საქმე №ას-1023-965-2015 8 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ. გ.-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინება
დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 18 ივნისს ნ. გ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ქ. გ.-ის მიმართ და მოითხავა ქ.თბილისში, თ.-ის მე-.. მ/რ-ის მე-.. კვარტლის ..-ე კორპუსში მდებარე №.. ბინის ¾-ის მესაკუთრედ ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. გ.-ის სარჩელი სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. გ.-ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, თ.-ის მე-.. მ/რ-ის მე-.. კვარტლის ..-ე კორპუსში მდებარე №.. ბინის ¾-ის მესაკუთრედ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. გ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით ქ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. გ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით ქ. გ.-ის სააკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
2015 წლის 30 მარტს ქ. გ.-ის წარმომადგენელმა ბ. ბ.-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინებით ქ. გ.-ის წარმომადგენელ ბ. ბ.-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. გ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. გ.-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გასაჩივრებისათვის აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მოცემული ნორმა იმპერეტიული ხასიათისაა და მისი დანაწესი კერძო საჩივრის განმხილველ სასამართლოს უდგენს კონკრეტულ ფარგლებს როდესაც იგი უფლებამსილია შეამოწმოს ქვემდგომი სასამართლოს მიერ დავაზე მიღებული განჩინების კანონიერება. მოცემული ნორმის თანახმად, კერძო საჩივარი დაიშვება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული განჩინების მიმართ და ამ წესის დაუცველად შეტანილი კერძო საჩივარი განუხილველად დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე, ხოლო აღნიშნული განჩინების გასაჩივრებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამასთან უნდა აღნიშნოს, რომ გასაჩივრებული განჩინების დადგენილებითი ნაწილით მხარეებს განემარტათ, რომ მოცემული განჩინება არ საჩივრდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. გ.-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. გ.-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი