Facebook Twitter

საქმე №ას-1064-1004-2015 13 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. და გ. მ-ების მიმართ და მოითხოვა მოპაუხეებისათვის სოლიდარულად 3450 აშშ დოლარის ეკვივალენტი 5796 ლარის დაკისრება, ასევე მოითხოვა მ. მ-ისათვის 1000 ევროს დაკისრება.

გ. მ-მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ – 3450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 5796 ლარის მოთხოვნის ნაწილში.

მ. მ-მა სარჩელი არ ცნო.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. მ-ს ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის 20 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხა 3450 აშშ დოლარის ეკვივალენტი 5796 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარეების გამოუცხადებლობის გამო. შეიცვალა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. მ-ისა და გ. მ-ს ნ.ბ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3450 აშშ დოლარის ეკვივალენტი 5796 ლარის გადახდა. მ. მ-ს დაეკისრა 1000 ევროს გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განჩინებით მ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასმართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელი ლ. ჩ-ი (იხ.მინდობილობა ტ.II, ს.ფ.55) ესწრებოდა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (ტ.II ს.ფ.69). სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2015 წლის 2 ივნისი, ხოლო 30-ე დღე – 2015 წლის 12 ივნისი. გამომდინარე აქედან, მხარეს ან მის წარმომადგენელს შეეძლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაებარებინა 2015 წლის 2 ივნისიდან, 2015 წლის 12 ივნისამდე. თუმცა როგორც საქმიდან ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განჩინება მ. მ-ის წარმომადგენელმა ლ. ჩ-მა ჩაიბარა 30-დღიანი ვადის დარღვევით – 2015 წლის 17 ივლისს. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 13 ივნისს – სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 13 ივნისს და დასრულდა 2015 წლის 3 ივლისს.

საქმეში წარმოდგენილი, საკასაციო საჩივრით დასტურდება, რომ ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა 2015 წლის 6 აგვისტოს, ამასთან საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე 2015 წლის 6 აგვისტოა მითითებული, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო კოდექსით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევას. აღნიშნული კი მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 2591, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე