Facebook Twitter

საქმე №ას-949-899-2015 23 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.-მ-ი“ (მოსარჩელე), ა. ი-ი (შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი – ძირითად სარჩელში _ თანხის დაკისრება, უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება, შეგებებულ სარჩელში _ თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო/შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

1.1. შპს „ბ.-მ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ი-ის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის, ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანისა და მოპასუხესთან დარჩენილი მოძრავი ნივთების გამოთხოვის მოთხოვნით.

1.2. ა. ი-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა თავდაპირველი მოსარჩელისათვის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის (სამუშაოების დასრულებისა და ნაკლის გამოსწორებისათვის გაწეული ხარჯი), ასე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2.2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნას არ დაეთანხმა არც თავდაპირველი მოსარჩელე და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების/გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დავაში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ შუამდგომლობის ავტორი არ წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის სუბიექტს.

3.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 215 200,02 ლარის გადახდა და მოძრავი ნივთების ნაწილის დაბრუნება, ამასთანავე, სასამართლომ დაადგინა ამ ნივთების აღმოჩენის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათი ღირებულების ანაზღაურება. მოპასუხეს ზიანის ანგარიშში ასევე დაეკისრა 8 276,16 ლარის გადახდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

4. აპელანტების მოთხოვნა:

4.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; შეგებებული სარჩელის ავტორმა _ გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

4.2. სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმაც, მოითხოვა 2015 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების, ასევე, მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება:

5.1.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს, სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს. კერძოდ, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს თანამონაწილეებს (თანამოსარჩელეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, პირებს, რომლებიც, მართალია, არ ფიგურირებენ საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ. მართალია, ამავე კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილით დასაშვებია წინმსწრები ისეთი განჩინების გასაჩივრება, რომელზედაც კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება, მაგრამ ასეთი საჩივრის წარდგენის უფლება გააჩნიათ მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ პირებს.

5.1.2. სსიპ შემოსავლების სამსახური განსახილველ სამოქალაქო საქმეში არც მოსარჩელეს, არც მოპასუხეს და არც დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირს არ წარმოადგენდა, მის მიმართ გადაწყვეტილება გამოტანილი არ ყოფილა და მის კანონიერ ინტერესს არ ხელყოფდა იგი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 90-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირის ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ განჩინება დამოუკიდებლად არ საჩივრდება, რის გამოც, კერძო საჩივრის ავტორმა შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად მისი გასაჩივრებით შეიძინა მხარის სტატუსი.

6.1.2. სააპელაციო სასამართლომ საჩივრის მიღებაზე უარი დაასაბუთა პრეტენზიის არსებითი განხილვის გზით, რისი უფლებაც არ გააჩნდა, მას ჯერ უნდა მიეღო განსახილველად სააპელაციო საჩივარი, ხოლო შემდეგ გამოერკვია, დავა ეხებოდა თუ არა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფლება-მოვალეობებს.

6.1.3. გასაჩივრებული განჩინებით შეიზღუდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლით გარანტირებული მესამე პირის საპროცესო უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა. შპს „ბ.-მ-ს“ გააჩნია აღიარებული და დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულება, რომლის რეალიზაციისათვის დავალიანების დასაფარად გადახდევინების უზრუნველყოფა უნდა მიექცეს იმ ნივთებზე, რომელთა გამოთხოვასაც ის მოპასუხის მფლობელობიდან ითხოვს, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი და არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად, დავაში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმა ითხოვა, განცხადების თანახმად, შპს „ბ.-მ-ს“ გააჩნია საგადასახადო ვალდებულება და მოცემული დავის ფარგლებში შუამდგომლობის ავტორს უნდა მიეცეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გარანტირებული მხარის უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა.

1.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის სუბიექტად არ იქნა მიჩნეული.

1.4. სსიპ შემოსავლების სამსახურმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე, განჩინება მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოძრავი ნივთების მიმართ მას გააჩნია კანონიერი ინტერესი, რადგანაც შპს „ბ.-მ-ს“ აქვს აღიარებული საგადასახადო ვალდებულება.

1.5. ამავე მოტივებით ითხოვს კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმებას, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს შემდეგი გარემოებების გამო:

1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. დასახელებული ნორმა განსაზღვრავს სააპელაციო პრეტენზიის წარდგენაზე ნამდვილი უფლების მქონე სუბიექტთა წრეს და მათ მიეკუთვნება ყველა ის პირი, რომელთა უფლებრივ მდგომარეობასაც შეეხება სასამართლო განხილვაში არსებული დავა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის უფლების მქონე პირს უნდა უდგენდეს გარკვეულ უფლებებს/მოვალეობებს ან უნდა უზღუდავდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას.

1.7. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს წარმოებაში არსებული დავის ფარგლებში განიხილება კერძო სამართლის სფეროს მიკუთვნებული ფიზიკური და იურიდიული პირის ქონებრივი უფლებები, რომლებიც, ერთი მხრივ, სანივთო, ხოლო, მეორე მხრივ, ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიკუთვნებული ნორმების დარღვევიდანაა ნაწარმოები. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით რაიმე ვალდებულება (უფლება ან მოვალეობა) კერძო საჩივრის ავტორის მიმართ არ არის დადგენილი და მისი ინტერესი შემოიფარგლება მხოლოდ საგადასახადო ვალდებულების რეალურად აღსრულების მიმართ სუბიექტური დაინტერესებით.

1.8. საკასაციო პალატის შეფასებით, ეს გარემოება ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს სსიპ შემოსავლების სამსახურის კანონიერ ინტერესზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანთაგან ერთ-ერთი მოძრავი ნივთების ვინდიცირებაა და თუკი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდება მოსარჩელის უფლება ნივთზე, გაურკვეველია თუ რა კუთხით შეილახება კერძო საჩივრის ავტორის ინტერესები.

1.9. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმა (მას არ განუცხადებია პრეტენზია დავის საგანზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88.1 მუხლის შესაბამისად, ერთ-ერთი ან ორივე მხარის წინააღმდეგ არ აღუძრავს სარჩელი). იმ შემთხვევაშიც, თუკი დაკმაყოფილდებოდა მისი შუამდგომლობა, სსიპ შემოსავლების სამსახური მაინც ვერ წარადგენდა სააპელაციო საჩივარს, რადგანაც ამ ტიპის მესამე პირს კანონი საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის სუბიექტად არ მოიაზრებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს სააპელაციო საჩვრის წარმოებაში მიღების წინაპირობების (ნამდვილი უფლების მქონე სუბიექტის) არარსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი.

1.10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში ვერ შეფასდება საქალაქო სასამართლოს მსჯელობის კანონიერება სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა პალატა მიზანშეწონილად თვლის, განმარტოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის მიზნებისათვის, დაინტერესებულ პირად ამა თუ იმ პრეტენზიის მქონე სუბიექტის მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ სუბიექტური ინტერესის არსებობა, ასეთ პირად მიიჩნევა მხოლოდ ის, ერთ-ერთი მხარის მიმართ, ვის უფლება-მოვალეობებზეც გავლენას იქონიებს სასამართლოს გადაწყვეტილება.

1.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური