Facebook Twitter

საქმე №330210015713915

საქმე №ას-1058-998-2015 4 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა.-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ო.-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. ო.-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.-ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების – 495.600 აშშ დოლარის გადახდისა და ზიანის – 143.724 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

2. მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 6 მარტს შპს „ა.-თან“ გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ არაუგვიანეს 2008 წლის 6 აპრილისა მათ შორის გაფორმდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულება და მყიდველ შპს „ა.-ს“ საკუთრების უფლება გადაეცემოდა უძრავ ქონებაზე.

3. 2008 წლის 18 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ი. ო.-ძემ მოპასუხეს, 570 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადასცა ქ.თ.-ში, ბ.-ის ქ.№-ში მდებარე მიწის ნაკვეთი .. საკადატრო კოდით: №.... შემძენს ნასყიდობის ფასი უნდა გადაეხადა პერიოდულად.

4. მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 6 მარტს ი. ო.-ძესა და შპს „ა.-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი სახლის აშენების შემთხვევაში ი. ო.-ძისთვის 2012 წლის იანვრისათვის მიეყიდა 1.239 კვ.მ, საიდანაც არაუმეტეს 1/3 იქნებოდა არასაცხოვრებელი (კომერციული) ფართი და 8 ავტოსადგომი.

5. მხარის მითითებით, მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეასრულა, რის გამოც მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დავის საგანს წარმოადგენს ფულადი ვალდებულების შესრულება. აღნიშნული მოთხოვნა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებიდანაც რომ გამომდინარეობდეს, სარჩელი მაინც ხანდაზმულია და მასზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, ვინაიდან ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ხანდაზმულია მოსარჩელის მოთხოვნაც ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ი. ო.-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ა.-ს“ მოსარჩელე ი. ო.-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 495 600 აშშ დოლარისა და ზიანის – 69384 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით შპს „ა.-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით შპს „ა.-ს“ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 7000 ლარის გადახდა. ამავე განჩინებით მხარეს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.

10. აპელანტმა ხარვეზი მხოლოდ ნაწილობრივ გამოასწორა, სასამართლოს წარუდგინა 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და კვლავ მოითხოვა დარჩენილი 6500 ლარის გადახდის გადავადება.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 266-ე და 215-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით უკვე იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე და ამავე საკითხის ხელახლა განხილვის სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე, მეშვიდე ნაწილებით და აღნიშნა, რომ აპელანტს არ მოუთხოვია ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება, რის გამოც პალატამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა საპროცესო ვადის საკუთარი ინიციატივით გაგრძელება და, ხარვეზის არასრულად შევსების გამო, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ა.-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან დამატებითი საპროცესო ვადის დადგენა ხარვეზის შესავსებად შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა შპს „ა.-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რადგან არ იყო წარდგენილი მტკიცებულებები შპს-ს მოვალეთა რეესტრში აღრიცხვისა და მის უძრავ ქონებაზე ყადაღის არსებობის შესახებ.

15. მხარემ აღნიშნა, რომ მოვალეთა რეესტრისა და ქონებაზე ყადაღის არსებობა არის საჯარო ინფორმაცია. ნებისმიერ პირს შეუძლია, გადაამოწმოს აღნიშნული ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მითითებული მტკიცებულებები სასამართლოს არ წარუდგინა. ასევე, საქმის მასალებში მოიპოვებოდა არა ერთი დოკუმენტი მხარის გადახდისუუნარობის დასადასტურებლად.

16. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განჩინების პასუხად შპს „ა.-მა“ წარადგინა კიდევ ერთი შუამდგომლობა და დაურთო საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული ცნობები შპს „ა.-ის“ ანგარიშებზე ყადაღისა და ინკასოს შესახებ. მოვალეთა რეესტრისა და ქონებაზე ყადაღის არსებობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვებოდა ვებგვერდზე Napr.gov.ge. სახელმწიფო ბაჟის ნაწილი – 500 ლარი კი, აპელანტის ნაცვლად, გადაიხადა მესამე პირმა – შპს „ა.-ი პ.-მა“.

17. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა ინფორმაცია აპელანტის მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი, რა დროსაც, ერთი მხრივ, მიუთითა, რომ აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის – 6500 ლარის გადახდის გადავადებაზე, ხოლო იმავე განჩინებაში, მეორე მხრივ, აღნიშნა, რომ აპელანტმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, თუმცა აპელანტს წარდგენილ განცხადებაში არ უშუამდგომლია ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.

18. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ქმედებით აპელანტს შეეზღუდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

19. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ შპს „ა.-ის“ მონაწილეობით მიმდინარე სხვა სამოქალაქო საქმეებზე მხარეს ხარვეზის ნაწილობრივ გამოსწორების შემდეგ არაერთხელ უშუამდგომლია დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე და არც ერთხელ სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ დარჩენილა. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე არსებული სტაბილური სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე აპელანტს გააჩნდა ობიექტური მოლოდინი, რომ სასამართლო კიდევ ერთხელ იმსჯელებდა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ და თუ მაინც დაადგენდა, რომ სახელმწიფო ბაჟის ნაწილობრივ გადახდისა და დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში გადავადების წინაპირობა არ არსებობს, აპელანტს ხარვეზის შესავსებად ვადას გაუგრძელებდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა.-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

21. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ა.-ის“ სააპელაციო საჩივარი იყო ხარვეზიანი. მხარეს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. ამავე განჩინებით შპს „ა.-ს“ უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადავადებაზე და განემარტა, რომ ხარვეზის დროულად გამოუსწორებლობის შემთხვევაში მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

22. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხარვეზის განსაზღვრის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განჩინება შპს „ა.-ს“ 2015 წლის 28 ივლისს ჩაბარდა, რაც მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

23. 2015 წლის 4 აგვისტოს შპს „ა.-მა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამჯერად მხარემ წარადგინა ცნობები „ბ.-სა“ და „კ. ბანკში“ მის ანგარიშებზე არსებული ყადაღისა და ინკასოს შესახებ. აპელანტმა ასევე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი – 500 ლარი.

24. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მხარეს მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში ხარვეზის გამოსასწორებლად საპროცესო ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია და შემოიფარგლა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადავადების მოთხოვნით.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

26. მითითებული ნორმა გარკვეულწილად ზღუდავს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით და აღნიშნული ვადის გაგრძელებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას მხარე მოითხოვს. ასეთი მოთხოვნის არარსებობის პირობებში კი, სააპელაციო სასამართლო საკუთარი ინიციატივით აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებით დროს ვერ განუსაზღვრავს.

27. ამასთანავე, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნისაგან განსხვავებული სამართლებრივი შინაარსისა და დატვირთვის მატარებელია. შესაბამისად, სხვადასხვაა ამ შუამდგომლობათა სამართლებრივი შედეგიც. სახელმწიფო ბაჟის გადავადების მოთხოვნა თავის თავში არ მოიაზრებს საპროცესო ვადის გაგრძელების შუამდგომლობას, რადგან შესაძლებელია, მხარემ აღარც გააგრძელოს დავა სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით შეღავათის მიუღებლობის პირობებში.

28. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მის მიერ დადგენილ ვადაში შპს „ა.-მა“ ხარვეზი სრულად არ შეავსო და არც დამატებითი საპროცესო ვადის მიცემა არ მოითხოვა, შესაბამისად, პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას, აღნიშნული ვადა საკუთარი ინიციატივით გაეგრძელებინა.

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

30. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ა.-ის“ მიერ სააპელაციო პალატის მხრიდან დადგენილი ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა და ის ფაქტი, რომ აპელანტმა არ მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება, წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.

32. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა, როგორც ეს დადგენილია სასამართლოს სტაბილური პრაქტიკით და დაფიქსირებულია შპს „ა.-ის“ მონაწილეობით სხვა სამოქალაქო საქმეში.

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

34. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

35. ამასთან, აღნიშნული ნორმის გამოყენების მართლზომიერებას სასამართლო წყვეტს ყოველი კონკრეტული საქმის თავისებურებების გათვალისწინებით, კერძოდ, მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

36. აქვე ნიშანდობლივია, რომ სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც მხარის მიერ საქმის მასალებშია წარმოდგენილი.

37. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა საკუთარი ფინანსური სირთულეების დასადასტურებლად წარადგინა ცნობები „ბ.-სა“ და „კ. ბანკში“ მის ანგარიშებზე არსებული ყადაღისა და ინკასოს შესახებ.

38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება კანონის ზემოთ მითითებული დანაწესის გამოყენებისა და მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების უპირობო საფუძვლად ვერ ჩაითვლება, რადგან მხარის მიერ წარმოდგენილი მასალა არ გამორიცხავს შპს-ს სხვა აქტივების არსებობას, რომელიც საშუალებას აძლევს, დაფაროს სახელმწიფო ბაჟი სრულად.

39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე