Facebook Twitter

საქმე №330210014678235

საქმე №ას-1024-966-2015 4 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. პ.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. თ.-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. თ.-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. პ.-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ, კერძოდ, მან მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის – 20 000 აშშ დოლარის, სარგებლის – 10 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – გადაწყვეტილების გამოტანიდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საერთო თანხის – 30 000 აშშ დოლარის 0.3%-ის დაკისრება, ასევე, იპოთეკით დატვირთული საგნის აუქციონის წესით რეალიზაცია შემდეგი საფუძვლებით:

2. 2012 წლის 23 მაისს ნ. თ.-ასა და თ. პ.-ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 20 000 აშშ დოლარი ყოველთვიური სარგებლის – 3.5%-ის, ასევე, პირგასამტეხლოს – საერთო თანხის 0.3%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა თ. პ.-ის საკუთრებაში არსებული ქ.თ.-ში, .. მეურნეობის .. კორპუსის მე-.. სართულზე მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №.. მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

3. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ – სესხის ძირითადი თანხის ნაწილში ცნო, ხოლო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში არ დაეთანხმა მოსარჩელის პრეტენზიას.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ნ. თ.-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხის – 20 000 აშშ დოლარის, სარგებლის – 10 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს –გადაწყვეტილების გამოტანიდან მის აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საერთო თანხის – 30 000 აშშ დოლარის 0.03%-ის გადახდა, დავალიანების დასაფარად გადახდევინება მიექცა იპოთეკით დატვირთულ უძრავი ქონებაზე.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. პ.-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სახელმწიფოს ბაჟის გადახდის გადავადება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით თ. პ.-ის სააპელაციო საჩივარი და შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 8 ივნისის განჩინებით თ. პ.-ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 14 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს 2015 წლის 18 ივნისს პირადად ჩაბარდა.

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების ვადის ათვალა დაიწყო 2015 წლის 18 ივნისიდან და ამოიწურა 2015 წლის 2 ივლისს, რომელიც იყო სამუშაო დღე.

9. 2015 წლის 3 ივლისს თ. პ.-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2015 წლის 30 ივლისამდე.

10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაზე განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით პალატისათვის არ მიუმართავს.

11. რაც შეეხება თ.პ.-ის 2015 წლის 3 ივლისის განცხადებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იგი დატოვა განუხილველად.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. პ.-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

13. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის წარდგენა, რადგან მოცემულ პერიოდში იყო ავად. ავადმყოფობის დამადასტურებელ მტკიცებულებას კი წარმოადგენდა მოთხოვნისთანავე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. პ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

16. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

17. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2015 წლის 8 ივნისის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტ თ. პ.-ძეს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 14 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე კი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რადგან მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტს და 2015 წლის 18 ივნისს ჩაბარდა პირადად თ. პ.-ეს (ტომი 2, ს.ფ. 5).

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 19 ივნისიდან და ამოიწურა ამავე წლის 2 ივლისს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მისთვის არ მიუმართავს.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება წარმოადგენდა თ. პ.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.

23. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 3 ივლისს, ხარვეზის გამოსასწორებლად სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თ. პ.-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2015 წლის 30 ივლისამდე.

24. ამდენად, სააპელაციო პალატამ მხარის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა მართებულად დატოვა განუხილველად, რადგან იგი წარდგენილ იქნა საპროცესო ვადის დარღვევით.

25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მან სადავო საპროცესო ვადა დაარღვია საპატიო მიზეზით, კერძოდ, ავადმყოფობის გამო.

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

27. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია თ. პ.-ის ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც კანონის ზემოაღნიშნული დანაწესის შესაბამისად, დაადასტურებდა, რომ არსებობდა მითითებული ნორმით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება, რომელმაც ხელი შეუშალა მხარეს, დროულად მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. პ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე