საქმე №330210114460336
საქმე №ას-831-782-2015 21 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. დ.-ა, ს. ე.-ი, თ. ზ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ზ.-ი“, დ. ჯ.-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. დ.-ამ, ს. ე.-მა და თ. ზ.-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ზ.-ისა“ და დ. ჯ.-ის მიმართ 2013 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულების 3.1, 3.2, 3.3, 3.3.1, 3.3.2, 3.3.3, 3.3.4 3.5. 3.6 პუნქტების ბათილად ცნობის, შპს „ზ.-ისათვის“ გ. დ.-ას სასარგებლოდ 65000 აშშ დოლარის დაკისრების, 2013 წლის 27 სექტემბრის შეთანხმების 2.1 პუნქტისა და 2013 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ბათილად ცნობის, ქ.თ.-ში, შ.–ისა და კ.-ის ქუჩების მიმდებარე (№4) №… საკადასტრო კოდის მქონე 3493 კვ.მ-ზე თ. ზ.-ის საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ.
2. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 2012 წლის 28 სექტემბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, გ. დ.-ამ ისესხა შპს „ზ.-ისაგან“ 110000 აშშ დოლარი 18% წლიური სარგებლით. სანაცვლოდ სესხის უზრუნველსაყოფად მეორე რიგის იპოთეკით დაიტვირთა ს. ე.-ისა და თ. ზ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.
3. 2013 წლის 27 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება ვალდებულების შესრულების, საკუთრების უფლების გადაცემისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმებით ვალის ოდენობა განისაზღვრა 125000 აშშ დოლარით.
4. შეთანხმების თანახმად, თუ მსესხებელი გადაიხდიდა 110000 აშშ დოლარს 2013 წლის 31 ოქტომბრამდე, ყველა ვალდებულება შესრულებულად ითვლებოდა და თ. ზ.-ის საკუთრებას იპოთეკები მოეხსნებოდა.
5. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 2013 წლის 28 სექტემბერს შპს „ზ.-ს“ გ. დ.-ას სესხის დასაფარად გადაუხადეს 50000 აშშ დოლარი, ხოლო 2013 წლის 31 ოქტომბერს – 60000 აშშ დოლარი.
6. მოსარჩელეთა მითითებით, ვალდებულება სრულად შესრულდა და მასთან დაკავშირებული იპოთეკები უნდა გაუქმებულიყო.
7. 2013 წლის 31 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხის ვალი შეადგენს 65000 აშშ დოლარს, ხოლო ს. ე.-ის საკუთრება დარჩა იპოთეკით დატვირთული.
8. 2013 წლის 27 სექტემბრის შეთანხმებით, ვალი მხოლოდ 125000 აშშ დოლარი იყო. ამასთან, თუ 110 000 აშშ დოლარი დაიფარებოდა, ყველა ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლებოდა. მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ თანხა სრულად გადახდილია და ვალდებულება შესრულებულად უნდა ჩაითვალოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების ის მუხლები, რომელიც ადგენს გაურკვეველ ვალს – 65000 აშშ დოლარს კანონსაწინააღმდეგო და ბათილია. მოსარჩელემ თანხა გადაიხადა, რითიც შპს „ზ.-ი“ უსაფუძვლოდ გამდიდრდა, შესაბამისად, მიღებული თანხა მან უნდა დააბრუნოს.
9. 2013 წლის 27 სექტემბერს და 2013 წლის 31 ოქტომბერს თ. ზ.-ემ მიწის ნაკვეთი 110 000 აშშ დოლარად მიჰყიდა დ. ჯ.-ეს. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფასია 840 000 აშშ დოლარი, ანუ იგი მიღებულ თანხას თითქმის 8-ჯერ აღემატება. შესაბამისად, გარიგების დადებისას მოსარჩელეები მოატყუეს, რის გამოც გარიგება ბათილია და მათ მიწის ნაკვეთი უკან უნდა დაუბრუნდეთ.
10. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სადავო ხელშეკრულებები ხელმოწერილია მოსარჩელეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, ამასთან, სარჩელში მითითებული საფუძვლები ვერ ასაბუთებენ ხელშეკრულებების ბათილობის საფუძვლის არსებობას.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, შემდეგი დასაბუთებით:
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 11 მაისს, 16:30 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო 2015 წლის 6 ივლისს, 15:00 საათზე, რის შესახებ თ. ზ.-ისა და ს. ე.-ის წარმომადგენელ ა. კ.-ეს ეცნობა სასამართლო სხდომაზე. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ხელწერილზე ხელის მოწერით, რომელიც დაერთო 2015 წლის 11 მაისის სასამართლო სხდომის ოქმს. ა.კ.-ის უფლებამოსილება დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი რწმუნებულებით (ტომი 1, ს.ფ. 56, 286). რაც შეეხება აპელანტ გ. დ.-ას, 2015 წლის 6 ივლისს, 15:00 საათისათვის სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ ეცნობა სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით, რაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი 2015 წლის 29 მაისის სატელეფონო შეტყობინების აქტით.
14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილებით და მიიჩნია, რომ აპელანტებს საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობათ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. დ.-ამ, ს. ე.-მა და თ. ზ.-ემ შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
16. კერძო საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ მოცემული საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში რამდენჯერმე გადაიდო აპელანტ გ. დ.-ას ავადმყოფობის, ერთ შემთხვევაში – ფილტვების ანთების, ხოლო შემდეგ მაღალი არტერიული წნევის გამო. გ. დ.-ა 79 წლისაა და ხშირად ავადმყოფობს. არტერიული წნევასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მას უქვეითდება სმენა და მახსოვრობა. აპელანტმა 2015 წლის 29 მაისს მისთვის სატელეფონო შეტყობინებით სადავო სხდომის დროის შეტყობინების ფაქტი ვერ გაიხსენა, რის გამოც ჩათვალა, რომ გამოკვლეულ უნდა იქნეს, ნამდვილად განხორციელდა თუ არა სატელეფონო შეტყობინება. მას იურიდული ინტერესი გააჩნია დავის მიმართ. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის განხილვის განახლების შემთხვევაში გ.დ.-ამ გამოთქვა მზაობა, წარმომადგენლის მეშვეობით დაიცვას თავისი ინტერესები სასამართლოში.
17. კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ აპელანტებს საქმის განხილვის დრო ეგონათ 8 და არა 6 აგვისტო და აპირებდნენ კიდეც გამოცხადებას სასამართლოში.
18. მხარის განმარტებით, გასაჩივრებული საოქმო განჩინების შესაბამისად, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს არ უშუამდგომლია სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, არამედ მოითხოვეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. მოწინააღმდეგე მხარე სხდომაზე წარმოდგენილი იყო ადვოკატების სახით, შესაბამისად, მათთვის ცნობილი იქნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი შედეგების თაობაზე, რაც უკავშირდება ამავე კოდექსის 276-278-ე მუხლებით დადგენილ დანაწესებს.
19. კერძო საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეეძლო, გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილი და აღნიშნული ნორმა აპელანტებისათვის განემარტა 278-ე მუხლთან მიმართებით. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო, აპელანტები ვეღარ ისარგებლებენ ზემოაღნიშნული კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით, რადგან იარსებებს კანონიერ ძალაში შესული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, იდავონ სასამართლოში ორი ინსტანციით მაინც.
20. აპელანტთა გამოუცხადებლობა სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა მათ მიერ დავისადმი ინტერესის დაკარგვად, რაც არ შეესაბამება რეალობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. დ.-ას, ს. ე.-ისა და თ. ზ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
23. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
25. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი. კანონმდებლის ასეთი დამოუკიდებულება მხარის გამოუცხადებლობის მიმართ განპირობებულია, ერთი მხრივ, ვარაუდით, რომ აპელანტმა დაკარგა ინტერესი არსებული დავის მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას არასაპატიოდ, არაკეთილსინდისიერად გამოუცხადებელი მხარის მიმართ.
26. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 11 მაისს გ. დ.-ას, ს. ე.-ისა და თ. ზ.-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა გადაიდო 2015 წლის 6 ივლისს, 15:00 საათზე. სასამართლო სხდომას ესწრებოდა აპელანტების – ს. ე.-ისა და თ. ზ.-ის წარმომადგენელი ა. კ.-ე, რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულებებით (ტომი 1, ს.ფ. 56, 286). ა.კ.-ეს საქმის განხილვის გადადების თაობაზე ჩამოერთვა ხელწერილი, რომელიც დაერთო სხდომის ოქმს (ტომი 2, ს.ფ. 90), ხოლო აპელანტ გ. დ.-ას საქმის განხილვის შესახებ ეცნობა სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით (ტომი 2, ს.ფ. 94).
27. აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სასამართლოს არ აცნობეს.
28. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ შპს „ზ.-სა“ და დ. ჯ.-ეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება არ მოუთხოვიათ, არამედ იშუამდგომლეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის საოქმო განჩინება წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც 372-ე და 387-ე მუხლებთან ერთობლიობაში აწესრიგებს აპელანტის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის შედეგებს.
30. სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორთა მითითება, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მათ უკანონოდ მოესპოთ ორი ინსტანციის სასამართლო წესით საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა.
31. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება გამოწვეულ იქნა აპელანტი მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ, როგორც თავად კერძო საჩივარში ფიქსირდება, სააპელაციო სასამართლომ მოცემული სააპელაციო საჩივრის განხილვა აპელანტების მიზეზით არაერთხელ გადადო. ამდენად, აპელანტების საშუალება ჰქონდათ, სრულყოფილად მომზადებულიყვნენ სასამართლო პროცესისათვის.
32. როგორც უკვე აღინიშნა, საქმის განხილვის თაობაზე აპელანტებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, ს. ე.-სა და თ. ზ.-ეს – მათი წარმომადგენელი ა. კ.--ის მეშვეობით, ხოლო გ. დ.-ას – სასამართლო მოხელის მიერ სატელეფონო შეტყობინებით. აპელანტებს განემარტათ სასამართლოში მათი გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგებიც.
33. კერძო საჩივრის ავტორებს სათანადო მტკიცებულების წარდგენის ან რაიმე კონკრეტულ გარემოებაზე მითითების გზით არ დაუდასტურებიათ ზემოაღნიშნულ სატელეფონო შეტყობინებაში ეჭვის შეტანის საფუძვლის არსებობა მაშინ, როდესაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხოლოდ მხარის მითითება, რომ გ. დ.-ას გააჩნია მეხსიერების პრობლემა და იგი ვერ იხსენებს სასამართლო მოხელისაგან შეტყობინების მიღების ფაქტს, ვერ ქმნის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტში ეჭვის შეტანის წინაპირობას.
34. ასევე, გაურკვეველია კერძო საჩივრის ავტორთა მითითება, რომ მათ საქმის განხილვის დროდ „რატომღაც ეგონათ 8 აგვისტო და არა 6 აგვისტო“. აპელანტებისათვის საქმის განხილვის დროის – 2015 წლის 6 ივლისის შესახებ ცნობილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების სრული დაცვით, შესაბამისად, სასამართლო პროცესის შესახებ ცოდნისადმი მხარეთა სუბიექტური დამოკიდებულება მათი გამოუცხადებლობის ობიექტურ მიზეზად ვერ ჩაითვლება.
35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა სარწმუნოდ არ დაუსაბუთებიათ, რის გამოც სააპელაციო პალატის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. დ.-ას, ს. ე.-ისა და თ. ზ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე