საქმე №010210014579141
საქმე №ას-880-830-2015 21 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ჩ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. გ.-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. ჩ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. გ.-ის მიმართ და მოითხოვა 23 000 აშშ დოლარის დაბრუნება.
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2009 წლის მარტში მოპასუხეს გადასცა 24500 აშშ დოლარი ხ.-ის რაიონის სოფელ ს.-ში მყოფი ა. ი.-ისათვის გადასაცემად. ვ. გ.-ემ თანხის ადრესატისათვის ჩაბარების ვალდებულება არ შეასრულა და მხოლოდ 2000 აშშ დოლარი დაუბრუნა მ. ჩ.-ეს.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ჩ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, საქმე მომზადდა და სააპელაციო პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინებით 2015 წლის 29 მაისს დაინიშნა მთავარი სხდომა, თუმცა, აპელანტის წარმომადგენელ კ. ჯ.-ას განცხადების გამო, საქმის განხილვა გადაიდო 2015 წლის 26 ივნისს, 11:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე მხარეები გაფრთხილებულ იქნენ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, კ. ჯ.-ას სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა 2015 წლის 2 ივნისს, ტელეფონოგრამის გადაცემის გზით.
7. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მთავარ სხდომაზე აპელანტი მხარე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი სააპელაციო სასამართლოს არ აცნობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის, 387-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 229-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, არამედ – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა დადასტურებული არ არის. შესაბამისად, იგი უნდა დარჩეს განუხილველად. სააპელაციო საჩივარზე კ. ჯ.-ამ სახელმწიფო ბაჟის სახით 2015 წლის 1 აპრილს სს „ვ. ბანკი ჯ.-ს“ მეშვეობით გადაიხადა 2080.95 ლარი. სააპელაციო საჩივრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განუხილველად დატოვების პირობებში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა აპელანტს არ აუნაზღაურდება.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ჩ.-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
11. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის 2015 წლის 26 ივნისის სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა – . ჯ.-ამ ვერ შესძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება საპატიო მიზეზის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. 2015 წლის 24 ივნისს კ. ჯ.-ამ მიმართა ბათუმის პოლიკლინიკას, სადაც მას დაუსვეს კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზი და 27 ივნისის ჩათვლით უტარდებოდა ამბულატორიული მკურნალობა. მას არ შეეძლო გადაადგილება. აღნიშნულის გამო, მხარემ ვერ შეატყობინა თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობის არსებობის მოტივით.
12. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჩ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. განსახილველი კერძო საჩივრით მ. ჩ.-ე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას.
15. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით მ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო 2015 წლის 28 აპრილის განჩინებით 2015 წლის 29 მაისს დაინიშნა მთავარი სხდომა.
16. აპელანტის წარმომადგენელმა კ. ჯ.-ამ (რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი რწმუნებულებით ტომი 1, ს.ფ. 14) მოითხოვა სასამართლო პროცესის გადადება, რადგან დანიშნულ დროს მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის განხილვაში. აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა გადაიდო 2015 წლის 26 ივნისს, 11:00 საათზე, რის თაობაზე მხარეები გაფრთხილებულ იქნენ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, კ. ჯ.-ას სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა 2015 წლის 2 ივნისს, ტელეფონოგრამის გადაცემის გზით (ტომი 2, ს.ფ. 60).
17. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მთავარ სხდომაზე აპელანტი მხარე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი სააპელაციო სასამართლოს არ აცნობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
20. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა საქმის განხილვის შესახებ, იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა პროცესზე და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს დროულად არ აცნობა. ამავდროულად, მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
22. ამდენად, სააპელაციო პალატის განჩინება მ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და უნდა დარჩეს ძალაში.
23. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ აპელანტის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, აპელანტის წარმომადგენელ კ. ჯ.-ას ავადმყოფობით.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
25. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა შპს „ბ.-ის №1 პ.-ის“ ცნობა იმის შესახებ, რომ კ. ჯ.-ა ამბულატორიულად მკურნალობდა 2015 წლის 24-27 ივნისს კვებითი ინტოქსიკაციის გამო.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ ადასტურებს კ. ჯ.-ას ისეთ მდგომარეობას, რომელსაც შეეძლო, ობიექტურად ხელი შეეშალა საქმის განხილვაზე გამოცხადებასა და მით უფრო სასამართლოსათვის მისი გამოუცხადებლობის შეტყობინებაში, ვინაიდან კ. ჯ.-ა მკურნალობდა ამბულატორიულად და წარმოდგენილ სამედიცინო ცნობაში არ არის აღნიშნული, რომ მას ესაჭიროებოდა წოლითი რეჟიმი ან ისეთი სახის მკურნალობა, რაც გამორიცხავს პირის სახლიდან გამოსვლის შესაძლებლობას. ამასთან, კ.ჯ.-ა ავად გახდა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომამდე – 2015 წლის 26 ივნისამდე ორი დღით ადრე, შესაბამისად, მას საკმარისი დრო ჰქონდა, ეცნობებინა როგორც სასამართლოს, ისე მარწმუნებლისათვის, რომ ვერ შეძლებდა საქმის განხილვაში მონაწილეობას.
27. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ გაურკვეველია სასამართლო პროცესზე თავად მ. ჩ.-ის გამოუცხადებლობის მიზეზი. აპელანტს სრული უფლება გააჩნდა, დასწრებოდა სხდომას და მოეთხოვა საქმის განხილვის გადადება მისი ადვოკატის ავადმყოფობის გამო, რაც მხარეს არ განუხორციელებია.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჩ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე