Facebook Twitter

საქმე №ას-884-846-2014 16 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ე. დ-ა, თ. დ-ი, მ. მ-ე, გ. ჩ-ე, ლ. ჯ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ს. ბ-ი, ე. ლ-ი, ზ. კ-ე, შ. შ-ი, თ. ვ-ე, ლ. ბ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ს. ბ-მა, ე. ლ-მა, ზ. კ-ემ, შ. შ-მა, თ. ვ-ემ და ლ. ბ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ე. დ-ას, თ. დ-ის, ი. ჯ-ის, ჯ. ე-ის, ი. ა-ისა და ე. ა-ის (შემდგომში _ მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეებისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრება და ზიანის ანაზღაურება, კერძოდ: ს. ბ-ის სასარგებლოდ - 15 680 აშშ დოლარის, 1 898,57 აშშ დოლარისა და 2012 წლის 1 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად 3,52 აშშ დოლარის დაკისრება; ე. ლ-ის სასარგებლოდ - 13 600 აშშ დოლარის, 1 646,72 აშშ დოლარისა და 2012 წლის 1 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად 3,06 აშშ დოლარის; ზ. კ-ის სასარგებლოდ - 24 200 აშშ დოლარის, 2 930,19 აშშ დოლარისა და 2012 წლის 1 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად 5,44 აშშ დოლარის, შ. შ-ის სასარგებლოდ - 33 264 აშშ დოლარის, 4 027,68 აშშ დოლარისა და 2012 წლის 1 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად 7,47 აშშ დოლარის; თ. ვ-ის სასარგებლოდ - 20 000 აშშ დოლარის, 2 421,64 აშშ დოლარისა და 2012 წლის 1 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად 4,49 აშშ დოლარის; ლ. ბ-ას სასარგებლოდ - 27 200 აშშ დოლარის, 3 293,44 აშშ დოლარისა და 2012 წლის 1 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად 6,11 აშშ დოლარის დაკისრება. მოსარჩელეთა განმარტებით, 2007 წლის 13 ივლისს მოპასუხეებმა დაარსეს ამხანაგობა „ა. ს-ი“, რომლის მიზანიც ქ.თბილისში, გ-ის გამზირზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობა იყო. მშენებლობის დასრულების შემდგომ კი, წილობრივი მონაცემების შესაბამისად, ამხანაგობის წევრების მიერ ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა. ხელშეკრულებით განისაზღვრა წევრთა შენატანები ამხანაგობაში. სხვადასხვა დროს მოსარჩელეები ამხანაგობის გამგეობის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნენ ამხანაგობის წევრებად კონკრეტული ბინის მიღების მიზნით და განახორციელეს შენატანები. მშენებლობა, სადამფუძნებლო ხელშეკრულების თანახმად, უნდა დასრულებულიყო 2010 წლის 17 სექტემბრისათვის, ხოლო ამხანაგობის საერთო კრების 2009 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით „ა. ს-ი“ გამოცხადდა გაკოტრებულად და დამფუძნებელ წევრ ე.დ-ას დაუბრუნდა შენატანი _ მიწის ნაკვეთი. მოსარჩელეებმა მოითხოვეს თანხების დაბრუნება, ასევე აღნიშნეს, რომ განიცდიან ზიანს მიუღებელი შემოსავლის სახით, რომელიც საბანკო ანაბარზე თანხის განთავსების შემთხვევაში 2010 წლისათვის წლიური 8,9%, 2011 წლისათვის _ 8,2%, ხოლო, რადგანაც 2012 წლის საშუალო საპროცესნტო განაკვეთი სარჩელის აღძვრის დროისათვის გამოქვეყნებული არ იყო, მოსარჩელეებმა ითხოვეს ამ თანხის 8,2%-ით განსაზღვრა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა: ე.დ-ამ, თ.დ-მა, მ.მ-ემ, ლ.ჯ-მა და ა.ე-ემ სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ბ-ის, ე. ლ-ის, ზ. კ-ის, შ. შ-ის, თ. ვ-ისა და ლ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა დ. ე-ისა და ა. ე-ის მიმართ, დ. ე-ესა და ა. ე-ეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ თანხის გადახდა შემდეგი ოდენობით: ს. ბ-ის სასარგებლოდ - 15 680 აშშ დოლარის, ე. ლ-ის სასარგებლოდ - 13 600 აშშ დოლარის, ზ. კ-ის სასარგებლოდ - 24 200 აშშ დოლარის, შ. შ-ის სასარგებლოდ - 33 264 აშშ დოლარის, თ. ვ-ის სასარგებლოდ - 20 000 აშშ დოლარის, ლ. ბ-ას სასარგებლოდ კი - 27 200 აშშ დოლარის გადახდა.

3.2. დ. ე-ესა და ა. ე-ეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება კერძოდ: ს. ბ-ის სასარგებლოდ 1 898,57 აშშ დოლარის, ხოლო 2012 წლის 1 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიურად 3,52 აშშ დოლარის; ე. ლ-ის სასარგებლოდ 1 646,72 აშშ დოლარის, ხოლო 2012 წლის 1 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიურად 3,06 აშშ დოლარის; ზ. კ-ის სასარგებლოდ 2 930,19 აშშ დოლარის, ხოლო 2012 წლის 1 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიურად 5,44 აშშ დოლარის; შ. შ-ის სასარგებლოდ 4 027,68 აშშ დოლარის, ხოლო 2012 წლის 1 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიურად 7,47 აშშ დოლარის; თ. ვ-ის სასარგებლოდ 2 421,64 აშშ დოლარის, ხოლო 2012 წლის 1 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიურად 4,49 აშშ დოლარის; ლ. ბ-ას სასარგებლოდ 3 293,44 აშშ დოლარის, ხოლო 2012 წლის 1 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიურად 6,11 აშშ დოლარის გადახდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, ე. დ-ას, თ. დ-ს, ი. ჯ-ეს, ჯ. ა-ს, მ. მ-ეს, გ.მ ჩ-ეს, ლ. ჯ-ს, ი. ა-ს, ე. ა-ს, დ. ე-ესა და ა. ე-ეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ თანხის გადახდა: ს. ბ-ის სასარგებლოდ - 15 680 აშშ დოლარის, ე. ლ-ის სასარგებლოდ - 13 600 აშშ დოლარის, ზ. კ-ის სასარგებლოდ - 24 200 აშშ დოლარის, შ. შ-ის სასარგებლოდ - 33 264 აშშ დოლარის, თ. ვ-ის სასარგებლოდ - 20 000 აშშ დოლარის, ლ. ბ-ას სასარგებლოდ - 27 200 აშშ დოლარის გადახდა.

5.2. ე. დ-ას, თ. დ-ს, ი. ჯ-ეს, ჯ. ა-ს, მ. მ-ეს, გ.მ ჩ-ეს, ლ. ჯ-ს, ი. ა-ს, ე. ა-ს, დ. ე-ესა და ა. ე-ეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება: ს. ბ-ის სასარგებლოდ 1 898,57 აშშ დოლარის, ხოლო 2012 წლის 1 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად 3,52 აშშ დოლარის, ე. ლ-ის სასარგებლოდ 1 646,72 აშშ დოლარის, ხოლო 2012 წლის 1 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად 3,06 აშშ დოლარის, ზ. კ-ის სასარგებლოდ 2 930,19 აშშ დოლარის, ხოლო 2012 წლის 1 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად 5,44 აშშ დოლარის, შ. შ-ის სასარგებლოდ 4 027,68 აშშ დოლარის, ხოლო 2012 წლის 1 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად 7,47 აშშ დოლარის, თ. ვ-ის სასარგებლოდ 2 421,64 აშშ დოლარის, ხოლო 2012 წლის 1 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად 4,49 აშშ დოლარის, ლ. ბ-ას სასარგებლოდ 3 293,44 აშშ დოლარის, ხოლო 2012 წლის 1 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად 6,11 აშშ დოლარის გადახდა.

5.3. ამავე გადაწყვეტილებით განაწილდა სასამართლო ხარჯებიც.

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

6.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ე-ეს უფლება ჰქონდა, ამხანაგობის სახელით მესამე პირებთან დაედო გარიგებები, მათ შორის - ნარდობის ხელშეკრულება.

6.2. 2007 წლის 13 ივლისს გაფორმებული და სანოტარო წესით დამოწმებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა. ს-ის“ დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ამხანაგობის დამფუძნებლებს წარმოადგენდნენ: ე. დ-ა, ბ. დ-ი, გ.მ ჩ-ე, ი. ჯ-ე, ჯ. ა-ი, ე. ა-ი, ე. ა-ი, ი. ა-ი, მ. მ-ე, თ. დ-ი, ლ. ჯ-ი, დ. ე-ე და ა. ე-ე. ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა იურიდიული პირის შეუქმნელად, განსაზღვრული წესითა და ვადებში, ქ.თბილისში, გ-ის გამზირზე, ავეჯის სახლის მიმდებარედ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახის აშენება და მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ შენობის, როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი საკუთრების მფლობელობა, სარგებლობა და/ან განკარგვა.

6.3. ამხანაგობაში დ. ე-ის შენატანს წარმოადგენდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში მშენებლობის ორგანიზება და წარმართვა დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხი, მშენებლობის დაწყება (საძირკვლის ჩასხმა) საძიებო-საპროექტო სამუშაოების დამთავრებისა და მათი შესაბამისი სამსახურის დამტკიცებისთანავე, დაწყებული მშენებლობის დამთავრება. შესაბამისი ნებართვის აღებიდან 27 თვის განმავლობაში; მშენებლობის დაფინანსება ხარჯთაღრიცხვის მიხედვით იმ მიმართულებით, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, შესაბამისი ნებართვის აღებიდან 27 თვის განმავლობაში მოხდეს იბა „ა. ს-ის“ სახლის მშენებლობის სრულად დამთავრება; ინვესტიციების მოზიდვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად; ამხანაგობის ფინანსური საქმიანობის განხორციელება საფინანსო სფეროში საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

6.4. ხელშეკრულების 5.3 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დ. ე-ე. 5.4 პუნქტის თანახმად, ამხანაგობის თავმჯდომარე წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობასა და სასამართლოში, წარმართავს ამხანაგობის მიმდინარე საქმიანობას და პასუხისმგებელია მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე. 5.5 პუნქტის მიხედვით, ამხანაგობის სახელით წერილობითი გარიგების დადებისას ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია, მიუთითოს, რომ იგი მოქმედებს ამხანაგობის სახელით. 13.1 პუნქტის შესაბამისად, დადგენილ ვადებში მშენებლობის მიმდინარეობის შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა საერთო კრება და გამგეობა უფლებას აძლევს ამხანაგობის თავმჯდომარეს, რათა მან თავისი შეხედულებისამებრ (მათ შორის: მისაღები წევრის შერჩევა, გასაყიდი ფასის განსაზღვრა და სხვა) განკარგოს განუთავსებელი წილი და შესაბამისი ფართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6.5. სასამართლოს შეფასებით, სამოქალაქო კოდექსის 934.3. მუხლის შესაბამისად, 2007 წლის 13 ივლისის ხელშეკრულების მხოლოდ 5.4. პუნქტიდან გამომდინარეც კი, მოსარჩელეებს, როგორც ამხანაგობის გარე ურთიერთობის მონაწილე მესამე პირებს, აღარ წარმოეშობოდათ ვალდებულება, დამატებით მოეძიებინათ ან გადაემოწმებინათ ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შემზღუდველი დოკუმენტაცია თუ დებულება. მართალია, ყოველი სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეს ევალება წინდახედულობის ზომების გამოჩენა, თუმცა, დაუშვებელია მხარეს მოეთხოვოს არასაჭირო რისკების დაზღვევა და მათი წინასწარი განჭვრეტა.

6.6. ს. ბ-ი მიღებულ იქნა ამხანაგობის წევრად ამხანაგობის გამგეობის წევრთა კრების გადაწყვეტილებით. მასთან 2008 წლის 26 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება ამხანაგობის წევრად მიღების შესახებ, რომლის საფუძველზეც, იბა „ა. ს-იმ“ იკისრა ვალდებულება, გადაეცა ს. ბ-ისათვის ქ.თბილისში, გ-ის გამზირზე, ავეჯის სახლის მიმდებარედ აშენებულ სახლში 59,8 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მე-10 სართულზე, სამხრეთის მხარეს, თეთრი კარკასის მდგომარეობაში. საქმეში წარმოდგენილი ოქმის, ხელშეკრულებისა და ორდერების თანახმად, ს. ბ-ის მიერ გადახდილია 9 880 აშშ დოლარი ოქმის ხელმოწერისთანავე. მის მიერ ასევე გადახდილია 5 800 აშშ დოლარი, სულ _ 15 680 აშშ დოლარი.

6.7. 2008 წლის 6 მარტს ამხანაგობის თავმჯდომარეს დ. ე-ესა და ე. ლ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ამხანაგობაში წევრად მიღების შესახებ, რომლის საფუძველზეც, იბა „ა. ს-იმ“ იკისრა ვალდებულება, გადაეცა ე. ლ-ისათვის ქ.თბილისში, გ-ის გამზირზე, ავეჯის სახლის მიმდებარედ აშენებულ სახლში 59,8 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მე-9 სართულზე, სამხრეთის მხარეს, შავი კარკასის მდგომარეობაში. ამხანაგობის გამგეობის წევრთა კრების გადაწყვეტილებით ე. ლ-ი მიღებულ იქნა ამხანაგობის წევრად. საქმეში არსებული ოქმის, ხელშეკრულებისა და ორდერების თანახმად, ოქმის ხელმოწერისთანავე ე. ლ-მა გადაიხადა 8 600 აშშ დოლარი. მის მიერ ასევე გადახდილია 5 000 აშშ დოლარი, სულ _ 13 600 აშშ დოლარი.

6.8. ზ. კ-ე მიღებული იქნა ამხანაგობის წევრად 2008 წლის 9 აპრილის გამგეობის წევრთა კრების გადაწყვეტილებით. მასთან გაფორმდა ხელშეკრულება ამხანაგობის წევრად მიღების შესახებ, რომლის საფუძველზეც, იბა „ა. ს-იმ“ იკისრა ვალდებულება, გადაეცა ზ. კ-ისათვის ქ.თბილისში, გ-ის გამზირზე, ავეჯის სახლის მიმდებარედ აშენებულ სახლში 79,9 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მე-7 სართულზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, თეთრი კარკასის მდგომარეობაში. საქმეში არსებული ოქმის, ხელშეკრულებისა და ორდერების თანახმად, ზ. კ-ის მიერ გადახდილია 20 000 აშშ დოლარი ოქმის ხელმოწერისთანავე. მის მიერ ასევე გადახდილია 4 200 აშშ დოლარი, სულ _ 24 200 აშშ დოლარი.

6.9. შ. შ-ი 2007 წლის 6 ნოემბრის ამხანაგობის გამგეობის წევრთა კრების გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა ამხანაგობის წევრად. მასთან გაფორმდა ხელშეკრულება ამხანაგობის წევრად მიღების შესახებ, რომლის საფუძველზეც, იბა „ა. ს-იმ“ იკისრა ვალდებულება, გადაეცა შ. შ-ისათვის ქ.თბილისში, გ-ის გამზირზე, ავეჯის სახლის მიმდებარედ აშენებულ სახლში 79,2 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მე-4 სართულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს, თეთრი კარკასის მდგომარეობაში. საქმეში წარმოდგენილი ოქმის, ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტისა და ორდერის თანახმად, შ. შ-ის მიერ გადახდილია 33 264 აშშ დოლარი.

6.10. თ. ვ-ე 2008 წლის 18 თებერვალს მიღებულ იქნა ამხანაგობის წევრად ამხანაგობის გამგეობის წევრთა კრების გადაწყვეტილებით. მასთან გაფორმდა ხელშეკრულება ამხანაგობის წევრად მიღების შესახებ, რომლის საფუძველზეც, იბა „ა. ს-იმ“ იკისრა ვალდებულება, გადაეცა თ. ვ-ისათვის ქ.თბილისში, გ-ის გამზირზე, ავეჯის სახლის მიმდებარედ აშენებულ სახლში 79,9 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მე-10 სართულზე, ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს, თეთრი კარკასის მდგომარეობაში. საქმეში განთავსებული ოქმის, ხელშეკრულებისა და ორდერების თანახმად, თ. ვ-ის მიერ გადახდილია 20 000 აშშ დოლარი ოქმის ხელმოწერისთანავე.

6.11. ლ. ბ-ა მიღებულ იქნა ამხანაგობის წევრად 2007 წლის 18 სექტემბრის ამხანაგობის გამგეობის წევრთა კრების გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც, იბა „ა. ს-იმ“ იკისრა ვალდებულება, გადაეცა ლ. ბ-ასათვის ქ.თბილისში, გ-ის გამზირზე, ავეჯის სახლის მიმდებარედ აშენებულ სახლში, 79,9 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მე-4 სართულზე, ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს, თეთრი კარკასის მდგომარეობაში და ასევე ავტოსადგომი. 2008 წლის 14 თებერვალს ლ. ბ-ასთან ასევე გაფორმდა დამატებითი შეთანხმება. საქმეში არსებული ოქმის, ხელშეკრულებისა და ორდერების შესაბამისად, მის მიერ სულ გადახდილია 27 200 აშშ დოლარი.

6.12. საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებითა და გამგეობის გადაწყვეტილებებით, რომლებსაც ხელს აწერენ მხოლოდ დ. ე-ე და ა. ე-ე, დასტურდება, რომ მოსარჩელეებმა მათ მიერ შესაძენი უძრავი ქონების საფასური გადაუხადეს დ. ე-ეს და ა. ე-ეს. აღნიშნული ასევე დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განაჩენით.

7. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მიხედვით, განმარტა, რომ უფლებამოსილების გაცემისას, უფლებამოსილების გამცემი პასუხისმგებლობას იღებს ყველა იმ სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის, რომელიც მისი სახელით იდება. რაც შეეხება, წარმომადგენლის ნების არარსებობის პირობებში დადებულ გარიგებებს, მიუხედავად წარმომადგენლობის უფლებამოსილების არსებობისა, კანონმდებელი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში პასუხისმგებლობას წარმოდგენილ პირს აკისრებს იმ რისკისათვის, რომელიც მან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დროს გაწია, რათა დაცულ იქნას მესამე პირების ინტერესები და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა. აღნიშნული პრინციპი ნათლად ჩანს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში. წარმოდგენილ ხელშეკრულებებში ცალსახად მითითებულია, რომ მოსარჩელეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში შევიდნენ არა ფიზიკურ პირ დ. ე-ესთან, არამედ ამხანაგობა „ა. ს-ისთან“, რომელსაც მესამე პირებთან ურთიერთობაში მისი თავმჯდომარე - დ. ე-ე წარმოადგენდა. დ. ე-ის მიერ ამხანაგობის სახელით დადებული გარიგებების საფუძველზე უფლება-მოვალეობები წარმოეშობა ამხანაგობას, ვინაიდან მან დ. ე-ისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებით შექმნა ისეთი გარემოება, რომ ნებისმიერ მესამე პირს კეთილსინდისიერად ეგონებოდა აღნიშნული გარიგებების დადების მიმართ ამხანაგობის ნების არსებობა, თუმცა, აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ წარმოდგენილ პირს ესპობა დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა. ამგვარ ვითარებაში, სახეზეა სახელშეკრულებო და დელიქტური პასუხისმგებლობის კონკურენციის წინაპირობები.

7.2. პალატამ აღნიშნა, რომ დ. ე-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანი მიადგათ როგორც ამხანაგობა „ა. ს-ის“ დამფუძნებელ წევრებს, ასევე, მოსარჩელეებს. მოსარჩელეებს მოთხოვნის უფლება წარმოეშვათ ხელშეკრულების დარღვევის გამო, ხოლო „ა. ს-ის“ დამფუძნებელ წევრებს _ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად. შესაბამისად, მოსარჩელეების წინაშე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებელი არიან „ა. ს-ის“ დამფუძნებელი წევრები, ვინაიდან ხელშეკრულება სწორედ მათი სახელით დაიდო, ხოლო იმის გამო, რომ დ. ე-ემ არ შეასრულა ვალდებულება ამხანაგობის წინაშე, დ. ე-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო „ა. ს-ის“ დამფუძნებელი წევრების წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ მას. სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი დ. ე-ის წინაშე ნაკისრ ვალდებულების შესრულება ამხანაგობის წინაშე შესრულებულად მიიჩნევა და არა ფიზიკური პირის - დ. ე-ის წინაშე.

7.3. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეებსა და მოპასუხეებს შორის არსებული სამართალურთიერთობა წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, ამხანაგობამ მოსარჩელეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით იკისრა ვალდებულება, მათთვის საკუთრებაში გადაეცა ამხანაგობის მიერ ნაწარმოები მშენებლობის შედეგად აშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ბინები, სანაცვლოდ, მოსარჩელეებმა განახორციელეს ფულადი შენატანები. ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ იქნა ასევე პირობები, რომელთა დაცვითაც ამხანაგობამ აიღო ვალდებულება, გადაეცა ბინები. ამ გარემოებაზე გავლენას ვერ იქონიებდა ის, რომ გაფორმებული ხელშეკრულებები მხარეთა მიერ სახელდებულ იქნა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებებად. მითითებული ხელშეკრულებები არ პასუხობდნენ სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით ერთობლივი საქმიანობისათვის დამახასიათებელ წინაპირობებს. მოსარჩელეებთან ამხანაგობის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობდა მხოლოდ ფიზიკურ პირთა ინდივიდუალური ინტერესი, მიეღოთ საცხოვრებელი ბინა ახალაშენებულ კორპუსში მხოლოდ შესაბამისი ღირებულების გადახდის სანაცვლოდ, რაც არსებითად განსხვავდება ამხანაგობის 2007 წლის 13 ივლისის სადამფუძნებლო აქტით განსაზღვრული მიზნისგან _ აშენებულიყო მრავალბინიანი კორპუსი. მოსარჩელეებთან ამხანაგობის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები არ შეიცავდა 2007 წლის 13 ივლისის ხელშეკრულებით დამფუძნებელ წევრთათვის დადგენილ და ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებისათვის არსებით დებულებებს საერთო მიზნის მიღწევის საშუალებებთან დაკავშირებით. როგორც მოსარჩელეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, ასევე სადამფუძნებლო აქტიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელეები, როგორც ამხანაგობის ჩვეულებრივი წევრები, ამხანაგობის დამფუძნებელი წევრებისაგან განსხვავებით, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, გავლენა იქონიონ სადამფუძნებლო წევრთა კრებისა და თავმჯდომარის კომპეტენციას დაქვემდებარებულ საკითხებზე. ამასთან დაკავშირებული რაიმე უფლებები არ ყოფილა განსაზღვრული არც 2007 წლის 13 ივლისის სადამფუძნებლო აქტით და არც ცალკეული ხელშეკრულებებით.

7.4. მოპასუხეებს შორის 2007 წლის 13 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებას. ამ თვალსაზრისით პალატამ ერთმანეთისაგან გამიჯნა სამოქალაქო კოდექსის 930-ე და 629-ე მუხლების წინაპირობები და სრულად იხელმძღვანელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით მსგავს საკითხზე. სასამართლოს დასკვნით, 2007 წლის 13 ივლისის ხელშეკრულების პირობებითა და დამფუძნებელთა მიერ ნაკისრი ვალდებულებებით დგინდებოდა რომ მხარეთა შეთანხმება წარმოადგენდა ერთობლივ საქმიანობას. ამ პოზიციას ადასტურებდა ასევე ხელშეკრულებიდან გასვლისა და შეწყვეტის თავები, რომლებიც თავისი შინაარსით მიუთითებენ სამოქალაქო კოდექსის 938-ე და 939-ე მუხლების დანაწესებზე.

7.5. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილებით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 405-ე, 352-ე მუხლების პირველი ნაწილებით და განმარტა, რომ ხელშეკრულების მონაწილეებს შეუძლიათ განსაზღვრონ მათი წილები მიღებული შემოსავლიდან. წილები შესაძლებელია იყოს მათ მიერ განხორციელებული შენატანების პროპორციული ან სხვაგვარი შეთანხმებით მოხდეს მათი განსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება რა პრინციპით ხდებოდა შემოსავლების განაწილება, თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულება შეიცავს ყველა იმ რეკვიზიტს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსით ამ ტიპის ხელშეკრულებისათვის. მხარეთა შორის გარიგება ნებაყოფლობით შედგა, რაც მესამე პირებისათვის ქმნის პრეზუმფციას იმის შესახებ, რომ ის გარიგებაში შედის ფიზიკურ პირთა გაერთიანებასთან. თუ სამოქალაქო ურთიერთობების მონაწილეებმა გადაწყვიტეს გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად და ერთ-ერთ მათგანს უფლება აქვს, იმოქმედოს ყველას სახელით, მაშინ გარიგებებზე უფლებებსაც და მოვალეობებსაც იძენს ყველა მონაწილე. ერთობლივ საქმიანობასთან დაკავშირებით მოვალეობების განაწილების წესის განსაზღვრა პასუხისმგებლობის დაკისრების თვალსაზრისით, წარმოადგენს მონაწილეთა საშინაო საქმეებს. ამ დროს მესამე პირებს (მონაწილეების კრედიტორები) უფლება აქვთ, მოთხოვნები წაუყენონ ამხანაგობას, ანუ მის ყველა წევრს ერთად ან რომელიმე ერთ-ერთ გადახდისუნარიან მონაწილეს და მათგან მოითხოვონ ვალდებულების სრულად შესრულება თანახმად სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

7.6. რადგანაც დგინდებოდა, რომ მოსარჩელეებმა ამხანაგობას გადაუხადეს საცხოვრებელი ბინის აშენებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხები, ხოლო მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება, მიღებულის უკან დაბრუნებაზე პასუხისმგებლები იყვნენ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები სოლიდარულად.

8. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. დ-მა, გ.მ ჩ-ემ, ე. დ-ამ, მ. მ-ემ და ლ. ჯ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

8.1.1. კასატორებმა მიუთითეს იბა „ა. ს-ის“ სადამფუძნებლო ხელშეკრულების 5.2.2. და 5.1. პუნქტებზე და განმარტეს, რომ წევრის მიღება ამხანაგობაში გამგეობის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა, ხოლო გამგეობის წევრები დ. ე-ე, ა. ე-ე, თ. დ-ი და ლ. ჯ-ი იყვნენ, ასევე, მიუთითეს სადამფუძნებლო ხელშეკრულებით განსაზღვრულ შენატანებზე და აღნიშნეს, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესაც მიადგა ზიანი. ამჟამინდელი მოსარჩელეებისა და იმ დროს დაზარალებულად ცნობილი პირების განცხადების საფუძველზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რის გამოც დააპატიმრეს დ. და ა. ე-ეები და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განაჩენით დამნაშავედ იქნენ ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. განაჩენით დადგინდა, რომ თ. დ-ი და ლ. ჯ-ი, როგორც გამგეობის წევრები, არ იყვნენ საქმის კურსში არც ერთი პირის ამხანაგობის წევრად მიღების საკითხის თაობაზე, ასევე დადგინდა, რომ დაზარალებულთა მიერ გადახდილი თანხები ამხანაგობას არ მოხმარებია. ამ განაჩენის შემდგომ დაიწყო სამოქალაქო საქმეთა განხილვა და ყველა საქმეზე პასუხისმგებლობა დაეკისრათ დ. და ა. ე-ეებს. გადაწყვეტილებათა უმრავლესობა გასაჩივრდა ზემდგომ სასამართლოებში, თუმცა არ შეცვლილა.

8.1.2. სააპელაციო სასამართლომ საქმე კანონის უხეში დარღვევით განიხილა: არ გამოიკვლია საქმეში არსებული განაჩენი, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული და ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი თანხების ა. და დ. ე-ეების მიერ თაღლითურად მითვისების ფაქტი. მიუხედავად ამხანაგობისათვის თანხის გადაუცემლობის ფაქტის დადგენისა, სამოქალაქო საქმეზე სასამართლომ ამ თანხის გადახდა ამხანაგობის წევრებს მაინც დააკისრა, გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელეების ამხანაგობის წევრად მიღება სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა, მიუხედავად იმისა, რომ გამგეობის ორ წევრს ამ პირთა მიღების საკითხის განხილვაში მონაწილეობაც არ მიუღიათ და ეს გარემოება არც მოსარჩელეებს უარუყვიათ. სასამართლო დაეყრდნო აბსურდულ განმარტებას, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, თუმცა არ გაითვალისწინა დელიქტური ვალდებულების მარეგულირებელი ნორმების არსებობა, რაც ასევე არასწორია.

8.1.3. სააპელაციო პალატა გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და არ იმსჯელა აპელანტთა მითითებაზე, რომ მათ თანხები მაღალი ნდობის გამო გადაუხადეს ამჟამად დამნაშავედ ცნობილ პირებს, ამასთანავე, თუკი სასამართლოს ლოგიკას გავიზიარებთ, მოსარჩელეები ასევე ამხანაგობის წევრებს წარმოადგენენ და ფულადი ვალდებულება მათაც უნდა დაკისრებოდათ, რადგანაც კანონი რაიმე სხვაობას დამფუძნებელი და არადამფუძნებელი წევრების მიმართ არ ითვალისწინებს.

8.1.4. სააპელაციო პალატამ გაურკვეველი მიზეზით შეცვალა ხელშეკრულებათა კვალიფიკაცია და მოსარჩელეებთან დადებული გარიგებები არასწორად მიიჩნია ნარდობად, სწორედ ეს დაედო საფუძვლად კასატორებისათვის თანხის დაკისრებას, რაც აბსურდია, რადგანაც დაუშვებელია, მენარდემ მიიღოს თანხა და ამ თანხის ანაზღაურება სხვა პირს დაეკისროს.

8.1.5. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოსარჩელეების მიერ თანხის გადახდის ფაქტს. დასტურდება, რომ თანხა გადაეცათ დ. და ა. ე-ეებს, სადამფუძნებლო ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად კი, თანხა უნდა შეტანილიყო ამხანაგობის ანგარიშზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპასუხო შესრულების ვალდებულება ამხანაგობას არ წარმოეშობოდა.

8.1.6. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ სარჩელი აღძრულია ამხანაგობის ლიკვიდაციიდან 3 წლის შემდეგ.

8.1.7. მ. მ-ე ერთ-ერთი რიგითი წევრი იყო, რომელსაც მხოლოდ მომავალში აშენებული კონკრეტული საცხოვრებელი ბინის მიღების ინტერესი გააჩნდა, მას რაიმე ვალდებულება არ უკისრია და არც ამხანაგობის ქონების განკარგვის უფლება გააჩნდა, რის გამოც, იგი არა სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით განსაზღვრულ ერთობლივი საქმიანობის წევრს, არამედ, ნარდობის ურთიერთობის მონაწილეს წარმოადგენდა.

8.1.8. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ წინამდებარე დავის სამართლებრივი საფუძველი ზიანის ანაზღაურებაა, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია ბრალეული პირების ვინაობა და სასამართლოს სწორედ ამ პირთათვის უნდა დაეკისრებინა პასუხისმგებლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ძირითადად იმ ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება, რომ დ. ე-ეს უფლება ჰქონდა, ამხანაგობის სახელით მესამე პირებთან დაედო გარიგებები, მათ შორის - ნარდობის ხელშეკრულება. 2007 წლის 13 ივლისს გაფორმებული და სანოტარო წესით დამოწმებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა. ს-ის“ დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ამხანაგობის დამფუძნებლებს წარმოადგენდნენ: ე. დ-ა, ბ. დ-ი, გ.მ ჩ-ე, ი. ჯ-ე, ჯ. ა-ი, ე. ა-ი, ე. ა-ი, ი. ა-ი, მ. მ-ე, თ. დ-ი, ლ. ჯ-ი, დ. ე-ე და ა. ე-ე. ამხანაგობის მიაზნს წარმოადგენდა იურიდიული პირის შეუქმნელად, განსაზღვრული წესითა და ვადებში, ქ.თბილისში, გ-ის გამზირზე, ავეჯის სახლის მიმდებარედ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახის აშენება და მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ შენობის, როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი საკუთრების მფლობელობა, სარგებლობა და/ან განკარგვა. მოსარჩელეებთან ხელშეკრულებები დადებული იყო ამხანაგობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა ამხანაგობის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულება შეასრულეს, ხოლო დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა ნარდობის სამართლებრივ გარიგებას.

1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.5. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებებსა და დასკვნებს, როგორც ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების, ისე მოსარჩელეების მიერ ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულებების თაობაზე და თვლის, რომ პალატის დასკვნები გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით დადგენილი წესით გამოვლენილი ნების გონივრული განმარტებიდან, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დ. ე-ე ამხანაგობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირად არჩეულ იქნა ამხანაგობის ხელშეკრულების 5.3. მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რამაც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მესამე პირებთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ლეგიტიმაციით აღჭურვა, ამ გარემოების გათვალისწინებით კი, მოსარჩელეებს სასამართლომ მართებულად არ დააკისრა საშუალო წინდახედულობის სტანდარტით სამოქალაქო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელ პასუხისმგებლობაზე მეტი და სავსებით მართებულად მიიჩნია ორმხრივად გამოვლენილი ნება ვალდებულების ძალის მატარებლად. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მტკიცებას თანხის გადახდის წესის დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ განხორციელებული შენატანები არ ეწინააღმდეგება ამხანაგობის სადამფუძნებლო აქტის მე-7 პუნქტს, რომელიც არ შეიცავს დათქმას უშუალოდ ამხანაგობის ანგარიშზე თანხის შეტანის თაობაზე, თავის მხრივ, სამოქალაქო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს უფლებამოსილი პირის (წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის წინაშე) ვალდებულების შესრულებას. ამ ფაქტის მიმართ მოსარჩელეები კეთილსინდისიერი არიან.

1.5.1. პალატა სრულად ეთანხმება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრის №ას-482-458-2013 განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლის ნორმის განმარტებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით სავსებით მართებულად გამიჯნა სადამფუძნებლო დოკუმენტითა და მოსარჩელეების მიერ ინდივიდუალუარდ გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 930-ე და 629-ე მუხლების არსებითად სწორად განმარტებით დაადგინა, რომ მოსარჩელეები, მათ მიერ დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში, წარმოადგენდნენ დამკვეთს ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში, ხოლო მოპასუხეები ერთობლივი საქმიანობის წევრებს, რაც არსებითი მნიშვნელობისაა მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრაში.

1.5.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მ. მ-ის მტკიცებას, რომ მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ის ასევე ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაშია ამხანაგობასთან და არ არის ვალდებული, პასუხი აგოს ამხანაგობის ვალებზე. პალატა მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოცემულ შემთხვევაში, სანოტარო წესით დამოწმებული სადამფუძნებლო ხელშეკრულებით მ.მ-ე დაეთანხმა ერთობლივი საქმიანობის პირობებს და იკისრა სოლიდარული ვალდებულება ამხანაგობის კრედიტორების წინაშე, მას გამოვლენილი ნება საცილო არ გაუხდია, რაც, ხელშეკრულების ნამდვილობის პირობებში (ნაკლის მქონე ნების გამოვლენის მოტივით ან სხვა საფუძვლით გარიგების ბათილობა კასატორს არ უთხოვია) მისი პრეტენზიის გაზიარებას გამორიცხავს.

1.5.3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა იმ არგუმენტსაც, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარეობდა, რადგანაც ეს დასკვნა სარჩელის საფუძვლებიდან არ გამომდინარეობს, მოცემულ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის განმსაზღვრელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს, ამავე კოდექსის 465-ე მუხლის, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის განსაზღვრა მოსარჩელის აბსოლუტურ უფლებას წარმოადგენს. აქვე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორებს არ დაუკარგავთ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ.

1.5.4. რაც შეეხება მხარეთა მტკიცებას სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის დარღვევის, ასევე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუფასებლობის თაობაზე, პალატა მას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რადგანაც მატერიალური სამართლის ნორმის გამოყენება სასამართლოს პრეროგატივაა, რომელიც, როგორც წესი, მხარეთა მიერ მითითებული და დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად ხორციელდება, რაც შეეხება განაჩენს, მას ერთი მხრივ, ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე სოლიდარულ მოვალეთა პასუხისმგებლობის მიმართ არ შეუძლია გავლენის მოხდენა, ხოლო, მეორე მხრივ, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მულში განხორციელებული ცვლილების შედეგად პრეიუდიციული ძალა არ გააჩნია, ხოლო დავის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასებისას სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული, კონკრეტულ შემთხვევაში, დაეყრდნობა თუ არა განაჩენით დადგენილ გარემოებებს.

1.5.5. პალატა უსაფუძვლო პრეტენზიად მიიჩნევს კასატორთა მითითებას ამხანაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის ვადაზე და განმარტავს, რომ მხოლოდ ის ფაქტი, თუ როდის განხორციელდა ამხანაგობის ლიკვიდაცია, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის წარდგენაზე გავლენას ვერ იქონიებს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია იმის სწორად განსაზღვრა, სუბიექტურად როდის გახდა უფლების დარღვევის შესახებ მოსარჩელეებისათვის ცნობილი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ერთობლივი საქმიანობის მიიზნი უნდა მიღწეულიყო ლიკვიდაციის შემდეგ.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ თ. დ-ის (ვიპ კლიენტი, ბონუს ბარათი) მიერ 2014 წლის 9 ოქტომბერს #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 6 000 ლარის 70% _ 4 200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. დ-ას, თ. დ-ის, მ. მ-ის, გ.მ ჩ-ისა და ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: ე. დ-ას (პ/#...), თ. დ-ს (პ/#...), მ. მ-ეს (პ/#...), გ.მ ჩ-ესა (პ/#...) და ლ. ჯ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) თ. დ-ის (ვიპ კლიენტი, ბონუს ბარათი) მიერ 2014 წლის 9 ოქტომბერს #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 6 000 ლარის 70% _ 4 200 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე