Facebook Twitter

საქმე №330210113397654

საქმე №ას-1042-982-2015 28 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ა. ზ.–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ.–ი-ყ.–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება (ძირითადი სარჩელში), თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. ბ.–ი-ყ.–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა „ლ.-ის“ წევრ ა. ზ.–ის მიმართ და მოითხოვა, მხარეთა შორის 2007 წლის 4 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის გამო, ნ. ბ.–ი-ყ.–ს საკუთრებაში ქ.თბილისში, ლ.-ისა და ვ.–ის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე 578 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) დაბრუნება, ქირის სახით 77000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 100000 აშშ დოლარის გადახდა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ბ–ი-ყ.–ის წინააღმდეგ 320 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადაუხდელი თანხის წლიური 10%-ის გადახდის შესახებ.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ.–ი-ყ.–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. ბ.–ი-ყ.–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა (აღუდგა საკუთრების უფლება) უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქალაქი თბილისი, ლ.-ისა და ვ.–ის ქუჩების გადაკვეთა, (ნაკვ. 28/1), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.., მოპასუხე ამხანაგობა „ლ.-ის“ წევრ ა. ზ.–ს ნ. ბ.–ი-ყ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს – 25 000 აშშ დოლარისა და ქირის – არსებული დავალიანების 36 000 აშშ დოლარის გადახდა, ამხანაგობა „ლ.-ის“ წევრ ა. ზ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ზ.–მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ნ. ბ.–ი-ყ.–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქალაქი თბილისი, ლ.-ისა და ვ.–ის ქუჩების გადაკვეთა (ნაკვ. 28/1) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.., ა. ზ.–ს ნ. ბ.–ი-ყ.–ის სასარგებლოდ დაეკისრა ქირის დავალიანების – 5667 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრებაზე ეთქვა უარი, ა. ზ.–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება ა. ზ.–მა გაასაჩივრა საკასაციო წესით.

7. ნ. ბ.-ი-ყ.–მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინებით განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. ზ.–ს აეკრძალა მისი კუთვნილი ქ.თბილისში, თ.-ის პირველი ჩიხის №1-ში მდებარე 205 კვ.მ უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №..) ½ იდეალური წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. ზ.–მა შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ა. ზ.–ის საჩივარი, როგორც დაუშვებელი, გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს დასაშვებობის საკითხის განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილის, 419-ე, 420-ე, 374-ე, 63-ე მუხლების, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ზ.–ისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინება აპელანტს ჩაბარდა ამავე წლის 12 სექტემბერს. შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 13 სექტემბრიდან და ამოიწურა 17 სექტემბერს, თუმცა მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ზ.–ის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებაზე ა.ზ.–ის მიერ შეტანილი საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

14. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილ საჩივარზე იმსჯელებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დაცვით, კერძოდ, 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით კი, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

16. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრის განხილვისას, საჩივრის ხარვეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც მხარე ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

17. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ა. ზ.–ს მიეცა ხარვეზი და დაევალა მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღეში სააპელაციო სასამართლოსათვის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

18. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილის თანახმად (ტომი 3, ს.ფ. 439), სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინება 2015 წლის 12 სექტემბერს ჩაბარდა მხარის წარმომადგენელ ც. დ.–ს, რომლის სათანადო უფლებამოსილება დასტურდება შესაბამისი რწმუნებულებით (ტომი 3, ს.ფ. 35).

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 13 სექტემბრიდან და ამოიწურა 17 სექტემბერს.

21. აღნიშნულის მიუხედავად, საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ა. ზ.–ის საჩივარი დაუშვებლად მართებულად ჩათვალა და იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ზ.–ის საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე