საქმე № 010298815700004124
საქმე №ას-1038-978-2015 7 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზ. ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ. შ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „თ.-მა” შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ და მოითხოვა საარბიტრაჟო მოპასუხე მ. შ.-ის საკუთრებაში არსებული ქ. თ.-ში, ვაჟა-ფშაველას გამზირ №..-ში მდებარე (საკადასტრო კოდი ...) №... ბინის გასხვისების ან სანივთო-სამართლებრივი უფლებით (იპოთეკა, აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) დატვირთვის აკრძალვა.
2. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ ხათუნა ჯღარკავას გააჩნია ბანკის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება. მ. შ.-ი და ზ. ბ.-ი აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენენ თავდებებს. მიუხედავად ბანკის მხრიდან გაფრთხილებისა და წაყენებული მოთხოვნისა, მოპასუხეები არ ასრულებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რაც გამოიხატება სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევებში და თანხაზე დარიცხული პროცენტების გადაუხდელობაში. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა აშკარად გაუარესდა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აგვისტოს განჩინებით სს „თ.-ის“ შუამდგომლობა საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა, მ. შ.-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქ. თ.-ში, ვაჟა-ფშაველას გამზირ №..-ში მდებარე №... ბინის (საკადასტრო კოდი №...) გასხვისება და სანივთო-სამართლებრივი უფლებით დატვირთვა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. შ.-მა შეიტანა საჩივარი და მოითხოვა სს „თ.-ის” სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ზ. ბ.-ის ქონებაზე მიქცევა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინებით მ. შ.-ის საჩივარი, დაუშვებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებით მ. შ.-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ხარვეზის შესავსებად საჩივრის ავტორს განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადა. მასვე განემარტა მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები.
7. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ შეავსო, რაც საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა მ. შ.-ის საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიაჩნია, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. მოცემული საქმე შეეხება საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას წამოჭრილ პროცესუალურ საკითხებს.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.
11. ამდენად, სასამართლო წარმოდგენილ საჩივარზე იმსჯელებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დაცვით, კერძოდ, 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით კი, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
12. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მ. შ.-მა საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის იმ განჩინებაზე, რომლითაც მისი უძრავი ქონების მიმართ გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლი ადგენს მხარეთა მიერ წარდგენილ საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესსა და ოდენობებს. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე ფიზიკურ პირთათვის შეადგენს 50 ლარს.
14. სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ხარვეზი დაუდგინა მ. შ.-ს, რის საფუძველს მხარის მიერ ზემოაღნიშნული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა წარმოადგენდა. განმცხადებელს დაევალა მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღეში სააპელაციო სასამართლოსათვის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.
15. საქმის მასალებში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტის თანახმად (ს.ფ. 62), მ. შ.-ს სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინება 2015 წლის 18 სექტემბერს პირადად ჩაბარდა და განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
16. აღნიშნულის მიუხედავად, განმცხადებელს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
18. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც მხარე ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინებით მ. შ.-ის საჩივარი დაუშვებლად მართებულად ჩათვალა და იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. შ.-ის საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე