Facebook Twitter

საქმე №330210114467530

საქმე №ას-825-776-2015 4 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ მ.-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ნ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. მ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ნ.-ის მიმართ და მოითხოვა ნოტარიუს ს. მ.-ის 2012 წლის 23 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის შემდეგი სახით განსაზღვრა: ძირითადი თანხა – 12 600 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 306 აშშ დოლარი.

2. 2011 წლის 18 აპრილს მ. ნ.-ესა და მ. მ.-ს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ. ნ.-ემ მ. მ.-ს ასესხა 35 000 აშშ დოლარი, სესხისათვის სარგებელი განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 4%-ით.

3. სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სესხის ან/და მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაერიცხება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.3% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც გაგრძელდება მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დავის შემთხვევაში – საერთო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ან სხვა ფორმით იპოთეკის საგნის რეალიზაციამდე, ან იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადასვლამდე.

4. მოსარჩელის განმარტებით, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებელ მ. მ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, ქ.-ში, ნ.-ის ფერდობის პირველი მიკრორაიონის ..-ე კორპუსის №.. ბინა საკადასტრო კოდით №.... იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ამჟამად ივანე გუგუშვილის საკუთრებაშია.

5. ზემოაღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2012 წლის 23 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე მ. მ.-ის მიმართ, რომლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირი თანხით – 35 000 აშშ დოლარითა და პირგასამტეხლოთი – 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2011 წლის 19 ივნისიდან, რაც გაგრძელდება მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე. დადგინდა იპოთეკით დატვირთული ივანე გუგუშვილის კუთვნილი ქონების რეალიზაცია.

6. 2013 წლის 16 იანვრის წერილით მოვალე მ. მ.-სა და ივანე გუგუშვილს მიეცათ წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

7. კრედიტორ მ. ნ.-ის განცხადების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემცირდა და შეადგინა 53 000 აშშ დოლარი.

8. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით არასწორად განისაზღვრა ძირითადი ვალდებულების მოცულობა 35 000 აშშ დოლარით, რადგან ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ 2011 წლის 18 ივნისიდან 2012 წლის 23 ოქტომბრამდე სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე პერიოდში მოსარჩელე მოპასუხეს ყოველთვიურად უხდიდა 1400 აშშ დოლარს, რამაც ჯამში შეადგინა 22 400 აშშ დოლარი. პროცენტი გათვალისწინებული იყო მხოლოდ ხელშეკრულების ვადაში, ხელშეკრულების ვადის გაგრძელება მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელი იყო წერილობით. შესაბამისად, აღნიშნული თანხა მოსარჩელეს უნდა ჩაეთვალოს ძირითადი თანხის ანგარიშში გადახდილად და ძირითად ვალდებულების სახით გადასახდელი თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს 12 600 აშშ დოლარით.

9. მხარის მითითებით, კრედიტორის მიერ შემცირებული პირგასამტეხლოა 18 000 აშშ დოლარი, რაც დღეში გადაუხდელი ძირი თანხის – 35 000 აშშ დოლარის 0.09%-ს შეადგენს.

10. აღნიშნული პროცენტის ოდენობა მოსარჩელემ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წლიურ პროცენტთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალ პროცენტად ჩათვალა და გონივრულად მიიჩნია ყოველდღიური 0.027%. ყოველდღიური პირგასამტეხლო გადაცილებულ 3 თვეზე (12600 აშშ დოლარი X 0.027%=3.4აშშ დოლარი) შეადგენს 306 აშშ დოლარს.

11. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2013 წლის 16 იანვრისათვის, სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის დროისათვის, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის დავალიანება შეადგენდა ძირ თანხას – 35 000 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს – გადაუხდელი ძირი თანხის 0.3% გადაცილებულ 570 დღეზე, სულ – 59 850 აშშ დოლარს. მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მითითებას 22 400 აშშ დოლარის გადახდის შესახებ.

12. საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ჩაება ივანე გუგუშვილი.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. მ.–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუს ს. მ-.ის მიერ 2012 წლის 23 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №..) მითითებული კრედიტორის განცხადებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის მოვალე მ. მ.-ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით მ. მ.-ის ვალდებულება კრედიტორ მ. ნ.-ის წინაშე განისაზღვრა 0.05%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2011 წლის 19 ივნისიდან მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

14. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მ. მ.-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 18 აპრილს მ. ნ.-ესა და მ. მ.–ს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ნ.-ემ მ. მ.–ს ასესხა 35 000 აშშ დოლარი, სესხისათვის სარგებელი განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 4 პროცენტით.

17. სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სესხის ან/და მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაერიცხება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.3% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც გაგრძელდება მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე ან დავის შემთხვევაში, საერთო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ან სხვა ფორმით იპოთეკის საგნის რეალიზაციამდე, ან იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადასვლამდე“.

18. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებელ მ. მ.–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

19. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2012 წლის 23 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე მ. მ.-ის მიმართ, რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირი თანხით – 35 000 აშშ დოლარით და პირგასამტეხლოთი – 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2011 წლის 19 ივნისიდან, რაც გაგრძელდება მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე. დადგინდა იპოთეკით დატვირთული ივანე გუგუშვილის კუთვნილი ქონების რეალიზაცია.

20. მოვალეებს მიეცათ წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. კრედიტორ მ. ნ.-ის განცხადების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემცირდა და შეადგინა 53 000 აშშ დოლარი.

21. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მ. მ.-ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებულ გარემოებას, რომ 2011 წლის 18 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მის მიერ მ. ნ.-ისათვის ძირითადი თანხიდან გადახდილ იქნა 22 400 აშშ დოლარი.

22. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

23. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

24. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ვალდებულია მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა მან შესძლოს ვალდებულების შესრულებისა და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.

25. ამდენად, სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს, შესაბამისი მტკიცებულება კი სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მსესხებლების მიერ სესხად აღებული ძირითადი თანხა ან მისი ნაწილი დაბრუნებული არ ყოფილა.

26. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, 623-ე, 624-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო სასმართლომ დაადგინა, რომ მ. მ.–ს მ. ნ.-ისათვის ნასესხები ძირი თანხა – 35 000 აშშ დოლარი არ დაუბრუნებია.

27. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის, 418-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 420-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, მართალია, ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობისას კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობითა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვინაიდან პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით უნდა განხორციელდეს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა ეკონომიკური მდგომარეობა, მათი მოლოდინი ხელშეკრულების შესრულების მიმართ, შესრულების ვადის გადაცილების პერიოდი და ა.შ.

28. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.3% იყო შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც იგი შეამცირა 0,05%-მდე. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაამყარა იმ გარემოებებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა თვეში შეადგენს 9%-ს, ხოლო წელიწადში 109.5%-ს. დადგენილი იყო, რომ სარგებლის სახით მხარეებმა ყოველთვიურად გადასახდელი სარგებელი 4%-ით განსაზღვრეს. პირგასამტეხლოს პროცენტი კი აღემატებოდა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიურად გადასახდელი სარგებლის ოდენობას. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა პირგასამტეხლოს ოდენობის – 0,3%-ის 0,05%-მდე შემცირების შესახებ და მიიჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების საფუძველი აღარ არსებობს.

29. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. მ.-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

30. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული 35 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2 თვით – 2011 წლის 18 ივნისს ყოველთვიურად 4% სარგებლის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულების მე-5 პუნქტში აღინიშნა, რომ მხარეები უფლებამოსილი არიან, ურთიერთშეთანხმებით გააგრძელონ სესხის დაბრუნების ვადა მხოლოდ ასეთივე წერილობითი შეთანხმებით, რაც არ გაფორმებულა. ამდენად, სესხის დაბრუნების ვადა ფაქტობრივად ამოიწურა 2011 წლის 18 ივნისს. ამ პერიოდის შემდეგ მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა აკლდებოდა ძირითად სესხს 35000 აშშ დოლარს. შესაბამისად, გაუგებარია, რის საფუძველზე შეადგინა იპოთეკარ მ. ნ.-ის სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნამ 53000 აშშ დოლარი. რეალურად სესხის ძირითად თანხაა 12600 აშშ დოლარი, ვინაიდან 22400 აშშ დოლარი მხარემ 16 თვის განმავლობაში 1400 აშშ დოლარის გადახდის გზით დაფარა. აღნიშნული მსჯელობა არ იქნა გაზიარებული მტკიცებულებათა წარუდგენლობის მოტივით, რადგან მ. ნ.-ეს არ გაუცია რაიმე ხელწერილი, რაც დასტურდება საქმეში არსებული დისკებით.

31. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რომელიც არასწორად განმარტა. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-6 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის ან სარგებლის გადაუხდელობის ან დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაერიცხება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,3% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ვადაგადაცილება გაგრძელდება 14 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს. გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებელს მოსთხოვოს სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაუყოვნებლივ დაბრუნება. აღნიშნული მოპასუხემ განახორციელა 19 თვის შემდეგ, რითაც ფაქტობრივად აღიარა, რომ მოსარჩელე ამ დროის განმავლობაში იხდიდა ძირითად თანხას და მხოლოდ რამდენიმე კვირის გადაუხდელობის შემდეგ მოითხოვა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც დათვლილი იყო პირგასამტეხლო.

32. კასატორმა მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 0,027%-მდე.

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინებით მ. მ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

34. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. მ.–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

35. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 18 აპრილს მ. ნ.-ესა და მ. მ.-ს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ნ.-ემ მ. მ.-ს ასესხა 35 000 აშშ დოლარი, სესხისათვის სარგებელი განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 4 პროცენტით.

36. სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სესხის ან/და მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაერიცხება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.3% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც გაგრძელდება მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე ან დავის შემთხვევაში, საერთო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ან სხვა ფორმით იპოთეკის საგნის რეალიზაციამდე, ან იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადასვლამდე“.

37. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებელ მ. მ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

38. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2012 წლის 23 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე მ. მ.-ის მიმართ, რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირი თანხით – 35 000 აშშ დოლარით და პირგასამტეხლოთი – 0.3%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2011 წლის 19 ივნისიდან, რაც გაგრძელდება მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე. დადგინდა იპოთეკით დატვირთული ივანე გუგუშვილის კუთვნილი ქონების რეალიზაცია.

39. მოვალეებს მიეცათ წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. კრედიტორ მ. ნ.-ის განცხადების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემცირდა და შეადგინა 53 000 აშშ დოლარი.

40. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მსესხებლების მიერ სესხად აღებული ძირითადი თანხა ან მისი ნაწილი არ დაბრუნებულა.

41. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა პირგასამტეხლოს ოდენობის – 0,3%-ის 0,05%-მდე შემცირების შესახებ და მიიჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების საფუძველი აღარ არსებობს.

42. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მ. მ.-ი სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მოითხოვს მის შემცირებას 0.027%-მდე. ასევე, იგი მიიჩნევს, რომ სესხის ძირითადი თანხის ნაწილი დაფარულია, თუმცა თანხის ნაწილის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება კრედიტორს არ გაუცია.

43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილი გარკვეულ რეგულაციებს ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

44. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

45. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

46. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან სააპელაციო პალატის მსჯელობა როგორც პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის, ასევე სასესხო ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შედგენილი მტკიცებულების წარდგენის შესახებ სრულიად შეესაბამება მოცემული ტიპის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას.

47. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს – ხელშეკრულების დადება; ვალდებულების შესრულების ვადა, ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს – ვალდებულების შესრულების ფაქტი; გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

48. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

49. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა, თუმცა, რიგ შემთხვევებში, მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თავად მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

50. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე.

51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ 15.09.2014, №ას-517-490-2014).

52. რაც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირების საკითხს, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

53. საკასაციო პალატის განმარტებით, სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან მიმართებაში.

54. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ 16.05.2014 №ას-1200-1145-2013).

55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური