ბს-899-485(კ-05) 28 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბ. კობერიძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. შ-მ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ და სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე გათავისუფლებამდე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის მთაწმინდა-კრწანისის ზონალური საგადასახადო ინსპექციის ადმინისტრირების განყოფილებაში მთავარი საგადასახადო ...ის თანამდებობაზე.
“ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიებისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ” ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 აგვისტოს ¹550 ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებში განხორციელდა რეორგანიზაცია, ხოლო “ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” ფინანსთა მინისტრის 2004წ. 10 სექტემბრის ¹586 ბრძანების შესაბამისად, დამტკიცდა სტრუქტურა და საშტატო განრიგი.
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹3669-პ ბრძანებით ა. შ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო.
მოსარჩელის განმარტებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო იყო, რადგანაც საგადასახადო ორგანოებში განხორციელებული რეორგანიზაცია და დაქვემდებარების შეცვლა, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, არ წარმოადგენდა მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველს. ის განყოფილება და თანამდებობა, სადაც მოსარჩელე გათავისუფლებამდე მუშაობდა, შენარჩუნდა რეორგანიზაციის შემდგომაც ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სტრუქტურაში. ფინანსთა მინისტრის 2004წ. 10 სექტემბრის ¹586 ბრძანებით დამტკიცებული ახალი საშტატო განრიგით ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში ადმინისტრირების სამმართველო განისაზღვრა 154 საშტატო ერთეულით. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ არასწორი იყო მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძვლად შტატების შემცირებაზე მითითება, მაშინ, როდესაც აღნიშნულ სამმართველოში საშტატო თანამდებობებზე დაინიშნენ როგორც ახალი, ისე სხვა საგადასახადო ინსპექციიდან გადაყვანილი ყოფილი თანამშრომლები, აგრეთვე, ატესტაციაგაუვლელი პირები.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ არ გამოიყენა შკკ-ის 36-ე მუხლის მოთხოვნები სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ. აგრეთვე, მისი სამუშაოდან გათავისუფლებისას მოპასუხემ დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 96-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. შ-მ მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹3669-პ ბრძანების ბათილად ცნობა;' ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში მთავარი საგადასახადო ...ის ტოლფას თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასისა და დანამატის ანაზღაურება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; არაკანონიერად იქნა აღიარებული ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹3669-პ ბრძანება ა. შ-ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და გაუქმდა მისი შედეგი; მოსარჩელე ა. შ-ა აღდგენილ იქნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში მთავარი საგადასახადო ...ის ტოლფას თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი და დანამატი; არ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოვნა დაუყოვნებლივ აღდგენის ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით ა. შ-მაც გაასაჩივრა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება დაუყოვნებლივ აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ა. შ-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹3669-პ ბრძანების არაკანონიერად აღიარების, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში მთავარი საგადასახადო ...ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასისა და დანამატების ანაზღაურების ნაწილში; ა. შ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილება ა. შ-ს სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ მიექცა აღსასრულებლად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის განჩინება ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორის განმარტებით, ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 აგვისტოს ¹550 ბრძანებით საგადასახადო სისტემაში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. ამავე ბრძანებით ფუნქციონირება შეწყვიტეს ადრე მოქმედმა საგადასახადო სტრუქტურებმა და შეიქმნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია. ქ. თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი ხუთი საგადასახადო ინსპექციის ბაზაზე შეიქმნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო ტერიტორიული განყოფილებებითა და 154 საშტატო ერთეულით, ე.ი. მოხდა შტატების მნიშვნელოვანი შემცირება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ იგნორირება გაუკეთა იმ ფაქტს, რომ რეორგანიზაცია მოხდა შტატების შემცირების გზით, რასაც ითვალისწინებდა მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანება.
კასატორის განმარტებით, როდესაც ხდება შტატების შემცირება, არ არსებობს ვაკანტური თანამდებობა, რომელიც შეიძლება შეეთავაზოს იმ მოხელეს, რომლის შტატიც გაუქმდა. გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების დროს მოხელის გათავისუფლებისას გამოყენებული უნდა იქნეს 97-ე მუხლის პირველი და არა მეორე ნაწილი.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა შკკ-ის 36-ე მუხლი, ვინაიდან მოსარჩელე იყო საჯარო მოხელე და მასზე ვრცელდებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნები, სადაც კონკრეტულად გათვალისწინებულია გათავისუფლების წესი და პირობები.
კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება ასევე უსაფუძვლოა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასისა და დანამატების ანაზღაურების ნაწილშიც, ვინაიდან დანამატები საჯარო მოხელეებს ეძლეოდათ საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და რეფორმების ფონდიდან. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კი საჯარო მოხელის ხელფასის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი, ამიტომ დანამატები ვერ მოექცევა ბიუჯეტიდან დასაფინანსებელ თანხებში და მისი ანაზღაურება შეუძლებელია.
კასატორი მიუთითებს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.5-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება აღდგენას, რაც გულისხმობს მის მიერ ადრე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენას. “ტოლფასი” თანამდებობის ცნებას კი არც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი და არც შრომის კანონთა კოდექსი არ ითვალისწინებს. სასამართლოს არ უმსჯელია იმ სადავო შტატზე, რომელზეც პრეტენზია გააჩნია მოსარჩელეს. მით უმეტეს, რომ მისი შტატი რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ა. შ-ს წარმომადგენელმა მ. კ-ემ საკასაციო სასამართლოში შეიტანა განცხადება, რომლითაც შეამცირა დავის საგანი, კერძოდ, უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და რეფორმების ფონდიდან დანამატის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ “ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიებისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ” ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 აგვისტოს ¹550 ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებში განხორციელდა რეორგანიზაცია, ხოლო “ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექტორების სტრუქტურის და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” ფინანსთა მინისტრის 2004წ. 10 სექტემბრის ¹586 ბრძანების შესაბამისად, დამტკიცდა სტრუქტურა და საშტატო განრიგი. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹3669-პ ბრძანებით საგადასახადო დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის მთაწმინდა-კრწანისის ზონალური საგადასახადო ინსპექციის ადმინისტრირების მთავარი საგადასახადო ...ი ა. შ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მოტივით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილია და კასატორიც ადასტურებს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებისას ა. შ-სთვის საგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის განმარტებას. კასატორის განმარტებით, როდესაც შტატები მცირდება, არ არსებობს ვაკანტური თანამდებობა, რომელიც უნდა შეეთავაზოს იმ მოხელეს, რომლის შტატიც გაუქმდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამკრძალავ ნორმას წარმოადგენს იმ მიმართებით, რომ მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ანუ იგულისხმება დაწესებულების ხელმძღვანელობის ვალდებულება მოხელისთვის სხვა თანამდებობის აუცილებელი შეთავაზების შესახებ. აღნიშნული ამკრძალავი ნორმა გამოიყენება დაწესებულებაში შტატების შემცირების დროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. შ-ს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2004წ. 1 ოქტომბრის ¹3669-პ ბრძანების გამოცემისას ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ იგნორირება გაუკეთა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნას. კასატორის განმარტებით, აღნიშნული ნორმის თანახმად, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების დროს მოხელის გათავისუფლებისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი და არა მეორე პუნქტი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-3 პუნქტი არ მიუთითებს, რომ რეორგანიზაციის და შტატების შემცირების დროს მოხელის გათავისუფლებისას არ უნდა იქნეს გამოყენებული ამავე მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნული მუხლი ერთობლიობაში მოიცავს სამივე პუნქტს და მე-3 პუნქტი არ გამორიცხავს მე-2 პუნქტს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის განჩინება ა. შ-ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹3669-პ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან არსებობს ზემოაღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი _ იგი ეწინააღმდეგება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005წ. 27 ივლისის ¹1704-პ ბრძანებით ა. შ-ა აღდგენილ იქნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ისანი-სამგორისა და მთაწმინდა-კრწანისის განყოფილების მთავარი ...ის თანამდებობაზე, საკასაციო სასამართლო აღარ იმსჯელებს იმის თაობაზე, შეიძლებოდა თუ არა მოსარჩელის აღდგენა ტოლფას თანამდებობაზე, რადგან ბრძანება სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე კანონშეუსაბამოა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივად სწორად არის დასაბუთებული მოსარჩელისთვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების საკითხი, რადგანაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლისა და შკკ-ის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონოდ გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია, მოითხოვოს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი, რომელიც იგი უნდა აუნაზღაურდეს დათხოვნის დღიდან.
რაც შეეხება მოსარჩელისთვის დანამატის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურის ხელფასი მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისთვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ამდენად, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასში, რომელიც უნდა აუნაზღაურდეს ა. შ-ს, შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დანამატი, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და რეფორმების ფონდიდან მისაღები დანამატის გარდა, ვინაიდან ამ მოთხოვნაზე კასატორმა უარი განაცხადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და რეფორმების ფონდიდან ა. შ-სათვის ასანაზღაურებელი დანამატის ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, რადგან ამ ნაწილში მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის განჩინება და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისთვის ა. შ-ს სასარგებლოდ საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და რეფორმების ფონდიდან დანამატის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება კასატორის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის განჩინება ა. შ-ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹3669-პ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.