Facebook Twitter

საქმე №ას-426-403-2014 9 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „კ-ის უნივერსიტეტი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სწავლის საფასურის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „კ-ის უნივერსიტეტმა“ (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა თ. გ-ისათვის (შემდგომში _ მოპასუხე) სწავლის გადაუხდელი საფასურის _ 5 549 ფუნტი სტერლინგის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას ჩ-ის უნივერსიტეტის კურსის გადასახადის ჩათვლით ნაღდი ანგარიშსწორების გზით სრულად აქვს გადახდილი თანხა, რასაც ადასტურებს მის სახელზე დიპლომის გაცემის ფაქტი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 549 ფუნტი სტერლინგის გადახდა.

5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005-2010 წლებში მოპასუხე სწავლობდა შპს „კ-ის უნივერსიტეტის“ ბ-ს სკოლაში, ბ-სის მართვის ფაკულტეტზე, მარკეტინგის სპეციალობით.

5.1.2. 2008 წლის 20 ნოემბერს კ-ის უნივერსიტეტსა და ჩ-ის უნივერსიტეტს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

5.1.3. 2009 წლის 1 სექტემბერს შპს „კ-ის უნივერსიტეტსა“ და ჩ-ის უნივერსიტეტს შორის გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით, დაიდო ხელშეკრულება.

5.1.4. 2010 წლის 18 თებერვალს, შესაბამისი ინვოისის მიღების შემდეგ, შპს „კ-ის უნივერსიტეტმა“ შეასრულა ვალდებულება და გადაიხადა 4 სტუდენტის, მათ შორის, მოპასუხის სწავლის გადასახადი, სულ _ 19 234 ფუნტი სტერლინგი.

5.1.5. შპს „კ-ის უნივერსიტეტი“ სარჩელით ითხოვდა ჩ-ის უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წლისათვის მის მიერ გადახდილი თანხის – 5 549 ფუნტი სტერლინგის ანგარიშში მოპასუხისათვის 5 549 ფუნტი სტერლინგის დაკისრებას. შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგენილიყო შეასრულა თუ არა მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულება (ჩ-ის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის სრულად გადახდა). სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებულ მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, და აღნიშნა, რომ საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თვით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის პირობა, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. აღნიშნული ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს. შესაბამისად, ჩ-ის უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წლის სწავლის საფასურის _ 5 549 ფუნტი სტერლინგის გადახდა უნდა ემტკიცებინა მოპასუხეს. ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ კი, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.

5.1.6. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდებოდა, რომ შპს „კ-ის უნივერსიტეტსა“ და ჩ-ის უნივერსიტეტს შორის არსებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2009-2011 წლებში თ. გ-ი ჩართული იყო გაცვლით პროგრამაში და მივლინებული იყო დიდ ბრიტანეთში, ჩ-ის უნივერსიტეტში. ჩ-ის უნივერსიტეტში მოპასუხის სწავლის საფასურმა სულ 11 127 ფუნტი სტერლინგი შეადგინა, მათ შორის, 2009-2010 სასწავლო წლის საფასური - 5 549 ფუნტი სტერლინგი, 2010-2011 სასწავლოს წლის კი - 5 578 ფუნტი სტერლინგი. ამ პირობებით ჩ-ის უნივერსიტეტში სწავლებაზე თანახმა იყო მოპასუხე, რომელიც ვალდებული იყო 2009-2010 სასწავლო წლის ჩ-ის უნივერსიტეტში სწავლების საფასური გადაეხადა მოსარჩელისათვის.

5.1.7. სწავლის საფასურის სრულად გადახდის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხე (მოვალე) მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო სადავო გარემოების შესაბამისი მტკიცებულებით (წერილობითი მტკიცებულებით - საგადასახდო დავალებით ან/და სალაროს ჩეკით) დადასტურება.

5.1.8. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გარემოება იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტში ანგარიშსწორება (სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით) ხდებოდა, როგორც უნაღდო, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით (რის დასადასტურებლადაც მოპასუხე მიუთითებდა მოწმის ჩვენებაზე, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შედგენილ წერილობით განმარტებებზე), ასევე არგუმენტი მასზედ, რომ უნივერსიტეტს შეეძლო სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტისათვის შეეჩერებინა უფლებამოსილება, რაც თ. გ-ის შემთხვევაში უნივერსიტეტს არ გამოუყენებია და მის სახელზე გაიცა დიპლომი, არ იყო საკმარისი მოპასუხის მტკიცების გასაზიარებლად, რომ სწორედ მის მიერ მოხდა ჩ-ის უნივერსიტეტში სწავლების საფასურის – 5 549 ფუნტი სტერლინგის გადახდა მოსარჩელისათვის (სკ-ის 429-ე მუხლი).

5.1.9. სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილების, 361-ე და 629-ე მუხლების თანახმად, რადგანაც მოსარჩელემ უზრუნველყო 2009 წლის 1 სექტემბერს შპს „კ-ის უნივერსიტეტსა“ და ჩ-ის უნივერსიტეტს შორის გაცვლით პროგრამის ფარგლებში, თ. გ-ის სწავლება ჩ-ის უნივერსიტეტში და შესაბამისი ინვოისის მიღების შემდეგ, გადაიხადა მოპასუხის ერთის წლის სწავლის გადასახადი, თავის მხრივ, მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, პალატამ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. უნივერსიტეტში დამკვიდრებული წესის მიხედვით, სწავლის საფასურს, მათ შორის უცხოეთის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით სწავლებისას, იხდიდნენ ნაღდი ანგარიშსწორების წესით, უნივერსიტეტის ბუღალტერიაში, რა დროსაც მხოლოდ სტუდენტის მხრიდან მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ბუღალტერია გასცემდა გადახდის დამადასტურებელ საბუთს. უმეტეს შემთხვევაში, სასწავლო დაწესებულებაში არსებული მაღალი ნდობის ხარისხის გათვალისწინებით, სტუდენტები არ ითხოვდნენ და, შესაბამისად, ხელთ არ ჰქონდათ დოკუმენტი, რომელიც მათი მხრიდან სწავლის საფასურის ნაღდი ანგარიშსწორების წესით გადახდის ფაქტს დაადასტურებდა. სწავლის საფასურის ამ წესით გადახდის ფაქტი დაფიქსირებული იყო უნივერსიტეტის ფინანსური სამსახურის მიერ წარმოებულ ელექტრონულ ბაზაში, რომელშიც ასახული იყო ინდივიდუალურად, თითოეული სტუდენტის ყველა პერსონალური მონაცემი, გადახდის ჩათვლით. სტუდენტებს, რომლებსაც ნაღდი ანგარიშსწორების წესით გადახდის დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნდათ, გადახდის ფაქტის დადასტურებისათვის ზემოაღნიშნული განცხადების დაწერა დასჭირდათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კ. შ-ამ უნივერსიტეტის ფინანსური სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა თ. გ-ის დედა, ნ. ს-ძე. საგულისხმო ფაქტია, რომ მოწინაღმდეგე მხარემ საქმეზე არ წარმოადგინა რაიმე საბუთი, იმის დასადასტურებლად, რომ ამ სტუდენტთაგან, რომელიმემ, თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთის არქონის შესახებ უნივერსიტეტის პრეზიდენტისადმი განცხადებით მიმართვის შემდეგ გადაიხადა შესაბამისი თანხა, ანდა თანხის გადახდევინების მოთხოვნით უნივერსიტეტმა იდავა რომელიმე ამ სტუდენტის წინააღმდეგ სასამართლოში.

6.1.2. გარდა აღნიშნულისა, კასატორმა მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ დიპლომი არ გაიცემოდა კურსდამთავრებულზე, თუკი მას რაიმე დავალიანება ერიცხებოდა უნივერსიტეტის მიმართ. უნივერსიტეტმა აღნიშნული დავა დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც დედამისი - უნივერსიტეტის ფინანსური სამსახურის უფროსი, რომელიც მთავარი მოწმე იქნებოდა ამ პროცესზე და, შესაბამისი მტკიცებულებითაც იქნებოდა აღჭურვილი, გარდაიცვალა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თ. გ-ი ერთადერთი კურსდამთავრებულია, რომელსაც უნივერსიტეტის პრეზიდენტი თანხის გადაუხდელობას ედავება, რაც მისი პირადი ინტერესებითაა განპირობებული, ვინაიდან მოპასუხემ, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მტკიცებულებები, საგამოძიებო ორგანოებს მიმართა დედის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიების განახლების მოთხოვნით.

6.1.3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დასტურდება, რომ კასატორი კეთილსინდისიერია იმ ფაქტის მიმართ, რომ გადახდის მომენტში არ მოითხოვა და არ მიიღო სადავო თანხის გადახდის დამდასტურებელი საბუთი, ხოლო მოსარჩელე მხარე არაკეთილსინდისიერად იყენებს ამ ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა კანონზე დამყარებული მტკიცების ტვირთის იმ სტანდარტის გამოყენება, რომელიც მოვალეს აკისრებს შესაბამის საბუთზე მითითებით ამტკიცოს თანხის გადახდის ფაქტი. სასამართლომ დაავალა მოსარჩელეს კასატორის თაობაზე მასთან არსებული სრული ინფორმაციის წარდგენა, რაც არ განხორციელებულა, ეს გარემოება კი, კასატორს ათავისუფლებს მტკიცების ტვირთისაგან, ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ შესაგებელზე დართული მტკიცებულებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებების შესწავლით მტკიცდება მოპასუხის მიერ სადავო თანხის გადახდის ფაქტი, რაც, პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, არასწორად არ გაიზიარა სააპელაციო პალატამ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. განსახილველი დავის საგანი ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დაკისრებაა, ამ თვალსაზრისით კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.1.1. 2005-2010 წლებში მოპასუხე სწავლობდა მოსარჩელე უნივერსიტეტის ბ-ს სკოლაში, ბ-სის მართვის ფაკულტეტზე, მარკეტინგის სპეციალობით.

1.1.2. 2008 წლის 20 ნოემბერს მოსარჩელესა და ჩ-ის უნივერსიტეტს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

1.1.3. 2009 წლის 1 სექტემბერს, გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით, მოსარჩელესა და ჩ-ის უნივერსიტეტს შორის დაიდო ხელშეკრულება.

1.1.4. 2010 წლის 18 თებერვალს, შესაბამისი ინვოისის მიღების შემდეგ, მოსარჩელე უნივერსიტეტმა შეასრულა ვალდებულება და გადაიხადა 4 სტუდენტის, მათ შორის მოპასუხის ჩ-ის უნივერსიტეტში სწავლის საფასური, სულ - 19 234 ფუნტი სტერლინგი.

1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

1.3. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მის მიერ საზღვარგარეთ სწავლების საფასურის _ 5 549 ფუნტი სტერლინგის გადაუხდელობის თაობაზე და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო, დავის თავისებურების გათვალისწინებით, არასწორად დაეყრდნო მსგავსი ურთიერთობისას დადგენილ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად სტანდარტს.

1.4. საკასაციო პრეტენზიის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე საკითხზე: სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია ნარდობის (მომსახურების) ხელშეკრულების მარეგულირებელი ზოგადი წესი და დადგენილია მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მოცემულ შემთხვევაში, მენარდის მიერ სამუშაოს შესრულება (მომსახურების გაწევა) სადავო არაა, ასევე, საქმეში წარმოდგენილი ინვოისის თანახმად, დადასტურებულია სწავლის საფასურის მენარდის მიერ გადარიცხვის ფაქტი. გარდა ამისა, დადგენილია, რომ კანონისაგან განსხვავებულ რეგულაციაზე _ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევაზე მხარეები არ შეთანხმებულან, თუმცა, მოპასუხემ (შემკვეთმა) ვერ შეძლო მის მიერ თანხის გადახდის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა.

1.5. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებებსა და დასკვნებს ვალდებულების შესრულების სადავოობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად წესზე, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნებთან ერთად, ემყარება მატერიალური სამართლის ნორმით განსაზღვრულ სპეციალურ წესს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით დადგენილ რეგულაციას, რომელიც მოვალის უფლებადამცავი ნორმაა და ადგენს კრედიტორის მხრიდან სავალო დოკუმენტის გაცემას ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შესრულების თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელთა შეფასებას, შესაძლოა, დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონოდა. ამ თვალსაზრისით კი, კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (სსსკ-ის 393.3 მუხლი).

1.6. საქმეში წარმოდგენილი შესაგებლის თანახმად, მოპასუხემ განმარტა, რომ ფულადი ვალდებულება მოსარჩელის წინაშე შეასრულა ჯეროვნად, უნივერსიტეტის ბუღალტერიაში ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადაიხადა თანხა და სწორედ ეს თანხა გადარიცხა მოსარჩელემ ჩ-ის უნივერსიტეტში. ვალდებულების შესრულების დასტურად მოპასუხემ მიუთითა მასზე დიპლომის გაცემის ფაქტზე, ასევე განმარტა, რომ ანგარიშსწორების ამგვარი ფორმა ფაქტობრივად იყო დაშვებული უნივერსიტეტში და თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება მხოლოდ სტუდენტის მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემოდა. რაც შეეხებოდათ იმ პირებს, რომლებსაც ხელთ არ ჰქონდათ შესაბამისი ქვითარი, ისინი უნივერსიტეტის პრეზიდენტის სახელზე წერდნენ განცხადებას და უფლებამოსილი პირის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ხდებოდა სტუდენტის ვალდებულების დაკრედიტება. რაიმე ურთიერთობა, რის გამოც მოსარჩელე სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლებას საკუთარი და არა სტუდენტის ხარჯით დააფინანსებდა, არ არსებობდა.

1.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და არც გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაა უარყოფილი ის გარემოება, რომ უნივერსიტეტში დამკვიდრებული წესის მიხედვით (მიუხედავად უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის გაფორმებული ჩარჩო, თუ სემესტრული ხელშეკრულებებით განსაზღვრული სწავლების საფასურის მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ანაზღაურების შესაძლებლობისა), სტუდენტები სურვილის მიხედვით, შესაბამის თანხებს ნაღდი ანგარიშსწორების წესით უნივერსიტეტის ბუღალტერიაში იხდიდნენ და მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ბუღალტერია გასცემდა გადახდის დამადასტურებელ სალაროს შემოსავლის ორდერებს. ამიტომ, რიგ შემთხვევაში, სტუდენტებს ხელთ ჰქონდათ ეს დოკუმენტები, რიგ შემთხვევაში _ არა. საქალაქო სასამართლოს ეს დასკვნა ემყარება მოპასუხის მიერ წარდგენილ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების: გ. რ-ის, თ. ც-ის, ხ. ჯ-ის, ნ. თ-ას, კ. ზ-ას, თ. კ-იას, ტ. ს-ას, ი. კ-ის განცხადებებს (რომლებითაც ირკვევა, რომ სტუდენტები სწავლის საფასურის გადახდას აწარმოებდნენ უნივერსიტეტის ბუღალტერიაში ნაღდი ანგარიშსწორებითაც და ზოგიერთ შემთხვევაში მათ ხელზე არ ჰქონდათ სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი სალაროს შემოსავლის ორდერი).

1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და საქმეს დაერთო მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის სტუდენტის სტატუსის შესახებ 2009 წლის 19 ოქტომბრის დებულების არასრული ამონარიდი (8 და 8.1 მუხლები). უნივერსიტეტის პრეზიდენტის 2009 წლის 19 ოქტომბრის #... ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სტუდენტის სტატუსის დებულება და უნივერსიტეტის 2010 წლის 22 თებერვლის #... ბრძანება, რომლის 4.1 პუნქტში სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლად მითითებულია ფინანსური დავალიანება, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, დებულების 7.2.10. პუნქტში შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „გაუუქმოს სტუდენტს რეგისტრაცია და შესაბამისად შეუჩეროს სტუდენტის სტატუსი, თუ ის არ გადაიხდის სწავლების საფასურს მასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თანახმად“. საგულისხმოა, რომ დებულებას დაემატა 8.8-8.10. პუნქტები და 8.8. პუნქტით გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის უფლების ერთ-ერთ წინაპირობად მიეთითა სტუდენტის ფინანსური დავალიანების არარსებობა, ხოლო 8.10. პუნქტის თანახმად, „უცხო ქვეყნის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივ პროგრამაზე მონაწილეობისათვის ფინანსური მხარე უნდა უზრუნველყოს სტუდენტმა“. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ #... ბრძანება სადავო ურთიერთობის წარმოშობის შემდგომ ამოქმედებული აქტია, თუმცა, მოსარჩელის განმარტებით, დებულება საკმაოდ მოცულობითია და ამიტომ არ წარადგინა სრულყოფილი სახით, წარდგენილი ნაწილი კი, შეესაბამება იმ დროს მოქმედ დებულებას (იხ. საქალაქო სასამართლოს 07.06.2013წ. სხდომის ოქმი, 15:14:10 სთ.). საქმის შესწავლით დგინდება, რომ მოსარჩელეს სტუდენტის სტატუსის შესახებ დებულების 2010 წლამდე მოქმედი რედაქცია სასამართლოსათვის არც მოგვიანებით წარუდგენია.

1.9. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის, ფინანსური დავალიანების გამო, სტუდენტის სტატუსი არ შეჩერებია/შეუწყვეტია და მასზე გაცემულია შესაბამისი დიპლომი. მოწმედ დაკითხული ნ. გ-ის ჩვენებით (რომელიც მოპასუხის მომდევნო კურსზე სწავლობდა), მას სწავლის საფასურის ნაწილი გადახდილი აქვს უნაღდო (ბანკის მეშვეობით), ხოლო ნაწილი _ ნაღდი ანგარიშსწორების წესით, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოუთხოვია უნივერსიტეტიდან, მოწმე ასევე სწავლობდა ჩ-ის უნივერსიტეტში ერთწლიანი საბაკალავრო პროგრამით, თუმცა სწავლის საფასური შეიტანა უნივერსიტეტის ბუღალტერიაში და რაიმე დოკუმენტი, რაც ნაღდ ანგარიშსწორებას დაადასტურებდა, უნივერსიტეტს არ მიუცია. მოწმემ აჩვენა, რომ თანხის დაფარვამდე დიპლომი არ გაიცემოდა, მასაც შეექმნა გარკვეული პრობლემა დიპლომის აღებისას, თუმცა მოლაპარაკების გზით გადაწყდა დავა. მანვე მიუთითა სხვა ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებზე, როგორიცაა მასთან ერთად საზღვარგარეთ გაგზავნილი სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის გამგზავრებამდე გადახდის ფაქტი და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ სწავლის გადასახადის 6 თვით ადრე გადახდის შემთხვევაში ეს უნივერსიტეტის ბუღალტერიაში ნაღდი ანგარიშსწორებით ხორციელდებოდა და სტუდენტი სარგებლობდა გარკვეული ფინანსური შეღავათით, თუმცა დასაშვები იყო ასევე გამგზავრების წინ თანხის ანაზღაურება, მოწმის განმარტებით, იგი არაერთხელ შეესწრო ფაქტს, როდესაც კურატორი ლექციებზე არ ასწრებდა სტუდენტს, რომელსაც სრულყოფილად არ ჰქონდა გადახდილი სწავლის საფასური (იხ. საქალაქო სასამართლოს 07.06.2013წ. სხდომის ოქმი 15:46:13-16:03:12სთ.). ამავე სხდომაზე მოწმედ დაიკითხა ვ. ე-ი, რომელიც მოპასუხის თანაკურსელი იყო და მასთან ერთად გაემგზავრა ჩ-ის უნივერსიტეტში. მოწმის ჩვენებით, მას ასევე ნაღდი ანგარიშსწორების გზით აქვს გადახდილი ჩ-ის უნივერსიტეტში სწავლის საფასური და არ გააჩნია თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა დღემდე არ აუღია საქართველოში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რადგანაც მოსარჩელე საზღვარგარეთ სწავლის საფასურის გადაუხდელობაზე ედავება (იხ. საქალაქო სასამართლოს 07.06.2013წ. სხდომის ოქმი 16:06:15-16:09:58სთ.). სასამართლო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოსარჩელე უნივერსიტეტის ყოფილი ფინანსისტის ბ. ა-ის მიერ მიცემულ ჩვენებას (ბ.ა-ი უნივერსიტეტში სადავო პერიოდში მუშაობდა). მოწმემ, მართალია, უარყო უნივერსიტეტში ნაღდი ანგარიშსწორების წესით საფასურის გადახდის შესაძლებლობა, რადგან მათ სალაროს აპარატი არ ჰქონდათ, თუმცა, განმარტა, რომ მსგავსი ფაქტი მისი თანდასწრებით არ მომხდარა, საზღვარგარეთ გამგზავრების ხარჯებს უნივერსიტეტს უხდიდა სტუდენტი, ხოლო, სასამართლოს შეკითხვაზე მან უპასუხა, რომ უნივერსიტეტის თანამშრომლების შვილების მიმართ შეღავათი არ ვრცელდებოდა, რადგანაც დაწესებულებას ჰქონდა კონკრეტული ბიუჯეტი, ხოლო თანხის გადახდის გადავადების თაობაზე მოწმემ აღნიშნა, რომ ეს შეიძლებოდა ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში ერთეულ შემთხვევებზე გავრცელებულიყო, მხოლოდ გარკვეული ხნით (იხ. საქალაქო სასამართლოს 21.06.2013 წ. სხდომის ოქმი, 16:16:15; 16:16:53 სთ). ამავე მოწმემ ისაუბრა დიპლომის გაცემის წესზე და აღნიშნა, რომ შესაბამის ბარათზე ხელის მოწერით დასტურდებოდა სტუდენტის დავალიანების არარსებობა და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემოდა დიპლომი (იხ. იგივე სხდომის ოქმი 16:30:09სთ.). მან ასევე ისაუბრა უნივერსიტეტში არსებულ გარკვეულ ბაზებზე, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდებოდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, თუმცა არსებობდა ასევე სტუდენტთა სხვა ბაზა, რომელიც სრულ მონაცემებს მოიცავდა და მისთვის ხელმიუწვდომელი იყო. ამჟამინდელი ფინანსისტის, მ. გ-ის განმარტებით, ბაზაში არის ინფორმაცია გადახდებზე და ეს ინფორმაცია ამჟამად არქივშია (იხ. საქალაქო სასამართლოს 21.06.2013წ. სხდომის ოქმი, 17:05:22), თუმცა არქივში არსებული დოკუმენტი რომლითაც მოპასუხის დავალინების არსებობა დადასტურდებოდა, საქმეში არ არის წარმოდგენილი, ამ თვალსაზრისით მოსარჩელემ მიუთითა მხოლოდ სარჩელზე დართულ დავალიანების შესახებ ცნობაზე.

1.10. საკასაციო პალატა სრულად ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ თანხის გადახდის ფაქტი მხოლოდ მოწმის ჩვენებით ან მხარის განმარტებით არ შეიძლება დადასტურდეს (სსსკ-ის 102.3 მუხლი), თუმცა უდავოდ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და მათი შეფასება ხდება შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

1.11. პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმადაც, მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულება არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო უნივერსიტეტში სწავლის საფასურის ნაღდი ანგარიშსწორების წესით გადახდის ფაქტზე მითითებით, ასევე მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სტუდენტის სტატუსის შეუჩერებლობითა და მის სახელზე დიპლომის გაცემით. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სწორედ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უარყოფილი, ზემოხსენებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების გზით უნდა გაირკვეს სახეზე ხომ არ გვაქვს პრეზუმირებული ფაქტები, კერძოდ, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, იმ პირობებში, როდესაც სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლების დაფინანსების ვალდებულება უნივერსიტეტს არ ეკისრებოდა, უნივერსიტეტში დაშვებული იყო, როგორც უნაღდო ისე ნაღდი ანგარიშსწორების წესით გადახდა, სწავლის განმავლობაში მოსარჩელეს არ წარუდგენია მოთხოვნა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის (სწავლის საფასურის გადაუხდელობა ან დაგვიანებით გადახდა) თაობაზე და მის მიმართ არ დგინდება რაიმე ადმინისტრაციული ზომების გამოყენება (სტუდენტის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა), დავალიანების მქონე სტუდენტები სასწავლო პროცესში არ დაიშვებოდნენ და მათზე არ გაიცემოდა დიპლომი, ხომ არ არსებობს იმ ვარაუდის დაშვების საფუძველი, რომ ჩ-ის უნივერსიტეტიდან გამოგზავნილი ინვოისის შესაბამისად მოსარჩელის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის თანხა სწორედ მოპასუხის მიერ უნივერსიტეტში ნაღდი ანგარიშსწორების გზით შეტანილი თანხა იყო. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ პრეზუმირებული ფაქტი ისეთი ფაქტია, რომელიც არ შედის მტკიცების საგანში, ხოლო პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი იმ მხარეს ეკისრება, რომლის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს იგი (ვისთვისაც არახელსაყრელი შედეგის მომტანია).

1.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. მოცემული ნორმის ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვენლობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვროს უფლების საკითხი.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე