Facebook Twitter
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-89-87(კ-06) 2 მაისი, 2006წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების არაკანონიერად აღიარება, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 21 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ჯ. ვ-ემ მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004წ. 4 ნოემბრის ¹448 ბრძანების არაკანონიერად აღიარება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელე პროკურატურის სისტემაში მუშაობდა 1992 წლიდან. 1994წ. 20 იანვარს იგი დაინიშნა საგარეჯოს რაიონის პროკურორის თანაშემწედ. საქართველოს გენერალური პროკურორის 2004წ. 2 აგვისტოს ¹168-პ ბრძანების საფუძველზე, «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროკურატურის ორგანოების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მოსარჩელე გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და დროებით დაეკისრა საგარეჯოს რაიონული პროკურორის თანაშემწის მოვალების შესრულება. საქართველოს გენერალური პროკურორის 2004წ. 4 ნოემბრის ¹448 ბრძანებით, «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ ჩაბარდა 2005წ. 24 აგვისტოს. მოსარჩელის მოსაზრებით, სამუშაოდან მისი გათავისუფლებისას დაირღვა «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, კადრების განკარგულების ვადის გასვლის შემდეგ, თუ არსებობდა პროკურატურიდან დათხოვნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კადრების განკარგულებაში მყოფი პროკურატურის მუშაკისათვის უნდა შეეთავაზებინათ მისი კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და უნდა დაენიშნათ პროკურატურის სისტემაში. მოცემულ შემთხვევაში კახეთის სამხარეო პროკურატურაში კადრები არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა კიდეც. მოსარჩელის მოსაზრებით, მისი გათავისუფლებისას ასევე დარღვეული იყო შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან ადმინისტრაციამ არ გამოარკვია, გააჩნდა თუ არა მას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ის გარემოება, რომ გენერალურ პროკურატურაში შტატები შემცირდა, დასტურდებოდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორ ნ. მ-ის მოხსენებითი ბარათით, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004წ. 26 აგვისტოს ¹306 ბრძანების შესაბამისად, სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში განისაზღვრა 16 საშტატო ერთეული.
საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ვ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 23 დეკემბრის განჩინებით ჯ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ, «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, გამოცემულ იქნა ბრძანება ჯ. ვ-ის სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე. სადავო არ იყო ის გარემოება, რომ საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი რაიონული პროკურატურების (მათ შორის საგარეჯოს რაიონული პროკურატურის) რეორგანიზაციის შედეგად მოხდა საშტატო რიცხოვნობის შემცირება. «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულების ვადის გასვლის შემდეგ, თუ არსებობდა პროკურატურიდან დათხოვნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კადრების განკარგულებაში მყოფი პროკურატურის მუშაკისთვის უნდა შეეთავაზებინათ მისი კვალიფიკაციის შესაფერისი თანამდებობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და უნდა დაენიშნათ პროკურატურის სისტემაში. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და მიიჩნია, რომ მისი გათავისუფლებისას ამ მუხლის მოთხოვნა არ დარღვეულა, ვინაიდან დასახელებული ნორმა მავალდებულებელ ხასიათს იძენდა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობდა პროკურატურიდან დათხოვნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. მითითებული საფუძვლით არ არსებობდა აპელანტის სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების წინაპირობა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ვ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, საქართველოს გენერალური პროკურორის 2004წ. 2 აგვისტოს ¹168-პ ბრძანების საფუძველზე, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონების პროკურატურებში თანამდებობებიდან გაათავისუფლეს და კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს 21 თანამშრომელი. გენერალური პროკურორის 2004წ. 20 აგვისტოს ¹1 ბრძანების თანახმად, სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში გაერთიანდა დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს რაიონული პროკურატურები. გენერალური პროკურორის 2004წ. 26 აგვისტოს ¹306 ბრძანების შესაბამისად, რეორგანიზებულ სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში განისაზღვრა 16 საშტატო ერთეული, კერძოდ: პროკურორის 1 საშტატო ერთეული, პროკურორის მოადგილის 2 საშტატო ერთეული, პროკურორის თანაშემწის 6 საშტატო ერთეული, გამომძიებლის 4 საშტატო ერთეული, კანცელარიის უფროსის 1 საშტატო ერთეული, სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული და მძღოლის 1 საშტატო ერთეული. შტატების შემცირების მოტივით სამივე რაიონის პროკურატურიდან გაათავისუფლეს კანცელარიის გამგეები, ამავე საფუძვლით სამუშაოდან გათავისუფლდა 2 მძღოლი, ე.ი. 21 საშტატო ერთეულიდან შემცირდა 5 და დარჩა 16 საშტატო ერთეული. გარდა ამისა, საპენსიო ასაკის გამო სამუშაოდან გათავისუფლდნენ სიღნაღის რაიონის პროკურორის მოადგილე და 2 პროკურორის თანაშემწე, ხოლო საგარეჯოს რაიონის გამომძიებელი გადაიყვანეს ქვემო ქართლის პროკურატურაში და ამდენად, 16 საშტატო ერთეული კიდევ შემცირდა 12 საშტატო ერთეულით. ამის შემდეგ რეორგანიზებულ პროკურატურაში დაინიშნა 3 ახალი თანამშრომელი (კანცელარიის გამგე, სპეციალისტი და მძღოლი), რის გამოც დამტკიცდა 15 საშტატო ერთეული, ანუ ერთი საშტატო ერთეული (პროკურორის) დარჩა ვაკანტური. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში შტატების შემცირება არ მომხდარა, რის გამოც მისი სამუშაოდან დათხოვნა უსაფუძვლო იყო. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია აღნიშნული გარემოებები, არ შეაფასა მისი არგუმენტები და არ დაასაბუთა მის მოთხოვნაზე უარის მოტივი. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ იგი სამსახურიდან გაათავისუფლა შესაბამისი სამსახურის შეთავაზების გარეშე, «პროკურატურის შესახებ» კანონის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევით.
მოწინააღმდეგე მხარემ _ გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებული იყო საპროცესო ნორმების სრული დაცვით და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი. მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებდა, რომ ჯ. ვ-ე «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-97-ე, 108-ე მუხლების შესაბამისად, გაფრთხილებული იყო საქართველოს პროკურატურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შტატების შემცირების გამო თანამდებობიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ. ვინაიდან «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის შესაბამისად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა 2004წ. 4 ნოემბერს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, კერძოდ, «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ე» ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოსცა ბრძანება შტატების შემცირებისა და კადრების განკარგულებაში ყოფნის სამთვიანი ვადის გასვლის გამო ჯ. ვ-ის პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ. მოსარჩელე, რომელიც მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ქვედანაყოფში, შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-4 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, პროკურორებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ იყო დადგენილი. სპეციალური კანონით, კერძოდ, «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, შემცირება წარმოადგენდა პროკურატურის მუშაკის პროკურატურიდან დათხოვნის წინაპირობას. ამასთან, ხსენებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულების ვადის გასვლის შემდეგ კადრების განკარგულებაში მყოფი მუშაკისათვის მისი კვალიფიკაციის შესაფერისი თანამდებობის შეთავაზება უნდა მომხდარიყო მხოლოდ და მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში. კასატორ ჯ. ვეშაპიძესთან მიმართებაში სახეზე იყო ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა _ შტატების შემცირება, ხოლო ამავე 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი იყო, რომ კადრების განკარგულებაში მყოფი პროკურატურის მუშაკი შტატების შემცირების მოტივით შეიძლებოდა დათხოვნილიყო პროკურატურიდან.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ვ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 23 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და იურიდიული დაუსაბუთებულობის თაობაზე. აღნიშნული განჩინება გამოტანილია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე, კანონის არასწორი განმარტების გზით, ამ თვალსაზრისით კასატორის მიერ წამოყენებულია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯ. ვ-ე პროკურატურიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს გენერალური პროკურორის 2004წ. 4 ნოემბრის ¹448 ბრძანებით, «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
«პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტი ითვალისწინებს პროკურატურის მუშაკის დათხოვნის შესაძლებლობას შტატების შემცირების შემთხვევაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ პროკურატურის მუშაკის კადრების განკარგულებაში ყოფნისა და დაკისრებული მოვალეობის შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. იმავდროულად, მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულების ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ არსებობს პროკურატურიდან დათხოვნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კადრების განკარგულებაში მყოფ პროკურატურის მუშაკს უნდა შესთავაზონ მისი კვალიფიკაციის შესაფერისი თანამდებობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და უნდა დაინიშნოს პროკურატურის სისტემაში. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის არაიმპერატიული შინაარსისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის განმარტება და გამოყენება დაუშვებელია იმგვარად, რომ პროკურატურის მუშაკი შტატების შემცირების შემთხვევაში, მათ შორის, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, უპირობოდ, ავტომატურად უნდა დაექვემდებაროს სამუშაოდან გათავისუფლებას. აღნიშნული ნორმის ამგვარი გამოყენება და განმარტება პროკურატურის მუშაკის შრომითი უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის წარმოშობილ სამართლებრივ, მათ შორის, საჯარო-შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში, უფლებათა რეალიზაციის პროცესში, სახელმწიფოსა და მოქალაქეს ერთმანეთის მიმართ აქვთ როგორც უფლებები, ისე‚ მოვალეობები. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული მართლწესრიგის ერთ-ერთი ძირითადი ნიშან-თვისება ისაა, რომ პიროვნება პასუხისმგებელია სახელმწიფოს წინაშე და თავის მხრივ, სახელმწიფოც პასუხისმგებელია პიროვნების წინაშე მისი უფლებების დაცვისათვის, რაც მოიცავს საჯარო-შრომითსამართლებრივ სფეროსაც.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «პროკურატურის შესახებ» კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი გამორიცხავს კადრების განკარგულების ვადის გასვლის შემდეგ ადმინისტრაციის მიერ მუშაკის სამუშაოდან უპირობოდ გათავისუფლებას. ამასთან, ამგვარი გათავისუფლების შესაძლებლობა გამოირიცხება შტატების შემცირების შემთხვევაშიც. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც პროკურატურის მუშაკზე ვრცელდება ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ადგენს, რომ დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. თავის მხრივ, აღნიშნული 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი გამორიცხავს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე (2005წ. 23 დეკემბრის კანონით ცვლილებების შეტანამდე მოქმედი რედაქცია).
შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, რომელიც პროკურატურის მუშაკზე ასევე ვრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის გათვალისწინებით, შტატების შემცირების შემთხვევაში დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს დარჩენილ საშტატო თანამდებობებზე დასატოვებელ პირთა წრე, ანუ უნდა გამოარკვიოს უპირატესი დარჩენის საკითხი აღნიშნულ 36-ე მუხლში განსაზღვრული პირობების შესაბამისად. თუკი არ არსებობს იმავე საშტატო ერთეულზე მოხელის დასაქმების შესაძლებლობა, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლის, შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების მოთხოვნიდან გამომდინარე (ისევე როგორც მანამდე მოქმედი «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე), შტატების შემცირების შემთხვევაში მოხელის დათხოვნა მაინც დაუშვებელია, თუკი არ გამოირიცხება იმავე დაწესებულებაში მისი შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა და მოხელე თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. ადმინისტრაცია ვალდებულია, შესთავაზოს მოხელეს შესაბამისი თანამდებობა, რომლის შესაძლებლობაც დაწესებულებაშია, უპირატესი დარჩენის საკითხის გათვალისწინებით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირობების დაცვის შემდეგ გამოვლინდება, რომ დაწესებულებაში არ არსებობს შესაბამისი ვაკანსია ან მოხელეს არა აქვს შეთავაზებული თანამდებობის დაკავების სურვილი, შესაძლებელია მისი გათავისუფლება. დაწესებულების რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების შემთხვევაში ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი უნდა მომზადდეს და გამოიცეს ადმინისტრაციის მიერ ზემოაღნიშნული აუცილებელი პროცედურის დაცვის გზით, რომლის უგულებელყოფა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის არსებით დარღვევას წარმოადგენს და ამდენად, გამოცემული აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც პროკურატურის სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაცია და შტატების შემცირება მიიჩნია პროკურატურის მუშაკის სამუშაოდან ავტომატური გათავისუფლების საფუძვლად, არასწორად განმარტა «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლი, არ გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონისა და შრომის კანონთა კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა შტატების შემცირება, რამდენი საშტატო ერთეული შეიქმნა დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს რაიონული პროკურატურების გაერთიანების შედეგად, აღნიშნულ საშტატო ერთეულთა შორის იყო თუ არა ვაკანტური ერთეულები და არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე პროკურატურის მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლება დაუშვებელია, თუკი ადმინისტრაციას აქვს ვაკანტურ თანამდებობაზე აღნიშნული მუშაკის დანიშვნის შესაძლებლობა. ამასთან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, შტატების შემცირების შემთხვევაში, შემცირებულ საშტატო ერთეულებზე დასატოვებელ პირთა წრე უნდა განისაზღვროს დაწესებულებაში მომუშავე მოხელეთა ფარგლებში. გასათვალისწინებელია ასევე, რომ «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი კადრების განკარგულებაში მყოფი მუშაკისათვის «მისი კვალიფიკაციის შესაფერისი» თანამდებობის შეთავაზებას მოითხოვს პროკურატურის სისტემის ფარგლებში და არა მარტო იმ სტრუქტურული ერთეულის საშტატო ერთეულების გათვალისწინებით, სადაც მანამდე მუშაობდა მუშაკი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული არამარტო კანონის სწორი გამოყენების, არამედ ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამორკვევის საფუძველზეც, რაც გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას, საქმეზე თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, თუ რაში გამოიხატა კონკრეტულ შემთხვევაში შტატების შემცირება, უნდა გამოარკვიოს, ახლად შექმნილი საშტატო ერთეულებიდან ხომ არ იყო რომელიმე ვაკანტური და არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა როგორც რეორგანიზებულ სიღნაღის პროკურატურაში, ისე მთლიანად პროკურატურის სისტემაში, განხორციელდა თუ არა ასეთი შეთავაზება. თუკი სააპელაციო სასამართლო დაადგენს, რომ შესაბამისი ვაკანსია არ არსებობდა, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, ახლად შექმნილ საშტატო ერთეულებზე მუშაკების შერჩევისას ადმინისტრაციის მიერ გამორკვეულ იქნა თუ არა უპირატესი დარჩენის საკითხი მოსარჩელესთან მიმართებაში და გასაჩივრებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია თუ არა ზემოაღნიშნული პროცედურის დაცვის საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. ვ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 23 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.