საქმე №330210114628100
საქმე №ას-1022-964-2015 4 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ფ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „დ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ფ.-ისა“ და დ. წ.-ის მიმართ მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 76000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ შპს „დ.-სა“ და შპს „ფ.-ს“ შორის დაიდო თხევადი აირის ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა მოპასუხემ თანხის ანაზღაურების ვალდებულება არ შეასრულა. 2014 წლის 6 ივლისის ხელწერილით დ. წ.-მა იკისრა შპს „ფ.-ის“ ვალის გადახდა.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მისგან მიღებული პროდუქცია ნაწილდებოდა სხვადასხვა იურიდიულ პირებზე, რომელთაც უნდა აენაზღაურებინათ საქონლის ღირებულება შპს „დ.-ისათვის“. ამავე პირობებს დათანხმდა მოსარჩელეც.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით შპს „დ.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ, მხოლოდ შპს „ფ.-ის“ მიმართ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინებით შპს „ფ.-ის“ სააპელაციო საჩივარი და განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით აპელანტ დ. წ.-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაეზუსტებინა სააპელაციო საჩივარი წარადგინა საკუთარი სახელით, თუ როგორც შპს „ფ.-ის“ დირექტორმა, დაეზუსტებინა სააპელაციო საჩივრის ფასი და გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%, ხოლო გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი წარედგინა სააპელაციო სასამართლოსათვის. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და დარჩება განუხილველად.
7. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის განჩინება ხარვეზის თაობაზე 2015 წლის 22 ივლისს დ. წ.-ს პირადად ჩაბარდა (ტომი 2, ს.ფ. 7), შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 23 ივლისს და ამოიწურა 3 აგვისტოს, რადგან 1 აგვისტო იყო შაბათი, არასამუშაო დღე.
8. 2015 წლის 21 ივლისს აპელანტმა წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და აპელანტად განსაზღვრა შპს „ფ.-ის“ დირექტორი დ. წ.-ი, თუმცა სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით არ უშუამდგომლია.
9. 2015 წლის 14 აგვისტოს, დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე, რომელსაც დაურთო ცნობა დ. წ.-ის მეუღლე ნ. წ.-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტომი 2. ს.ფ. 24-25).
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის, მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პროცესუალური წინაპირობა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ფ.-ის“ დირექტორმა დ. წ.-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ფ.-ის“ დირექტორმა დ. წ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
14. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
15. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაეზუსტებინა აპელანტის ვინაობა – შპს „ფ.-“ თუ ფიზიკური პირი დ. წ.-ი, ასევე, დაეზუსტებინა სააპელაციო საჩივრის ფასი და გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი – დავის საგნის ღირებულების 4%, ხოლო გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი წარედგინა სააპელაციო სასამართლოსათვის. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და დარჩება განუხილველად.
16. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის განჩინება ხარვეზის თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით, 2015 წლის 22 ივლისს ჩაბარდა შპს „ფ.-ის“ დირექტორ დ. წ.ს (ტომი 2, ს.ფ. 7).
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
18. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 23 ივლისს და ამოიწურა 3 აგვისტოს (2015 წლის 1 აგვისტო იყო შაბათი, არასამუშაო დღე).
19. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია.
20. 2015 წლის 21 ივლისს აპელანტმა წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და აპელანტად განსაზღვრა შპს „ფ.-ის“ დირექტორი დ. წ.-ი, თუმცა სახელმწიფო ბაჟის ნაწილში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
21. 2015 წლის 14 აგვისტოს, დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ აპელანტმა განცხადება წარადგინა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის შემცირება.
22. დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა შპს „ფ.-ის“ ზემოაღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ფ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე