Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-3250–შ–67-2015 19 ოქტომბერი, 2015 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს. ო-ო

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ს-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - აშშ-ს პენსილვანიის თანამეგობრობის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 07 იანვრის №2014-5443 დადგენილება

დავის საგანი - განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აშშ-ს პენსილვანიის თანამეგობრობის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 07 იანვრის №2014-5443 დადგენილებით 2015 წლის 07 იანვრის მდგომარეობით, სასამართლოს ბრძანებულებით და დადგენილებით ქორწინებითი ურთიერთობები ს. ს-ას და ს. ო-ოს შორის შეწყდა.

2. ს. ო-ომ 2015 წლის 03 სექტემბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა აშშ-ს პენსილვანიის თანამეგობრობის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 07 იანვრის №2014-5443 დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 სექტემბრის განჩინებით ს. ო-ოს ხარვეზი დაუდგინდა შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა აშშ-ს პენსილვანიის თანამეგობრობის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 07 იანვრის №2014-5443 დადგენილების სრული ტექსტი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური პირის მიერ აპოსტილით დადასტურებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული ასლის სახით, აგრეთვე, დამოწმებული ცნობა, რომელიც დაადასტურებდა დასახელებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას და ს. ს-ას საკონტაქტო ინფორმაცია (ზუსტი მისამართი, ტელეფონის ნომერი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ს. ო-ოს შუამდგომლობა აშშ-ს პენსილვანიის თანამეგობრობის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 07 იანვრის №2014-5443 დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

6. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ს. ო-ომ და მოითხოვა აშშ-ს პენსილვანიის თანამეგობრობის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 07 იანვრის №2014-5443 დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 სექტემბრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაევალა წარმოადგინოს აშშ-ს პენსილვანიის თანამეგობრობის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 07 იანვრის №2014-5443 დადგენილების სრული ტექსტი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური პირის მიერ აპოსტილით დადასტურებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული ასლის სახით, აგრეთვე, დამოწმებული ცნობა, რომელიც დაადასტურებდა დასახელებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას და ს. ს-ას საკონტაქტო ინფორმაცია (ზუსტი მისამართი, ტელეფონის ნომერი).

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 სექტემბრის განჩინება ს. ო-ოს 2015 წლის 14 სექტემბერს პირადად ჩაბარდა.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლიბის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 15 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 05 ოქტომბერს.

10. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.

11. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

13. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. ო-ოს შუამდგომლობა აშშ-ს პენსილვანიის თანამეგობრობის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 07 იანვრის №2014-5443 დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ო-ოს შუამდგომლობა აშშ-ს პენსილვანიის თანამეგობრობის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 07 იანვრის №2014-5443 დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: ე. გასიტაშვილი