საქმე №ას-476-450-2014 9 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - თ. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ა (შეგებებული სარჩელის ავტორი)
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებლის განსაზღვრის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - განქორწინება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
თ. მ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ-ას (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ განქორწინებისა და არასრულწლოვანი გ. გ-ას საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ბავშვის დედისათვის აღსაზრდელად გადაცემა ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ამასთან, მამის ოჯახში მას ნორმალური განვითარებისათვის სათანადო პირობები გააჩნია.
3. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:
მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებლის განსაზღვრის მოთხოვნით.
4. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე:
თ. მ-ემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2010 წლის 25 სექტემბერს №... (III-ИK №544019) სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით, ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. მ-ის მოთხოვნა არასრულწლოვანი დ. გ-ას საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და არასრულწლოვანი დ. გ-ას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი.
6. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო თავდაპირველი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
7.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. მ-ე და გ. გ-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2010 წლის 25 სექტემბრიდან;
7.1.2. ერთად ცხოვრების პერიოდში, 2011 წლის 13 ოქტომბერს მეუღლეებს შეეძინათ შვილი - დ. გ-ა;
7.1.3. თ. მ-ე და გ. გ-ა 2013 წლის 25 ივლისიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე;
7.1.4. თ. მ-ეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში არ გააჩნია. სასამართლო დავის მიმდინარეობის პერიოდში, იგი დროებით ცხოვრობდა ქ.რუსთავში ბიძისა (დედის ძმის) და დეიდის სახლში. თ. მ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია სარატოვის ოლქი, ქ.სარატოვი, ფრუნზეს რაიონი, ხ-ის ქუჩა, სახლი .... იგი არის რუსეთის მოქალაქე;
7.1.5. გ. გ-ა, მცირეწლოვან შვილთან _ დ. გ-ასთან ერთად ცხოვრობს ქ.სენაკში, რ-ის ქ№...-ში, აქვს ორმაგი, რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მოქალაქეობა;
7.1.6. დ. გ-ა ქ.სენაკის საბავშვო ბაღის აღსაზრდელია;
7.1.7. გ. გ-ამ 2010 წლის 23 ივნისს დაამთავრა „სახელმწიფო და კორპორატიული მმართველობის მოსკოვის ინსტიტუტი“ და მინიჭებული აქვს მენეჯერის კვალიფიკაცია. თ. მ-ემ 2010 წელს დაამთავრა სარატოვის ტიხონოვის სახელობის №... საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, ცალკეული საგნების გაძლიერებული სწავლებით და სკოლის დირექტორის მიერ ხასიათდება დადებითად. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას, 2008-2010 წლებში იყო სარატოვის ახალგაზრდული საზოგადოებრივი კრების დელეგატი ქართული სათვისტომოდან;
7.1.8. თ. მ-ე დასაქმებული არ არის, პირადი შემოსავალი არ გააჩნია. მას მატერიალურად უზრუნველყოფენ მშობლები. თ. მ-ის მშობლებს, ფ. მ-ესა და ა. მ-ეს, რომლებიც ამჟამად განქორწინებულნი არიან, რუსეთის ფედერაციაში, ქ.სარატოვში, გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი და კერძო ბიზნესი. ფ. მ-ემ 2013 წლის 17 სექტემბრის საგარანტიო წერილით იკისრა ვალდებულება, რომ მატერიალურად და სხვაგვარად უზრუნველყოფდა მისი შვილის _ თ. მ-ისა და შვილიშვილის _ დ. გ-ას ცხოვრებას რუსეთის ფედერაციაში, ქ.სარატოვში. ანალოგიური ვალდებულება იკისრა ა. მ-ემაც;
7.1.9. გ. გ-ა დასაქმებულია. იგი 2013 წლის 5 აგვისტოდან 2014 წლის 1 თებერვლამდე გამოსაცდელი ვადით დანიშნულია შპს „ს. გ. წ. კ-ში“ აგენტად და აქვს ხელფასი _ 350 ლარი. გააჩნია ასევე დამატებითი შემოსავალი, კერძოდ, მშობლები ცხოვრობენ და მუშაობენ ქ.მოსკოვში და მატერიალურად ეხმარებიან;
7.1.10. გ. გ-ას ოჯახი შესწავლილ იქნა სენაკის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ და მომზადდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც გ. გ-ა ცხოვრობს ორსართულიან კაპიტალურ სახლში, რომელიც შედგება 9 კეთილმოწყობილი ოთახისაგან. საცხოვრებელ სახლში განთავსებულია სამზარეულო, ტუალეტი, აბაზანა, მიეწოდება წყალი, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი უწყვეტად. საყოფაცხოვრებო პირობები დადებითია და საფრთხეს არ უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ბავშვს გამოყოფილი აქვს ცალკე საწოლი, აქვს განვითარებისათვის საჭირო სათამაშოები და ილუსტრირებული წიგნები, უზრუნველყოფილია ტანსაცმლით და ნუტრიციული საკვებით. ვიზიტისას ბავშვი გამოიყურებოდა სუფთად და მოწესრიგებულად, ურთიერთობაში ჩანდა, რომ მამასთან, ბებია-პაპასა და დიდ ბებიასთან აქვს თბილი დამოკიდებულება და გამოხატავს მათ მიმართ გარკვეული სახის ნდობასა და მიჯაჭვულობას. ბავშვი მუდმივად მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება;
7.1.11. თ. მ-ეს მშობიარობის (საკეისრო კვეთით) შემდეგ ჰქონდა მძიმე დეპრესიული ეპიზოდი ფსიქოზური სიმპტომებით, იგი 2011 წლის 31 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე სტაციონარულად მკურნალობდა სს „აკად. ღ. ს. ე. ს. ც-ის“ ფსიქო-ნევროლოგიურ განყოფილებაში. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად, თ. მ-ე ამჟამად ფსიქიკურად დაავადებული არ არის;
7.1.12. დ. გ-ა დაიბადა ქ.სენაკში და დაბადებიდან (13.10.2010 წ) დღემდე ცხოვრობს მამის საცხოვრებელ სახლში, სხვა გარემოში არ უცხოვრია, რის შესაბამისადაც ადაპტირებულია იმ გარემოში, სადაც გაიზარდა და, შესაბამისად, მისი დამოკიდებულება უკვე არსებული საცხოვრებელი პირობებისადმი ნათელი და გამოკვეთილია;
7.1.13. დ. გ-ა მიჯაჭვულია მამას;
7.1.14. სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ 2013 წლის 4 ნოემბრის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ამბულატორიული სასამართლო ექსპერტიზის №... დასკვნაზე _ გამოსარკვევი პირის, მ-ე თ.ს მიმართ, რომელიც გ. გ-ას განცხადების საფუძველზე იქნა ჩატარებული. ამ დასკვნის თანახმად „თ. მ-ის დიაგნოზში აღნიშნული დაავადება დეპრესიული ფსიქოზი F 323 ქრონიკულ ფსიქიკურ დაავადებას მიეკუთვნება და გარკვეული მატრავმირებელი პირობების დროს აღნიშნულმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს გამწვავება. დასკვნის მე-4 და მე-5 კითხვები და მათზე პასუხები შემდეგია: 4) ახასიათებს თუ არა დაავადებას რემისია, კერძოდ შეიძლება თუ არა, რომ პაციენტი ტოვებდეს ჯანმრთელ შთაბეჭდილებას, რაღაც კონკრეტული პერიოდის განმავლობაში? პასუხი ასეთია: სისტემატური მკურნალობის და ნორმალური საცხოვრებელი გარემოს პირობებში, შეიძლება კუპირებული იყოს ავადმყოფის გარეგნული გამოვლინებები. 5) შესაძლებელია თუ არა მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანმა მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში? პასუხი: დ. გ-ას თ. მ-ისათვის აღსაზრდელად გადაცემა, მისი ავადმყოფობის გამწვავების შემთხვევაში, ამ ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს.
7.1.15. 2013 წლის 8 ნოემბრის სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, თ. მ-ეს აღენიშნება „შთაგონებადობა, აწეული მგრძნობელობა, შინაგანი შფოთვა, ადვილად გამაღიზიანებლობა, ოპოზიციურობა, ყურადღებაგაფანტულობა, იმპულსურობა“.
7.1.16. საქმეში წარმოდგენილი ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიური ინსტიტუტის მიერ 2013 წლის 8 ნოემბერს (თანაავტორთა: მ-ისა და გ-ის მიერ) მომზადებული ნეიროფსიქოლოგიური დასკვნის თანახმად, „გამოვლინდა ბავშვის, დ. გ-ას ექსპრესიული და რეცეპტიული მეტყველების განვითარების მსუბუქი შეფერხება; ბავშვი ემოციურად მიჯაჭვულია მამაზე (თამაშის დროს მუდმივად მამას უხმობს, უზიარებს სათამაშოებს, თხოვს დახმარებას), სოციალური გარემოს ცვლილება, განსაკუთრებით კი მამასთან განშორება, სავარაუდოდ, უარყოფითად აისახება ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე. ამიტომ დ.ისთვის არ არის რეკომენდირებული საცხოვრებელი ადგილისა და ოჯახური გარემოს ცვლილება“.
7.1.17. საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის სპეციალისტების, ფსიქოლოგიის დოქტორების: ქ. ჩ-ისა და თ. გ-ის 2013 წლის 19 ნოემბრის დასკვნის თანახმად, „ცალსახად დგინდება, რომ 2 წლის ბავშვის ამ ეტაპზე შეჩვეული ოჯახური გარემოდან მოშორება და დედისათვის გადაცემა სარატოვში წასაყვანად ამ ეტაპზე რეკომენდირებული არ არის. ბავშვის დედა პრაქტიკულად ჯანმრთელიც რომ ყოფილიყო და არ ჰქონოდა დეპრესიული ფსიქოზის ეპიზოდი, მაინც არ არის მიზანშეწონილი ბავშვის გადაცემა იმ მშობლისათვის, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვი შეჩვეული არ არის. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია დედამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იურთიერთოს ბავშვთან, ბავშვისათვის მიჩვეულ გარემოში, დაიმსახუროს მისი ნდობა და მხოლოდ მერეა შესაძლებელი საუბარი ბავშვის გადაცემაზე“. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ ბავშვის ინტერებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მისი მოცილება ჩვეული გარემოდან (მამის ოჯახიდან) და აღსაზრდელად დედისათვის გადაცემა რეკომენდირებული არ იყო;
7.1.18. სენაკის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის ნ. პ-ს დასკვნით დგინდებოდა, რომ დ. გ-ას ჰქონდა განვითარებისათვის საჭირო პირობები: სათამაშოები, ილუსტრირებული წიგნები. ოჯახის წევრები ფსიქო-ემოციურად გაწონასწორებული არიან და გრძნობენ პასუხისმგებლობას ოჯახის თითოეული წევრის და, პირველ რიგში, ბავშვის მიმართ. ბავშვი მუდმივად მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დ. გ-ას გააჩნია ასაკის შესაფერისი პირადი საბავშვო კომპიუტერი, რაც უდავოდ მეტყველებდა იმაზე, რომ ოჯახში შექმნილია ბავშვის ინტელექტუალური განვითარებისა და სწორად აღზრდისათვის შესაბამისი პირობები.
7.1.19. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით, 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1199-ე მუხლით, 1201-ე მუხლით, 1202-ე მუხლის პირველი ნაწილით, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლით და განმარტა, რომ დაცილება, რომელიმე მშობელთან შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში. მშობლების უფლება _ განსაზღვრონ შვილების საცხოვრებელი ადგილი, დადგენილია ასევე, სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც მიუთითებს, რომ არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა _ მეურვის საცხოვრებელი ადგილი. მსგავსი ტიპის დავების განხილვისას სასამართლოსათვის უპირველესად სახელმძღვანელოა ბავშვის კეთილდღეობა, მისი ჭეშმარიტი ინტერესების შესაბამისად და მისი უფლებების დაცვა. აღნიშნული უპირატესი ინტერესი არ შეიძლება იქნეს უგულებელყოფილი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით, პალატამ მიიჩნია, რომ მცირეწლოვანი დ. გ-ას ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად, სწორად განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი, რაც სრულიად არ ნიშნავს დედის _ თ. მ-ის მიერ მშობლის უფლების განხორციელების შეზღუდვას თავის მცირეწლოვანი შვილის მიმართ.
7.1.20. სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასებისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლიდან გამომდინარე, იგი უპირატესად დაეყრდნო შინაგან რწმენას, რომელიც ემყარება მხოლოდ და მხოლოდ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულ და ყოველმხრივ ანალიზს და, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, დაადგინა, რომ მოცემულ ეტაპზე არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რეალობიდან გამომდინარე, მცირეწლოვანი დ. გ-ას საცხოვრებელ ადგილად სწორად იქნა განსაზღვრული მამის _ გ. გ-ას საცხოვრებელი ადგილი.
8. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
8.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
8.1.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულ არც ერთ საქმეში სასამართლოს დედისათვის უარი არ უთქვამს მცირეწლოვანი შვილის გადაცემაზე იმ მოტივით, რომ რადგანაც დედას, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო (ავადმყოფობის გამო), მოუხდა ბავშვთან განშორება 2-3 თვით, ამიტომ 2 წლის ბავშვი მხოლოდ მამას მიეჩვია და შვილის დედისათვის გადაცემა ბავშვის ინტერესებს არ შეესაბამება.
8.1.2. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377–ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია იმ გარემოებისათვის, რომ ბავშვიც რუსეთის მოქალაქეა და მისი რუსეთში წაყვანა საზღვარგარეთ წაყვანას კი არ ნიშნავს, არამედ თავის ქვეყანაში დაბრუნებას. გ. გ-ას აქვს ორმაგი _ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობა, ბავშვის მოქალაქეობაზე კი ორივე ინსტანციის სასამართლომ დუმილი არჩია. ამით სასამართლომ უცხო ქვეყნის მცირეწლოვან მოქალაქეს მოუსპო თავის ქვეყანაში ცხოვრებისა და აღზრდის უფლება და აიძულებს, სრულწლოვანებამდე იცხოვროს სხვა ქვეყანაში, თანაც დედის გარეშე, სასამართლო ვერ ასაბუთებს, რატომ შეესაბამება 2 წლის ბავშვის ინტერესს, გაიზარდოს სხვა სახელმწიფოში დედის გარეშე, ან როგორ არის ამ გადაწყვეტილებით თ. მ-ის, როგორც დედის, უფლებები დაცული. სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ თ.მ-ეს კარგი საყოფაცხოვრებო-ეკონომიკური პირობები აქვს, თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, ეს დედისათვის ბავშვის გადაცემაზე უარის თქმის საფუძველი მაინც ვერ გახდებოდა.
8.1.3. ორივე ინსტანციის სასამართლომ ცალმხრივად გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ნეიროფსიქოლოგიური დასკვნა და ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ეს დასკვნა (ისევე, როგორც მოწინააღმდეგის მიერ წარმოდგენილი ფსიქოლოგთა ასოციაციის ფსიქოლოგების 19.11.2013 წლის დასკვნა) ემყარება მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისთვის სასურველი კუთხით მიწოდებულ არასწორ ინფორმაციებს.
8.1.4. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, გაიზარდოს თავის ქვეყანაში (იგულილსხმება მოქალაქეობის ქვეყანა) და ამ ქვეყნის შესაბამის ენობრივ გარემოში. სასამართლო ვერ ასაბუთებს, რამდენად შეესაბამება უცხო ქვეყნის (ამ შემთხვევაში – რუსეთის) მოქალაქე ბავშვის ინტერესებს, გაიზარდოს არა თავის სახელმწიფოში, არამედ საქართველოში, ქართულენოვან გარემოში და მხოლოდ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ წავიდეს თავის სახელმწიფოში ენის უცოდინარი, იქაური ცხოვრებისათვის მოუმზადებელი და უდედოდ გაზრდილი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დ. გ-ა ფაქტობრივად იმყოფება ბილინგვიზმის პირობებში. სენაკი სამეგრელოა, მართალია, მეგრული, როგორც ენა, მეცნიერული გაგებით არ არსებობს და იგი ქართულის დიალექტია, მაგრამ ფონეტიკურად იგი სხვა ენაა.
8.1.5. სასამართლომ თ.მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ–ერთ მიზეზად მიუთითა ის, თითქოს თ.მ-ეს შვილის აღზრდაში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია. ასეც რომ იყოს, ეს არ არის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, სასამართლოს ეს მოსაზრება არასწორია, რადგანაც დადგენილია, რომ თ.მ-ე ბავშვთან განშორებას და რუსეთში ბავშვის გარეშე საცხოვრებლად წასვლას არ აპირებდა (არც არასოდეს დაუპირებია). მშობიარობის შემდგომი დეპრესიით გ.გ-ამ თ.მ-ე ამ უკანასკნელის მშობლების თანხმობის გარეშე მოათავსა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც იგი იმყოფებოდა 2011 წლის 31 ოქტომბრიდან 16 დეკემბრამდე. ამის შემდეგ იგი მამამ სამკურნალოდ წაიყვანა სარატოვში, საიდანაც დაბრუნდა სენაკში თავის ქმარ-შვილთან. გ.გ-ა და დედამისი პერიოდულად უკავშირდებოდნენ თ.მ-ის დედას, ფ.მ-ეს და მოითხოვდნენ, თ. მ-ე ისევ წაეყვანათ სამკურნალოდ. თ.მ-ეც იძულებული იყო წასულიყო სარატოვში, როგორც ამას მოითხოვდა მისი ქმრის ოჯახი, თუმცა იქაური ექიმები ეუბნებოდნენ, რომ იგი ჯანმრთელი იყო. თ.მ-ე სხვა გზით სენაკიდან სარატოვში არასოდეს წასულა და ეს წასვლებიც არასოდეს არ იყო მისი ინიციატივით. სასამართლოს ეს გარემოებები არ შეუფასებია.
8.1.6. სასამართლო, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ თ.მ-ეს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია, უთითებს, თითქოს 2013 წლის 8 აგვისტოდან 20 დეკემბრამდე თ.მ-ემ ბავშვი ნახა სულ 2-3-ჯერ მაშინ, როცა 2013 წლის 23 აგვისტოს განჩინებით მას მიეცა ბავშვთან შეუზღუდავი ურთიერთობის უფლება. სასამართლოს ასეთი დასკვნა არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ის გარემოება, რომ თ.მ-ე აქტიურად მონაწილეობდა შვილის ცხოვრებაში, დასტურდება ფოტოსურათებითა და ვიდეოჩანაწერებითაც, რომელიც სასამართლომ გ.გ-ასთან მიმართებაში მტკიცებულებად მოიშველია, თ.მ-ესთან მიმართებაში კი ჩათვალა, რომ მათზე მხოლოდ გარკვეული ეტაპი და კონკრეტული ეპიზოდები იყო აღბეჭდილი. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ეს მასალა ასახავდა ბავშვის დაბადებიდან დღემდე თ.მ-ის მასთან ურთიერთობას. ერთ-ერთმა ექსპერტმა, ფსიქოლოგმა მ.ბ-ემ მხარი დაუჭირა ბავშვის დედისთვის გადაცემას, მან კატეგორიულად განაცხადა, რომ თ.მ-ე ჯანმრთელია და, პირიქით, მასზე ცუდად აისახება, თუ ბავშვს არ მისცემენ. სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია სასამართლო სხდომაზე დაკითხული სისხლის სამართლის პასუხისგებაზე გაფრთხილებული ექსპერტის ჩვენება და გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წერილობით წარმოდგენილი ფსიქოლოგთა ე.წ ჩვენებები, რომლებიც მის მიერ მიწოდებულ ცალმხრივ ინფორმაციებს ეყრდნობოდა. სასამართლოს არც იმისთვის მიუქცევია ყურადღება, რომ მიუხედავად იმისა, თ.მ-ე არ იყო ვალდებული გაევლო მეორე მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზა, მან უარი არ განაცხადა და ნებაყოფლობით გაიარა ეს კვლევა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი ჯანმრთელია და როგორც ყველა ნორმალური დედა, ყველაფერს ცდილობს იმისათვის, რომ თავისი შვილი თვითონ გაზარდოს.
8.1.7. პირველი ინსტანციის სასამართლოს თ. მ-ისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ჯანმრთელობის მიზეზით არ უთქვამს (თუმცა მხარე ამას მოითხოვდა), პირიქით, სასამართლომ დაადგინა, რომ თ.მ-ე ჯანმრთელია. მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლო გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და დაეთანხმა დადგენილ გარემოებებსა და დასაბუთებას. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარე ჩვენი პროტესტის მიუხედავად თ.მ-ის ჯანმრთელობაზე აპელირებდა. სააპელაციო პალატა, ნაცვლად იმისა, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებს პასუხობდეს (ეთანხმებოდეს ან აბათილებდეს), გასაჩივრებულ განჩინებაში აქცენტს აკეთებს თ.მ-ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე.
8.1.8. გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, თითქოს თ. მ-ე დასაქმებული არ არის და პირადი შემოსავალი არ გააჩნია, მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლოს წარედგინა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ თ. მ-ე 2014 წლის 6 იანვრიდან (სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ) მუშაობს სარატოვში, შპს „მ-ში“ ადმინისტრატორად და მისი ხელფასი 15 250 მანეთს შეადგენს, სააპელაციო სასამართლომ სხდომაზე იმსჯელა ამ მტკიცებულების მიღების თაობაზე, თუმცა განჩინებაში მის არსებობაზე არ უთითებს. თ.მ-ე რომც არ მუშაობდეს, ამ მიზეზით დედისთვის შვილის გადაცემაზე უარის თქმა არ დაიშვება.
8.1.9. დ.გ-ა კომუნიკაბელური ბავშვია, მთელი დღე ოჯახის წევრების გარეშე იმყოფება საბავშვო ბაღში, საათობით რჩება მეზობლებთან, ნათესავებთან და გაუგებარია, რატომ მაინცდამაინც საკუთარ დედას ვერ შეეჩვეოდა იგი. გასაჩივრებული განჩინება არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 47-ე და 36-ე მუხლების მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს არასრულწლოვანი შვილის დედისათვის აღსაზრდელად გადაცემის საკითხი. ამ თვალსაზრისით კი, სააპელაციო სასამართლომ, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია ბავშვის მამასთან აღსაზრდელად დატოვება, რაც, სასამართლოს განმარტებით, არ ნიშნავდა დედისათვის მშობლის უფლების განხორციელების შეზღუდვას. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
1.2. საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობის შემოწმებამდე პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს რამდენიმე საკითხზე: სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს უფლება აქვს ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. აღნიშნული ნორმით განმტკიცებულია მშობლების თანაბრობის პრინციპი ბავშვის მიმართ. არც ერთ მშობელს არა აქვს უპირატესობა კანონით დადგენილი უფლება-ვალდებულებების განხორციელებაზე. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად კი, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
1.3. ზემოაღნიშნული ნორმები არ არის ამომწურავი და არ მოიცავს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების ნორმატიულ აღწერას, რაც მოგვცემდა კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების კვლევის შესაძლებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება „ბავშვის ინტერესების“ განსაზღვრას.
1.4. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
1.5. საოჯახო დავათა განხილვის განსაკუთრებული მიზნებიდან გამომდინარე (სკ-ის 1198.1 მუხლი, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით), მხედველობაშია მისაღები შეჯიბრებითი სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი გამონაკლისი, რაც ინკვიზიციის ელემენტებით ხასიათდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.
1.6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, სარჩელის თანახმად, დედა არ ითხოვს მამის რაიმე უფლების შეზღუდვას, გამოთქვამს მზაობას, მამამ იქონიოს შეუზღუდავი კავშირი შვილთან, თუმცა, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს მის დედის სოციალურ გარემოში აღზრდას. როგორც შესაგებლით, ისე შეგებებული სარჩელით მოპასუხემ აღნიშნა, რომ ბავშვს მამის ოჯახში აქვს განვითარებისათვის საჭირო ყველა წინაპირობა, დედას საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნია, თუმცა, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის უმთავრეს წინაპირობად მოსარჩელის ჯანმრთელობაზე მიუთითა.
1.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, ხოლო კასატორს შედავება არ წარმოუდგენია იმ გარემოებებზე, რომ: თ. მ-ე და გ. გ-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2010 წლის 25 სექტემბრიდან; მეუღლეებს, ერთად ცხოვრების პერიოდში, 2011 წლის 13 ოქტომბერს შეეძინათ შვილი - დ. გ-ა; თ. მ-ე და გ. გ-ა 2013 წლის 25 ივლისიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე; თ. მ-ეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში არ გააჩნია; სასამართლო დავის მიმდინარეობის პერიოდში, იგი დროებით ცხოვრობდა ქ.რუსთავში ბიძისა (დედის ძმის) და დეიდის სახლში; თ. მ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია: სარატოვის ოლქი, ქ.სარატოვი, ფრუნზეს რაიონი, ხ-ის ქუჩა, სახლი ...; იგი არის რუსეთის მოქალაქე; გ. გ-ა, მცირეწლოვან შვილთან, დ. გ-ასთან ერთად ცხოვრობს ქ.სენაკში, რ-ის ქ№...-ში, აქვს ორმაგი, რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მოქალაქეობა.
1.8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ ბავშვის დედისათვის გადაცემაზე უარი რამდენიმე საფუძველს დაამყარა, კერძოდ, მიუთითა სენაკის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნაზე, რომელმაც შეამოწმა გ. გ-ას საცხოვრებელი პირობები და დაადგინა, რომ მოპასუხე ცხოვრობს ორსართულიან კაპიტალურ სახლში, რომელიც შედგება 9 კეთილმოწყობილი ოთახისაგან. საცხოვრებელ სახლში განთავსებულია სამზარეულო ოთახი, ტუალეტი, აბაზანა, მიეწოდება წყალი, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი უწყვეტლივ. საყოფაცხოვრებო პირობები დადებითია და საფრთხეს არ უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ბავშვს გამოყოფილი აქვს ცალკე საწოლი, აქვს განვითარებისათვის საჭირო სათამაშოები და ილუსტრირებული წიგნები, უზრუნველყოფილია ტანსაცმლით და ნუტრიციული საკვებით. აქვს კარგი პირობები სრულყოფილად განვითარებისათვის. ვიზიტისას ბავშვი გამოიყურებოდა სუფთად და მოწესრიგებულად, ურთიერთობაში ჩანდა, რომ მას მამასთან, ბებია-ბაბუასთან და დიდ ბებიასთან აქვს თბილი დამოკიდებულება და გამოხატავს მათ მიმართ გარკვეული სახის ნდობასა და მიჯაჭვულობას. ბავშვი მუდმივად მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
1.9. სასამართლოს განმარტებით, არასრულწლოვანი ადაპტირებულია მამის გარემოში, სადაც გაიზარდა, მისი დამოკიდებულება უკვე არსებული საცხოვრებელი პირობებისადმი ნათელი და გამოკვეთილია. არასრულწლოვანი მიჯაჭვულია მამას.
1.10. სენაკის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის ნ. პ-ს დასკვნის თანახმად, დ. გ-ას აქვს განვითარებისათვის საჭირო პირობები: სათამაშოები, ილუსტრირებული წიგნები. ოჯახის წევრები ფსიქო-ემოციურად გაწონასწორებულნი არიან და გრძნობენ პასუხისმგებლობას ოჯახის თითოეული წევრის და პირველ რიგში, ბავშვის მიმართ. ბავშვი მუდმივად მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დ. გ-ას გააჩნია ასაკის შესაფერისი პირადი საბავშვო კომპიუტერი, რაც უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ ოჯახში შექმნილია ბავშვის ინტელექტუალური განვითარებისა და სწორად აღზრდისათვის შესაბამისი პირობები.
1.11. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ მხოლოდ ქონებრივი მაჩვენებელი არ შეიძლება დედის და შვილის დაშორების წინაპირობა იყოს. პალატა განმარტავს, რომ საცხოვრებელი პირობები, თუ ის არ ეწინააღმდეგება ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ და სოციალურ განვითარებას არ შეიძლება ზღუდავდეს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის აუცილებლობას, მით უფრო დედა-შვილის ერთად ყოფნას, ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებით (საგარანტიო წერილები) დასტურდება, რომ მოსარჩელის მშობლები კისრულობენ ვალდებულებას, უზრუნველყონ თ.მ-ე სათანადო სახსრებით, გარდა აღნიშნულისა, გასაჩივრებული განჩინებით შეფასება არ მისცემია რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 4 ოქტომბრის დასკვნას, რომლის თანახმადაც, თ. მ-ეზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ მას აქვს მშობლისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, შეუძლია იზრუნოს შვილზე, დაუკმაყოფილოს მას ყველანაირი საჭიროება, რაშიც მას დაეხმარებიან მისი ბიოლოგიური ოჯახი და ნათესავები. ასევე თ.ს არ აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და კარგად აცნობიერებს თავისი, როგორც დედის როლს. სოციალური მუშაკის დასკვნით, არ არსებობს დედა-შვილის ცალ-ცალკე ცხოვრების საფუძველი.
1.12. რაც შეეხება მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სააპელაციო სასამართლომ ამ კუთხით ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: თ. მ-ეს მშობიარობის (საკეისრო კვეთით) შემდეგ ჰქონდა მძიმე დეპრესიული ეპიზოდი ფსიქოზური სიმპტომებით, იგი 2011 წლის 31 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე სტაციონარულად მკურნალობდა სს „ა. ო.ღ-ის ს. ე. ს. ც-ის“ ფსიქონევროლოგიურ განყოფილებაში.
1.13. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად, თ. მ-ე ამჟამად ფსიქიკურად დაავადებული არ არის.
1.14. „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ამბულატორიული სასამართლო ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, თ. მ-ის დიაგნოზში აღნიშნული დაავადება _ დეპრესიული ფსიქოზი F 323 ქრონიკულ ფსიქიკურ დაავადებას მიეკუთვნება და გარკვეული მატრამვირებელი პირობების დროს მითითებულმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს გამწვავება. ახასიათებს თუ არა დაავადებას რემისია, კერძოდ, შეიძლება თუ არა, რომ პაციენტი ტოვებდეს ჯანმრთელ შთაბეჭდილებას, რაღაც კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, ექსპერტებმა უპასუხეს, რომ სისტემატური მკურნალობის და ნორმალური საცხოვრებელი გარემოს პირობებში, შეიძლება კუპირებულ იყოს ავადმყოფის გარეგნული გამოვლინებები, ხოლო კითხვაზე _ შესაძლებელია თუ არა მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანმა მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში, პასუხი უარყოფითია, დ. გ-ას თ. მ-ისათვის აღსაზრდელად გადაცემა, მისი ავადმყოფობის გამწვავების შემთხვევაში, ამ ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს.
1.15. სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, თ. მ-ეს აღენიშნება შთაგონებადობა, აწეული მგრძნობელობა, შინაგანი შფოთვა, ადვილად გამღიზიანებლობა, ოპოზიციურობა, ყურადღებაგაფანტულობა, იმპულსურობა.
1.16. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ცნობებზე, რომელთა თანახმადაც, თ.მ-ე ფსიქონევროლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება; სააპელაციო პალატის მიერ შეფასებული სსიპ „ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით თ.მ-ე ქმედუნარიანია, დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, იგი ემყარება გამოსაკვლევი პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ასევე სს „ა. ო.ღ-ის ს. ე. ს. ც-ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათს, მოსარჩელის ნერვულ, ფსიქიკურ, ფიზიოლოგიურ კვლევას და ექსპერტიზა ადგენს, რომ 2011 წელს, გადატანილი ფსიქიკური ტრავმისა და მშობიარობის ფონზე, გამოსაკვლევ პირს განუვითარდა ტრანზიტორული ფსიქიკური აშლილობა, რომელიც კუპირებულ იქნა სტაციონარული ფსიქიკური მკურნალობის შედეგად; ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, ამჟამად თ.მ-ეს ფსიქიკური დაავადების ნიშნები არ აღენიშნება, თუმცა დასკვნაში განმარტებულია, რომ დეპრესიული ფსიქოზი ქრონიკულ დაავადებას მიეკუთვნება, გარკვეული ფსიქო-მატრავმირებელი პირობების დროს შესაძლებელია დაავადების რეციდივი და ავადმყოფობის გამწვავების შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის მისთვის გადაცემა არ არის რეკომენდებული. გამოსაკვლევი პირის ამჟამინდელ დადებით მდგომაროებაზე მიუთითებს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნაც, სადაც აღნიშნულია, რომ თ. მ-ეს ამჟამად ფსიქიკურ ფუნქციებში პათოლოგიურად მნიშვნელოვანი გადახრა არ აღენიშნება.
1.17. მითითებული მტკიცებულებების ანალიზით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ისინი გარკვეულ ნაწილში (არსებობს თუ არა მოსარჩელის ჯანმრთელობის გაუარესების რისკი) ურთიერთწინააღმდეგობრივია და დამაჯერებლად ვერ ასაბუთებენ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხოლო სააპელაციო სასამართლოს, სადავო სამართალურთიერთობის განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, არ განუკარგავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილება და უტყუარად და ზუსტად არ დაუდგენია დედისათვის შვილის აღსაზრდელად გადაცემის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. საკასაციო პალატის შეფასებით, დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობისაა საკითხი იმის თაობაზე, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომაროება იძლევა თუ არა არასრულწლოვნის უსაფრთხო გარემოში აღზრდის უალტერნატივო გარანტიას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები.
1.18. გარდა აღნიშნულისა, უდავოდ მხედველობაშია მისაღები საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის სპეციალისტების, ფსიქოლოგიის დოქტორების: ქ. ჩ-ისა და თ. გ-ის 2013 წლის 19 ნოემბრის დასკვნა, რომლის თანახმადაც ცალსახად დგინდება, რომ 2 წლის ბავშვის ამ ეტაპზე შეჩვეული ოჯახური გარემოდან მოშორება და დედისათვის გადაცემა სარატოვში წასაყვანად ამ ეტაპზე რეკომენდირებული არ არის. ბავშვის დედა პრაქტიკულად ჯანმრთელიც, რომ ყოფილიყო და არ ჰქონოდა დეპრესიული ფსიქოზის ეპიზოდი, მაინც არ არის მიზანშეწონილი ბავშვის გადაცემა იმ მშობლისათვის, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვი შეჩვეული არ არის. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია დედამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იურთიერთოს ბავშვთან, ბავშვისათვის მიჩვეულ გარემოში, დაიმსახუროს მისი ნდობა და მხოლოდ მერეა შესაძლებელი საუბარი ბავშვის გადაცემაზე. დასკვნის გამცემ პირთა წერილობითი განმარტების თანახმად (მას შემდეგ, რამ მათთვის ცნობილი გახდა დედა-შვილის უფრო ხშირი კონტაქტის თაობაზე), მიზანშეწონილია თ. მ-ისათვის გარკვეული პერიოდის მიცემა რათა იურთიერთოს ბავშვთან არა მარტო ბავშვისათვის შეჩვეულ გარემოში (რადგანაც წარდგენილი მასალებით ჩანდა, რომ მოსარჩელე შვილთან გ-ების სახლში ურთიერთობდა, რაც ბავშვისათვის შეჩვეულ გარემოს წარმოადგენდა), რომლის გარეშეც მას პირველ ხანებში, შეიძლება, გაჭირვებოდა, არამედ შვილისთვის უცხო გარემოშიც და თუ აღმოჩნდება, რომ დედასა და შვილს უპრობლემო ურთიერთობა აქვთ და ბავშვი კომფორტულად გრძნობს თავს, ეს ფაქტი დააჩქარებს ბავშვის დედისათვის გადაცემის პროცედურას. ფსიქოლოგთა რეკომენდაციით, შემდგომში პერიოდულად უნდა შემოწმდეს თ. მ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
1.19. საქმეში ასევე წარმოდგენილია ნეიროფსიქოლოგიური დასკვნა არასრულწლოვან დ.გ-ას ჯანმრთელობის მდგომაროების თაობაზე, სადაც საუბარია ექსპერსიული და რეცეპტული მეტყველების მსუბუქ შეფერხებაზე, დასკვნის თანახმად, რეკომენდებულია ბავშვის ბილინგვიზმისაგან დაცვა, იგი ემოციურადაა მიჯაჭვული მამაზე, რის გამოც მასთან განშორება, საცხოვრებელი ადგილისა და ოჯახური გარემოს ცვლილება უარყოფითადაა შეფასებული.
1.20. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს არ აქვს კრიტიკულად გამოკვლეული ის რისკები, რომელიც უკავშირდება ბავშვის მხოლოდ მამის სოციალურ გარემოში აღზრდას და მიუხედავად მითითებისა, რომ დედას არ ეზღუდება მშობლის უფლების განხორციელება, არ უმსჯელია, თუ რა პირობებშია შესაძლებელი ამ საკითხის გადაწყვეტა, ამასთანავე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დედა-შვილის ურთიერთობის შემაფერხებელი ობიექტური მიზეზის დაუდგენლობის პირობებში თ.მ-ის შვილისაგან განრიდება არ შეიძლება ბავშვის ინტერესების შესაბამისად იქნას მიჩნეული. მოცემულ შემთხვევაში, ერთმანეთს უნდა შედარდეს ფსიქოლოგთა და სოციალურ მუშაკთა დასკვნების ის ნაწილები, რომლებიც ეხება ბავშვის მამის ოჯახში დარჩენის რისკებს, ასევე დეტალურად უნდა შეფასდეს ექსპერტთა დასკვნებში განსაზღვრული დედის ოჯახში გადასვლასთან დაკავშირებული რისკფაქტორები. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი.
1.21. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე. ერთ-ერთ საქმეზე (Johansen v. Norway , Judgment of 7 August 1996. Reports. 1996-III.) სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.
1.22. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ ბავშვი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, შეეზღუდა უცხო ქვეყნის მოქალაქის სამშობლოში დაბრუნების უფლება, დასაბუთებულ შედავებად ვერ იქნება მიჩნეული, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობის, ასევე ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ დ.გ-ა დაიბადა საქართველოში, ქ.სენაკში და მისი საცხოვრებელი ადგილია მამის საცხოვრებელი _ ქ.სენაკი, რ-ის ქ#..., ასევე, მოპასუხე გ.გ-ს აქვს ორმაგი მოქალაქეობა (რუსეთის ფედერაციისა და საქართველოსი), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „სამოქალაქო საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენციის მე-20, 32.1 და 32.3 მუხლებით, ასევე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, 12.3, მე-13 და 49-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს სასამართლოებს გააჩნიათ მოცემულ დავაზე საერთაშორისო კომპეტენცია, რაც თავისთავად ნიშნავს საქართველოს იურისდიქციით დადგენილი წესით წინამდებარე დავის განხილვა-გადაწყვეტას, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კი, როგორც წინამდებარე განჩინებაშია ასახული, სადავო საკითხის გადაწყვეტა ბავშვის უპირატესი ინტერესების შესაბამისად უნდა განხორციელდეს.
1.23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. მოცემული ნორმის ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს ბავშვის ერთ-ერთი მშობლისათვის აღსაზრდელად გადაცემის საკითხის კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური