Facebook Twitter

საქმე №ას-1122-1056-2015 13 ნოემბერი, 2015 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. კ-ს კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე – გ. კ-ს სარჩელის გამო, ზ. უ-ის მიმართ პატივისა და ღირსების დაცვის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. კ-ს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, გ. კ-ს კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და დედანი კერძო საჩივრის წარმოდგენა.

2015 წლის 9 ნოემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა გ. კ-მ, რომელმაც წარმოადგინა მის მიერ ხელმოწერილი დედანი კერძო საჩივარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით განმარტა რომ, დავის საგნიდან გამომდინარე (პატივისა და ღირსების დაცვა), გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საკასაციო პალატა განმარტავს რომ, არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის და არც „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი საქმის მასალებით არ დასტურდება. გამომდინარე აქედან, გ.კ-ს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 420-ე, 401-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე