Facebook Twitter

ბს-901-762-კ-04 14 თებერვალი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 28 მაისს ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადი ინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს “ტ. “ მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 139703,82 ლარის დაკისრების თაობაზე, აღნიშნულ სასარჩელო განცხადებაზე 2002წ. 29 ივლისს სს “ტ.” შეგებებული სარჩელით მიმართა იმავე რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა 325997 ლარის ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლა.

რაიონულ სასამართლოში საქმის მომზადების სტადიაზე მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპქციამ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა სს “ტ.” ბიუჯეტის სასარგებლოდ 58890,69 ლარის დაკისრება.

ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა სს “ტ.” აქციების 30% წილის მფლობელი ზ. ყვავაძის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად ჩართვის შესახებ, ხოლო ამავე სასამართლოს 2003წ. 17 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა სს “ტ.” გენერალური დირექტორის შუამდგომლობა და სსკ-ის 182.4 მუხლის საფუძველზე აღნიშნულ საქმესთან გაერთიანდა სასამართლოს წარმოებაში არსებული სს “ტ.” გენერალური დირექტორის სარჩელი მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადი ინსპექციის მიმართ, ქონების დაყადაღების გაუქმების თაობაზე.

რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მესამე პირების _ მ. და ზ. ყ-ების დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადება მოპასუხეების _ სს “ტ.” და მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადი ინსპექციის მიმართ.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 14 ივლისის განჩინებით საქმე განსჯადობის თაობაზე განსახილველად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

უზენაესი სასამართლოს 2003წ. 18 სექტემბრის განჩინებით მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადი ინსპეციის სარჩელი სს “ტ.” მიმართ საბიუჯეტო დავალიანების 588905,69 ლარის გადასახდელად დაკსრების და სს “ტ.” შეგებებული სარჩელი მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის2004წ. 20 აპრილის გადაწყვეტილებით თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადი ინსპექციის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის სს “ტ.” და მესამე პირების _ ზ. და მ. ყ-ების მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს “ტ.” სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 588905 ლარი და 69 თეთრი, იმის გათვალისწინებით, რომ სს “ტ.” აქციონერებს, ფიზიკურ პირებს: მ. და ზ. ყვავაძეებს უკვე ჩარიცხული ჰქონდათ სახელმწიფო ბიუჯეტში სს “ტ.” დავალიანება 588905 ლარი და 69 თეთრი, აღნიშნული თანხით მოსარჩელის თბილისის კრწანისი-მთაწმინდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა ჩაითვალა დაკმაყოფილებულად, განისაზღვრა, რომ აღარ მოხდარიყო მითითებული თანხის გადახდევინება (ანუ დაკისრებული თანხის გადახდევინების აღსრულება) ბიუჯეტის სასარგებლოდ სს “ტ.”, ხოლო დანარჩენ ნაწილში ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; სს “ტ.” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უარი ეთქვა სს “ტ.” მის მოთხოვნაზე 325,997 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩათვლაზე.

არ დაეთანხმა რა აღნიშნულ გადაწყვეტილებას იგი საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ტ.” უზენაეს სასამართლოში.

კასატორი ითხოვდა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სს “ტ.” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას და სადავო თანხის 325 997 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლას.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2005წ. 11 თებერვალს სს “ტ.” დირექტორმა მ. გ-ემ წარმოადგინა შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო კასატორის სს “ტ.” დირექტორის მ. გ-ის შუამდგომლობის გაცნობის შედეგად. მიიჩნევს, რომ სს “ტ.” დირექტორის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შეწყდეს საკასაციო წარმოება სს “ტ.” საკასაციო საჩივარზე შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

სსკ-ის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუU საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებენ. ამავე კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს სსკ-ის 272-ე მუხლის “გ” პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე და განმარტავს, რომ მითითებულ პუნქტს საფუძვლად უდევს დისპოზიციურობის პრინციპი, კერძოდ, პირის შესაძლებლობა განკარგოს საკუთარი პროცესუალური უფლებები.

ყოველივე აღნიშნული საკაასციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, დააკმაყოფილოს სს “ტ.” გენერალური დირექტორის განცხადება და საკასაციო საჩივარზე შეწყვიტოს საქმის წარმოება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმნისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 378-ე, 399-ე მუხლებით და 242-ე მუხლის “გ” პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “ტ.” გენერალური დირექტორის მ. გ-ის შუამდგომლობა სს “ტ.” საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. სს “ტ.” საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. სს “ტ.” გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 2500 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.