საქმე №ას-483-457-2015 07 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „საკალთბურთო კლუბი შსს აკადემია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ.-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებით გაცდენილი დროის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა(ა)იპ „საკალთბურთო კლუბ შსს აკადემიის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა ა(ა)იპ „საკალთბურთო კლუბ შსს აკადემიის“ დირექტორის 02.12.2013წ.-ის N7 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე ორგანიზაციაში სპორტული დირექტორის თანამდებობაზე და ასაკობრივი გუნდების მოთამაშეთა მასწავლებლად აღდგენა; ასევე, იძულებით მოცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება ყოველთვიურად 2875 ლარის ოდენობით 2013 წლის 02 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ ლ. მ.-ე 02.07.2013წ.-ს ა(ა)იპ „საკალთბურთო კლუბი შსს აკადემიასთან“ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა ა(ა)იპ „საკალთბურთო კლუბ შსს აკადემიაში. ა(ა)იპ „საკალთბურთო კლუბი შსს აკადემიის“ დირექტორის 02.12.2013წ.-ის N7 ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება. მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული არ ყოფილა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ჯეროვნად არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ლ. მ.-ის სარჩელი ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის” მიმართ არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ლ. მ.-ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრის წარდგენის ეტაპზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა, ა(ა)იპ „საკალთბურთო კლუბ შსს აკადემიის“ დირექტორის 02.12.2013წ.-ის N7 ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებით მოცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება ყოველთვიურად 2,875 ლარის ოდენობით 2013 წლის 02 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ლ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება ლ. მ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. მ.-ის დაზუსტებული მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ „საკალთბურთო კლუბი შსს აკადემიას“ დირექტორის 2013 წლის 02 დეკემბრის N.. ბრძანება ლ. მ.-ესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ა(ა)იპ „საკალთბურთო კლუბი შსს აკადემიას“ დაეკისრა კომპენსაციის – 13,800 ლარის გადახდა ლ. მ.-ის სასარგებლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2013 წლის 02 ივლისს ა(ა)იპ ,,საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიასა’’ (დირექტორი ზ. კ.-ე) და ლ. მ.-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლ. მ.-ემ დაიკავა კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობა.
ხელშეკრულების პირველი მუხლით განისაზღვრა, რომ ,,ლ. მ.-ე შეასრულებდა კლუბის სპორტული დირექტორის ფუნქციებს და ასევე განახორციელებდა ასაკობრივი გუნდების მოთამაშეთა სწავლებას’’. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, არც ხელშეკრულებით და არც კლუბის წესდებით სპორტული დირექტორის ფუნქციები გაწერილი არ იყო, მაგრამ მხარეები არ დაობდნენ, რომ იგი მოიცავდა მოვალეობათა საკმაოდ ფართო წრეს, რაც საბოლოოდ მიმართული იყო სხვადასხვა შეჯიბრებებში კლუბის წარმატებული გამოსვლისკენ. ეს ფუნქციები იყო: მოლაპარაკებების წარმოება კალათბურთელებთან ტრანსფერების განხორციელებაზე, გუნდის მწვრთნელების შერჩევა და მათთან გასაფორმებელი კონტრაქტების პირობების განსაზღვრა, რეგულარულ, სათასო და ამხანაგურ თამაშებში გუნდის მონაწილეობის უზრუნველყოფა, ასაკობრივი გუნდების სწავლება, კლუბის ხელმძღვანელობისთვის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა...
ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 2875 ლარით.
ხელშეკრულების 5.1 მუხლის თანახმად ,,ხელშეკრულება დაიდო 2013 წლის 02 ივლისიდან 2014 წლის 01 ივნისამდე’’; ხოლო, 5.4 მუხლის მიხედვით ,,დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო თანამშრომლისათვის შეეწყვიტა ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, ასევე, ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ მიმართული შეუფერებელი საქციელისათვის, რომელიც ლახავდა კლუბისა და მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს’’.
ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის” კლუბის დირექტორის 2013 წლის 02 დეკემბრის ბრძანებით, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიას'' სპორტულ დირექტორ ლ. მ.-ეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 2013 წლის 02 დეკემბრიდან.
ბრძანებაში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიეთითა ა(ა)იპ ,,საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის’’ წესდების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტი და „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიასა'' და სპორტულ დირექტორს - ლ. მ.-ეს შორის 2013 წლის 2 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 5.4 პუნქტი. ასევე, გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, კლუბის მთავარი მწვრთნელის - დ. პ.-ის კლუბის ხელმძღვანელობის სახელზე დაწერილი ელექტრონული წერილი.
2013 წლის 13 დეკემბერს ლ. მ.-ემ დამსაქმებელს გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე, რომლის პასუხად, 2013 წლის 16 დეკემბერს დამსაქმებელმა ლ. მ.-ეს აცნობა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო 2013 წლის 02 ივლისს ა(ა)იპ ,,საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიასა’’ (დირექტორი ზ. კ.-ე) და ლ. მ.-ეს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ ზ.ი კ.-ე (დირექტორი), ნ. გ.-ი (გამგეობის წევრი, თავმჯდომარე) გ. რ.-ა (გამგეობის წევრი), თ. ტ.-ი (გამგეობის წევრი) (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან).
2013 წლის 21 ივნისს ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის'' სპორტული დირექტორს ლ. მ.-ესა (დამქირავებელი) და დ. პ.-ს (მთავარი მწვრთნელი) შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება.
2013 წლის 21 ივნისს გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მთავარ მწვრთნელს განესაზღვრა ყოველთვიური ანაზღაურება 4500 აშშ დოლარის ოდენობით. ანაზღაურება განხორციელდა აგვისტოს თვიდან ნოემბრის თვის ჩათვლით და საერთო თანხამ შეადგინა 18 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 37 524,39 ლარი საშემოსავლოს გათვალისწინებით. ასევე, დ. პ.-ის მგზავრობისათვის ავიაბილეთებში გადახდილ იქნა 2632,3 ლარი.
დადგენილია, რომ შსს ,,აკადემიის’’ მთავარმა მწვრთნელმა დ. პ.-მა გუნდი დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე 2013 წლის ნოემბრის ბოლოს.
დადგენილია, რომ 2013 წლის 22 ივნისს ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის'' სპორტული დირექტორს ლ. მ.-ესა (დამქირავებელი) და ბ. ჩიკვილაძეს (კალათბურთელი) შორის დაიდო ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 1.1 მუხლის თანახმად, ,,კალათბურთელი, როგორც პროფესიული მოთამაშე, კლუბის სახელით გამოდის საქართველოს, საერთაშორისო და სხვადასხვა სახის შეჯიბრებებში’’.
ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, ,,კალათბურთელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 6000 ლარის ოდენობით. 2014 წლის ივნისი-ივლისის თვეებში კალათბურთელის ანაზღაურება განისაზღვრა 1875 ლარის ოდენობით. ბ. ჩიკვილაძე მოცემული დავის განხილვის მომენტში ირიცხებოდა ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის'' გუნდის შემადგენლობაში.
დადგენილია, რომ კლუბიდან ლ. მ.-ის და დ. პ.-ის განთავისუფლების შემდეგ შსს ,,აკადემიამ’’ დაიმატა ორი უცხოელი და ერთი ქართველი კალათბურთელი.
დ. პ.-ის მიერ ნ. გ.-ის სახელზე გაგზავნილი 27.11.2013 წლის წერილის შინაარსიდან დგინდება შემდეგი:
- კონტრაქტზე ხელის მოწერის დროს დ. პ.-სა და ლ. მ.-ეს შორის არსებობდა საუბარი სეზონის განმავლობაში 5 უცხოელი კალათბურთელის მოწვევის თაობაზე, რომელიც 3 დაუყონებლივ უნდა მოეძიათ. მაგრამ, როცა მწვრთნელმა დაიწყო მოძიება და მოლაპარაკება ზოგიერთ მათგანთან, ლ. მ.-ემ მას აცნობა, რომ უცხოელ კალათბურთელებს ვერ ჩამოიყვანდნენ სამინისტროს გადაწყვეტილების გამო.
- კალათბურთელები, რომლებიც გუნდში იყვნენ გასულ სეზონში, კონტრაქტი გაფორმებული ჰქონდათ გუნდში დ. პ.-ის მოსვლამდე;
- რაც შეეხება კალათბურთელებს ჩიკვილაძეს, კვანტალიანს, გელაზონიას, ყველაშვილს და კვეშელავას, ისინი ლ. მ.-ის შემოთავაზებით და წინადადებით იყვნენ და დ. პ.-მაც მიიღო, ვინაიდან, კარგად არ იცნობდა ქართველი კალათბურთელების ბაზარს;
- ლ. მ.-ე პერსონალურად წყვეტდა კონტრაქტების ღირებულებას;
- დ. პ.-ს სურდა ქართველ საუკეთესო კალათბურთელებთან: ლ. გ.-ესთან და შ.-ესთან კონტრაქტის გაფორმება, რაზედაც ლ. მ.-ემ და მ. გ.-ემ მას განუცხადეს, რომ ამისთვის ფული არ ჰქონდათ, რადგან პოლიციის აკადემიის მენეჯმენტმა არ მისცათ მათ იმდენი ბიუჯეტი, რაც გასულ სეზონზე;
- დ. პ.-ის განმარტებით, პოლიციის აკადემიის ბოლო ორი თამაშის დაბალი შედეგის გამო პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მას და გენერალურ მენეჯერს ლ. მ.-ეს და გუნდის მენეჯერს მ. გ.-ეს.
დ. პ.-ის მიერ ლ. მ.-ის სახელზე გაგზავნილი 02.12.2013 წლის წერილის შინაარსიდან დგინდება შემდეგი:
- ხელი არ მოეწერა კონტრაქტს კარგ მოთამაშეებთან, ლ. მ.-ის განმარტებით, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ბიუჯეტი შემცირდა 300 000-ზე მეტი ლარით;
- მოთამაშეებს და მწვრთნელს არ ჰქონდათ ჯანმრთელობის დაზღვევა. სეზონის განმავლობაში კი იყო ისეთი პრობლემები, როდესაც მოთამაშეები თავისი ჯიბიდან იხდიდნენ სამედიცინო კონტროლის საფასურს.
- დ. პ.-ს მიაჩნია, რომ შედეგებზე მთავარი პასუხისმგებელი პირები არიან ლ. მ.-ე, მ. გ.-ე და თავად დ. პ.-ი. ამასთან, აქვე მიუთითებს, რომ, მართალია, მას არანაირი პრობლემა არ ჰქონია პოლიციის აკადემიის მენეჯმენტთან (ზ.ი, ზურა, ნ.), თუმცა ფიქრობს, რომ ისინი არ იყვნენ დაინტერესებულნი კლუბის ბედით. „ჩემთან სწორად იქცეოდნენ, მაგრამ, ვფიქრობ ისინი ინტერესს არ გამოხატავდნენ, რათა სამინისტროსთან ჰქონოდათ მოლაპარაკება, კლუბის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ".
საქმეში არსებული დოკუმენტით ირკვევეოდა, რომ ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიამ” 2012–2013წწ. სეზონში და 2013–2014წწ. სეზონში ბიუჯეტიდან მიიღო თითქმის ერთნაირი დაფინანსება.
ამასთან, მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილ დისკზე არსებული კლუბის დირექტორის ზ. კ.-ის საუბრის ჩანაწერით დგინდებოდა, რომ, მისი მოსაზრებით, უცხოელებს აღარ უნდა ეთამაშათ, უნდა დაზოგილიყო კლუბის ბიუჯეტი და არავის სჭირდებოდა მოგება (საუბარია 2013–2014 წწ. სეზონზე).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.05.2014წ.-ის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ ლ. მ.-ის მიერ ადგილი ჰქონდა მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული 02.07.2013წლის ხელშეკრულების 5.4 პუნქტის დარღვევას, კერძოდ, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვან შესრულებას, რაც გამოიხატა:
1. ლ. მ.-ის, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ, კალათბურთელ ბ. ჩიკვილაძესთან და მთავარ მწვრთნელ დ. პ.-თან ხელშეკრულებების გაფორმებაში;
2. ლ. მ.-ის მიერ იმ არასწორ გადაწყვეტილებათა მიღებაში, რაც მოცემულია ყოფილი მთავარი მწვრთნელის - დ. პ.-ის 27.11.2013წ.-ის წერილში და რამაც საბოლოოდ ნეგატიურად იმოქმედა გუნდის შედეგებზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. მ.-ე არ წარმოადგენდა ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის'' სახელით ხელშეკრულების დადებაზე უფლებამოსილ პირს. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხებს, ადგენს, რომ 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა. 2. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც. 3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას. 4. არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები.
ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის” წესდების მე-4 მუხლის თანახმად (კლუბის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა), 1. კლუბის ხელმძღვანელობისა და ზედამხედველობის უფლებამოსილებას ახორციელებს გამგეობა (სამეთვალყურეო საბჭო), რომლის შემადგენლობასაც ორი წლის ვადით განსაზღვრავს კლუბის დამფუძნებელი; 2. კლუბის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც 2 წლის ვადით ნიშნავს და ათავისუფლებს დამფუძნებელი.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად კი დგინდება, რომ საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ ზ.ი კ.-ე (დირექტორი), ნ. გ.-ი (გამგეობის წევრი, თავმჯდომარე) გ. რ.-ა (გამგეობის წევრი), თ. ტ.-ი (გამგეობის წევრი).
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში ლ. მ.-ე არ იყო წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და არც მინდობილობის საფუძველზე სარგებლობდა ამ უფლებამოსილებით. შესაბამისად, იგი, როგორც ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის'' სპორტული დირექტორი, არ იყო უფლებამოსილი, კლუბის სახელით კალათბურთელთან და მთავარ მწვრთნელთან გაეფორმებინა ხელშეკრულებები. საყურადღებოა ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივრით ლ. მ.-ე ამ ფაქტობრივ გარემოებას სადავოდ არ ხდიდა და ეთანხმებოდა მას. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არაუფლებამოსილი პირის მიერ დადებული გარიგება არ შეიძლებოდა შეფასებული ყოფილიყო მოსარჩელის მხრიდან შრომის ხელშეკრულების პირობების არაჯეროვან შესრულებად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებდა გარიგების დადებაზე თანხმობის, როგორც გარიგების ნამდვილობის პირობის, ორ სახეს: ა) წინასწარ გაცემულ თანხმობას - ნებართვას (მე-100 მუხლი) და ბ) შემდგომ თანხმობას - მოწონებას (101-ე მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში, ლ. მ.-ის მიერ სადავო ხელშეკრულებების დადების შემდეგ, უფლებამოსილი პირების (ხელმძღვანელობის) მხრიდან ადგილი ჰქონდა ამ გარიგებების მოწონებას (შემდგომ თანხმობას).
სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, შემდგომ თანხმობას (მოწონებას) უკუქცევითი ძალა აქვს გარიგების დადების მომენტიდან, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი. ამ შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ შემდგომი თანხმობა გამოიხატა იმაში, რომ ბ. ჩიკვილაძე ამ დავის სასამართლო განხილვის პერიოდშიც ირიცხებოდა ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის'' გუნდში. იგი იღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხელფასს. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელთან გაფორმებულ კონტრაქტს, მას ასევე მიღებული ჰქონდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყოველთვიური ანაზღაურება. კერძოდ, ამონაწერით სახელფასო უწყისიდან დგინდებოდა, რომ ანაზღაურება განხორციელებული იყო აგვისტოს თვიდან ნოემბრის თვის ჩათვლით და საერთო თანხამ შეადგინა 18 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში 37 524,39 ლარი საშემოსავლოს ჩათვლით; ასევე, დ. პ.-ის მგზავრობისათვის ავიაბილეთებში გადახდილი იყო 2632,3 ლარი. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ შსს ,,აკადემიის’’ მთავარმა მწვრთნელმა დ. პ.-მა გუნდი დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე. ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიას'' არ მოუთხოვია მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების გაუქმება, როგორც აღინიშნა, კლუბის ხელმძღვანელობა თვეების განმავლობაში უხდიდა მას ხელფასს.
როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული „დამსაქმებლის მიერ ლ. მ.-ეს მინდობილი ჰქონდა ბიუჯეტის სწორად ფორმირება, მოთამაშეთა შერჩევა, დასაქმებულის ინტერესების გათვალისწინებით ხელშეკრულებების დადება (იხ. გადაწყვეტილების მე-7 გვერდი).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანებიდან ირკვეოდა, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის. თუმცა, კონკრეტულად რაში გამოიხატა „ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულება" ბრძანებაში არ იყო მოცემული. ამასთან, იმ პირობებში როდესაც მხარეთა შორის გაფორმებული შრომის ხელშეკრულება არ შეიცავდა დასაქმებულის მოვალეობების ჩამონათვალს, სადავო ბრძანების ზემოთ მითითებულ ფორმულირებას უფრო ბუნდოვანს ხდიდა. ამასთან, დასაქმებულის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, დამსაქმებელმა არ დაასაბუთა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, რითაც დაარღვია შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული იმპერატიული დანაწესი, შრომის კოდექსის მითითებული ნორმის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი მთლიანად გადადის დამსაქმებლის (მოპასუხის) მხარეზე.
მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი ბრძანების ფაქტობრივი საფუძვლის ბუნდოვანება, პალატის მოსაზრებით, შეუძლებელს ხდიდა ბრძანების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებას სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით. ამ ნორმის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის გამო, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია – ა) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა (შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტი) და ბ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა (შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ" ქვეპუნქტი).
ვინაიდან, მოსარჩელის განთავისუფლებამდე, მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა გამოყენებული არ ყოფილა, ლ. მ.-ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად სასამართლომ მიიჩნია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ" ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია – დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულება, როგორც ზემოთაც აღინიშნა, გამოიხატა: 1) უფლებამოსილების გადამეტებით, გუნდის მთავარ მწვრთნელსა და ერთ–ერთ კალთბურთელთან ხელშეკრულებების გაფორმებაში; 2) სუსტ მოთამაშეებთან ხელშეკრულებების დადებაში, კალათბურთელების შეუსაბამოდ მაღალ ანაზღაურებასა და ბიუჯეტის არასწორ დაგეგმვაში, რამაც დიდწილად გამოიწვია გუნდის წარუმატებლობა.
პირველი ფაქტობრივი საფუძვლის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით, პალატამ ზემოთ იმსჯელა. რაც შეეხება მეორე ფაქტობრივ საფუძველს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი დამსაქმებელმა დააფუძნა გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის - დ. პ.-ის 27.11.2013 წლის ელექტრონულ წერილზე.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული წერილი ვერ გამოდგებოდა მოსარჩელის მხრიდან შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად; ამასთან, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში შეფასებით პალატა დაასკვნა, რომ ყოფილი მთავარი მწვრთნელის მიერ დასახელებული გუნდის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი – უცხოელ და ქართველ კვალიფიციურ მოთამაშეებთან კონტრაქტების გაუფორმებლობა, გამოწვეული იქნა 2013–2014 წწ. სეზონის დასაწყისში კლუბის ხელმძღვანელობის (დირექტორი ზ. კ.-ე) მცდარი სტრატეგიით, რაც გამოიხატა ძვირადღირებული და კვალიფიციური კალათბურთელების ტრანსფერებისგან თავის შეკავებაში.
სააპელაციო სასამართლომ აღინიშნა, რომ შრომითი ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ, შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევისას შეწყვიტონ შრომითი ხელშეკრულება. პრაქტიკაში, აღნიშნული ნორმა, უმეტესწილად დამსაქმებლის უფლების გამოყენებით გამოიხატება; კერძოდ, დამსაქმებლი დასაქმებულთან წყვეტს შრომით ხელშეკრულებას დასაქმებულის მიერ შრომითი პირობების დარღვევის გამო. ამიტომ, ამ საფუძვლით შრომითი ურთიერთობის მოშლა, რასაც უკავშირდება დასაქმებულის შრომითი უფლების შეწყვეტა, მოითხოვს შეწყვეტის საფუძვლის ძალიან დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას. ამგვარი შეფასება მნიშვნელოვანია მხარეთა შორის (დამსაქმებელი-დასაქმებული) სამართლიანი ბალანსის დასაცავად. ერთი მხრივ, დასაქმებულს უსაფუძვლოდ არ უნდა შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება და ამით არ მოესპოს საარსებო საშუალება, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებელს არ უნდა შეეზღუდოს შრომითი მოვალეობების დამრღვევი მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება და მისთვის მიუღებელი მუშაკის სამუშაოზე დატოვებით არ უნდა შეექმნას გარკვეული რისკები.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, თუნდაც, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის წინაპირობებისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე, მიუთითა შემდეგზე: 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და კონვენციები. ერთ-ერთი მათგანია შსო-ს N158 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონვენცია, რომელიც 1982 წელს არის მიღებული და ითვალისწინების გონივრული საფუძვლის ცნებას. კონვენციის მიხედვით, „გონივრულობის“ პრინციპი ასახული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო სისტემაში. „რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ იგი 158-ე კონვენციის მონაწილე მხარე არ არის, მას „გონივრული საფუძვლის“ პრინციპის კონვენციისეული მნიშვნელობით შიდასახელმწიფოებრივ დონეზე დანერგვის მოვალეობა იმავე ხარისხითა და მოცულობით აკისრია, როგორც ეს - კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს. საქართველოს ეს საერთაშორისო ვალდებულება საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლიდან და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლიდან გამომდინარეობს“ (ლ.კასრაძე, სახელმწიფოს მინიმალური ვალდებულება და „გონივრულობის საფუძვლის” პრინციპი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების საქმეში: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტი”(ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და საქართველო-სტატიათა კრებული. ავტ. კ.კორკელია 2011). პალატამ ასევე განმარტა, რომ „შრომით ურთიერთობაში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასთან თანხვედრაშია, კერძოდ, კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას, რაც უკავშირდება დასაქმებულის შესაძლებლობებსა და ქცევის წესს ან დაწესებულების, საწარმოს აუცილებლობას ან სამსახურს“ (იხ., შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის N158 კონვენციისა და N166 რეკომენდაციის ზოგადი მიმოხილვა, 89-ე პუნქტი; 1995 წ. შრომის საერთაშორისო კონფერენცია, 82-ე სესია).
აღნიშნული კონვენციის სრული სათაურია „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ კონვენცია“. შესაბამისად, იგი ძირითადად დასაქმებულის უკანონო საფუძვლით დათხოვნისაგან დაცვაზეა ორიენტირებული, თუმცა ამავე დროს, კონვენცია მიზნად ისხავს წონასწორობის დამყარებას შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარეებს შორის. კონვენცია არ ითვალისწინებს დასაქმებულის დაცვას დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნებისმიერი შემთხვევის დროს. ამ მხრივ კონცენცია შეიცავს სპეციალური დათქმებს, რაც დამსაქმებელს უფლებას აძლევს, გაათავისუფლოს მუშაკი გარკვეული წინაპირობების არსებობისას. ამგვარი დათქმები გაბნეულია სხვადასხვა მუხლში, ასე მაგ.მუხლი მე-2.მ, მე-4, მ. მე-11.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემული კონვენცია მოიცავს რეგულაციას, თუ რა ჩაითვლება მუშაკის უკანონო დათხოვნად, ისევე როგორც - რა არ ჩაითვლება. კონვენციის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, მუშაკის დათხოვნის გონივრული საფუძველი კავშირში უნდა იყოს ა) მუშაკის არაკომპეტენტურობასთან ან/და არასათანადო ქცევასთან ან ბ) უნდა მომდინარეობდეს საწარმოს, დაწესებულების თუ მათი სერვისის ოპერაციული საჭიროებიდან. ამგვარ კვალიფიკაციების დადგენისას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოს - ექსპერტთა კომიტეტის კომენტარებს, გადაწყვეტილებებსა და საერთაშორისო შრომით რეკომენდაციებს, რომელთაც, მართალია, სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ, მაგრამ განმარტავენ კონვენციის ტექსტს, რეგულირების მასშტაბებს და ისინი შესაძლოა წარმოდგენილ იქნას, როგორც შთაგონების წყარო კანონმდებლობისა და ეროვნული სასამართლოებისთვის. შსო-ს ექსპერტთა კომისიის 1995 წლის მოხსენებაში მიმოხილულია „არასათანადო ქცევის“ კონცეფცია, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ორ კომპონენტად: 1) მუშა-მოსამსახურეთა მიერ შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება (არასათანადო პროფესიული ქცევა); 2) შეუფერებელი ყოფაქცევა.
მუშაკის მიერ „შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობების არაჯეროვან შესრულებაში“ იგულისხმება:
- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების უგულებელყოფა;
- შრომის შინაგანაწესის დარღვევა (განსაკუთრებით, უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის დაცვის წესების კუთხით);
- დამსაქმებლის ლეგიტიმური ბრძანების დაუმორჩილებლობა;
- არასაპატიო მიზეზით სამუშაოზე დაგვიანება ან საერთოდ გამოუცხადებლობა“.
ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები წარმოადგენს დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების გონივრულ, ლეგიტიმურ საფუძვლებს. შესაბამისად, პალატამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას: წარმოადგენს თუ არა მოსარჩელის ქმედებები საკმარისად სერიოზულ საფუძველს იმისათვის, რომ დამსაქმებელმა მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტოს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ კითხვას უნდა გაეცეს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი პასუხი.
ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობები შეწყდა სათანადო საფუძვლის გარეშე, რის გამოც ა(ა)იპ ,,საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიას’’ დირექტორის 2013 წლის 02 დეკემბრის N7 ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება.
საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა; შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას თან სდევს, თუმცა, პალატა აქვე განმარტავს, რომ განაცდურის სახით, ანაზღაურებას ექვემდებარება იძულებითი განაცდური არა სამუშაოზე ფაქტობრივად აღდგენის დროისათვის არსებული ოდენობის გათვალისწინებით, არამედ იმ ოდენობით, რაც დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის ჰქონდა და რაც მან ვერ მიიღო შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის გამო.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება უკანონოდ შეწყდა 2013 წლის 02 დეკემბერს, რითაც აპელანტს (მოსარჩელეს) მოესპო საშუალება, რომ ამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე (2014 წლის 01 ივნისი) მიეღო შრომის ანაზღაურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა(ა)იპ ,,საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიას’’ უნდა დაკისრებოდა კომპენსაციის - 13 800 ლარის (6 თვის ხელზე გასაცემი ხელფასი, 6x2300) გადახდა ლ. მ.-ის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სსიპ „საკალთბურთო კლუბ შსს აკადემიამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად მიიჩნია, რომ ლ. მ.-ის მიერ დადებული ხელშეკრულება კლუბის ხელმძღვანელობამ მოიწონა. კასატორის განმარტებით, ლ. მ.-ე ააიპ „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიის“ სპორტული დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა იმ საფუძვლით, რომ მან არასწორად შეარჩია მოთამაშეები და არასწორად დააკომპლექტა კლუბი, უფლებამოსილების გარეშე მოლაპარაკება აწარმოვა მთავარ მწვრთნელთან და ერთერთ მოთამაშესთან გააფორმა ხელშეკრულება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გათავისუფლება მოხდა ხელშეკრულების 5.4 პუნქტის, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებისა და მთავარი მწვრთნელის ელ.წერილის საფუძველზე. კასატორის განმარტებით, ლ. მ.-ის უკანონო მოქმედებებმა გამოიწვია სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების უსაფუძვლო ხარჯვა, მთავარი მწვრთნელისათვის ფაქტიურად ტყუილად გადახდილი 40 156.69 ლარის სახით. კასატორისათვის გაუგებარია თუ რატომ არ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ მთავარი მწვრთნელის ელ. წერილი უტყუარ მტკიცებულებად, ასევე, რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვიტა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ლ. მ.-ის მიერ დადებული ხელშეკრულება მოიწონა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე და არა 101-ე მუხლით. კასატორის განმარტებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება კლუბის ხელმძვანელობის მიერ ლ. მ.-ის მიერ დადებული ხელშეკრულებების მოწონება, არ შეიძლება ჩაითვალოს რომ ხელშეკრულებები ნამდვილია. კასატორის მოსაზრებით, ლ. მ.-ის გათავისუფლება კანონიერად და საფუძვლიანად განხორციელდა, რაზეც მეტყველებს შემდგომში კლუბის მიერ მიღწეული წარმატებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2015 წლის 24 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა ცნობილი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2013 წლის 02 ივლისს ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიასა“ (დირექტორი ზ. კ.-ე) და ლ. მ.-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლ. მ.-ემ დაიკავა კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობა. ხელშეკრულების პირველი მუხლით განისაზღვრა, რომ „ლ. მ.-ე შეასრულებდა კლუბის სპორტული დირექტორის ფუნქციებს და ასევე განახორციელებდა ასაკობრივი გუნდების მოთამაშეთა სწავლებას“.
ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 2875 ლარით.
ხელშეკრულების 5.1 მუხლის თანახმად ,,ხელშეკრულება დაიდო 2013 წლის 02 ივლისიდან 2014 წლის 01 ივნისამდე’’;
ხელშეკრულების 5.4 მუხლის მიხედვით ,,დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო თანამშრომლისათვის შეეწყვიტა ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, ასევე, ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ მიმართული შეუფერებელი საქციელისათვის, რომელიც ლახავდა კლუბისა და მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს’’.
დადგენილია, რომ ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის” კლუბის დირექტორის 2013 წლის 02 დეკემბრის ბრძანებით, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიის'' სპორტულ დირექტორ ლ. მ.-ეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 2013 წლის 02 დეკემბრიდან.
ბრძანებაში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიეთითა ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის’’ წესდების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი და „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიასა'' და სპორტულ დირექტორ ლ. მ.-ეს შორის 2013 წლის 2 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 5.4 პუნქტი. ასევე, გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, კლუბის მთავარი მწვრთნელის - დ. პ.-ის კლუბის ხელმძღვანელობის სახელზე დაწერილი ელექტრონული წერილი.
2013 წლის 13 დეკემბერს ლ. მ.-ემ დამსაქმებელს გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე, რომლის პასუხად, 2013 წლის 16 დეკემბერს დამსაქმებელმა ლ. მ.-ეს აცნობა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო 2013 წლის 02 ივლისს ა(ა)იპ ,,საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიასა’’ (დირექტორი ზ. კ.-ე) და ლ. მ.-ეს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
კასატორს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მათ საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი ლ. მ.-ესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის” კლუბის დირექტორის 2013 წლის 02 დეკემბრის ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობა.
მოცემული დავის განხილვისას საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის” კლუბის დირექტორის 2013 წლის 02 დეკემბრის ბრძანებით, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიას'' სპორტულ დირექტორ ლ. მ.-ეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 2013 წლის 02 დეკემბრიდან. ბრძანებაში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიეთითა ა(ა)იპ ,,საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის’’ წესდების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტი და „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიასა'' და სპორტულ დირექტორს - ლ. მ.-ეს შორის 2013 წლის 2 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 5.4 პუნქტი. ასევე, გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, კლუბის მთავარი მწვრთნელის - დ. პ.-ის კლუბის ხელმძღვანელობის სახელზე დაწერილი ელექტრონული წერილი.
დადგენილია, რომ ლ. მ.-ეს, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, მოპასუხემ წერილობით განუმარტა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო 2013 წლის 02 ივლისს ა(ა)იპ ,,საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიასა’’ (დირექტორი ზ. კ.-ე) და ლ. მ.-ეს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის” კლუბის დირექტორის 2013 წლის 02 დეკემბრის N7 ბრძანების მართლზომიერების კვლევას ართულებს ის გარემოება, რომ პრაქტიკულად, ბრძანება დასაქმებულის გათავისუფლების ნორმატიულ საფუძველს არ შეიცავს. მიუხედავად ამისა, სასამართლო, რომელმაც ყოველ კონკრეტულ საქმეზე უნდა აღასრულოს მართლმსაჯულება, ვალდებულია თავად იკვლიოს და შეაფასოს სადავო ბრძანების მართლზომიერება შრომით სამართლებრივ სივრცეში მოქმედ ნორატიულ აქტებთან მიმართებაში.
ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ სამართალწარმოებაში შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედების პირობებში, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეებს შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.
პირველ რიგში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კასატორის იმ განმარტებას, რომ ლ. მ.-ე ააიპ „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიის“ სპორტული დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა იმ საფუძვლით, რომ მან არასწორად შეარჩია მოთამაშეები და არასწორად დააკომპლექტა კლუბი, უფლებამოსილების გარეშე მოლაპარაკება აწარმოვა მთავარ მწვრთნელთან და ერთერთ მოთამაშესთან გააფორმა ხელშეკრულება (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები, ტ.2. ს.ფ. 103, 104). ასევე, ყურადსაღებია უშუალოდ ბრძანებაში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ ლ. მ.-ეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (იხ., ბრძანების დადგენილებითი ნაწილი, ტ.1. ს.ფ. 28).
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო პალატას აძლევს ლოგიკური, თანმიმდევრული და დასაბუთებული მსჯელობის საფუძველს მასზედ, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი ბრძანების კანონიერება უნდა შემოწმდეს სადავო ბრძანების გამოცემის პერიოდში მოქმედ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილის „ზ“ პუნქტთან მიმართებაში, რადგან ლ. მ.-ის სამუშაო ადგილიდან გათავისუფლების მომენტისათვის (საქართველოს შრომის კოდექსის 2013 წლის 02 დეკემბრისათვის მოქმედი რედაქცია) მითითებული ნორმა ადგენდა შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ლ. მ.-ეს ედავება ააიპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემია“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც დამსაქმებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს დასაქმებულს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოსაკვლევია განხორციელდა თუ არა ლ. მ.-ესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ნორმის შემადგენლობის სრული დაცვით, რაც თავის მხრივ, ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის” კლუბის დირექტორის 2013 წლის 02 დეკემბრის ბრძანების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველი გარემოებაა.
ამ მიზნით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხ.).
ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, კასატორია (მოპასუხე) ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს ლ. მ.-ის მიერ, მასზე ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტები, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით ლ. მ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძლად იქნება მიჩნეული.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულება, როგორც ზემოთაც აღინიშნა, გამოიხატა შემდეგში:
1) უფლებამოსილების გადამეტებით, გუნდის მთავარ მწვრთნელსა და ერთ–ერთ კალთბურთელთან ხელშეკრულებების გაფორმებაში;
2) სუსტ მოთამაშეებთან ხელშეკრულებების დადებაში, კალათბურთელების შეუსაბამოდ მაღალ ანაზღაურებასა და ბიუჯეტის არასწორ დაგეგმვაში, რამაც დიდწილად გამოიწვია გუნდის წარუმატებლობა.
აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს კასატორის იმ მოსაზრებაზეც, რომ სწორედ ლ. მ.-ის გათავისუფლების შემდგომ მიაღწია კლუბმა წარმატებებს (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები, ტ.2. ს.ფ. 103, 104).
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოთაღნიშნული გარემოებები ვერ განიხილება დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევად. უპირატესად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმის წინასწარ განსაზღვრა თუ სპორტულ შეჯიბრებებში რამდენად წარმატებული იქნება ესა თუ ის გუნდი საკმაოდ რთული შესაფასებელია. საკალათბურთო თამაშის/შეჯიბრის ამა თუ იმ გუნდის სასარგებლო ანგარიშით დასრულება დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, მათ შორისაა, გუნდის წევრებისა და მწვრთნელის პროფესიონალიზმი, თუმცა, მხოლოდ ეს გარემოებაც არაა საკმარისი წარმატების მისაღწევად და ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია გუნდის მთლიანი შემადგენლობა და არა მხოლოდ გუნდის ცალკეული წევრები; ასევე, კონკრეტულ თამაშში არჩეული სტრატეგია; მეტოქის სიძლიერე, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს; თამაშისათვის გუნდის წინასწარი მზადების ხარისხი, რაზედაც გუნდის წევრებთან ერთად პასუხისმგებელია სხვა პირებიც. ამდენად, გუნდის წარუმატებლობა არ შეიძლება მხოლოდ ლ. მ.-ეს შეერაცხოს ბრალად.
ხოლო ის გარემოება გაუფორმდათ თუ არა კონტრაქტები სუსტ კალაბურთელებს, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას, რადგან საკითხი იმის შესახებ სუსტია თუ არა კონტრაქტორი კალათბურთლი განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას. ასე ვთქვათ, ესა თუ ის სპორტსმენი ერთისთვის შესაძლოა ძლიერ მოთამაშედ ითვლებოდეს, ხოლო მეორისთვის კი, - სუსტ მოთამაშედ. შესაბამისად, ლ. მ.-ე კონკრეტულ კალათბურთელთან და მწვრთნელთან კონტრაქტის გაფორმების მომენტში, წინასწარ ვერ განსაზღვრავდა მათი მონაწილეობით საკალთბურთო კლუბი წააგებდა თუ მოიგებდა საკალათბურთო თამაშებს/შეჯიბრებებს.
ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის იმ პრეტენზიას, რომ მოპასუხე ორაგანიზაციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ლ. მ.-ის მიერ გაფორმებული გარიგებების მოწონებას, რაც არასწორად შეფასდა საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 21 ივნისს ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის'' სპორტული დირექტორს ლ. მ.-ესა (დამქირავებელი) და დ. პ.-ს (მთავარი მწვრთნელი) შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მთავარი მწვრთნელის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 4500 აშშ დოლარს. ანაზღაურება განხორციელდა აგვისტოს თვიდან ნოემბრის თვის ჩათვლით და საერთო თანხამ შეადგინა 18 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 37 524,39 ლარი საშემოსავლოს გათვალისწინებით. ასევე, დ. პ.-ის მგზავრობისათვის ავიაბილეთებში გადახდილ იქნა 2632,3 ლარი. დადგენილია ისიც, რომ შსს ,,აკადემიის’’ მთავარმა მწვრთნელმა დ. პ.-მა გუნდი დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე 2013 წლის ნოემბრის ბოლოს. შესაბამისად, იმ გარემოებაზე მითითება, რომ მთავარ მწვრთნელ დ. პ.-თან ხელშეკრულებების გაფორმებით ლ. მ.-ემ დაარღვია შრომითი ხელშეკრულება მოკლებულია ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას, რადგან თუკი მოპასუხე კლუბი თავიდანვე არ ეთანხმებოდა ამ გარიგებას, მაშინ რატომღა უხდიდა იგი აგვისტოს თვიდან ნოემბრის თვის ჩათვლით 18 000 აშშ დოლარს კონტრაქტორს და თავისი გადაწყვეტილებით რატომ არ გაათავისუფლა იგი დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო კალათბურთელ ბ. ჩიკვილაძესთან ხელშეკრულების გაფორმებაზე მითითება კი, იმიტომაცაა უსაფუძვლო, რომ როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი ბ. ჩიკვილაძე ამ დავის სასამართლო განხილვის პერიოდშიც ირიცხებოდა ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის'' გუნდში და იღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხელფასს.
ამდენად, კასატორის მიერ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ლ. მ.-ის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მითითება, მოკლებულია ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დასაქმებულთან ხელშეკრულება გაფორმებული იყო 2014 წლის 01 ივნისამდე და მისი მოქმედების ვადა ექვს თვეში იწურებოდა. შესაბამისად, მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ მისთვის მისაღებ პირთან გაეფორმებინა ხელშეკრულება და მუდმივად არ ყოფილიყო შრომით ურთიერთობაში ლ. მ.-ესთან. აღნიშნული კი, შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის უსაფუძვლობის დამატებითი საფუძველია. საკასაციო პალატის ეს დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, მართალია, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით (მოსარჩელის გათავისუფლების დროისათვის მოქმედი რედაქციით), შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი მუშაკის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევაცაა, თუმცა, ნიშანდობლივია, დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობა. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის.
ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა, ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, არამართლზომიერია დაუსაბუთებელი საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. მ.-ეს არ ჩაუდენია მასზე დაკისრებულ ვალდებულებათა იმგვარი დარღვევა, რომელიც მისთვის გაფრთხილების, დამატებითი ვადის მიცემის ან კიდევ უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება მის მიერ ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იყო.
აქვე, საკასაციო პალატა, მისთვის მინიჭებული ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი ფუნქციიდან გამომდინარე, მიზნაშეწონილად მიიჩნევს წინამდებარე გადაწყვეტილებაში გამოყენებულ ნორმატიულ მასალასთან დაკავშირებით განმარტოს შემდეგი:
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. კანონის აღნიშნული მუხლის დანაწესი იმაზე მიუთითებს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება მხოლოდ მაშინ იქცევა საქართველოს კანონმდებლობის ნაწილად თუ, საქართველოს გაცემული აქვს თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე, რაც შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით, როგორცაა ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, ხელშეკრულებაზე მიერთება, ხელშეკრულების რატიფიცირება და სხვ. („საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი).
ამდენად, საქართველოს თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე აუცილებელია, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილი კომპეტენციის შესაბამისად. ამით კი, სახელმწიფო საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე იღებს პიზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებას უზრუნველყოს კანონით დაცულ სფეროში ჩაურევვლობა (ნეგატიური ვალდებულება) და უფლებათა დასაცავად შეიმუშავოს შესაბამისი ნორმატიული აქტები (პოზიტიური ვალდებულება).
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ეს თავად გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია მითითებული 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო)ფარგლებში 1982 წელს მიღებული N158 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონვენციის სავალდებულოდ აღიარებაზე საქართველოს გაცემული არ აქვს თანხმობა. შესაბამისად, იგი ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელ ნაწილად და მასზე სასამართლოს მიერ მიღებული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის - სახელმწიფოს სახელით მიღებული გადაწყვეტილების, დაფუძნება უმართებულოა.
თუმცა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის გამოყენებულ ძირითად ნორმატიულ აქტებს წარმოადგენდა საქართველოს შრომის კოდექსი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ამიტომ, მოცემული დავის გადაწყვეტის საბოლოო შედეგზე ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტის გამოყენებას ზეგავლენა ვერ ექნება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება იმის თაობაზე, რომ სახეზე იყო ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის” კლუბის დირექტორის 2013 წლის 02 დეკემბრის ბრძანების ბათილობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი სწორი და დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.
კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ „საკალთბურთო კლუბ შსს აკადემიის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე