საქმე №ას-820-771-2015 23 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ჩ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ. ბანკი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე _ ნ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სს „ლ. ბანკმა“ (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა ლ. ჩ-ისა და ნ. კ-ისათვის (შემდგომში _ მოპასუხეები) მოსარჩელესა და ლ.ჩ-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულბიდან გამომდინარე დავალიანების _ 11 030,28 ლარის, სარგებლის _ 749,19 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 108,62 ლარის სოლიდარულად დაკისრება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
ნ. კ-ემ სარჩელი არ ცნო, ხოლო ლ. ჩ-ი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების _ 11 030,28 ლარის, სარგებლის _ 749,19 ლარისა და ჯარიმის _ 108,62 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.ჩ-მა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების გადადება, ასევე, აღსრულების განაწილვადება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება:
5.1.1. სააპელაციო პალატის განმარტებით, სხდომაზე წარდგენილ იქნა აპელანტის განცხადება სხდომის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სხდომის დღეს, ის მუშაობდა რა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციაში, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იმყოფება ცვლაში 9:00 საათიდან 21:00 საათამდე.
5.1.2. აპელანტისთვის სხდომის თაობაზე ცნობილი იყო, რასაც ადასტურებდა მის მიერ წარდგენილი განცხადება.
5.1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ გამოუცხადებელ მხარეს უნდა ჰქონდეს საამისოდ საპატიო მიზეზი. მოცემულ შემთხვევაში, განცხადებას არ ახლდა მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. აპელანტს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, განცხადებისთვის დაერთო ცნობა იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად მუშაობდა საპატრულო პოლიციაში და რომ სხდომის დღეს ნამდვილად ცვლაში იმყოფებოდა, რაც მას არ წარუდგენია. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობა არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული საპატიოდ.
5.1.4. სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე, 372-ე მუხლების, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რადგანაც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა არ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, არამედ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. ჩ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:
გასაჩივრებული განჩინება არასწორია, რადგანაც სასამართლო სხდომამდე აპელანტმა წარადგინა განცხადება და ითხოვა საქმის განხილვის გადადება იმ საფუძვლით, რომ 2015 წლის 1 ივლისიდან მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, სასამართლო სხდომის დღეს ცვლაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. სასამართლო სხდომის თაობაზე აპელანტს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით და მას ოფიციალური დოკუმენტი (უწყება) არ გააჩნდა, რათა ხელმძღვანელობისათვის ეთხოვა სამუშაოდან გათავისუფლება. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით აპელანტმა ითხოვა, როგორც სხდომის სხვა დროისათვის გადადება, ისე უწყების გაგზავნა, რათა შემდგომში მსგავსი სიტუაცია თავიდან ყოფილიყო აცილებული, თუმცა სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით დაირღვა სამართლიანი სასამართლო უფლება, რადგანაც აპელანტი მოვალეობათა კოლიზიაში იმყოფებოდა, რის შესახებაც წინასწარ აცნობა სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ლ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით 2015 წლის 9 ივლისს, 11:00 საათზე დაინიშნა ლ.ჩ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა;
1.2.2. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტის თანახმად, 2015 წლის 10 ივნისს, 12:36 საათზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობა აპელანტს სასამართლოს სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, ასევე განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები;
1.2.3. 2015 წლის 8 ივლისს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და ითხოვა სხდომის სხვა დროისათვის გადადება იმ მოტივით, რომ მუშაობა დაიწყო საპატრულო პოლიციაში და 9 ივლისს ცვლაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ამავე განცხადებით მხარემ ითხოვა უწყების გაგზავნა, რათა თავიდან ყოფილიყო არიდებული შემდგომი გართულებები. განცხადებას მასში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ ერთვის;
1.2.4. 2015 წლის 9 ივლისის სხდომაზე სასამართლომ აპელანტის შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა, ხოლო გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობით სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
1.3. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული განჩინება აპელანტის გამოუცხადებლობას შეეხება, ამასთან, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი სწორედ გამოუცხადებლობის საპატიოობაა, პალატა თვლის, რომ საკითხის რეგულირებისათვის გამოყენებული უნდა იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მომწესრიგებელი ნორმები.
1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შედეგად ზემდგომ სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.
1.5. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმით ასაბუთებს, რომ მან სხდომის დაწყებამდე აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა.
1.6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მხარის ამ არგუმენტს და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით (სსსკ-ის 215.3 მუხლი), რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ნორმაში (233-ე მუხლი) გათვალისწინებული საფუძვლების არსებობაზე მხარეს არ მიუთითებია, რაც შეეხება საპატიო მიზეზს, მან, მართალია, აცნობა სასამართლოს წინასწარ, რომ სხდომის დღეს ასრულებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, თუმცა არასაპატიოდ არ წარადგინა ამ გარემოების დამადასტურებელი ის მტკიცებულებები, რომლებიც კერძო საჩივარს ერთვის (შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 01.07.2015წ. ბრძანება და განწესების ფურცელი), ამასთანავე, საგულისხმოა, რომ სასამართლო სხდომის შესახებ აპელანტს ეცნობა 2015 წლის 10 ივნისს, სხდომა დანიშნული იყო 9 ივლისს და მან საპატრულო პოლიციაში მუშაობა დაიწყო 1 ივლისს, შესაბამისად, 1 ივლისიდან 9 ივლისამდე, მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, მოეთხოვა და ჩაებარებინა სასამართლო უწყება, რათა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან სხდომის დღეს, მას ასევე შეეძლო, სასამართლოსათვის წარედგინა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩვრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი შედავება, რაც ამ განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური