Facebook Twitter

საქმე №ას-832-783-2015 23 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. რ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ. ბანკი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხარვეზის ვადის განმეორებით განსაზღვრა

დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „თ. ბანკმა“ (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა ზ. რ-ისათვის (შემდგომში _ მოპასუხე) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, სარგებლისა და პირგასამტეხლოს, ასევე სასამართლო ხარჯების დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ თავდაპირველად სარჩელი არ ცნო, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა დავალიანების ძირითადი თანხის ოდენობას, ამასთან განმარტა, რომ დარიცხული პროცენტი შეუსაბამოდ მაღალია და იგი ვერ შეძლებს მის, ასევე ჯარიმის გადახდას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა 2010 წლის 19 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 4 830 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა 2 227,55 ლარი, პროცენტი _ 1 538,99 ლარი, პირგასამტეხლო _ 1 013,54 ლარი, ხოლო დაზღვევა _ 49,92 ლარი იყო. მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოპასუხისათვის დამატებით ძირი თანხის _ 2 227,55 ლარის წლიური 23 პროცენტის, ასევე პირგასამტეხლოს სახით ძირი თანხის 0,5%-ის დაკისრებაზე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებირივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 19.02.2015წ. განჩინებით საპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განიმარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

5.1.2. განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე.

5.1.3. შეტყობინების ბარათის თანახმად, სასამართლო გზავნილი ჩაბარდა აპელანტის მეუღლე ი. ბ-ეს 23.02.2015წ. მიმღები პირის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ჩაბარების თარიღი და ადრესატთან დამოკიდებულება გარკვევით იყო მითითებული შეტყობინების ბარათზე, ეს გარემოება, პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 74-ე მუხლების პირველი ნაწილების შესაბამისად, უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად მიიჩნია.

5.1.4. საქმის მასალების თანახმად, აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც გამოუსწორებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

5.1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სხარვეზის გამოსწორების ვადის განმეორებით განსაზღვრა.

6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლოს მსჯელობა, რომ გზავნილის აპელანტის მეუღლისათვის ჩაბარება მხარის ინფორმირებად მიიჩნევა, არასწორია, რადგანაც აპელანტი არც ამჟამად და არც შეტყობინების გაგზავნის დროისათვის მეუღლესთან და შვილებთან ერთად აღარ ცხოვრობს. კონფლიქტური ურთიერთობების გამო მას ხან ერთ ნათესავთან უწევს ღამის გათევა და ხან მეორესთან. მიუხედავად საკანონმდებლო დათქმისა, მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, გაცნობოდა განჩინების შინაარსს, ასევე, გაერკვია საპროცესო მოქმედების განხორციელების ვადა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება კი, მეტად დაამძიმებს მის მდგომაროებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ზ. რ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ, ერთი მხრივ, დადასტურებულად მიიჩნია სასამართლო კორესპოდენციის მხარისათვის ჩაბარების ფაქტი, ხოლო ვინაიდან ადრესატმა დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ განახორციელა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჩათვალა, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

1.3. კერძო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ აპელანტი მის მიერ მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობს და მეუღლისათვის ჩაბარებული შეტყობინება სასამართლოს არ უნდა ჩაეთვალა ადრესატისათვის ჩაბარებულად.

1.4. ვიდრე კერძო საჩივრის საფუძვლების დასაბუთებულობას შეამოწმებს საკასაციო სასამართლო, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია სააპელაციო სასამართლოს მოხელის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც, ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოში ზ.რ-ის მიერ წარდგენილი კორესპოდენცია, საქმეთა სიმრავლის გამო, საჩივრის დასაშვებობის საკითხზე მსჯელობისას არ დართვია საქმის მასალებს.

1.5. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ 19.02.2015წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადა განსაზღვრულია 10 დღით. საქმეში წარმოდგენილი აპელანტის მეუღლისათვის შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ბარათით დგინდება, რომ იგი აპელანტის ოჯახის ქმედუნარიან წევრს ჩაბარდა 2015 წლის 23 თებერვალს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ხარვეზის გამოსწორების ვადა ამოიწურა 2015 წლის 5 მარტს, ხოლო ხარვეზის გამოსწორების მიზნით სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს სარეგისტრაციო შტამპის თანახმად, შეტანილია 2015 წლის 2 მარტს.

1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. რ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 მარტის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური