რაც გამოწვეული იქნა მეუღლის სახელზე რეგისტრაციით.
საქმის გარემოებებით დადგინდა, რომ ჯ. რ-ესა და მოპასუხე თ. ი-ეს შორის 2010 წლის 20 აპრილს დაიდო ნატარიულად დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში;
სამოქალაქო კოდექსის 286-ე და 289-ე მუხლებზე მითითებით, სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა ახალციხის რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ი-ე ცნობილ იქნა ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ახალციხე, ვ-ას ქ. №..-ში; ს/კ - .....) 2/3 წილის თანამესაკუთრედ, რაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2013 წლის 15 ოქტომბრიდან, აღნიშნული ვერ გახდებოდა იპოთეკის მოხსნის საფუძველი, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას.
ამასთან, რადგან დადგენილია, რომ ჯ. რ-ესა და მოპასუხე თ. ი-ეს შორის 2010 წლის 20 აპრილს დაიდო ნატარიულად დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო სესხის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული თ. ი-ის კუთვნილი უძრავი ქონება, იპოთეკის გაუქმება გ. ი-ის 2/3 წილზე, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა 2013 წლის 15 ოქტომბრიდან ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიწვევს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დარღვევას, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რომ საჯარო რეესტრი წარმოადგენს კეთილსინდისიერი სამოქალაქო ბრუნვის გარანტს და ემსახურება ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფას და დაცვას. აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, ობიექტურად არსებული ფაქტი - საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია იცავს ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპს საჯარო რეესტრში რეგისტრაციაუნარიანი უფლებების განკარგვის დროს და მისი სისწორის პრეზუმფცია ეხება როგორც ადრინდელი მესაკუთრის, ასევე ახალი შემძენის უფლებებს. კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული პრინციპი იცავს ასევე კრედიტორის (იპოთეკარის), ჯ. რ-ის უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე იპოთეკარის უფლებებიც ისევეა დაცული, როგორც შემძენის და მათ ენიჭებათ უფლებამოსილება, დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ იპოთეკით დატვირთული ნივთიდან, შესაბამისად, გ. ი-ეს უფლება აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თ. ი-ისგან მოითხოვს ქონების იპოთეკით დატვირთვით მიღებული სარგებელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ი-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეისწავლა და არ დაადგინა გარემოება თ. ი-ის მიერ არებული სესხი მოხმარდა თუ არა ოჯახს, მან მიუთითა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ გ. ი-ეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად რომ აღებული სესხი ოჯახს არ მოხმარებია, თუმცა, კასატორის აზრით, მოცემულ საქმეზე აღნიშნული საკითხი დავის საგანი არ ყოფილა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ, მიუხედავად რეგისტრირებული ქორწინებისა და თანასაკუთრებისა, მას, როგორც მესაკუთრეს, გააჩნია კონსტიტუციით გარანტირებული უფლება - თავისუფლად ფლობდეს და განკარგავდეს თავის საკუთრებას და არ დაუშვას მესამე პირების მიერ აღნიშნული უფლების შეზღუდვა, რაც კონკრეტულად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარეობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივნისის განჩინებით გ. ი-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი უთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ:# 3კ/932-02, ას-307-643-05, ას-909-949-2011 ).
შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ი-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ. ი-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ი-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე