Facebook Twitter

საქმე №ას-795-751-2015 21 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. გ.-ვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ. ბ.-ვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 05 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

II. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:

1. მოპასუხე თ. გ.-ვილისათვის, მოსარჩელე რ. ბ.-ვილის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების გადახდის დაკისრება 1800 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 2012 წლის აგვისტოს თვეში, მხარეთა მიერ დაიდო ზეპირი შრომითი ხელშეკრულება ე.წ. „საქეიფოს” ასაშენებლად. რ. ბ.-ვილმა სათანადოდ შეასრულა ნაკისრი შრომითი ვალდებულება, მან ააშენა შეთანხმებული ნაგებობა, რომელშიც შემდგომ მოპასუხის მითითების საფუძველზე, სახურავის ასამაღლებლად, გარკვეული სამუშაოს შესრულება გახდა საჭირო, სახელდობრ, კედლისათვის სიმაღლის მომატება, სახურავის დაშლა და მისი ხელახლა აწყობა (ნაგებობის ხელახლა გადახურვა). მოპასუხე თ. გ.-ვილმა მას გადაუხადა თავიდან შეთანხმებული გასამრჯელო, ხოლო დამატებით შესრულებული სამუშაოსათვის კუთვნილი თანხა სრულად არ გადაუხადა, კერძოდ, მოსარჩელე რ. ბ.-ვილს მოპასუხისგან მისაღები დარჩა 1800 ლარი (ხელზე ასაღები), რის გადახდაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა.

III. მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

4. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე რ. ბ.-ვილმა, თ. გ.-ვილის საკუთრებაში არსებულ, დაბა წყნეთში მდებარე მიწის ნაკვეთზე ააშენა ე.წ. ფარდული. თ. გ.-ვილის ძმამ დ. გ.-ვილმა და მეგობარმა ნ. ქ.-ვილმა მას სრულად გადაუხადეს სამშენებლო სამუშაოების წინასწარ შეთანხმებული სრული თანხები - 3200 ლარი და 300 ლარი, ჯამში - 3500 ლარი. მოსარჩელის მიერ შემდგომში მოთხოვილი თანხა - 1800 ლარი, მხარეების მიერ არ ყოფილა განსაზღვრული. ამ თანხაზე შეთანხმებას მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს. მოპასუხე არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ მოთხოვილი 1800 ლარი მას ეკუთვნის, დამატებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების, სამუშაოს მოცულობის კვადრატული მეტრობით დაანგარიშების საფუძველზე. მოპასუხე განმარტავს, რომ სადავო თანხა მხარეთა შორის შეთანხმებული არ ყოფილა.

IV. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ბ.-ვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თ. გ.-ვილს რ. ბ.-ვილის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1200 (ათას ორასი) ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

V. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

6. გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში, სააპელაციო საჩივარი წარადგინა თ. გ.-ვილმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით რ. ბ.-ვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

VI. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარ.ლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 05 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

8. მოცემული საქმის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ რ. ბ.-ვილი არის ხელოსანი, რომელიც ასრულებს სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოებს, მათ შორის, შენობის აგებას, გადახურვას და ა.შ.

9. რ. ბ.-ვილი და მოპასუხე თ. გ.-ვილი რამდენიმე წელია ერთმანეთს იცნობენ. მათი ნაცნობობა და ერთმანეთის მიმართ დადებითი და ნდობაზე დამყარებული დამოკიდებულება უკავშირდება რ. ბ.-ვილის მიერ, თ. გ.-ვილისათვის, გარკვეული სახის სამშენებლო სამუშაოების ჯეროვნად შესრულებას, თ. გ.-ვილის მხრიდან კი, შესრულებული სამუშაოს ღირებულების სრულად და დროულად ანაზღაურებას.

10. 2013 წლის ზაფხულში, მოპასუხე თ. გ.-ვილმა გადაწყვიტა თავის აგარაკზე, დაბა წყნეთში, ეზოში აეშენებინა სახლისგან დამოუკიდებელი, ნაწილობრივ ღია ნაგებობა, ე.წ. „ფარდული“, ეზოში სტუმრების მისაღებად. ვინაიდან მოპასუხე იყო დაკავებული, უდროობის გამო, მან ამ საკითხის მოგვარება, რ. ბ.-ვილთან დალაპარაკება, სამშენებლო პროცესში ჩართულობა, ზედამხედველობა, მშენებლობის სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფა და ა.შ. დაავალა მეგობარ ნ. ქ.-ვილს და ძმა დ. გ.-ვილს.

11. 2013 წლის აგვისტოს თვის დასაწყისში, ნ. ქ.-ვილი თ. გ.-ვილის სახელით დაუკავშირდა მოსარჩელე რ. ბ.-ვილს, რის შემდეგ, ნ. ქ.-ვილი, დ. გ.-ვილი და რ. ბ.-ვილი მივიდნენ დაბა წყნეთში, თ. გ.-ვილის აგარაკზე, განსაზღვრეს შენობის აგების ადგილი, შენობის პარამეტრები. დადგინდა, რომ შენობა იქნებოდა ნაწილობრივ ღია (წინა მხარეს) და მის საყრდენ კედლად უნდა გამოყენებულიყო ღობე მისი გამაგრების საფუძველზე.

12. მოლაპარაკების დროს, მოსარჩელე რ. ბ.-ვილმა, შესასრულებელი სამუშაოს ანაზღაურების მიზნით მოითხოვა 2500 ლარის გადახდა, რაზეც დ. გ.-ვილი (მოპასუხის ძმა) დათანხმდა.

13. მშენებლობის პროცესში სისტემატურად იყვნენ ჩართული ნ. ქ.-ვილი და დ. გ.-ვილი. გზადაგზა, მოსარჩელე მათთან ათანხმებდა მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ნ. ქ.-ვილი სამშენებლო მასალებით ამარაგებდა მოსარჩელეს, დ. გ.-ვილი კი, ახორციელებდა მასთან ფინანსურ ანგარიშსწორებას.

ნაგებობის გადახურვის დაწყებამდე, მოსარჩელემ, თ. გ.-ვილის სახელით მოქმედ პირებთან: დ. გ.-ვილთან და ნ. ქ.-ვილთან შეათანხმა კედლის სიმაღლე. ორივე დაეთანხმა არსებული კედლის სიმაღლეს, რის შემდეგ შენობა გადაიხურა.

14. მოპასუხის ძმამ - დ. გ.-ვილმა მოსარჩელე რ. ბ.-ვილს სრულად გადაუხადა შეთანხმებული თანხა - 2500 ლარი.

15. მშენებლობის დასრულების შემდეგ, შენობა ნახა მოპასუხემ, რომელმაც არ მოიწონა სახურავის სიმაღლე, დაიწუნა მისი სახელით მოქმედი პირებისა და მოსარჩელის შეთანხმებით განსაზღვრული კედლის სიმაღლე და მიიჩნია, რომ სახურავს უნდა ჰქონოდა მეტი სიმაღლე და შესაბამისად, დახრა, უკანა კედლის ამაღლების ხარჯზე.

16. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მოპასუხის პოზიციასთან შესაბამისობაში მოიყვანდა შენობას: იგი კედელს აამაღლებდა (დააშენებდა), რაც გამოიწვევდა სახურავის ამაღლებას და მის დახრას. მოსარჩელემ თავიდან კედელი აამაღლა 0,5 მეტრით, რადგან ასეთი იყო მოპასუხის მითითება. ამ ცვლილებისას საჭირო არ გამხდარა სახურავის დაშლა. მოპასუხე თ. გ.-ვილმა კვლავ დაიწუნა სახურავის (შესაბამისად, კედლის) სიმაღლე და ითხოვა მისი ამაღლება კიდევ ერთი მეტრით. მორიგმა ცვლილებამ განაპირობა სახურავის დაშლა და მისი ხელახლა აწყობა, ვინაიდან, უკანა კედლის სიმაღლის აწევასთან ერთად, სახურავის დამჭერი ხის ე.წ. „ბალკები“ მოკლდებოდა, საჭირო გახდა კრამიტის დამატებაც. ერთიდაიმავე სახისა და ფაქტურის კრამიტის არასაკმარისობის გამო, მოსარჩელემ, მოპასუხის თანხმობით, ამ უკანასკნელის სახლის სახურავიდან მოხსნა კრამიტის გარკვეული რაოდენობა და მათ ნაცვლად, სახურავის შესაბამისი ნაწილი გადახურა თუნუქით.

17. მოპასუხე თ. გ.-ვილმა, ძმის - დ. გ.-ვილის მეშვეობით, მოსარჩელეს დამატებითი სამუშაოებისათვის, კერძოდ, სახლის სახურავიდან კრამიტის აღებისა და მისი თუნუქით დახურვისათვის, გადაუხადა - 700 ლარი, ხოლო კედლის ამაღლებისათვის - 300 ლარი.

მოსარჩელეს გადახდილი თანხა ეცოტავა და სიტყვიერად, შემდეგ კი, წერილობით მოითხოვა მისთვის დამატებით 1800 ლარის გადახდა. აღნიშნული მოთხოვნა მოპასუხემ უპასუხოდ დატოვა.

18. მოსარჩელის განმარტებით, ე.წ. „ფარდულის“ სახურავი დაახლოებით 100მ2 მეტრია (17მ2 X 6მმ), რომელიც მოიცავს დაახლოებით 2000 ცალ კრამიტს. 1მ2 სახურავის დაშლის ღირებულება შეადგენს საშუალოდ 5 ლარს, ხოლო 1მ2 სახურავის აწყობის (დახურვის) ღირებულებაა, საშუალოდ 15-25 ლარი. მოპასუხეს შესრულებულ სამუშაოთა სხვა ღირებულებაზე არ მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულება წარუდგენია სასამართლოსთვის სამუშაოთა ღირებულების სხვაგვარად განსაზღვრის შესახებ.

19. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მოპასუხისაგან არ ითხოვს სახურავის დაშლის ღირებულებას. იგი ითხოვს მხოლოდ სახურავის ხელახლა აწყობის (შენობის ხელახლა გადახურვის) ღირებულებას. მოსარჩელე სამუშაოს შესრულებისას, 1მ2 სახურავის აწყობისათვის თავის შრომას აფასებს 18 ლარად, რის გამოც, ითხოვს მოპასუხისგან 1800 ლარის (100მ2 X 18 ლარზე) გადახდას.

20. სააპელაციო პალატამ მხარეთა განმარტებების საფუძველზე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სახურავის ხელახლა აწყობის სამუშაოს ღირებულება მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა.

21. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა გამომდინარეობდა არა შრომითსამართლებრივი, არამედ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ რ. ბ.-ვილმა ზეპირი ხელშეკრულებით, ანაზღაურების სანაცვლოდ იკისრა თ. გ.-ვილისათვის მარანის მოწყობის ვალდებულება.

პალატამ განმარტა, რომ ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მენარდის შრომის შედეგი. მენარდე ქონებრივად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია შემკვეთისაგან და მას არ ექვემდებარება. რაც შეეხება შრომის ხელშეკრულებას, ის სხვა ვალდებულებით სამართლებრივი ხელშეკრულებისაგან „ქვემდებარეობის“ პრინციპის მოქმედებით განსხვავდება. შრომის ხელშეკრულების ფარგლებში დაქირავებული ვალდებულია სამუშაო შეასრულოს დამქირავებლის მითითების შესაბამისად, რის სანაცვლოდ, დამქირავებელი ვალდებულია, მას გადაუხადოს შესაბამისი ანაზღაურება. დასაქმებული ვალდებულია სამუშაო შეასრულოს პირადად, დაქვემდებარებულ მდგომარეობაში. დასაქმებული შებოჭილია დამსაქმებლის მითითებებით. იგი სამუშაოს ასრულებს შრომის შინაგანაწესის მიხედვით. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. იმავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს. შესაბამისად, დასაქმებული არის პირი, რომელიც ვალდებულია იმყოფებოდეს სხვის სამსახურში, ხოლო ასეთი ვალდებულება, გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, დასაქმებულის დაქვემდებარებას დამსაქმებელზე. ქვემდებარეობის პრინციპი შრომითი ხელშეკრულების ძირითადი მახასიათებელი ნიშანია.

22. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება.

განსახილველ შემთხვევაში, ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებით იყო მოსალოდნელი.

მოცემულ შემთხვევაში, სახურავის ხელახლა მოწყობის სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა მხარეთა შორის შეთანხმებული არ ყოფილა. ასევე, არ დასტურდება კონკრეტული სახის სამუშაოს ანაზღაურებისათვის მყარად დადგენილი სატარიფო განაკვეთების არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, მხარეთა შორის შეთანხმებულად უნდა მივიჩნიოთ შესრულებული სამუშაოს ჩვეულებრივი ანაზღაურება.

დადგენილია, რომ თ. გ.-ვილს რ. ბ.-ვილისთვის მარნის სახურავის ხელახლა მოწყობისთვის სამუშაოს ღირებულება არ გადაუხდია.

კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე, შენობის ხელახლა გადახურვის სამუშაოს ღირებულებას განსაზღვრავდა 1800 ლარით, ვინაიდან საკითხი ეხებოდა არა შენობის თავდაპირველ გადახურვას, არამედ, ამ სამუშაოს ხელახლა შესრულებას, რაც მოითხოვდა უფრო ნაკლებ დროსა და ენერგიას, მოსარჩელის მიერ შენობის ხელახალი გადახურვა მართებულად შეფასდა ღირებულების მოთხოვნილ ოდენობაზე გონივრულად დაბალი ფასით, კერძოდ, 12 ლარით 1მ2 სახურავის ხელახლა მოწყობისათვის, რაც პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მიჩნეულ უნდა იქნეს შესრულებული სამუშაოს ჩვეულებრივ ანაზღაურებად, შესაბამისად, მოსარჩელეს შენობის ხელახალი გადახურვისათვის, მოპასუხისგან მისაღები აქვს ჯამში - 1200 ლარი.

VII. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ.-ვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

24. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში, კასატორი სადავოდ არ ხდის მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სამართლებრივ კვალიფიკაციას.

25. კასატორი არ ეთანხმება მენარდის მიერ ხელახალი გადახურვითი სამუშაოების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე სასამართლოს დასკვნას და მიაჩნია, რომ ამგვარი სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულება შემკვეთს არ წარმოეშობოდა გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი „ფარდულის“ გადახურვის შემდეგ ადგილი არ ჰქონია ე.წ. ხის ბალკების ჩამოღუნვას. ნარდობის ხელშეკრულების ნორმებიდან გამომდინარე კი, არსებითი ნაკლის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება მენარდეს, რადგან მასალა მან შეარჩია და მასალის უხარისხობაზე მენარდეს დამკვეთი არ გაუფრთხილებია.

26. კასატორის მოსაზრებით, საქმის განმხილველი სასამართლო გასცდა მენარდე რ. ბ.-ვილის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. კერძოდ, მენარდე დამატებითი ორ კვირიანი მუშაობისთვის ითხოვდა 1 800 ლარს, ხოლო დამკვეთმა მენარდეს დათქმული 2 500 ლარის გარდა გადაიხადა დამატებით 1000 ლარი. კასატორის განმარტებით, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ 1მ2 სახურავის მოწყობის ღირებულება შეადგენს 15-25 ლარს, თუმცა საქმეში არ მოიპოვება ამის დამდასტურებელი არც აუდიტის, არც ექსპერტისა და არც მოწმის სახით დაკითხული კომპეტენტური სპეციალისტის დასკვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

28. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

29. კასატორი სადავოდ არ ხდის მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის ნარდობად კვალიფიკაციას, სწორედ ამიტომ საკასაციო პალატა მითითებულ სამართლებრივ საკითხზე ყურადღებას არ შეაჩერებს.

30. კასატორი სადავოდ ხდის მენარდის მიერ დამატებით შესრულებული სამუშაოების, კერძოდ, ხელახლა გადახურვის სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების დაკისრებას. კასატორი ამგვარი სამუშაოების ანაზღაურების გამომრიცხველ საფუძვლად იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ ამგვარი სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულება შემკვეთს არ წარმოეშობოდა, რადგან, როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი „ფარდულის“ გადახურვის შემდეგ ადგილი არ ჰქონია ე.წ. ხის ბალკების ჩამოღუნვას. ნარდობის ხელშეკრულების ნორმებიდან გამომდინარე კი, არსებითი ნაკლის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება მენარდეს, რადგან მასალა მან შეარჩია და მასალის უხარისხობაზე მენარდეს დამკვეთი არ გაუფრთხილებია.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორს მიაჩნია, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მენარდისათვის ასანაზღაურებული სამუშაოების ღირებულება და შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, დააკისრა შემკვეთს 2200 ლარი.

კასატორის პრეტენზიასთან მიმართებაში, საკასაციო პალატა პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. „ფარდულის“ სახურავი დაახლოებით 100მ2 მეტრია (17მ2 X 6მმ), რომელიც მოიცავს დაახლოებით 2000 ცალ კრამიტს. მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა მხოლოდ სახურავის ხელახლა აწყობის (შენობის ხელახლა გადახურვის) ღირებულება. მოსარჩელე სამუშაოს შესრულებისას, 1მ2 სახურავის აწყობისათვის თავის შრომას აფასებს 18 ლარად, რის გამოც, ითხოვს მოპასუხისაგან 1800 ლარის (100მ2 X 18 ლარზე) გადახდას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების მოქმედების შედეგად, ფაქტების მითითების (მტკიცების საგანი), ასევე მათი დამტკიცების (მტკიცების ტვირთი) ვალდებულება ეკისრებათ დავის მონაწილე მხარეებს. სასამართლო თავისი ინიციატივით, მხარეთა მითითების გარეშე, არ იკვლევს ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, კასატორის (მოპასუხე) მიერ მითითებული გარემოება ასანაზღაურებელი სამუშაოების ღირებულების განსაზღვრასთან და აგრეთვე, იმასთან მიმართებით, რომ მენარდის მხრიდან გამოსწორდა შესრულებული სამუშაოს ნაკლი, რაც პრაქტიკულად, გამორიცხავს მისი მხრიდან მითითებული სამუშაოების ანაზღაურების ვალდებულებას, წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას, რომელი გარემოებაც კასატორს (მოპასუხეს) სადავოდ არ გაუხდია შესაგებელში და აღნიშნულზე არც სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მიუთითებია. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ საკასაციო სასამართლო შეზღუდულია ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითებისა და გამოკვლევის პროცესუალური შესაძლებლობით (საპროცესო კოდექსის 407-ე მუხ.), ამიტომ კასატორის მიერ მითითებულ გარემოებას, საკასაციო პალატა ვერ გამოიკვლევს.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც შეეხება ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დაკისრების სამართლებრივ საკითხებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. თ. გ.-ვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ თ. გ.-ვილს დაუბრუნდეს გ. დ.-ვილის ჯ. ე.-ის მიერ 2015 წლის 03 აგვისტოს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% –210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე