Facebook Twitter

საქმე №330210114553744

საქმე №ას-1031-973-2015 21 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ქ.-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ქ.–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ. ქ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ქ.–ის მიმართ და მოითხოვა, ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ლ. გ.–ის მიერ 2013 წლის 3 ოქტომბერს გაცემული №... სააღსრულებო ფურცელი და მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ვალდებულება სესხის ძირითად ნაწილში განისაზღვროს 5000 აშშ დოლარით, ასევე, გაუქმდეს ნოტარიუს ლ. გ.–ის მიერ 3 ოქტომბერს გაცემული №... სააღსრულებო ფურცელი აღსრულებამდე პირგასამტეხლოს – სესხის ძირითადი თანხის 0.2%-ის – 12.37 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებელია, სააღსრულებო ფურცლით მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა სწორია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო არ შეიძლება ჩაითვალოს შეუსაბამოდ დიდ ოდენობად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ქ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა 2013 წლის 3 ოქტომბრის №... სააღსრულებო ფურცელი (ნოტარიუსი ლ. გ.–ი) და სააღსრულებო ფურცლის №6 პუნქტით დადგენილი რ. ქ.-ის ვალდებულება, 2011 წლის 6 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განისაზღვრა შემდეგი მოცულობით: სესხის ძირი – 6185 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 2013 წლის 6 მარტიდან სესხის ძირითადი თანხის (6185 აშშ დოლარი) 0.02% აშშ დოლარი, ნოტარიუს ლ. გ.–ის მიერ 2013 წლის 3 ოქტომბრის №... გაცემული სააღსრულებო ფურცელი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. საქალაქო სასამართლოს ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით რ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 1 ივნისის განჩინებით რ. ქ.-ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, მიეთითებინა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე, საფუძვლებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება და აღნიშნულის შესაბამისად წარედგინა სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და ცნობა არსებული მდგომარეობით, რომ აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

7. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტს გაეგზავნა მის მიერვე მითითებულ მისამართზე და გზავნილი 2015 წლის 7 ივლისს ჩაბარდა მისი ოჯახის წევრ ც. კ.-ეს (რძალს).

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელატისათვის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 17 ივლისს და ამოიწურა ისე, რომ მხარეს ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ამრიგად, ამავე კოდექსის 59-ე, 63-ე, 368-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. ქ.-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

10. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ იგი ითხოვდა მ. ქ.–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებოდა 2011 წლის სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გამომდინარე ძირითადის – 5000 აშშ დოლარის გადახდა, ვინაიდან 6185 აშშ დოლარი, რომელიც ძირ თანხად დაეკისრა, არის პროცენტის დამატებით გაზრდილი და რ.ქ.-ე დაზარალდა 2000 აშშ დოლარით.

11. მხარის მითითებით, სარჩელის აღძვრის მომენტში რ. ქ.-ე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველად და იღებდა შემწეობას, შესაბამისად, იგი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. გაუგებრობის გამო, ამჟამად შეუჩერდა შემწეობის ჩარიცხვა, თუმცა მხარისათვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ხარვეზი მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გამოსწორდება. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორმა ჩათვალა, რომ იგი ამჟამადაც გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ქ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის მიერ რ. ქ.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონშესაბამისობა.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

15. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

16. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2015 წლის 1 ივნისის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტ რ. ქ.-ეს დაუდგინა ხარვეზი და 10 დღის ვადაში დაავალა, მიეთითებინა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე, საფუძვლებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება და აღნიშნულის შესაბამისად წარედგინა სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და ცნობა არსებული მდგომარეობით, რომ აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

17. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

18. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა და საქმის მასალებში წარმოდგენილი უკუგზავნილით (ს.ფ. 169) დასტურდება, რომ 2015 წლის 1 ივნისის განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა რ. ქ.-ეს მის მიერ სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ მისამართზე და 2015 წლის 7 ივლისს ჩაბარდა აპელანტის ოჯახის სრულწლოვან წევრს, რძალს – ც. კ.-ეს.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

20. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები შეიძლება ჩაბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. აღნიშნული დასაშვებია, როდესაც ადრესატი სასამართლო გზავნილის მიტანის მომენტში მის მიერ მითითებულ მისამართზე არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში, მხარის ნაცვლად, სასამართლო გზავნილის მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება საპროცესო დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ ხარვეზის შევსების ვადის ათვლა აპელანტის მიმართ დაიწყო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების – 2015 წლის 7 ივლისის მომდევნო დღიდან – 2015 წლის 8 ივლისიდან და ამოიწურა 17 ივლისს.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

24. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლოს იგი უნდა გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტისათვის დადგენილი ხარვეზი მდგომარეობდა არა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდაში, არამედ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენაში. რ. ქ.-ეს კი სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არც ერთ ნაწილში არ გამოუსწორებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან რომც გაეთავისუფლებინა, აღნიშნული გარემოება, ზემოთ მითითებული მიზეზებით, სადავო სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობა მაინც ვერ გახდებოდა.

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ქ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე