Facebook Twitter

საქმე №ას-782-739-2015 19 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს.კ.ა. ჯ.ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „თ.ჯ.“ (მოპასუხე)

მესამე პირები: 1. შპს „ნ.“

2. შპს „ვ.ქ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

2. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:

2.1. შპს „თ.ჯ.მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ს.კ.ა. ჯ.ის“ მიმართ, მესამე პირები: შპს „ნ.“ და შპს „ვ.ქ“ და მოითხოვა მოპასუხისათვის 125,200 ლარის გადახდის დაკისრება.

2.2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 2013 წლის 07 აგვისტოს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ,,ვ.ქ.-ს’’ და შპს ,,თ.ჯ.-ს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო შპს ,,ს.კ.ა.ჯ.ის’’ მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით N...605, გაცემული 02.08.2013წ.-ს. შპს ,,ვ.ქ.-ს’’ 2013 წლის 18 ოქტომბრის წერილის საფუძველზე შეწყდა ხელშეკრულების მოქმედება. 2013 წლის 21 ოქტომბერს მოსარჩელემ წერილით მიმართა შპს ,,ს.კ.ა.ჯ.-ს’’ გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად ჩარიცხვის თობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და არ მოახდინა ანგარიშსწორება, რის გამოც, 2013 წლის 06 დეკემბერს მიმართეს განმეორებითი წერილით თანხის ჩარიცხვის თაობაზე. საბანკო გარანტიაში აღნიშნულია, რომ მოპასუხე მხარე კისრულობს ზემოაღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე მოსარჩელის პირველი მოთხოვნისთანავე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოპასუხეს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა საბანკო ანგარიშზე არ ჩაურიცხია.

2.3. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 21 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ,,ნ.-ს’’ და შპს ,,თ.ჯ.-ს’’ შორის. ხელშეკრულების შესრულება ისევე როგორც წინა შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყო შპს ,,ს.კ.ა.ჯ.-ის’’ მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით N...143, გაცემული 21.11.2013 წელს. შპს ,,ნ.-ს’’ მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2013 წლის 06 დეკემბერს შეწყდა ხელშეკრულების მოქმედება. მოსარჩელე მხარემ 2013 წლის 09 დეკემბერს წერილით მიმართა შპს ,,ს.კ.ა.ჯ.-ს’’ გარანტიით გათვალისწინებული თანხის მათ საბანკო ანგარიშზე სრულად ჩარიცხვის თაობაზე. მოსარჩელის მითითებით, საბანკო გარანტიაში აღნიშნულია, რომ მოპასუხე მხარე კისრულობს ზემოაღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე პირველივე მოთხოვნისთანავე. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარემ არ მოახდინა თანხის ჩარიცხვა.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2013 წლის 02 აგვისტოს შპს ,,ს.კ.ა. ჯ.-ს’’ მიერ გაცემული იქნა საბანკო გარანტია შპს ,,ვ.ქ.-ის’’ მიერ ვალდებულების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების შესაბამისად საბანკო გარანტია წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. 2013 წლის 6 ოქტომბერს პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყდა ხელშეკრულება და გარანტისათვის მოთხოვნილი იქნა გარანტიის თანხის გადახდა. 2014 წლის 10 იანვრის შეტყობინებით შპს ,,თ. ჯ.-ს’’ ეთხოვა პრინციპალის მიერ მიყენებული ზიანის დაზუსტება. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების 9.2. პუნქტის მიხედვით პრინციპალის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრულია წარმოდგენილი საბანკო გარანტიის მიზანი, რომელიც უნდა გამოყენებულიყო ზიანის უზრუნველსაყოფად. მატერიალური ზიანის დაკისრების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მისი არსებობის დადასტურება. მოსარჩელის მიერ უნდა დადასტურდეს კონკრეტულად რა სახის მატერიალური ზიანი მიადგა პრინციპალის მიერ განხორციელებული მოქმედებით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და იგი არ შეიძლება დაკმაყოფილდეს.

3.2. მოპასუხის მითითებით, აღნიშნული მოსაზრება გასათვალისწინებელია შპს „ნ.-ს’’ მიმართ არსებული მოთხოვნის შემთხვევაში. შპს „თ.-სა’’ და შპს ,,ნ.-ს’’ შორის მიმდინარეობს სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულება დაირღვა პრინციპალის მიერ და ზიანი იქნა მიყენებული. შპს „ნ.ს“ მიერ პროდუქციის მიტანა განხორციელდა, რომელიც არ იქნა მიღებული ბენეფიციარის მიერ. 2013 წლის 9 დეკემბრის წერილი გადაეგზავნა შპს „ნ.ს“ და დაიწყო ფინანსური რისკის ზარალის რეგულირების პროცედურა. აღნიშნულ პროცესში ცხადი გახდა, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა არ შეესაბამება გარანტიის პირობებს. ვინაიდან არ დატურდება პრინციპალის მხრიდან ხელშეკრულებების პირობების დარღვევის ფაქტი. სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტია გარანტს უნდა წარედგინოს წერილობითი ფორმით და უნდა მიეთითოს რაში მდგომარეობს პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. აღნიშნულ შემთხვევაში, პრინციპალის მიერ გამოგზავნილი შეტყობინება არ შეიცავს არანაირ მითითებას პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. ამასთან, შპს „ნ.-ს“ მხრიდან მტკიცდება, რომ ხელშეკრულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მით უმეტეს, სარჩელით ვერ დასტურდება ზიანი, რომელსაც ადგილი ჰქონდა პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „თ.ჯ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს ,,ს.კ.ა. ჯ.-ს’’ შპს „თ. ჯ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 79800 ლარის გადახდა. შპს „ს.კ.ა.ჯ.-ს“ შპს „თ.ჯ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 45400 ლარის გადახდა.

5. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

5.1. გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში, სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს ,,ს.კ. ა. ჯ.მა’’.

5.2. აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

მოცემული საქმის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.2. 2013 წლის 07 აგვისტოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ,,ვ. ქ.-ს’’ (მიმწოდებელი) და შპს ,,თ.ჯ.-ს’’ (შემსყიდველი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ვ.ქ.-ს” მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა 907920 ლარის ღირებულების 8000 ტონა ტექნიკური მარილი. მიწოდება უნდა მომხდარიყო გრაფიკის შესაბამისად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა მიწოდების ადგილი.

ხელშეკრულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო შპს ,,ს. კ.ა. ჯ.-ის’’ მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით N...605 გაცემული 02.08.2013 წელს, რომლითაც, ს.კ.ა. ჯ.-ი კისრულობს 45400 ლარის გადახდის ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე მოსარჩელის პირველი მოთხოვნისთანავე.

გარანტიის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ამდენად, წარმოდგენილი გარანტია შინაარსობრივად იყო შესრულების გარანტია, რომელიც იცავს ბენეფიციარს ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისაგან.

6.3. დადგენილია, რომ მითითებულ სუბიექტებს შორის შემდეგი პირობებით შედგა შეთანხმება შესრულების საბანკო გარანტიაზე:

- პრინციპალი - შპს ,,ვ.ქ.-ი’’ (მიმწოდებელი)

- ბენეფიციარი - შპს ,,თ.ჯ.-ი’’ (შემსყიდველი), რომლის მოთხოვნის უფლებაც არის უზრუნველყოფილი;

- გარანტი - შპს „ს.კ.ა.ჯ.-ი”;

- ხელშეკრულება, რომლიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველყოფაც მოხდა - 2013 წლის 07 აგვისტოს ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ;

- ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც უზრუნველყოფილია გარანტიით - შპს ,,ვ.ქ.-ის“ ნებისმიერი ვალდებულება (გარანტია არ მიჯნავს ვალდებულებებს). ამასთან, გარანტმა უპირობოდ იკისრა საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე.

- საგარანტიო თანხა - 45 400 ლარი;

- გარანტიის მოქმედების საბოლოო ვადა - 31.12.2013წ.

6.4. 21.10.2013წ.-ს შპს ,,ვ.ქ.-ს’’ და შპს ,,თ.ჯ.-ს’’ შორის 2013 წლის 7 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება შეწყდა შპს ,,ვ.ქ.-ის’’ ინიციატივით, იმის გამო, რომ საწარმო ვერ უზრუნველყოფდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებას საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო.

6.5. 22.10.2013წ.-ს შპს ,,თ.ჯ.-მა’’ შპს ,,ს.კ.ა.ჯ.-ს’’ წარუდგინა მოთხოვნა გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდის თაობაზე, რადგან პრინციპალმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ხოლო 09.12.2013წ.-ს მოპასუხეს წარედგინა ხელმეორე მოთხოვნა.

6.6. შპს ,,ს. კ.ა.ჯ.მა’’ 2014 წლის 10 იანვრის წერილით ბენეფიციარს აცნობა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა 45400 ლარის ფარგლებში პრინციპალის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზარალი და განუმარტა, რომ მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა, რაში გამოიხატებოდა და რამდენს შეადგენდა შპს ,,ვ.ქ.-ის” მიერ მიყენებული ზარალი, რის შემდეგაც გარანტი უზრუნველყოფდა მოსარჩელისათვის გარანტიის თანხის ანაზღაურებას ლიმიტის ფარგლებში.

6.7. 2013 წლის 21 ნოემბერს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს

„ნ.-ს’’ და შპს ,,თ.ჯ.-ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ნ.-ს” მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა 798000 ლარის ღირებულების 7000 ტონა ტექნიკური მარილი. მიწოდება უნდა მომხდარიყო გრაფიკის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 1 თებერვლის ჩათვლით. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა მიწოდების ადგილი.

ხელშეკრულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო შპს ,,ს.კ.ა.ჯ.-ის’’ მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით N..143, გაცემული 21.11.2013 წელს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ს.კ.ა.ჯ.-ი კისრულობს 79800 ლარის გადახდის ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე მოსარჩელის პირველი მოთხოვნისთანავე.

მოთხოვნა წარდგენილი უნდა ყოფილიყო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში. გარანტიის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2014 წლის 05 მარტის ჩათვლით.

წარმოდგენილი გარანტიაც შინაარსობრივად იყო შესრულების გარანტია, რომელიც იცავს ბენეფიციარს ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისაგან.

ამდენად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მითითებულ სუბიექტებს შორის შემდეგი პირობებით შედგა შეთანხმება შესრულების საბანკო გარანტიაზე:

- პრინციპალი - შპს ,,ნ.“ (მიმწოდებელი)

- ბენეფიციარი - შპს ,,თ. ჯ.-ი’’ (შემსყიდველი), რომლის მოთხოვნის უფლებაც არის უზრუნველყოფილი;

- გარანტი - შპს ”ს.კ.ა. ჯ.-ი”;

- ხელშეკრულება, რომლიდან გამომდინარე ვალდებულებების

- უზრუნველყოფაც მოხდა - 21.11.2013წ. ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ;

- ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც უზრუნველყოფილია გარანტიით - შპს ,,ნ.-ს“ ნებისმიერი ვალდებულება (გარანტია არ მიჯნავს ვალდებულებებს). ამასთან, გარანტმა უპირობოდ იკისრა საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე.

- საგარანტიო თანხა - 79 800 ლარი;

- გარანტიის მოქმედების საბოლოო ვადა - 05.03.2014წ..

6.8. ამასთან, დადგენილად იქნა მიჩნეული, შპს ,,ნ.-ს” მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტი. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ნ.-ს” საქონლის მიწოდება უნდა განეხორციელებინა გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების დანართის თანახმად (ტ. I, ს.ფ. 34), პრინციპალს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 7000 ტონიდან პირველი ნაწილი, 1000 ტონა უნდა მიეწოდებინა 2013 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით. უდავოა, რომ პრინციპალმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ მიაწოდა მოსარჩელეს 1000 ტონა მარილი. შპს ,,ნ.-ს” განმარტებით, მან მოსარჩელეს პირველი ნაწილი მიაწოდა 2013 წლის 6 დეკემბერს, ამასთან არა 1000 ტონა, არამედ 265 ტონა.

6.9. 2012 წლის 06 დეკემბერს შპს ,,ნ.-ს’’ მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელემ უარი თქვა ხელშეკრულებაზე, ხოლო 09 დეკემბერს წარუდგინა მოთხოვნა შპს ,,ს.კ.ა.ჯ.-ს’’ გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე სრულად ჩარიცხვის თაობაზე.

6.10. შპს „ს.კ.ა.ჯ.-მა” უარი განაცხადა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ბენეფიციარისთვის გადახდაზე იმის გამო, პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობები არ დარღვეულა და მოსარჩელემ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, შესაბამისი საფუძვლების არსებობის გარეშე შეწყვიტა ხელშეკრულება.

6.11. გარანტი, როგორც 02.08.2013 წ. №...605 საბანკო გარანტით, ისე 21.11.2013წ. №...143 საბანკო გარანტით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე უარს არ აცხადებდა არც ერთი ისეთი საფუძვლით, როგორიცაა: მოთხოვნის შეუსაბამობა გარანტიის პირობებთან და/ან, რომ მოთხოვნა გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. იგი უთითებდა, რომ შპს „ნ.-ს“ შემთხვევაში, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევა იყო უმნიშვნელო და შპს „თ. ჯ.-მა“ არამართლზომიერად მოშალა ხელშეკრულება. რაც შეეხება შპს „ვ.ქ.-ს“, შპს „ვ.ქ.-მა“ წერილობით მიმართა ბენეფიციარს და განუმარტა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ტექნიკური მარილის ფასის ზრდის გამო ვერ შეძლებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რითაც თავიდან იქნა აცილებული ის რეალური ზიანი, რასაც პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევდა.

6.12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან ს. ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტები დიდ ყურადღებას უთმობენ სხვადასხვა რისკების თავიდან აცილებას. რისკების შესამცირებლად გამოიყენება სხვადასხვა უზრუნველყოფის საშუალებები. აქცესორული უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენების დროს (მაგ.: თავდებობა) შესაძლებელია კრედიტორის წინააღმდეგ ყველა იმ შესაგებლის წარდგენა, რაც მოვალეს აქვს. ეს კი კრედიტორისათვის ნიშნავს ისეთ სასამართლო პროცესში ჩაბმას, რომელსაც მისთვის დიდი რისკი და უხერხულობა ახლავს, რადგან საკითხი ეხება სხვა პირის (პირადი მოვალე) მხრიდან ვალდებულების შესრულება-არშესრულების, არაჯეროვანი შესრულების საკითხების კვლევას. სწორედ ამგვარი სიძნელეების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა დამოუკიდებელი გარანტიების ინსტიტუტი, რომელთაც ძირითადად გასცემენ ფინანსურად ისეთი საიმედო და მდგრადი ინსტიტუტები, როგორიცაა ბანკები და ს. კომპანიები. დამოუკიდებელი გარანტიების რეგულირების კუთხით მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დადგენილი უნიფიცირებული წესები მოთხოვნამდე გარანტიებზე, ე.წ. პუბლიკაცია N458 (ICC Guiding Rules for Demand Guarantees URDG 758), რომლის მე-2 მუხლი ასევე განსაზღვრავს მის არააქცესორულ ბუნებას.

თუმცა, მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ: 1.ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს; 2.მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში. მითითებული წესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ.

ამდენად, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის სახის და ხარისხის კვლევა გარანტის მხრიდან გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიით შეთანხმებული მოთხოვნის ან თანდართული დოკუმენტების წარდგენის პირობების დაცვის კვლევის ფარგლებში, ანუ ფორმალური სახით (დოკუმენტების გარეგნული შესაბამისობის დადგენა). სწორედ ამიტომ უწოდებენ კომერციულ პრაქტიკაში საბანკო გარანტიას ე.წ. დოკუმენტურ ოპერაციას.

მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ს.კ.ა.ჯ.-ის’’ მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით №...605 გაცემული 02.08.2013 წელს, ს.კ.ა.ჯ.-ი კისრულობდა 45400 ლარის გადახდის ვალდებულებას მიმწოდებლის (შპს „ვ.ქ.“) მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე მოსარჩელის პირველი მოთხოვნისთანავე (ტ. I, ს.ფ. 21).

შპს ,,ს.კ.ა.ჯ.-ის’’ მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში №..143, გაცემული 21.11.2013 წელს, აღნიშნული იყო, რომ ს.კ.ა. ჯ.ი კისრულობდა 79800 ლარის გადახდის ვალდებულებას მიმწოდებლის (შპს „ნ.“) მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე მოსარჩელის პირველი მოთხოვნისთანავე (ტ. I, ს.ფ. 35).

ერთადერთი პირობა, რაც თანხის გაცემის სავალდებულო წინაპირობად საბანკო გარანტიებით განისაზღვრა, იყო მოთხოვნის წარდგენა ვადაში. მოთხოვნის წარდგენის რაიმე სპეციალურ პირობებზე მხარეები არ შეთანხმებულან.

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, რადგან მოცემულ შემთხვევაში, თავად გარანტია რაიმე სპეციალურ პირობას არ ადგენდა და არც უარი თანხის გაცემაზე ამ კუთხით დასაბუთებული არ იყო, სააპლაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პრინციპალის ვალდებულებების დარღვევის მიზეზების კვლევის დადგენის საჭიროება.

განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო როგორც უზრუნველყოფილი ვალდებულების დარღვევა და საბანკო გარანტიით თანხის მოთხოვნის წინაპირობის დადგომა, ასევე ბენეფიციარის მიერ გარანტისათვის მოთხოვნის გარანტიით შეთანხმებულ ვადაში წარდგენა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანად იქნა მიჩნეული ბენეფიციარის მოთხოვნა გაცემული საბანკო გარანტიების ფარგლებში, მოთხოვნილი თანხის ანაზრაურების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 888-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია.

მოცემულ შემთხვევაში 02.08.2013 წ. №..605 გარანტია გაცემული იყო 45400 ლარზე, ხოლო 21.11.2013 წ. №..143 საბანკო გარანტია 79800 ლარზე. განსახილველ შემთხვევაში ბენეფიციარის მიერ მოთხოვნა სწორედ ამ ოდენობით იყო წარდგენილი.

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი და შპს ,,ს.კ.ა.ჯ.ს’’ შპს ,,თ.ჯ.ის’’ სასარგებლოდ დააკისრა 21.11.2013წ. №...143 საბანკო გარანტით გათვალისწინებული საგარანტიო თანხის - 79800 ლარის და 02.08.2013 წ. №...605 საბანკო გარანტით გათვალისწინებული საგარანტიო თანხის - 45400 ლარის გადახდა.

არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

7. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები:

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. კომპანია ა. ჯ.მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასათანადოდ შეაფასა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი სიკეთე, გარანტსა და ბენეფიციარს შორის ურთიერთობის შინაარსი, მისი პირობები და გარანტის ვალდებულების ფარგლები.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი“, როგორც მოცემულ ვითარებაში, სპეციალური ნორმა. მისი კანონის გამოყენების შემთხვევაში, საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

კასატორი მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლი ადგენს საბანკო გარანტიის დამოუკიდებელ ბუნებას და ამ დამოუკიდებლობიდან გამომდინარე ბენეფიციარსა და გარანტს შორის ურთიერთობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გარანტიის ფარგლებს. იგი ყურადღებას ამახვილებს ასევე სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველ ნაწილზე, როგორც გარანტის ვალდებულებაზე, არ დააკმაყოფილოს ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში.

კასატორი განმარტავს, რომ შპს „თ.ჯ.-სა“ (ბენეფიციარი) და შპს „ვ.ქ.-ს“ (პრინციპალი), ასევე შპს „თ.ჯ.-სა“ და შპს „ნ.-ს“ (პრინციპალი) შორის გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბენეფიციარის სატენდერო მოთხოვნითა და პრინციპალთა მიმართვების საფუძველზე, ს.კ.ა.ჯ.-ის“ (გარანტი) მიერ გაიცა საბანკო გარანტიები (შესაბამისად №...400 ლარის ოდენობის საგარანტიო ლიმიტით; ...43, – 79 800 ლარის ოდენობის საგარანტიო თანხის ლიმიტით).

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად გარანტის მოთხოვნის გამოყენების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №9, 07.04. 11 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ დებულების 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი) რომლის შესაბამისადაც, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოქმედების ვადა, გარანტიიდან ან დაზღვევიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ან ამ ვალდებულებების გაუქმების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.

მოცემულ ვითარებაში, ორივე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ გარანტიას უნდა უზრუნველეყო პრინციპალის მიერ (ბრალით) ხელშეკრულების შეუსრულებლობის შედეგად ბენეფიციარისათვის მიყენებული ზიანი (შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში). კასატორის მოსაზრებით ბენეფიციარმა ვერ უზრუნველყო საკუთარ მოთხოვნასთან მიმართებაში მიყენებული ზიანის სახისა და მოცულობის, ბრალეულობისა და მიზეზობრივი კავშირის განსაზღვრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ზიანის განსაზღვრისას გარანტი ვალდებულია იხელმძღვანელოს პირის ბრალეულობის, მიზეზობრივი კავშირისა და ზიანის დადგომაში კრედიტორის ბრალის შესახებ სამოქალაქო კოდექსის ნორმებით, ამასთან ერთად, იგი დამატებით მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილსა და ამავე კოდექსის 115-ე, 319-ე, მუხლებზე.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე №2ბ/3773-14) და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება არსებული სასმართლო პრაქტიკისაგან და ამდენად, იგი მნიშვნელოვანია პრაქტიკის განვითარების თვალსაზრისით.

მოხმობილი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არამართლზომიერია მოთხოვნის დაკმაყოფილება თუ იგი არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, შესაბამისად, გარანტი ვალდებულია შეამოწმოს ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძვლები. ბენეფიციარის უსაფუძვლო მოთხოვნის დაკმაყოფილება არა მხოლოდ ეწინააღმდეგება კანონს, არამედ გამორიცხავს შემდგომში რეგრესის წესით მოთხოვნის შესაძლებლობას პრინციპალების მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ შპს „თ. ჯ.ის“ მოთხოვნა შეუსაბამოა საგარანტიო პირობებთან და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

8. საკასაციო პალატის დასკვნები:

8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

8.2. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

8.3. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების არსებობა.

კასატორის პოზიცია გარანტორის მხრიდან ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების წინაპირობების არარსებობას ეფუძნება, რაც საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია და განმარტავს, რომ გარანტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი უარი თქვას ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე თუ, მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ (სამოქალაქო კოდექსი 887-ე მუხლი), რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ გვაქვს სახეზე. კერძოდ, მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ გარანტი, როგორც 02.08.2013წ.-ის №...605 საბანკო გარანტით, ისე 21.11.2013წ.-ის №...143 საბანკო გარანტით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე უარს არ აცხადებდა არც ერთი ისეთი საფუძვლით, როგორიცაა: მოთხოვნის შეუსაბამობა გარანტიის პირობებთან და/ან, რომ მოთხოვნა გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად გარანტი მხოლოდ იმაზე უთითებდა, რომ შპს „ნ.-ს“ შემთხვევაში, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევა იყო უმნიშვნელო და შპს „თ.ჯ.-მა“ არამართლზომიერად მოშალა ხელშეკრულება. რაც შეეხება შპს „ვ.ქ.-ს“, შპს „ვ.ქ.-მა“ წერილობით მიმართა ბენეფიციარს და განუმარტა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ტექნიკური მარილის ფასის ზრდის გამო ვერ შეძლებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რითაც თავიდან იქნა აცილებული ის რეალური ზიანი, რასაც პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევდა.

8.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან ს. ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი). საბანკო გარანტია უნდა აკმაყოფილებდეს ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ: 1. ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს; 2.მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში. მითითებული წესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ს.კ.ა.ჯ.-ის’’ მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით №...605 გაცემული 02.08.2013 წელს, ს.კ.ა.ჯ.-ი კისრულობდა 45400 ლარის გადახდის ვალდებულებას მიმწოდებლის (შპს „ვ.ქ.“) მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე მოსარჩელის პირველი მოთხოვნისთანავე. ხოლო საბანკო გარანტიაში №...143, გაცემული 21.11.2013 წელს, აღნიშნული იყო, რომ ს.კ.ა.ჯ.-ი კისრულობდა 79800 ლარის გადახდის ვალდებულებას მიმწოდებლის (შპს „ნ.“) მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე მოსარჩელის პირველი მოთხოვნისთანავე. ერთადერთი პირობა, რაც თანხის გაცემის სავალდებულო წინაპირობად საბანკო გარანტიებით განისაზღვრა, იყო მოთხოვნის წარდგენა ვადაში. მოთხოვნის წარდგენის რაიმე სპეციალურ პირობებზე მხარეები არ შეთანხმებულან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ უარი საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებლების შესრულებაზე მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს.

8.5. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულების სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

8.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6260 ლარის 70% – 4382 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „ს.კ.ა.ჯ.-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ს.კ.ა.ჯ.-ს“ დაუბრუნდეს 2015 წლის 09 ივლისს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6260 ლარის) 70% – 4382 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე