Facebook Twitter

საქმე №ას-567-538-2015 16 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ა. ქ-ი, თ. ქ-ი, ნ. ო-ი, თ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ. ბანკი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „პ. ბანკმა“ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ქ-ის, თ. ქ-ის, ნ. ო-ისა და თ. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, კასატორები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 11 115,12 აშშ დოლარის, ასევე, სასამართლო ხარჯების სოლიდარულად დაკისრება, მოპასუხეების საკუთრებად ა. ქ-ის კუთვნილი უძრავი ქონების (ს/#...) საჯარო რეესტრში აღრიცხვა და მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. სარჩელის თანახმად, მოსარჩელესა და აწ გარდაცვლილ ა. ქ-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და მსესხებელზე 27 თვით, წლიური 24%-ის დარიცხვით გაიცა 10 000 აშშ დოლარი. 2012 წლის 11 ივლისს, სესხის უზრუნველსაყოფად ნ. ო-თან და თ. მ-თან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა, ამასთანავე, გარდაცვლილი მოვალის პირველი რიგის მემკვიდრეებმა: მეუღლემ და შვილებმა მიმართეს სანოტარო ბიუროს სამკვიდროს მისაღებად, თუმცა სამკვიდრო მოწმობა დღემდე არ გაცემულა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები ისეთი საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფას წარმოადგენს, რომელიც გაცემულ იქნა #... სესხის რეფინანსებისთვის. სესხი გათვალისწინებული იყო კონკრეტული ინდ.მეწარმისთვის და წარმოადგენდა მიზნობრივ ბიზნეს სესხს. ა. ქ-ის გარდაცვალების გამო წყდება საბოლოო საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები და, შესაბამისად, წყდება საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ნ. ო-თან და თ. მ-თან დადებული სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები. ა. და თ. ქ-ების მიმართ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ვინაიდან მათ სამკვიდრო არ აქვთ მიღებული.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 11 115,12 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით, მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა ქ.თ-ში, სოფელ წ-ში მდებარე უძრავი ქონება (ნაკვეთის ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1651.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: #..., #... სხვა ფართი: გაშენების ფართი 109,7 კვ.მ. მესაკუთრე ა. ქ-ი (პირადი #...), 1/4 წილი. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი # ...).

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 11 115,12 აშშ დოლარის გადახდა. ა. და თ. ქ-ების პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრა ა. ქ-ისაგან მემკვიდრეობით მიღებული აქტივების ფარგლებში, მათი წილის პროპორციულად, მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ა. ქ-ის, თ. ქ-ისა და ნ. ო-ის სახელზე. დანარჩენ ნაწილში გასაჩვრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ მიიჩნია ის გარემოება, რომ სს „პ. ბანკსა“ და ინდ.მეწარმე ა. ქ-ს შორის 2012 წლის 11 ივლისს გაფორმებული #... საკრედიტო ხელშეკრულებით განხორციელდა იმავე მხარეებს შორის დადებული ავტო სესხის რეფინანსირება. 2012 წლის 11 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება თავისი ბუნებით წარმოადგენს რეფინანსირებული საკრედიტო ხელშეკრულებისგან დამოუკიდებელ ხელშეკრულებას, რომელიც მხარეთა შორის დამოუკიდებელ ურთიერთვალდებულებებს წარმოშობს.

5.1.2. სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 1330-ე მუხლზე მითითებით, არ იქნა გაზიარებული აპელანტების მტკიცება, რომ სადავო საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულება ხელშეკრულების მიზნობრიობიდან გამომდინარე უნდა შესრულებულიყო უშუალოდ მსესხებლის მიერ და ამ უკანასკნელის გარდაცვალებით შეწყდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობები. სასამართლოს განმარტებით, საკრედიტო ხელშეკრულების მიზნობრიობის მიუხედავად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება არ წარმოადგენს ისეთ შესრულებას, რომლის განხორციელებაც შეუძლებელია მოვალის პირადი მონაწილეობის გარეშე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა.

5.1.3. 2012 წლის 11 ივლისს მოსარჩელესა და ინდ.მეწარმე ა. ქ-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება #..., რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, 27 თვის ვადით, წლიური 24%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა #... უძრავი ქონება. 2012 წლის 11 ივლისს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ნ. ო-თან გაფორმდა #...სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, თ. მ-თან _ #...ხელშეკრულება.

5.1.4. მსესხებელი გარდაიცვალა 2012 წლის 25 ნოემბერს.

5.1.5. ა. ქ-ის შვილებმა: ა. და თ. ქ-ებმა, ასევე მეუღლემ, სოლიდარულმა მოვალე ნ. ო-მა სანოტარო ორგანოს მიმართეს მემკვიდრეობის მიღების თაობაზე. ამ დროისათვის სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად, მითითებული გარემოება საკმარისს წარმოადგენდა სამკვიდროს მიღებულად მიჩნევისათვის. პალატამ მიუთითა ამავე კოდექსის 1424-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სამკვიდროს მიღების სურვილი მემკვიდრემ კანონით დადგენილ ვადაში უნდა განაცხადოს. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდებოდა, სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის ფაქტი. ა. და თ. ქ-ები და ნ. ო-ი არიან გარდაცვლილი ა. ქ-ის პირველი რიგის მემეკვიდრეები, რომლებმაც დადგენილ ვადაში ნოტარიუსისათვის მიმართვით გამოხატეს ნება სამკვიდროს მისაღებად, რის შედეგადაც მიიღეს სამკვიდრო.

5.1.6. მოსარჩელესა და მამკვიდრებელს შორის 2012 წლის 11 ივლისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება წარმოადგენდა აწ გარდაცვლილი ა. ქ-ის საკუთრებას. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროში შედიოდა, როგორც მამკვიდრებლის ქონებრივი უფლებები, ისე პასივი.

5.1.7. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 471-ე მუხლით, 1484-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ა. და თ. ქ-ების მიერ მიღებული სამკვიდრო მოიცავდა მამკვიდრებლის როგორც ქონებრივ უფლებებს, ისე მოვალეობებს, ჩათვალა, რომ მათ ეკისრებოდათ ბანკის წინაშე მამკვიდრებლის ვალდებულების შესრულება თავ-თავიანთი სამკვიდრო წილის შესაბამისად.

5.1.8. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა იპოთეკის საგნის არა თავის, არამედ მემკვიდრეების: ა. ქ-ის, თ. ქ-ისა და ნ. ო-ის საკუთრებად აღრიცხვას საჯარო რეესტრში. მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი სასამართლოს მიერ დადგენილად იყო მიჩნეული, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ ა. ქ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით უნდა აღრიცხულიყო ა. ქ-ის, თ. ქ-ისა და ნ. ო-ის სახელზე.

5.1.9. სამოქალაქო კოდექსის 463-ე-464-ე მუხლების თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ სოლიდარული მოვალეები ვალდებული იყვნენ მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი მთლიანი ფულადი ვალდებულებები ეკისრათ სოლიდარულად, ასევე მიეღოთ მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ. ო-სა და თ. მ-ს სოლიდარულად ჰქონდათ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება ნაკისრი, პალატის შეფასებით, მათ უნდა დაკისრებოდათ მამკვიდრებელსა და მოსარჩელეს შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა ბანკის წინაშე.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ სესხის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო მამკვიდრებელსა და მოსარჩელეს შორის, წარმოადგენდა „ფ.“ ბანკში აღებული სესხის რეფინანსირებას, მას გააჩნდა კონკრეტული სამეწარმეო მიზანი და სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იყო გაცემული. წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა არ გაიცემოდა, შეწყდებოდა ხელშეკრულება და მსესხებელს წარმოეშობოდა დამატებითი ვალდებულება. გასათვალისწინებელია, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ინდ.მეწარმე ა. ქ-ის მონაწილეობით იყო შესაძლებელი. მისი მეუღლე და შვილები, მათ შორის, არასრულწლოვანი შვილი, ბიზნესსაქმიანობის სათანადო უნარების არ ქონის გამო ვერ შეძლებენ მიზნობრივი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას. სწორედ ამ გარემოებიადნ გამომდინარე, ბანკის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულება უშუალოდ მსესხებელს უნდა დაეფარა. სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეებს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება შეუძლიათ, ეწინააღმდეგება საქმის მასალებს, სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის დარღვევით, არასწორად განმარტა ხელშეკრულების დებულებები. პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოვალის გარდაცვალებით, სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის თანხამდ, ვალდებულება შეწყდა და 1330-ე მუხლის შესაბამისად, იგი არც სამკვიდროში შესულა.

6.1.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელესა და ინდ.მეწარმე ა.ქ-ს შორის სესხის ხელშეკრულების დადებისა და სესხის გაცემის ფაქტი, ასევე სესხის უზრუნველსაყოფად სადავო ქონების იპოთეკით დატვირთვა და მოპასუხეებთან: ნ. ო-თან და თ. მ-თან სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების დადება, რაც შეუსაბამოა საქმეში არსებულ მასალებთან, რადგანაც საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, უძრავი ქონება იპოთეკით არ არის დატვირთული, რის შესახებაც არაერთხელ გამახვილდა ყურადღება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას. სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის შესაბამისად, იპოთეკა მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან იძენს იურიდიულ ძალას.

6.1.3. პალატამ ასევე იმსჯელა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 144-ე, 1319-ე, 471-ე, 1484-ე მუხლზე და განსაზღვრა სამკვიდროს ოდენობა, თუმცა, არ გაითვალისწინა ამავე კოდექსის 1330-ე მუხლის დანაწესი. ა. და თ. ქ-ებს, მითითებული ნორმის შესაბამისად, მამკვიდრებლის ვალდებულება მიღებული არ აქვთ, რადგანაც ის სამკვიდრო მასაში არ შედის, შესაბამისად, არ ეკისრებათ ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.

6.1.4. სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნებიდან გამომდინარე, რადგანაც მოვალის გარდაცვალებით შეწყდა მოსარჩელის მიმართ მიზნობრივი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 464-ე და 463-ე მუხლებით და არასწორად ჩათვალა, რომ ნ. ო-სა და თ. მ-ს გააჩნდათ სოლიდარული ვალდებულება.

6.1.5.კასატორებმა მიუთითეს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტეს, რომ მოპასუხეებთან არ შეიძლებოდა ხელშეკრულება დადებულად მიჩნეულიყო, რადგანაც ისინი არ შეთანხმებულან ისეთ არსებით პირობაზე, როგორიცაა მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც საკრედიტო, ისე სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, სოლიდარული მოვალეების პასუხისმგებლობას ძირითადი მოვალის ვალაუვალობის შემთხვევაში ითვალისწინებს. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო არ მსჯელობს შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარეოებებზე.

6.1.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე საპროცესო დარღვევით განიხილა, კერძოდ, მოპასუხეს არ მისცა შუამდგომლობების დაყენების შესაძლებლობა, რისი უფლებაც მათ გააჩნდათ. ეს გარემოება დასტურდება 2014 წლის 1 აპრილის სხდომის ოქმით. ამასთანავე, სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადადო სხვა დრიოსათვის, სხდომა გაგრძელა პაექრობის ეტაპიდან და სწორედ ამის შემდეგ მიიღო მოპასუხეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მამკვიდრებელსა და მოსარჩელეს შორის არსებობდა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც, ერთი მხრივ, შესრულების სანივთო საშუალებით _ იპოთეკით იყო უზრუნველყოფილი, ხოლო, მეორე მხრივ, გაფორმებული იყო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება თ. მ-თან და ნ. ო-თან. პალატამ დაადგინა, რომ მოთხოვნის პირადი მოვალე გარდაიცვალა, რომელსაც კრედიტორის წინაშე ვალდებულება არ შეუსრულებია, ხოლო პირველი რიგის მემკვიდრეებმა: მეუღლემ (ამავდროულად სოლიდარულმა მოვალემ) და შვილებმა სამკვიდროს მიღების თხოვნით ნოტარიუსს სამკვიდროს გახსნიდან 6-თვიან ვადაში მიმართეს, თუმცა სამკვიდრო მოწმობა დღემდე არ არის აღებული. არსებული მოცემულობის პირობებში, სასამართლომ საფუძვლიანად ჩათვალა კრედიტორის სასარჩელო მოთხოვნა სოლიდარული მოვალეებისა და (მიღებულ სამკვიდროში თითოეულის წილის პროპორციულად) მემკვიდრეებისათვის ვალდებულების დაკისრების თაობაზე, ასევე მემკვიდრეების საკუთრებად აღირიცხა მათ მიერ მიღებული მამკვიდრებლის დანაშთი ქონება.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორთა არგუმენტს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით, თუმცა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ წინამდებარე დავის საგანს იპოთეკის სანივთო ურთიერთობიდან გამომდინარე მოვალეობები არ წარმოადგენს, ამ დავის ფარგლებში მოსარჩელეს უზრუნველყოფის საგნით მოთხოვნის დაკმაყოფილება არ მოუთხოვია, რაც, ბუნებრივია, ამ კუთხით წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიების გაზიარებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველია. რაც შეეხება კასატორთა ძირითად არგუმენტს მოვალის გარდაცვალებით ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე, მას პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს. სასამართლო განუმარტავს კასატორებს, რომ განსახილველი სარჩელის ფარგლებში შესაფასებელ ვალდებულებას წარმოადგენს სასესხო ურთიერთობა იმგვარად, რომ კრედიტორს წარმოადგენს საბანკო დაწესებულება. ამ ურთიერთობის ნამდვილობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ვერც სესხის მიზნობრიობა და ვერც რეფინანსირების საკითხი. ფულადი ვალდებულება, თავის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, არ მოითხოვს მოვალის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ქონას და ის შეიძლება ნებისმიერ ვითარებაში შესრულდეს. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულია სასესხო ურთიერთობის მიზანი, შესაძლოა მხოლოდ მესამე პირებთან მამკვიდრებლის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ჭრილში შეფასდეს, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ემსჯელა სასამართლოს მამკვიდრებლის უფლებამონაცვლის პიროვნულ თვისებებზე ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობის კუთხით. იმგვარ შემთხვევაზე, როდესაც საბანკო დაწესებულება ითხოვს სესხის დაბრუნებას, სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის პირველი ნაწილი ვერ იქნება გავრცელებული, ამ ვითარებაში ვალდებულება მოვალის გარდაცვალებით არ წყდება. სწორედ ამავე საფუძვლიდან გამომდინარე დაუსაბუთებელია კასატორთა არგუმენტი, რომ სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ მამკვიდრებლის ფულადი ვალდებულება არ შეიძლებოდა შესულიყო სამკვიდროში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი უფლებამონაცვლეობის ყველაზე გავრცელებულ სახეს სწორედ სამემკვიდრეო ურთიერთობები წარმოადგენს და ამ შემთხვევაში, მემკვიდრის პასუხისმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით, რაც სწორად იქნა შეფასებული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ამასთანავე, ამავე კოდექსის საფუძველზე მიღებული აქტივის ფარგლებში სახეზე გვაქვს კანონისმიერი სოლიდარული ვალდებულება (სკ-ის 471-ე მუხლის). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებმა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლებით დადგენილი წესით მიიღეს სამკვიდრო, სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ინდ.მეწარმე ა. ქ-ის სამკვიდრო პასივზე პასუხისმგებელ პირთა წრე. გარდა აღნიშნულისა, როგორც საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებებით დგინდება, მოპასუხეებმა: თ. მ-მა და ნ. ო-მა იკისრეს სოლიდარული თავდებობა ინდ.მეწარმე ა. ქ-ის სასესხო ურთიერთობის ფარგლებში, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 463-ე-464-ე მუხლებიდან გამომდინარე, არსებობდა ამ ნაწილშიც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. რაც შეეხება კასატორთა მოსაზრებას, რომ სადავო ხელშეკრულებები არ შეიძლება დადებულად ყოფილიყო მოჩნეული, რადგანაც, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხზე არ შეთანხმებულან, იგი ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მხრიდან, ვინაიდან მსგავსი პოზიცია არც მითითებული ნორმის და არც კანონის სხვა დანაწესიდან არ გამომდინარეობს. ამასთანავე, პალატა ვერც იმ პოზიციას გაიზიარებს, რომ რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად საქმის განხილვის გადადება და სხომის პაექრობის ეტაპიდან გაგრელება საპროცესო დარღვევას წარმოადგენდა, რადგანაც სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილითაა განსაზღვრული, რომ საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას.

1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ქ-ის, თ. ქ-ის, ნ. ო-ისა და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე