საქმე №ას-1054-994-2015 13 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ. ს--ე
მოწინააღმდეგე მხარე - რ. ს-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ს-ის მიმართ და მოითხოვა მოპაუხისათვის 16389 აშშ დოლარის დაკისრება.
გ. ს-ემ შეიტანა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა რ. ს--ისათვის ავტობუსის შესაძენად გადარიცხული 35255 ევროს (48000აშშ დოლარი), დავალების შესასრულებლად გადახდილი 7300 აშშ დოლარის, 8293 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის - 24000 აშშ დოლარისა და 2800 ლარის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ.- ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გ. ს-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რ. ს-ეს გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 19300 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გ. ს-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რ. ს-ეს გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 55300 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ს-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორისა და მისი წარმომადგენლისათვის ცნობილი იყო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი (ტ.II ს.ფ.81-87). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2015 წლის 4 აგვისტო, ხოლო 30-ე დღე – 2015 წლის 14 აგვისტო. გამომდინარე აქედან, მხარეს ან მის წარმომადგენელს შეეძლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაებარებინა 2015 წლის 4 აგვისტოდან, 2015 წლის 14 აგვისტომდე. თუმცა როგორც საქმიდან ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება გ. ს-ემ ჩაიბარა 30-დღიანი ვადის დარღვევით – 2015 წლის 27 აგვისტოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 15 აგვისტოს – სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 15 აგვისტოს და დასრულდა 2015 წლის 4 სექტემბერს.
საქმეში წარმოდგენილი, საკასაციო საჩივარზე დართული საფოსტო კონვერტით დასტურდება, რომ ის ფოსტას ჩაბარდა 2015 წლის 14 სექტემბერს, ამასთან საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე 2015 წლის 14 სექტემბერია მითითებული, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო კოდექსით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევას. აღნიშნული კი მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 2591, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ს-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე