Facebook Twitter

საქმე №ას-794-759-2014 16 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ქ.თბილისის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ს-ე (გ-ე) (შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება, დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 5 652,5 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება

დავის საგანი – ძირითად სარჩელში _ ქირის დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, შეგებებულ სარჩელში _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ძირითადი/შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

1.1. ქ.თბილისის მერიამ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) მოითხოვა ა. ს-ისათვის (გ-ისათვის) 2007 წლის 6 ივლისის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქირის დავალიანების _ 2 853,81 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს _ ერთიანი თანხის _ 2 062,54 ლარისა და ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2011 წლის 11 ოქტომბრამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2,90 ლარის დაკისრება.

1.2. ა. ს-ემ (გ-ემ) (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მოითხოვა თავდაპირველი მოსარჩელისათვის 2007 წლის 6 ივლისიდან ქირავნობის ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის _ 5 157 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ ქ.თბილისის მერიამ მოპასუხის მიერ დაქირავებული ნივთის ნაწილი ჯერ სარგებლობაში, ხოლო, მოგვიანებით საკუთრებაში გადასცა მესამე პირს და ამ ფართის გამო ქირის თანხას ახდევინებდა შეგებებული სარჩელის ავტორს, ამასთანავე, დამქირავებელს ხელი ეშლებოდა ნივთით სარგებლობაში.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. ა. ს-ემ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დავალიანების არსებობა არ დასტურდებოდა, ასევე აღნიშნა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო.

2.2. ქ.თბილისის მერიამ ასევე არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გასხვისებული ფართი მოპასუხის მიერ დაქირავებული ფართის ნაწილს წარმოადგენდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 2 853.81 ლარის, ასევე პირგასამტეხლოს სახით (2011 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით) 206.2 ლარისა და 2011 წლის 11 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების – 2 853.81 ლარის 0.01%-ის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების/დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით/დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების მეორე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, ასევე მესამე პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.თბილისის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. ს-ეს ქ.თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით დამატებით 800 ლარის გადახდა, ასევე, 2011 წლის 11 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დავალიანების - 2 853.81 ლარის 0.07%-ის გადახდა ყოველდღიურად. ქ.თბილისის მერიას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით 1 256 ლარის დაკისრების ნაწილში.

5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების/დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 02.05.2014წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა აპელანტი (მოსარჩელე). იმ საფუძვლით, რომ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე -შეგებებულ სარჩელში) ქ.თბილისის მერიის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგანაც არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო პრეტენზიის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, ხოლო დაუკმაყოფილებელ ნაწილში _ გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

5.1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნა ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების – 2 853.81 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში სრულად დაკმაყოფილდა. სააპელაციო პრეტენზია შემოიფარგლებოდა პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

5.1.3. სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდებოდა, რომ 02.05.2014წ. 17:00სთ. სასამართლო სხდომის შესახებ ა. ს-ის წარმომადგენელ ნ. გ-ეს ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის დადგენილი წესით. ნ. გ-ის რწმუნებულების მოქმედების ვადა ამოწურული არ იყო, რაც 2014 წლის 2 მაისის სხდომის თაობაზე მხარის ინფორმირებად მიიჩნეოდა, ამასთან, როგორც სატელეფონო შეტყობინების შესახებ აქტის შინაარსით დგინდებოდა, ა. ს-ის წარმომადგენელი გაფრთხილებულ იქნა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით. თავის მხრივ ა. ს-ეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე ინფორმაცია მისი 2014 წლის 2 მაისის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიობასთან დაკავშირებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 230-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ პროცესუალური საფუძვლის არსებობა, არ იყო საკმარისი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის, რადგანაც ამ საფუძველთან ერთად უნდა არსებულიყო 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პრეტენზია შეეხებოდა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრულად დაკმაყოფილებას. სარჩელის მიხედვით კი, მოსარჩელე მოითხოვდა 2007 წლის 6 ივლისის ქირავნობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავალიანებაზე – 2 853,81 ლარზე, როგორც ფიქსირებული პირგასამტეხლოს – 2 062 ლარის, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2011 წლის 11 ოქტომბრიდან პირგასამტეხლოს სახით დავალიანების (2 853,81ლარი) 0,1%-ის (რაც შეადგენს 2,90 ლარს) ყოველდღიურად დაკისრებას.

5.1.4. 2007 წლის 6 ივლისს მხარეებს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო. მოპასუხეს დადგენილ ვადაში ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია, შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამ თვალსაზრისით, აპელანტის მიერ წარმოდგენილი პრეტენზია და გარემოებები საჭიროებდა შეფასებას და მხოლოდ მითითება იმაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო დაუსაბუთებელი იყო და რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო სარჩელით მოთხოვნილ ოდენობამდე, საკმარისად არ იქნა მიჩნეული. პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 115-ე და 420-ე მუხლების თანახმად, აღნიშნა, რომ დავალიანება, რისთვისაც მოთხოვნილი იყო პირგასამტეხლოს დაკისრება, შეადგენდა მხოლოდ 2 853 ლარს, ამასთანავე, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელე ამ დავალიანების გამო პირგასამტეხლოს სახით მოითხოვდა, როგორც ფიქსირებული პირგასამტეხლოს – 2 062 ლარის, ასევე 2011 წლის 11 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად დავალიანების 0.1%-ის დაკისრებას, სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმების (115-ე, 420-ე) შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებდა სამოქალაქო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ დანაწესს.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

კასატორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 416-ე, 417 მუხლებზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ოდენობა, მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება მოვალეს წარმოუშობს შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდის წინაპირობას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, მართალია, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა სააპელაციო პალატას, ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე, არ დაუსაბუთებია, თუ რატომ წარმოადგენდა ხელშეკრულებით შეთანხმებული ოდენობის პირგასამტეხლო არაგონივრულს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2.1. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით/დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოთხოვნის დაკმაყოფილების პროცესუალურ საფუძველს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილი წარმოადგენდა, რაც განპირობებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე ჯეროვნად ინფორმირებული აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობით, ამასთანავე, ვინაიდან დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის _ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულყოფილად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, პალატამ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი (სსსკ-ის 230.2 მუხლი).

1.2.2. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს, რომლის წინააღმდეგაცაა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საჩივარი არ წარუდგენია, შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რაც შეეხება კასატორს, მას პრეტენზია სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის არასწორი განმარტების კუთხით გააჩნია, იმგვარად, რომ რაიმე საპროცესო დარღვევაზე არ მიუთითებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

1.3. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მან განჩინების გაუქმება ძირითადად იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ სასამართლოს არ დაუსაბუთებია თუ რატომ იყო მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი.

1.4. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლოს შეუსაბამობასთან დაკავშირებით და თვლის, რომ შემცირებული ოდენობით დაკისრებული თანხა ასევე უზრუნველყოფს თავად პირგასამტეხლოს კანონისმიერ ფუნქციას, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულებაა ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

1.5. განსხვავებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ საჭიროებს მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობას, პირგასამტეხლო ყოველთვის სახელშეკრულებო პირობად გვევლინება. ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო პირობის ერთადერთი გამონაკლისია ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას პროცენტზე შეთანხმება (სკ 403-ე მუხლი), თუმცა ეს შემთხვევა სახეზე არ გვაქვს.

1.6. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დათქმა, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მოპასუხის შესაგებლის არსებობისას, ლეგიტიმურს ხდის პირგასამტეხლოს ოდენობის შეფასებას სასამართლოს მიერ, რაც არ შეიძლება განვიხილოთ სამართლის ნორმის დარღვევად, თავის მხრივ, მუხლი განსაზღვრავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობა სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმის გარემოებების გათვალისწინებით, რაც არ შეიძლება განმარტებულ იქნას იმგვარად, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისათვის უნდა არსებობდეს რაიმე სპეციალური მტკიცებულება, იგი ყოველთვის გონივრული განსჯის შედეგია და ამოსავალ პრინციპს წარმოადგენს როგორც დარღვეული ვალდებულების ხასიათი, ისე კრედიტორისა და მოვალის ინტერესთა თანაფარდობა.

1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებისაგან (იხ. სუსგ №ას-921-960-2011 25 ნოემბერი, 2011 წელი).

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე