Facebook Twitter

საქმე №ა-3378-შ-70-2015 13 ნოემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – კ. გ-ე

განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენი (გადაწყვეტილება)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენით შეწყდა კ. გ-ესა და შ. გ-ეს შორის 1993 წლის 25 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება. შ. გ-ეს მიეცა უფლება, აღიდგინოს ქალიშვილობის გვარი - ხ-ი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შ. ხ-ის წარმომადგენელმა ხ. გ-მა და მოითხოვა დასახელებული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება შემდეგი:

ა) აპოსტილით დამოწმებული განაჩენის თანახმად, საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით და საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ კ. გ-ის ადვოკატი და შ.ხ-ი.

ბ) განაჩენში აღნიშნულია, რომ განქორწინების პროცესუალური მოქმედების ვადის დარღვევის განაჩენი ძალაშია მოპასუხისათვის პირადი სერვისის მეშვეობით წინამდებარე თარიღიდან ათი დღის განმავლობაში.

გ) შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, კ.გ-ის მიმართ განაჩენი აღსრულებულია მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე.

დ) შუამდგომლობაზე დართული სანოტარო აქტით _ მინდობილობით ირკვევა, რომ შ. ხ-ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით შ. ხ-ის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ქორწინებამდელი გვარის დაბრუნების ნაწილში ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენი აღსრულებულია თუ არა მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა შ.ხ-ის წარმომადგენელ ხ. გ-ს (რწმუნებულება ს.ფ.25-27) და პირადად ჩაბარდა 2015 წლის 22 ოქტომბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ შ. ხ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შ. ხ-მა და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით შ. ხ-ის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ქორწინებამდელი გვარის დაბრუნების ნაწილში ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენი აღსრულებულია თუ არა მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა შ.ხ-ის წარმომადგენელ ხ. გ-ს და პირადად ჩაბარდა 2015 წლის 22 ოქტომბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 23 ოქტომბერს და ამოიწურა 1 ნოემბერს, მაგრამ ვინაიდან, 1 ნოემბერი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2015 წლის 2 ნოემბერს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, პალატა თვლის, რომ შ. ხ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ხ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე