Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №210210012072744

საქმე №ას-762-721-2015 29 სექტემბერი, 2015 წელი

№ას-762-721-2015m-i თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - მ-ა მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ-რ ა-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება ნივთის ნატურით გაყოფით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ. წნორში, თ-ის ქ. N7-ში (ყოფილი ს-ის ქუჩა #3-ში) მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N56.04.-.-, შემდეგში- (უძრავი ნივთი) მესაკუთრეები არიან: მ-ა მ-ი (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) და ზ-რ ა-ი (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), კერძოდ, შენობა-ნაგებობის 204 კვ.მ პირველი სართული და 64 კვ.მ სარდაფი საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე, ხოლო შენობა-ნაგებობის 140 კვ.მ სარდაფი აღრიცხულია მოპასუხის სახელზე [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში, სსკ-ის, 173-ე მუხლის პირველი ნაწილი, 311-ე მუხლი].

2. თბილისის საპელაციო სასამართლოს 08.12.2008 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეიცვალა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 21.02.2008 წლის გადაწყვეტილების პირველი პუნქტი, რომლითაც მთლიანად გაუქმდა მოსარჩელესა და სს „ი-ას“ (შემდეგში: გამყიდველი) შორის 2000 წლის 11 ივლისს პ.1-ში აღნიშნული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა მოსარჩელესა და გამყიდველს) შორის 2000 წლის 11 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება დამხმარე ფართის (სარდაფის) 140 კვ.მ-ის ნასყიდობის ნაწილში. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.12.08 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების შესახებ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტი განიმარტა იმგვარად, რომ გაუქმდა მოსარჩელესა და გამყიდველს შორის შორის 2000 წლის 11 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონების ნაწილის, დამხმარე ფართის (სარდაფის) 140 კვ.მ-ის ნაწილში, ხოლო დამხმარე ფართის (სარდაფის) დანარჩენ (ანუ, 204-140=64 კვ.მ-ის) ნაწილში ნასყიდობის ხელშეკრულება დარჩა ძალაში.

3. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით, სარდაფის ფართის 140 კვ.მ-ად და 64 კვ.მ-ად გამიჯვნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის მიხედვით დგინდება, რომ დავალებაში მითითებული მეტრების დაჯამებით მიღებული ფართის ოდენობა 204 კვ.მ არ შეესაბამება რეალურად არსებულ ფართს 188.49 კვ.მ-ს. შესაბამისად, არსებული ფართის 140 კვ.მ-ად და 64 კვ.მ-ად გამიჯვნა შეუძლებელია.

4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა ქ.წნორში, მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებული შენობის 204 კვ.მ სარდაფიდან მოსარჩელის კუთვნილი 64 კვ.მ ფართის რეალურად გამოყოფა და მხარეთა კუთვნილ ფართებს შორის საერთო ხარჯით სასაზღვრო კედლის აღმართვა.

5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სარდაფის რეალური ფართი არ შეესაბამება საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებულ მონაცემებს; საქმეზე დაკითხული ექსპერტების განმარტებით, სადავო უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება და მხარეებისათვის რეალური წილის გამოყოფა შესაძლებელია საჯარო რეესტრში დაფიქსირებული მათი კუთვნილი წილების პროპორციულად შემცირებით რეალურად არსებულ ფართთან შესაბამისად, რაზეც მხარეები აცხადებენ უარს. შესაბამისად, სადავო საზიარო საგანი წარმოადგენს შენობა-ნაგებობას (კომერციულ ფართს), რომლის თვისობრივი და კონსტრუქციული მდგომარეობიდან გამომდინარე საზიარო უფლების გაუქმება შეუძლებელია ნატურით გაყოფის გზით, წილების ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, მისი გამიჯვნა, დაფიქსირებული წილების შესაბამისად, შეუძლებელია. გადაწყვეტილება დასაბუთებულია სსკ-ის 312-ე, 954-ე, 961-ე, 963-ე მუხლებით.

6. რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელემ აპელაციის წესით გაასაჩივრა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

8. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

8.1. სასამართლო არ დაეყრდნო საჯარო რეეტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას [სსკ-ის 312-ე მუხლი],

8.2. სასამართლომ არ გაიზიარა მის მიერ წარდგენილი სპეციალისტის დასკვნა, რომლის შესაბამისადაც, ფართის რეალურად გაყოფა შესაძლებელია.

8.3. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა ადგილზე დათვალიერების შესახებ [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში, სსსკ-ის 120-ე და მომდევნო ნორმები].

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ-ა მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

15. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, განსახილველად დაუშვას საკასაციო საჩივარი.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ-ა მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ-ა მ-ს (40-) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება #7528958, გადახდის თარიღი 22.07.15 სს ლიბერთი ბანკი), 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი