საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-3157-შ-64-2015 22 ოქტომბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. ლ-ს
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ლ-ს
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის, ქ. ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილება №153/2015
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საბერძნეთის, ქ. ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 03 თებერვლის №153/2015 გადაწყვეტილებით (შემდეგში - ათენის სასამართლოს გადაწყვეტილება) შეწყდა მ. ლ-სსა (ქორწინებამდელი გვარი ზ-ე) და დ. ლ-სს შორის 2010 წლის 12 თებერვალს საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების სააქტო ჩანაწერის # 8434/25.02.2010).
2. ათენის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მხარეებს ქორწინების განმავლობაში არ შესძენიათ შვილები, მათ ერთობლივი განცხადება წარადგინეს განქორწინებაზე და, საბერძნეთის კანონმდებლობის მიხედვით, განცხადება უდავო წარმოების წესით განიხილეს.
3. ათენის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 20 მაისს.
4. მ. ლ-სმა 2015 წლის 17 აგვისტოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
5. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 27 აგვისტოს განჩინებით განსახილველად მიიღო მ. ლ-სს შუამდგომლობა.
6. განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული შუამდგომლობა თანდართული მასალებით 2015 წლის 18 სექტემბერს გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც გზავნილი ჩაჰბარდა ამავე წლის 28 სექტემბერს (იხ. შესაბამისი აქტი საქმის მასალებში).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ მ. ლ-სს შუამდგომლობა საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 03 თებერვლის №153/2015 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მხარეებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს სასამართლოს, ქორწინების განმავლობაში მათ შვილები არ შესძენიათ, სასამართლომ უდავო წარმოების წესით განიხილა საქმე და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (იხ. ამ განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტები).
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებულ მოწინააღმდეგე მხარე დ. ლ-სს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინებისა და თანდართული მასალების მიღების შემდეგ (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი).
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ლ-სს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის, ქ. ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 03 თებერვლის №153/2015გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე