Facebook Twitter

საქმე №ას-1011-972-2014 16 ოქტომბერი, 2015 წელი

№ას-1011-972-2014 გ.-კ-ე ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ე. გ.-კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ე. გ.-კ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა თვითმმართველი ერთეულის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში _ მოპასუხე) 2014 წლის 17 იანვრის #... განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა, ააიპ „ტ. მ-ის ს. ა-ის დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განკარგულების გამოცემიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად 800 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელში მითითებული გარემოებების წინააღმდეგ მიუთითა გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოცემის თაობაზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად მისი მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა დაედო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 იანვრის #... განკარგულება მოსარჩელის გათავისუფლების ნაწილში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 17 იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დაეკისრა 800 (რვაასი) ლარის გადახდა, ხოლო თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ააიპ ტ. მ-ის ს. ა-ის დაწესებულებათა გაერთიანება 2007 წლის 23 ოქტომბერს დააფუძნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.

6.2. მოსარჩელე ამ დაწესებულების დირექტორი იყო 2013 წლის 18 იანვრიდან და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 800 ლარს.

6.3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 17 იანვრის #... განკარგულებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და, იმავე განკარგულებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშნა ნინო შენგელია.

6.4. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 და 71 პუნქტების, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნა, რომ აპელანტს უფლებამოსილება შეუწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ერთ-ერთი ბაღის გამგემ გაასხვისა მწყობრიდან გამოსული მაცივარი და რემონტის დროს მოჭრილი გამათბობელი, ხოლო მეორე ბაღში „ვიზუალური დათვალიერებით“ აღმოჩნდა, რომ „ნაშთად დარჩენილ პროდუქტებს შორის იყო მალფუჭებადი პროდუქტი“ კარაქი, ხორცი და კისელის ფხვნილი. უფლებამოსილების შეწყვეტას ძირითად საფუძვლად დაედო 2013 წლის აპრილში ჩატარებული კონკურსის დროს, საკრებულოს აზრით, გამოვლენილი დარღვევები.

6.5. საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოებების თაობაზე რიგ შემთხვევაში, აპელანტი ინფორმირებული არ იყო, ამასთანავე, არც გადაცდომის ფაქტები დასტურდებოდა, რაც შეეხებოდა ჩატარებულ კონკურსს, მისი წესების დარღვევა ასევე ვერ დადგინდა, ხოლო საკრებულოს პოზიცია გამოვლენილი დარღვევების თაობაზე არ იყო დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, აპელანტს თავისი მოვალეობები არ დაურღვევია და მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობდა.

6.6. სასამართლომ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 72, ასევე 71 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ საკრებულოს აპელანტი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე არც ერთი თვით და არც სამი დღით ადრე არ გაუფრთხილებია, რის გამოც დამსაქმებელმა დაარღვია კანონი, სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 50-ე და 54-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება იყო ბათილი.

6.7. პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობითი საქმიანობა, არსებითად, წარმომადგენლობის ერთგვარი ფორმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ააიპ-ის დირექტორი დამფუძნებლის წარმომადგენელია და მის მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და, მათ შორის, საზოგადოების ხელმღვანელობა, დაფუძნებულია ხელმძღვანელსა და დამფუძნებელთა, პარტნიორთა შორის განსაკუთრებულ ნდობაზე. ამის გამოცაა, რომ ხელმძღვანელისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი უდავო საფუძველია მისთვის უნდობლობის გამოცხადება. ამდენად, პალატის შეფასებით, არ შეიძლებოდა საზოგადოების დირექტორი ყოფილიყო ის პირი, რომელსაც ერთადერთმა დამფუძნებელმა შეუწყვიტა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება, შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

6.8. მიუხედავად აღნიშნულისა, პალატამ ჩათვლა, რომ საკრებულოს მოქმედებით აპელანტს მიადგა ზიანი და შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, კომპენსაციის სახით მოპასუხეს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა მიუღებელი ხელფასის _ 800 ლარის გადახდა 2014 წლის 17 იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

7. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.

7.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

7.1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა არც ერთი საფუძველი, რაც სადავო განკარგულებით კასატორის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო, შესაბამისად, სავსებით კანონიერად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით და ბათილად ცნო განკარგულება, რის თაობაზეც კასატორს პრეტენზია არ გააჩნია, თუმცა გაურკვეველია, თუ რა საფუძვლით იხელმძღვანელა სასამართლომ მოსარჩელის მიმართ უნდობლობის გამოცხადების ნაწილში, რადგანაც გათავისუფლების შესახებ აქტის ბათილად ცნობის პირობებში, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლისა და შრომის კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე უნდა აღდგეს დაკავებულ თანამდებობაზე,

7.1.2. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დაარღვია კანონი, კერძოდ, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 408-ე მუხლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ეწინააღმდეგებოდა კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილად მიიჩნია და დასაქმებულს მიაკუთვნა კომპენსაცია გათავისუფლების დროიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუმცა, პალატამ არამართლზომიერად ჩათვალა მოსარჩელის მოთხოვნა დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, რასაც არ ეთანხმება კასატორი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს დასაქმებულის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერება წარმოადგენს.

1.2. საკასაციო საჩივრის საფუძვლების ანალიზის შედეგად პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებულ ნაწილში კასატორმა დასაბუთებული სამართლებრივი შედავება წარმოადგინა, კერძოდ, მიუთითა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მატერიალური სამართლის ნორმის არასწორ გამოყენება-განმარტებაზე (სსსკ-ის 393.2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები) იმგვარად, რომ გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები სადავო არ გაუხდია, თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხე მხარეს არ გაუსაჩივრებია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

1.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.4.1. 2007 წლის 23 ოქტომბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააფუძნა ააიპ „ტ. მ-ის ს. ა-ის დაწესებულებათა გაერთიანება“, რომლის დირექტორიც 2013 წლის იანვრიდან იყო მოსარჩელე.

1.4.2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 იანვრის #... განკარგულებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ორგანიზაციის ხელმძღვანელად დაინიშნა სხვა პირი.

1.5. როგორც უკვე აღინიშნა, შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონშეუსაბამოდაა მიჩნეული, თუმცა სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნაზე უარი დასაბუთებულია იმით, რომ ხელმძღვანელობითი საქმიანობა წარმომადგენლობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ემყარება ხელმძღვანელსა და საზოგადოების დამფუძნებელთა (პარტნიორთა და მისთ.) შორის არსებულ განსაკუთრებულ ნდობას. რადგანაც ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ უდავო საფუძველს უნდობლობის გამოცხადება წარმოადგენს, პალატამ დაასკვნა, რომ ერთადერთი დამფუძნებლის მიერ საზოგადოების დირექტორისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მოსარჩელე არ შეიძლებოდა კვლავ დირექტორის პოზიციაზე აღმდგარიყო.

1.6. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის არგუმენტს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მატერიალური სამართლის ნორმის დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. იურიდიული პირის ამ ზოგადი ცნების ქვეშ მოაიზრება როგორც სამეწარმეო, ისე არასამეწარმეო მიზნით შექმნილი კერძო სამართლის სფეროს დაქვემდებარებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, თუმცა სხვაობა, გარდა კომერციული მიზნისა, სამართლებრივ საფუძვლებშიც იკვეთება, კერძოდ, არასამეწარმეო იურიდიული პირის მიმართ მოთხოვნებს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსი (სსკ-ის 24.6 მუხლი).

1.7. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე არასამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ჯეროვნად შეაფასა, თუმცა, შრომითი ურთიერთობების მიმართ არ გაითვალისწინა, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის თანამდებობაზე გამწესება-გამოწვევისა და მასთან შრომითი ურთიერთობის რეგულირებისათვის სპეციალურ კანონს შრომის კოდექსი და არა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს (მაგ: კანონის 91 მუხლით განსაზღვრული საერთო კრების უფლება დირექტორის გამოწვევაზე და სხვა).

1.8. ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენენ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში სამართლის ნორმათა გამოყენების პრინციპს, კერძოდ, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

1.9. მოცემულ შემთხვევაში უდავოდაა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 იანვრის #... განკარგულებით და გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად დამსაქმებელმა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე მიუთითა. საკრებულომ მოსარჩელის მხრიდან შრომითი პირობების დარღვევის ფაქტი ვერ დაამტკიცა, რაც ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე გამოვლენილი ნების ბათილობის საფუძველი გახდა. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რადგანაც გადაწყვეტილებაში მითითებულ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის მიზეზი ზემოაღნიშნული ნორმის არც ერთ დანაწესს არ შეესაბამება, ამდენად, სახეზეა ამ გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წინაპირობები.

1.10. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები, პალატა თვლის, რომ უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს დავა, კასატორის არამართლზომიერად გათავისუფლების ფაქტის დადგენის გამო კი, მისი მოთხოვნა დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

2. სასამართლო ხარჯები:

2.1. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 17 იანვრის #... განკარგულების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში კასატორმა სახელმწიფო ბაჟის სახით სულ 550 ლარი გადაიხადა (100+150+300), იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოსარჩელე გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან. ამავე კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოპასუხე ასევე გათავისუფლებულია ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა სარჩელი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის _ 550 ლარის ანაზღაურება.

2.3. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებას, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის ხარჯების დაკისრების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ე. გ.-კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით (სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-6 და მე-7 პუნქტები) მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. ე. გ.-კ-ის სარჩელი თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, ააიპ ტ. მ-ის ს. ა-ის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის თანამდებობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

4. თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (ს/#...) ე. გ.-კ-ის (პ/#...) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 550 ლარის გადახდა.

5. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე