Facebook Twitter

საქმე №ას-928-890-2014 2 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ლ. ფ-ე (შეგებებული სარჩელის ავტორი), ლ. კ-ე (მოპასუხე ძირითად სარჩელზე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ფ-ე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

თავდაპირველი მოპასუხე ძირითად სარჩელზე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – ძირითად სარჩელში _ ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების წილის გამოთხოვა, საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრაციის გაუქმება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება, შეგებებულ სარჩელში _ 1992 წლის 18 ნოემბერს დამოწმებული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

დ. ფ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. კ-ის, ლ. ფ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლ.ფ-ის სახელზე არსებული ჩანაწერის გაუქმება; ლ.კ-ესა და ლ.ფ-ეს შორის ამავე უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება; ანდერძისმიერი სამკვიდრო წილის გამოყოფა; მიყენებული ზიანის _ 3 000 ლარის ანაზღაურება.

2. მოპასუხეების პოზიცია:

ლ. ფ-ემ და ლ. კ-ემ სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა:

ლ. ფ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს დ. ფ-ის მიმართ 1992 წლის 18 ნოემბერს დამოწმებული ანდერძის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

4. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე:

დ. ფ-ემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით დ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.2. ამავე სასამართლოს 2014 წლის 7 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით ლ. ფ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ფ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

7. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და დ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნ-ში ლ. ფ-ის სახელზე საჯარო რეესტრში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია გაუქმდა, ასევე, გაუქმდა ლ. ფ-ესა და ლ. კ-ეს შორის 2012 წლის 30 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ხოლო დ. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

7.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

7.1.1. დ. ფ-ის პირველ სასარჩელო მოთხოვნას სამკვიდროდან წილის გამოთხოვა და საჯარო რეესტრში ლ. ფ-ის სახელზე ლანჩხუთის რაიონის, სოფელ ნ-ში უძრავ ქონების რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1992 წლის 18 ნოემბრის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის თანახმად, ე. ფ-ემ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი უნადერძა შვილიშვილ დ. ფ-ეს.

7.1.2. სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ლ. ფ-ემ მიიღო მ. ფ-ის სამკვიდრო, მათ შორის, ლანჩხუთში, სოფელი ნ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი.

7.1.3. უძრავი ნივთის ნასყიდობის 2012 წლის 30 აპრილის ხელშეკრულებით ლ. ფ-ემ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე ქონება მიყიდა ლ. კ-ეს.

7.1.4. 2012 წელს, როდესაც დ. ფ-ემ ანდერძით მიღებული ქონების რეესტრში რეგისტრაცია გადაწყვიტა აღმოჩნდა, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზსა და რეესტრის მონაცემებს შორის იყო ზედდება (დ. ფ-ე იჭრებოდა ლ. კ-ის საკუთრებაში).

7.1.5. ლანჩხუთის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დ. ფ-ის სახელზე არსებული ტექნიკური პასპორტი (1987 წლის თებერვალში მესაკუთრეს წარმოადგენდა ე. ფ-ე, შემდეგ მესაკუთრედ მითითებულია დ. ფ-ე, საფუძველი _ ანდეძისმიერი მემკვიდრეობა) გაცემული იყო 1992 წელს.

7.1.6. ტექნიკური პასპორტი მ. ფ-ის სახელზე მისი გარდაცვალების შემდეგ იყო გაცემული. მიწის მიღება-ჩაბარების აქტი მის სახელზე არ იარსებებდა, რადგან ე. ფ-ემ ანდერძით ქონება დ. ფ-ეს დაუტოვა.

7.1.7. ლ. ფ-ის სახელზე გაცემულ კანონისმიერ სამკვიდრო მოწმობაში და დ. ფ-ის სახელზე გაცემულ ანდერძისმიერ მოწმობაში მითითებული უძრავი ქონების პარამეტრები არ ემთხვევა ერთმანეთს, გარდა კანონისმიერ სამკვიდრო ქონებაში მითითებულისა, ლ. ფ-ეს გაცილებით მეტი მიწის ნაკვეთი ჰქონდა დარეგისტრირებული მის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ კანონისმიერ მოწმობასა და აზომვითი ნახაზის მონაცემებში იყო სხვაობა. ლ. ფ-ეს არასწორად ჰქონდა დარეგისტრირებული სხვისი ქონება, რის გამოც ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნ-ში ლ. ფ-ის სახელზე არსებული რეესტრის ჩანაწერი იყო უზუსტო, რაც მისი ბათილობის საფუძვლად მიიჩნია სასამართლომ.

7.1.8. დ. ფ-ე ასევე მოითხოვდა ლ. ფ-ესა და ლ. კ-ეს შორის 2012 წლის 30 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმებას. ამ მოთხოვნის თაობაზე პალატამ განმარტა შემდეგი: ვინაიდან ლ. ფ-ის სახელზე რეესტრში არსებული ჩანაწერი იყო უზუსტო, მას არ ქონდა ამ ქონების (სხვისი საკუთრების) გაყიდვის უფლება, შესაბამისად, სადავო ხელშეკრულება პალატამ ბათილად მიიჩნია.

7.1.9. პალატამ დადგენილად ცნო, ასევე, რომ ლ. კ-ე ლ. ფ-ის შვილიშვილი და დ. ფ-ის დისშვილია. სწორედ მასთან 2012 წლის 30 აპრილის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით ლ. ფ-ემ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე ქონება მიყიდა ლ. კ-ეს ისე, რომ ლ. ფ-ის მეუღლეს _ მ. ფ-ეს დედის _ ე. ფ-ის სამკვიდრო არ მიუღია არც ფაქტობრივი ფლობით და არც სანოტარო ორგანოსათვის კანონით დადგენილ ვადებში მიმართვის გზით, ამასთან, იგი არც ე. ფ-ის კომლის წევრი იყო. სასამართლოს შეფასებით, ლ. ფ-ეს დ. ფ-ის ქონებაზე საკუთრების მიღების უფლება არ ქონდა, რადგანაც დ. ფ-ემ ეს ქონება ანდერძით მიიღო, ხოლო ლ. ფ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა სწორედ ამ ქონებას ეხებოდა (რაც შემდეგ ნასყიდობის გზით გადაეცა ლ. კ-ეს). მ. ფ-ე ცხოვრობდა ზესტაფონში, რის გამოც სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის უფლება ზესტაფონის რაიონის ნოტარიუსს არ გააჩნდა. სასამართლოს დასკვნით, ამ გარემოებების შესახებ ცნობილი უნდა ყოფილიყო ლ. კ-ისთვისაც, რის გამოც იგი კეთილსინდისიერ მყიდველად ვერ ჩაითვლებოდა.

7.1.10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1344-ე, 1345-ე, 1356-ე მუხლებით და განმარტა, რომ ე. ფ-ის ანდერძი ძალაშია და იგი გაბათილებული არ არის. ანდერძის ბათილობასთან დაკავშირებით ლ. ფ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა და არსებობს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლების თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ ლ. კ-ემ იცოდა ქონებაზე არსებული დავის თაობაზე, რაც მის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევას გამორიცხავდა.

7.1.11. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლისა და 489-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ლ. ფ-ემ უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთი მიყიდა ლ. კ-ეს, ხოლო ამ უკანასკნელმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა სხვა პირის უფლების შესახებ, მიიღო ნივთი.

7.1.12. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ლ. ფ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა უნდა გაუქმებულიყო იმგვარად, რომ ამ სამკვიდრო მოწმობიდან, უნდა ამორიცხულიყო მოსარჩელის მიერ ანდერძით მიღებული (სკ-ის 1421.2 და 1306.2 მუხლები) ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნ-ში არსებული სახლი 56,7 კვ.მ სასარგებლო ფართი და 36,4 კვ.მ ორი ოთახი.

7.1.13. სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული გარემოებები არასწორად არ გაიზიარა სარეგისტრაციო სამსახურმა, ჩანაწერის განხორციელების დროს დაუშვა უზუსტობა, რის გამოც ეს ჩანაწერი უნდა გაბათილებულიყო.

7.1.14. დ. ფ-ის მოთხოვნა მატერიალური ზარალის ანაზღაურების თაობაზე (რაც გამოიხატა, იმაში, რომ მოპასუხეებმა გააჩანაგეს ხე-ტყე და ნარგავები, შემდეგ გაყიდეს და მიიღეს მატერიალური სარგებელი, დააზიანეს ღობე და სხვა) დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული. ამ თვალსაზრისით პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველ ნაწილებზე, 992-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ წარადგინა დელიქტური ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

8. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ფ-ემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ (სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში) გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება;

ამავე გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. კ-ემ, რომლითაც მოითხოვა მისი ნაწილობრივ (სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში) გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

8.1. ლ. ფ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

8.1.1. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტებებს და არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, ამასთან, გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და მტკიცებულებად ჩათვალა დოკუმენტი (ანდერძი), რომლის ნამდვილობაც კითხვის ნიშნებს ბადებს, რადგანაც ეს დოკუმენტი ნოტარიუსთა პალატაში არ ინახება.

8.1.2. კასატორმა მიუთითა დ. ფ-ის სააპელაციო საჩივარზე და აღნიშნა, რომ იგი დასაბუთებულ პრეტენზიებს არ ემყარებოდა, ხოლო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები და სადავო გარემოებები არასწორად მიიჩნია დადგენილად, სასამართლოს დასკვნა, რომ არსებობდა გადაფარვა, არ ნიშნავს სადავო ქონებაზე ლ.ფ-ის საკუთრების უფლების არარსებობას. აღნიშნული განმარტებით ირღვევა კასატორის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება.

8.1.3. სააპელაციო სასამართლო მსჯელობს დ. ფ-ის ანდერძისმიერ მემკვიდრეობაზე, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი დედანი ანდერძი, ასევე სამოქალაქო კოდექსის 1357-ე, 1358-ე, 1359-ე და 1365-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რაც ანდერძის ნამდვილობას დაადასტურებდა, ამასთანავე, ამ სადავო გარემოების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. საქმეში წარმოდგენილი ანდერძის ასლი, სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გარიგებად იქნას მიჩნეული, ეს გარემოება უარყოფილია სააპელაციო სასამართლოს მიერ, ამასთანავე, მას არ უხელმძღვანელია მემკვიდრეობითი სამართლის მარეგულირებელი ნორმებით.

8.1.4. სამოქალაქო კოდექსის 1323-ე და 1421-ე მუხლების თანახმად, კასატორმა აღნიშნა, რომ მ. ფ-ე ე. ფ-ის პირველი რიგის მემკვიდრე იყო, რომელმაც სამკვიდრო დადგენილი წესით მიიღო, ამ გარემოებას ადასტურებს საქმეში არსებული #... ცნობა-დახასიათება. ლ. ფ-ე კი, მ. ფ-ის პირველი რიგის მემკვიდრეა, რომელმაც ასევე დადგენილი წესით მიიღო მეუღლის სამკვიდრო. რაც შეეხება დ. ფ-ის სამკვიდროს, იგი სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის დარღვევითაა მიღებული, რადგანაც სამკვიდროს გახსნიდან 5 თვეშია გაცემული. ე. ფ-ემ 1987 წელს დაკარგა მხედველობა და ის მოწმეთა დასწრების გარეშე ანდერძს ვერ შეადგენდა, ამასთანავე, დოკუმენტში გადასწორებულია თარიღი _ 1991 წელი 1992 წლად, რაც დოკუმენტის სიყალბეზე მიუთითებს. გარდა აღნიშნულისა, მხარეს, თუ მართლა გააჩნდა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა, შეეძლო 22 წლის განმავლობაში მიემართა მარეგისტრირებელი ორგანოსათვის.

8.1.5. მ. ფ-ე გარდაიცვალა 1997 წლის 18 თებერვალს, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე 1992 წელს სამკვიდროს ვერ მიიღებდა, რადგანაც ამ დროისათვის მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრე ცოცხალი იყო. სამოქალაქო კოდექსის 1480-ე და 1481-ე მუხლებიდან გამომდინარე დ. ფ-ეს არ წარმოშობია საკუთრება ქონებაზე, ხოლო კასატორს გააჩნია დედანი დოკუმენტები. ამდენად, სასამართლოს მსჯელობა, რომ საჯარო რეესტრში ლ. ფ-ის სახელზე არსებული ჩანაწერი უნდა გაუქმდეს, დაუსაბუთებელია.

8.1.6. უსაფუძვლოა სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომლითაც გაუქმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგანაც ლ. კ-ე კეთილსინდისიერი შემძენია და არ არსებობდა გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.

8.1.7. რაც შეეხება კასატორებისათვის დაკისრებულ სახელმწიფო ბაჟს, გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია, რადგანაც ლ.ფ-ე სოციალურად დაუცველია და გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

8.1.8. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოწმედ ნოტარიუს მ. კ-იას დაკითხვის თაობაზე იმ მოტივით, რომ ნოტარიუსი მხარის მოთხოვნას, გამოცხადდეს სასამართლოში, თავს არიდებს.

8.2. ლ. კ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

8.2.1. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტებებს და არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, ამასთან, გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და მტკიცებულებად ჩათვალა დოკუმენტი (ანდერძი), რომლის ნამდვილობაც კითხვის ნიშნებს ბადებს, რადგანაც ეს დოკუმენტი ნოტარიუსთა პალატაში არ ინახება.

8.2.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები და სადავო გარემოებები არასწორად მიიჩნია დადგენილად, სასამართლოს დასკვნა, რომ არსებობდა გადაფარვა, არ ნიშნავს სადავო ქონებაზე ლ.ფ-ის საკუთრების უფლების არარსებობას. აღნიშნული განმარტებით ირღვევა კასატორის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება.

8.2.3. სასამართლო საუბრობს მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ანდერძის არსებობაზე, თუმცა ეს დოკუმენტი საქმეში დედნის სახით არაა წარმოდგენილი, შესაბამისად, გაურკვეველია რა ანდერძზეა საუბარი. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტის ასლის წაკითხვა და აღქმა შეუძლებელია.

8.2.4. იმ ფაქტს, რომ მ. ფ-ემ მიიღო სამკვიდრო, ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი #... ცნობა. ლ.ფ-ემ კი, როგორც მ.ფ-ის პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო მეუღლის სამკვიდრო. მოწინააღმდეგე მხარის სახელზე გაცემული სამემკვიდრეო მოწმობა კანონის დარღვევას ემყარება, რადგანაც სამკვიდროს გახსნიდან 5 თვეშია გაცემული, ამასთანავე, მამკვიდრებელმა ე.ფ-ემ დაკარგა მხედველობა და იგი დამოუკიდებლად ანდერძს ვერ შეადგენდა. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ, დ. ფ-ემ ვერ წარადგინა სამკვიდრო მოწმობის ნამდვილობის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.

8.2.5. საქმეში წარმოდგენილი 1992 წლის 15 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ მ. ფ-ემ მიიღო საკარმიდამო მიწა, მ.ფ-ე გარდაიცვალა 1997 წლის 18 თებერვალს, შესაბამისად, დ. ფ-ე სამკვიდროს 1992 წელს ვერ მიიღებდა. საქართველოს ეროვნული არქივის 2012 წლის 1 მაისის ცნობით 1992 წლის მდგომაროებით კომლის ერთადერთ და უფროს წევრად ირიცხებოდა ე. ფ-ე, მ.ფ-ის გარდაცვალების შემდეგ კომლში არავინ ყოფილა ჩაწერილი, რაც მოწმობს, რომ სახეზეა კანონისმიერი მემკვიდრეობა.

8.2.6. არასწორია სასამართლოს მსჯელობა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, რადგანაც ლ. ფ-ემ, რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. ფ-ესთან, დადგენილი წესით მიიღო სამკვიდრო, მას სრული უფლება ჰქონდა, განეკარგა ქონება საკუთარი ნებით, შესაბამისად, ლ. კ-ე წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს.

8.2.7. არასწორია ასევე სასამართლოს დასკვნა კასატორებისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, რადგანაც ლ.ფ-ე სოციალურად დაუცველია და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

8.2.8. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოწმედ ნოტარიუს მ. კ-იას დაკითხვის თაობაზე იმ მოტივით, რომ ნოტარიუსი მხარის მოთხოვნას, გამოცხადდეს სასამართლოში, თავს არიდებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ 1992 წლის 18 ნოემბრის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის თანახმად, ე. ფ-ემ სადავო უძრავი ქონება უანდერძა შვილიშვილ დ. ფ-ეს. 2012 წელს, როდესაც დ. ფ-ემ მემკვიდრეობით მიღებული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია გადაწყვიტა, აღმოჩნდა, რომ არსებობდა საკადასტრო ზედდება, დ. ფ-ე იჭრებოდა ლ. კ-ის საკუთრებაში. ტექინვენტარიზაციის ბიუროში დაცული ქონების ტექნიკური პასპორტის თანახმად, ქონება 1987 წლის მდგომარეობით ირიცხებოდა ე. ფ-ის, ხოლო 1992 წლიდან, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე _ დ. ფ-ის სახელზე. უდავოდაა დადგენილი, რომ მ. ფ-ის სახელზე ტექნიკური პასპორტი მისი გარდაცვალების შემდეგ გაიცა. ლ. ფ-ისა და დ. ფ-ის სახელზე გაცემულ კანონისმიერ სამკვიდრო მოწმობებში მითითებული უძრავი ქონების პარამეტრები არ ემთხვევა ერთმანეთს, ლ. ფ-ეს საკუთრებად დარეგისტრირებული ჰქონდა სხვისი მიწის ნაკვეთი და რეესტრში არსებული ჩანაწერი იყო უსწორო. ამ გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა როგორც რეგისტრირებული ჩანაწერის, ისე სხვისი ქონების განკარგვის ნაწილში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ანდა განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას ლ. ფ-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა დ. ფ-ის სახელზე გაცემული 1992 წლის 18 ნოემბრის ანდერძისმიერი სამემკვიდრეო მოწმობის ბათილად ცნობა, რაც ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. დამატებითი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში, გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა (სასარჩელო მოთხოვნის არარსებობის გამო) ე. ფ-ის მიერ შვილიშვილისათვის დატოვებული ანდერძი.

1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. წინამდებარე საქმეზე რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დამატებითი გადაწყვეტილებით პრეიუდიციულადაა დადგენილი 1992 წლის 18 ნოემბრის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის ძალაში ყოფნის ფაქტი, ამასთანავე, ვინაიდან ე. ფ-ის ანდერძის კანონიერების შემოწმება კასატორებს სარჩელით არ მოუთხოვიათ, სამკვიდროს მიღების კუთხით წარმოდგენილი პრეტენზიები ვერ იქნება შეფასებული საკასაციო პალატის მიერ.

1.7. როგორც აღინიშნა, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ რეესტრში ლ. ფ-ის სახელზე არსებული ჩანაწერი იყო უსწორო, რადგანაც ის მოიცავდა დ. ფ-ის საკუთრებასაც, შესაბამისად, ლ.ფ-ესა და ლ.კ-ეს შორის დადებული ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა სხვა პირის ქონება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ვინაიდან დადგინდა არაუფლებამოსილი პირის მიერ ქონების გასხვისების საკითხი, პალატამ სწორად მიიჩნია სადავო გარიგება ბათილად.

1.8. რაც შეეხება კეთილსინდისიერების საკითხს, ამ კუთხით კასატორებს დასაბუთებული შედავება არ შემოუთავაზებიათ სასამართლოსათვის, მიუთითებდნენ, რომ შემძენი იყო კეთილსინდისიერი. საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების საკითხი დგება მაშინ, როდესაც გარიგება ნაკლიანია, თუმცა გარიგების მონაწილე მხარე ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. სუბიექტური ფაქტორი (მხარის ნდობა რეესტრში რეგისტრირებული უსწორო ჩანაწერის მიმართ) მხედველობაშია მისაღები მხოლოდ მაშინ, თუ დადგინდა, რომ შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში, არ შეიძლებოდა ცოდნოდა უფლების ნაკლის თაობაზე. სააპელაციო პალატამ დაადგინა მხარეთა ნათესაური კავშირი და ის გარემოება, რომ ლ.კ-ისათვის ცნობილი იყო ქონებაზე მიმდინარე დავის შესახებ, რაც რეესტრის ჩანაწერის ნდობის ფიქციას არყევს, ასეთ შემთხვევაში, შემძენის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს კეთილსინდისიერების დადასტურება. ამ კუთხით ლ.კ-ეს სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

1.9. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას სახელმწიფო ბაჟის არასწორად დაკისრების თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი ითვალისწინებს მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების წესს. მიუხედავად იმისა, მხარე სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ გათავისუფლებულია თუ არა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მას მოგებული მხარის მიმართ მაინც დაეკისრება ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.

1.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შემოღებით კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლები და დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. საკასაციო სამართალწარმოების თავისებურების გათვალისწინებით, ამ ინსტანციის სასამართლოში ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს არ ჰქონდა საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას მათი წარდგენის ობიექტური შესაძლებლობა. მოწმის ჩვენება, როგორც ერთ-ერთი დასაშვები მტიკცებულებათაგანი, ვერ იქნება მიღებული საკასაციო პალატის მიერ, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, რაც შეეხება საკასაციო საჩივრებზე დართულ მტკიცებულებებს, პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მათ (მათი უმრავლესობა საქმეში ისედაცაა წარმოდგენილი) და მიიჩნევს, რომ არც მათი საქმისათვის დართვის წინაპირობების არსებობს.

1.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. ამ ნორმისა და ზემოაღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ლ.ფ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 62 (სამოცდაორი) ფურცლად (ს.ფ. 361-421; 425-427), ხოლო ლ. კ-ეს _ ასევე 62 (სამოცდაორი) ფურცლად (ს.ფ. 441-501; 504-505).

1.12. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.13. ამდენად, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვას ლ. ფ-ისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ფ-ისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორების შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. ლ.ფ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 62 (სამოცდაორი) ფურცლად (ს.ფ. 361-421; 425-427), ხოლო ლ. კ-ეს _ ასევე 62 (სამოცდაორი) ფურცლად (ს.ფ. 441-501; 504-505).

4. კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური