საქმე №ას-857-807-2015 23 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. ტ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ-ი“, სს „კ. ბანკი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – სამომავლო გირავნობის ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
რ. ტ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ. ლაინისა“ და სს „კ. ბანკის“ (შემდგომში _ მოპასუხეები) მიმართ მოსარჩელის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე მოპასუხეებს შორის დადებული სამომავლო გირავნობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება:
5.1.1. პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი; ბ) ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამავე კოდექსის 364-ე მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის უფლების სუბიექტებს, ნორმის მიხედვით, ესენი არიან მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით და მას მიანიჭონ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება (სსკ-ის 93-ე, 96-ე და 98-ე მუხლები). აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების წესი, უპირველესად, გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება ცნობილი იყო/ესწრებოდა მხარე ან გასაჩივრების უფლებით აღჭურვილი მისი წარმომადგენელი.
5.1.2. გადაწყვეტილების გამოტანის წესს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადების შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მისი გამოცხადების თარიღი და აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი დაადასტურებენ ხელის მოწერით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2015 წლის 6 მაისის სხდომას ესწრებოდა რ. ტ-ის წარმომადგენელი მ. ქ-ე, მაგრამ ამ სხდომაზე გადაწყვეტილება არ გამოცხადებულა, სასამართლომ ისარგებლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლებით და სხდომა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მიზნით გადადო 2015 წლის 15 მაისს და სწორედ ამ დღეს გამოცხადდა იგი. აღნიშნულ სხდომას არ ესწრებოდა მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, თუმცა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, რამეთუ წარმომადგენელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ეცნობა 2015 წლის 6 მაისის სხდომაზე ხელწერილით.
5.1.3. პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 2591 მუხლების პირველი ნაწილებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს. ნორმა, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.
5.1.4. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი ცნობილი იყო მოსარჩელის წარმომადგენლისთვის და, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელი ან თავად მხარე არა უგვიანეს 2015 წლის 15 ივნისისა სასამართლოში არ გამოცხადდა, ხოლო გადაწყვეტილება მხოლოდ 2015 წლის 26 ივნისს ჩაიბარა, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 16 ივნისიდან და ამოიწურა 2015 წლის 29 ივნისს, სააპელაციო საჩივარი კი, სასამართლოში 2015 წლის 10 ივლისააა შეტანილი.
5.1.5. სააპელაციო საჩივარი აპელანტის წარმომადგენლის მიერ სწორედ აღნიშნული თარიღით იყო ხელმოწერილი.
5.1.6. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით და ვინაიდან რ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, პალატამ მიიჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს წარმოადგენს სასამართლოს დატვირთულობა, რის გამოც, დასაბუთებული გადაწყვეტილების დროულად მომზადება ვერ ხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის 15 მაისის სხდომას, რომელზეც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა, არ ესწრებოდა მოსარჩელე, მოსამართლის თანაშემწისაგან ცნობილი გახდა გადაწყვეტილების შინაარსი. 2015 წლის 5 ივნისიდან 15 ივნისამდე მხარეს შეეძლო გადაწყვეტილების ჩაბარება, თუმცა ხშირი სატელეფონო საუბრით მისთვის ცნობილი იყო, რომ 22 ივნისისთვისაც კი არ იყო მზად დასაბუთებული გადაწყვეტილება. 2015 წლის 24 ივნისს, დაპირებისამებრ მოიკითხა მოსარჩელის წარმომადგენელმა გადაწყვეტილება და სასამართლოს სტაჟიორმა მართლაც გადასცა იგი, თუმცა აღმოჩნდა დაუმოწმებელი და მხოლოდ 26 ივნისს, მოსამართლის თანაშემწესთან გასაუბრების შემდეგ გახდა შესაძლებელი დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, სააპელაციო საჩვარი კი, 10 ივლისს, ვადის უკანასკნელ დღესაა წარდგენილი. ამდენად, საპროცესო ვადის დარღვევა არ იყო მხარის ბრალით განპირობებული და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება გაუმართლებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საქმის მასალებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში იცავდა წარმომადგენელი, რომლის სახელზეც გაცემულია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა. მარწმუნებელმა რწმუნებულს მიანიჭა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი, მათ შორის, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება;
1.3. უდავოა, რომ სასამართლოს 06.05.2015წ. სხდომას, რომელზეც გადაიდო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რაც ხელწერილზე ხელის მოწერით დაადასტურა, ამასთანავე, ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი, მიუხედავად სხდომაზე გამოუცხადებლობისა, ცნობილი იყო მოსარჩელისათვის, დადასტურებულია კერძო საჩივრითაც;
1.4. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, აპელანტის წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2015 წლის 26 ოვნისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანა 10 ივლისს.
1.5. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
1.6. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგად იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
1.7. უდავოა, რომ რ. ტ-ე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტი არაა.
1.8. პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ საპროცესო ვადის დარღვევა მისი ბრალით არ მომხდარა. როგორც თავად კერძო საჩივარშია განმარტებული, მხარე სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა არ გამოცხადებულა, ის ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს. პალატა მიიჩნევს, რომ ამ განმარტებით დასტურდება თავად აპელანტის მიერ საპროცესო წესის დარღვევა, რამეთუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიზნებისათვის, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი პირის მიერ საპროცესო წესის დაცვად განიხილება დადგენილ ვადაში მისი უშუალოდ გამოცხადება სასამართლოში (იხ. სუსგ №ას-733-695-2013, 10 დეკემბერი, 2013 წელი).
1.9. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების დღიდან უნდა დაწყებულიყო, რადგანაც მან თავად დაარღვია სასამართლოში გამოცხადების წესი, რაც მტკიცების თვალსაზრისითაც კი გააიოლებდა იმ გარემოების დადასტურების შესაძლებლობას, რომ სასამართლოს ბრალით არ მომზადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში, ამასთანავე, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარემ, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილება გაცილებით ადრე, 2015 წლის 17 ივნისს ჩაიბარა.
1.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუსგ დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).
1.11. ამდენად, უდავოა, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე მუხლების, 61-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
1.12. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
1.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით არსებითად სწორად განმარტა კანონი და მართებულად არ მიიღო განსახილველად რ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი, ხოლო წინამდებარე კერძო საჩივრით მხარეს არ მიუთითებია იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიაზე, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური