Facebook Twitter

საქმე №330210013348416

№ას-923-873-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ---“, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ----ის“ წევრები - ნ. ე-ა, დ. გ-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „E-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

კერძო საჩივრის დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „E-მა“ მოპასუხეების: ა. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ----ის“, ბ. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ----ის“ წევრების - ნ. ე-ას, დ. გ-ისა და ე. გ-ის მიმართ და მოითხოვა:

1.1 მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 4 611 737 აშშ დოლარის დაკისრება;

1.2 მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 461173 აშშ დოლარის დაკისრება;

1.3 მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის – 368938 აშშ დოლარის დაკისრება.

2. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის 2012 წლის 2 ივლისს გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება ამხანაგობისათვის გადაეცა ფულადი სახსრები ამ უკანასკნელის მიერ დაწყებული მშენებლობის დასრულების მიზნით. ამავე ხელშეკრულებით ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ ინვესტორისათვის გადაეცა აშენებული ფართის 70% ან საცხოვრებელი ფართის რეალიზაციის შემდეგ სრულად დაებრუნებინა ინვესტირებული თანხა, ასევე სარგებელი - სუფთა მოგების 70%. მოსარჩელის განმარტებით, მან ამხანაგობას საერთო ჯამში გადასცა 4 611 737 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მიხედვით, ამხანაგობას ეკისრებოდა ვალდებულება ინვესტორის მოთხოვნიდან 7 დღის ვადაში ამ უკანასკნელისათვის წარედგინა გადაცემული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ამხანაგობამ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული ვალდებულება, რის გამოც მან უარი თქვა ხელშეკრულებაზე. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო მას უფლება აქვს მოპასუხეებს მოსთხოვოს ინვესტირებული თანხის დაბრუნება, ასევე პირგასამტეხლოს გადახდა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.

3. მოპასუხეება სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ დაურღვევიათ. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ამხანაგობა აპირებს მოსარჩელეს დაუბრუნოს გადაცემული თანხა და სარგებელი სრულად. მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ამიტომ არ არსებობს ხელშეკრულებიდან მოსარჩელის გასვლის საფუძველი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელზე მოპასუხე ე. გ-ის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა, ამ უკანასკნელის მიმართ მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით:

7.1 მხარეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა მორიგება, ერთი მხრივ, აპელანტ შპს „E-სა“ და, მეორე მხრივ, იმა „კ-ე ----ის“ წევრებს – ნ. ე-ასა და დ. გ-ეს შორის შემდეგი პირობებით:

7.2 ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ---“ კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს შპს „E-სს“ 5 142 110 აშშ დოლარი, აქედან ძირი თანხა - 4 611 737 აშშ დოლარი, მასზე დამატებული სარგებელი 10%-ის ოდენობით - 461 173 აშშ დოლარი და შესაბამისი დღგ - 69 200 აშშ დოლარი;

7.3 ზემოხსენებული თანხის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკით:

- 2014 წლის 07 ნოემბერს - 300 000 აშშ დოლარი

- 2014 წლის 07 დეკემბერს - 400 000 აშშ დოლარი

- 2015 წლის 17 თებერვალს - 500 000 აშშ დოლარი

- 2015 წლის 07 მარტს - 985 528 აშშ დოლარი

- 2015 წლის 07 აპრილს - 985 528 აშშ დოლარი

- 2015 წლის 07 მაისს - 985 528 აშშ დოლარი

- 2015 წლის 07 ივნისს - 985 528 აშშ დოლარი;

7.4 ზემოხსენებული თანხა ჩაირიცხოს შპს „E-ის“ მიერ მითითებულ ანგარიშზე;

7.5 აიკრძალოს უძრავი ქონების - მდებარე ქ.თბილისში, ქ. კ-ე #---, ქ. რ., ჩიხი ---, #-------, 7235.99 კვ.მ ფართის ნებისმიერი გასხვისება, დატვირთვა, მათ შორის, იპოთეკით დატვირთვა, მორიგების აქტის პირველი და მე-2 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე (პირველი სართული --- კვ.მ; მე-3 სართული --- კვ.მ; მე-4 სართული --- კვ.მ; მე-5 სართული --- კვ.მ; მე-6 სართული --- კვ.მ; მე-7 სართული --- კვ.მ; მე-8 სართული --- კვ.მ; მე-9 სართული --- კვ.მ; მე-10 სართული --- კვ.მ; მე-11 სართული --- კვ.მ; მე-12 სართული --- კვ.მ; მე-13 სართული --- კვ.მ; მე-14 სართული --- კვ.მ; მე-15 სართული --- კვ.მ; მე-16 სართული --- კვ.მ; მე-3 სართული შუშებიანი --- კვმ.; მე-2 სართული კომერციული ფართი --- კვ.მ; ავტოსადგომი --- კვ.მ). ზემოხსენებული ფართები თავისუფალია სამომავლო ვალდებულებებისგან.

7.6 შპს „E-ი“ იღებს ვალდებულებას, რომ მორიგების დამტკიცების გამო კ-ის ----ში მდებარე შპს „E-ზე“ რიცხული ფართები --- კვ.მ, --- კვ.მ, --- კვ.მ, --- კვ.მ გადააფორმოს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ----ის“ სახელზე თანხის სრულად ჩარიცხვისთანავე;

7.7 მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე შეწყდა წარმოება;

7.8 მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ----ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან/და წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა ამავე სასამართლოს მიერ 2015 წლის 25 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორება, კერძოდ, სააღსრულებო ფურცელში ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ----ის“ მოვალედ მითითება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინებით მოსარჩელის განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდა, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვალს გაცემულ №2ბ/2071-14 სააღსრულებო ფურცლის გრაფაში – მოვალის დასახელება და რეკვიზიტები მიეთითა: 1. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ----ის“ წევრები – ნ. ე-ა, დ. გ-ე. 2. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ---“.

14. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, რომლებიც მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას.

15. კერძო საჩივრის საფუძვლები:

15.1 სააღსრულებო ფურცელში მოვალედ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ----ის“ მითითება არასწორია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მორიგება დამტკიცდა ერთი მხრივ, შპს „E-სს“, ხოლო მეორე მხრივ, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ----ის“ წევრებს – ნ. ე-ასა და დ. გ-ეს შორის.

15.2 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, გასწორებას ექვემდებარება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობები, მოცემულ შემთხვევაში კი, ადგილი ჰქონდა მხარის მოთხოვნას სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორების თაობაზე, რასაც ამ ფორმით სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

15.3 სააპელაციო სასამართლოს შესწორების შეტანის საკითხი უნდა გადაეწყვიტა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, რაც ხელს შეუწყობდა საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

17. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინების კანონიერება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორების შესახებ.

18. კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ უსწორობის გასწორება დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) და არა სააღსრულებო ფურცელში.

19. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ მართალია, სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს, მაგრამ, პალატის მოსაზრებით, ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე (კანონის ანალოგია). ცხადია, რომ გარკვეული შეცდომები სააღსრულებო ფურცელშიც შეიძლება იქნეს დაშვებული (მაგალითად, შეცდომები: სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღში, კრედიტორის ან მოვალის მისამართში, მათ საიდენტიფიკაციო მონაცემებში, კრედიტორის ან მოვალის არასწორად მითითებაში ან საერთოდ მიუთითებლობაში და ა.შ.). ნათელია, რომ ასეთ შემთხვევებში წარმოიშობა სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწრობის გასწორების აუცილებლობა, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, უნდა გასწორდეს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის ანალოგიით გამოყენების საფუძველზე.

20. კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სააღსრულებო ფურცელში ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ----ის“ მოვალედ მითითება არასწორია, ვინაიდან ეს უკანასკნელი მორიგების აქტის (შეთანხმების) მხარეს არ წარმოადგენდა.

21. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორთა ზემოხსენებულ მოსაზრებას, ვინაიდან როგორც მორიგების აქტი, ასევე მორიგების დამტკიცების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინება ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა.

22. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტის სუბიექტებს, კერძოდ, აღნიშნული აქტის მიხედვით, ერთის მხრივ, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ---“, მისი წევრები - ნ. ე-ა და დ. გ-ე, ხოლო, მეორეს მხრივ, შპს „E-ი“ მორიგდნენ გარკვეული პირობებით. მორიგების აქტს ხელს აწერენ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ----ის“ წარმომადგენელი ი. ხ-ე, რომელსაც მინდობილობით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, რომ საქმე დაასრულოს მორიგებით (იხ. მინდობილობა, ტომი 1, ს.ფ. 251), ამხანაგობის წევრები - ნ. ე-ა და დ. გ-ე, ასევე შპს „E-ის“ წარმომადგენლები. ამდენად, არასწორია კერძო საჩივრის ავტორთა მსჯელობა, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ---“ არ წარმოადგენს მორიგების აქტის მხარეს.

23. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტის შინაარსს, კერძოდ, აღნიშნული აქტის მიხედვით, სწორედ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ----მა“ იკისრა ვალდებულება, გადაუხადოს შპს „E-სს“ 5 142 110 აშშ დოლარი. გარდა ამისა, შპს „E-ის“ (კრედიტორის) ზემოხსენებული მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ----ს“ აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების ნებისმიერი სახით გასხვისება, დატვირთვა, მათ შორის, იპოთეკით დატვირთვა, მორიგების აქტის პირველი და მე-2 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის მითითებულმა საშუალებამ ჩაანაცვლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ---“ არის შპს „E-ის“ (კრედიტორის) როგორც პირადი მოვალე, ასევე კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონების მესაკუთრეც, შესაბამისად, ეს უკანასკნელი, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააღსრულებო ფურცელში შეტანილი უნდა ყოფილიყო როგორც შპს „E-ის“ (კრედიტორის) მოვალე.

25. არასწორია კერძო საჩივრის ავტორთა მსჯელობა იმის შესახებ, რომ სასამართლოს უსწორობის გასწორების საკითხი ზეპირ სხდომაზე უნდა გადაეწყვიტა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მითითებული ნორმით დადგენილია უსწორობის გასწორების თაობაზე შეტანილი განცხადების განხილვის საპროცესო ფორმა, კერძოდ, ასეთი სახის განცხადება, როგორც წესი, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია შესწორების შეტანის საკითხი სასამართლო სხდომაზეც გადაწყვიტოს. ამასთან, სასამართლოს გადასაწყვეტია, თუ საქმის განხილვის რომელ ფორმას გამოიყენებს იგი. აღსანიშნავია, რომ კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევებში შეუძლია სასამართლოს ზეპირ სხდომაზე უსწორობის საკითხის გადაწყვეტა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზეპირი მოსმენა მიზანშეწონილი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი, საქმის სირთულიდან გამომდინარე, იგი ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორები ვერ უთითებენ, თუ კონკრეტულად რომელი გარემოებების გარკვევას შეუწყობდა ხელს ზეპირი მოსმენა და რა გავლენა ექნებოდათ ამ გარემოებებს სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაზე.

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

27. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

28. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ----ის“, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ-ე ----ის“ წევრების - ნ. ე-ასა და დ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ე.გასიტაშვილი