Facebook Twitter

საქმე №ას-1041-981-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „თ.-“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ „ს.-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მიღება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „თ.--მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სსიპ „ს.-ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამქეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „თ.--ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე სსიპ „ს.-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 62860,88 ლარის გადახდა. სსიპ „ს.-ს“ სს „თ.--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად დავალიანების ძირითადი თანხის – 62860,88 ლარის 5%-ის გადახდა (წლიური 6%) 2011 წლის 19 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სსიპ „ს.-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სახით – 25144,35 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სს „თ.--ისა“ და სსიპ „ს.-ის“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „თ.--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სსიპ „ს.-ს“სს „თ.--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 253061,78 ლარის გადახდა. ასევე, სსიპ „ს.-ს“ სს „თ.--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 253 061.78 ლარის წლიური 9%-ის გადახდა 2011 წლის 19 სექტემბრიდან – გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სს „თ.--ის“ სასარჩელო მოთხოვნა სსიპ „ს.-ისათვის“ 27 860 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „თ.--მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2092 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სს „თ.--ის“ წარმომადგენელ გ.ა.ს ჩაბარდა 2015 წლის 16 ოქტომბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „თ.--ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელ გ.ა.ს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2015 წლის 16 ოქტომბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ263). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 17 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 23 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „თ.--ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი