Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე # 330210014492771 22 სექტემბერი, 2015 წელი,

№ას-710-676-2015 თბილისი

№ას-710-676-2015 გ-ი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე-რ გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ-მ პ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 მაისის განჩინება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის საოქმო განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე-რ გ-ი (შემდეგში: გამჩუქებელი, მოსარჩელე, ან კასატორი) ქ.თბილისში, გ-რ კ-ა ქუჩა #22, ფართით 21.79 კვ.მ, მდებარე ბინის [ს/კ01.11.05.-.-.-.-, შემდეგში: „გაჩუქებული ნივთი“] მესაკუთრე იყო.

2. მასთან ერთად აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა, მისი შვილიშვილი, მ-მ პ-ი (შემდეგში: დასაჩუქრებული, მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე).

3. 2012 წლის 29 ოქტომბერს მოსარჩელემ ფიზიკური პირისაგან ისესხა 4 000 აშშ დოლარი და სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა მის სახელზე რიცხული ზემოაღნიშნული ბინა [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ-ის, 623-ე და 289.1-ე მუხლები].

4. 2012 წლის 2 ნოემბერს მოსარჩელემ ბინა აჩუქა მოპასუხეს [სსკ -ის 524-ე მუხლი].

5. ჩუქების ხელშეკრულება დაიდო წერილობით, რომლის შინაარსი დაამოწმა ნოტარიუსმა. მოპასუხის უფლება ნაჩუქარ ნივთზე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში [სსკ-ის 525-ე მუხლის მეორე, 311-ე მუხლის პირველი ნაწილები და 183-ე მუხლი].

6. 2014 წლის 13 იანვარს მოპასუხე გათხოვდა და საცხოვრებლად გადავიდა მეუღლესთან ქ. ხაშურში.

7. მოსარჩელეს შერყეული აქვს ჯანმრთელობა და საჭიროებს მკურნალობასა და მზრუნველობას. 2014 წლის მაისში მან სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ. მისი მოთხოვნა 2012 წლის 2 ნოემბრის ჩუქების გაუქმებისა და ნივთზე საკუთრების უფლების დაბრუნების თაობაზე დამყარებული იყო შემდეგ ფაქტებზე:

7.1.მოპასუხე არ ზრუნავს მასზე, გათხოვების შემდეგ გამოხატავს ზიზღს, თავს არიდებს მასთან შეხვედრას, რითაც იჩენს უმადურობას და მძიმე შეურაცხყოფას აყენებს მას [სსკ-ის 529-ე მუხლის პირველი ნაწილი].

7.2. ერთადერთი ბინის გაჩუქების გამო ის ჩავარდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში; მოპასუხე აპირებს ბინის გასხვისებას და, თუ ეს მოხდა, იგი შეიძლება ქუჩაშიც აღმოჩნდეს [სსკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილი].

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის გამოვლენა და უმადურობის ფაქტი. სასამართლოს დასკვნით, არც სსკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგი ვერ მიიღებოდა, რადგანაც არ იყო განხორციელებული ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი სამართლებრივი წინაპირობები.

9. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები, სახელდობრ:

10.1. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სარჩელში მითითებული გარემოებები, იმის თაობაზე რომ მოწინააღმდეგე მხარემ გამოიჩინა მის მიმართ დიდი უმადურობა ან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მას.

10.2. მან ვერ დაასაბუთა ის გარემოებაც, რომ, ერთადერთი საცხოვრისის გაჩუქების გამო, ჩავარდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

11. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 მაისის განჩინება, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მიღების თაობაზე [სამოქალაქო საპროცესი კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 380-ე მუხლი], მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და, 408-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, დასკვნა გამოიტანოს საჩივრის საფუძვლიანობის თაობაზე. სახელდობრ:

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

13.1.კასატორი 2012 წლის 2 ნოემბრამდე გაჩუქებული ნივთის მესაკუთრე იყო, მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა.

13.2. ამჟამად გაჩუქებული ნივთის მესაკუთრეა მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ქ. ხაშურში.

13.3. ნაჩუქარი ნივთი უფლებრივი ნაკლის მქონეა. ის კრედიტორის სასარგებლოდაა დატვირთული იპოთეკით.

13.4. კასატორს, რომელიც 69 წლისაა, შერყეული აქვს ჯანმრთელობა და საჭიროებს შესაბამის მკურნალობასა და მზრუნველობას.

14. გამჩუქებელი სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად სსკ-ის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი წანამძღვრების განხორციელებას მიიჩნევდა („ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ“). იგი მიუთითებდა, რომ დასაჩუქრებული აღარ ზრუნავდა მასზე, გათხოვების შემდეგ გამოხატავდა ზიზღს, თავს არიდებდა მასთან შეხვედრას, რითაც იჩენდა დიდ უმადურობას და მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა მას. მართალია, დასაჩუქრებული, ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მით უფრო მაშინ, როცა მათ შორის ახლო ნათესაური კავშირია, მაგრამ ამგვარი ვალდებულება, სულაც არ გულისხმობს დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერ შეზღუდვას მხოლოდ გამჩუქებლის სუბიექტური დამოკიდებულებისა და მისი ნება-სურვილის გათვალისწინებით.

15. საკასაციო პალატა იზიარებს ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და განმარტავს, რომ, როგორც წესი, ქონების უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) დროს, დასაჩუქრებულის ქონება გაზრდა ხდება მისი მხრიდან საპასუხო შესრულების გარეშე. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მოპასუხე სათანადო მზრუნველობას არ იჩენს და ყურადღებას არ აქცევს მოსარჩელეს, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ დიდი უმადურობა გამოიჩინა ან ამით აყენებს მას მძიმე შეურაცხყოფას. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა „...მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.“ (იხ. სუსგ 2015 წლის 24 თებერვალი, საქმე №ას-1235-1176-2014). ამასთან, კასატორის მიერ მითითებული გარემოებების შეფასების დროს უთუოდ გასათვალისწინებელია ობიექტურად შექმნილი ვითარება, მოპასუხის მიერ ოჯახის შექმნა და საცხოვრებლად ქ. თბილისიდან საკმაო მანძილით დაშორებულ ქალაქში ( ქ. ხაშურში) გადასვლა.

16. რაც შეეხება სარჩელის მეორე საფუძველს, ერთადერთი საცხოვრისის გასხვისების გამო კასატორის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდნას, სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოსეულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში იკვეთებოდა სსკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელი წინაპირობები, კერძოდ, დადგენილია, რომ გაჩუქებული ქონება წარმოადგენდა გამჩუქებლის ერთადერთ საცხოვრისს. ეს უკანასკნელი ხანდაზმულია, საჭიროებს მოვლას და სხვა აუცილებელ დახმარებას. დასაჩუქრებულს ობიექტურად არა აქვს შესაძლებლობა, მატერიალური და სხვა სახის დახმარება გაუწიოს ბებიას. ქონების გასხვისებით კასატორი უდავოდ ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში, მას მოესპო იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი შეხედულებით განკარგოს ქონება, მაგალითად, გააქირაოს [სსკ-ის 531-ე მუხლი] და მიიღოს სარგებელი ან მთელი სიცოცხლის მანძილზე მისთვის მისაღებ პირს (მარჩენალს) სარჩოს გადახდის პირობით, გადასცეს უძრავ ნივთზე საკუთრება [სსკ-ის 941- 942-ე მუხლი] და ა.შ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ: „სადავო ბინის გაჩუქებით მოსარჩელისათვის არაფერი შეცვლილა მატერიალური მდგომარეობის გაუარესების კუთხით“, იმის გამო, რომ ის დღესაც ინარჩუნებს გაჩუქებული ბინის მფლობელობას, სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

17. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან ამ შემთხვევაში არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, საკასაციო პალატა უფლებამოსილია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები და არ არსებობს კასატორის მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება - გამჩუქებლისათვის ნივთზე საკუთრების უფლების დაბრუნებით დასაჩუქრებულის მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება - სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 2012 წლის 2 ნოემბერს მხარეთა შორის დადებული ბინის ჩუქების ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა („პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში“) და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის („უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე, სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით“) საფუძველზე გაჩუქებული ქონება ისევ გამჩუქებლის საკუთრებად უნდა იქნეს აღრიცხული.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. ე-რ გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გაუქმდეს ე-რ გ-სა და მ-მ პ-ს შორის 2012 წლის 2 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (ნოტარიუსი ე-ე შ-ა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 121-) უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი #01.11.05.-.-.-.-) და ქ. თბილისში, გ-რ კ-ა ქ. #22-ში მდებარე ბინა (საკადასტრო კოდი #01.11.05.-.-.-.-) აღირიცხოს ე-რ გ-ის საკუთრებად;

4. ე-რ გ-ი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი