საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-741-702-2015 22 ოქტომბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
მოთხოვნა – დოკუმენტის კუთვნილების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა. თ-ის ძე ბ-ი (შემდეგში - განმცხადებელი), დაიბადა 1…, ახალქალაქის რაიონში, სოფელ მ-ში, პირადი №…
2. 2001 წლის 10 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს (შემდეგში - სააღსრულებო ბიურო) სასამართლო აღმასრულებელ ს. ხ-ის მიერ გამართული იძულებითი აუქციონის შედეგად გაიცა განკარგულება სოფელ მ-ის სახელმწიფო საწარმოს საკუთრებაში არსებული შენობის - # 1 საცხვარის ა. ა-ის ძე ბ-ის მიერ შეძენის თაობაზე.
3. სააღსრულებო ბიუროს საარქივო მონაცემებში არ იძებნება საქმე, რომლის საფუძველზეც გაცემულია 2001 წლის 10 სექტემბრის განკარგულება.
4. 2014 წლის 14 მაისს ა. ბ-მა განცხადებით მიმართა ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურს (შემდეგში - სარეგისტრაციო სამსახური) და ითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე სოფელ მ-ში, №1 საცხვარე, ზონაში ახალქალაქი, სექტორი - ბ-ი.
5. სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 მაისის №… გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. სხვასთან ერთად, წარმოების შეჩერების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სააღსრულებო ბიუროს 2001 წლის 10 სექტემბრის განკარგულებით საცხვარე შეიძინა ა. ა-ის ძე ბ-მა, ხოლო განაცხადი, კი წარადგინა ა. თ-ის ძე ბ-მა, თუმცა, შესაბამის განკარგულებაში შემძენის მამის სახელი, ნაცვლად თ-ისა, შეცდომით ჩაიწერა ა. განმცხადებელი შეძენიდან დღემდე ფლობს ამ ქონებას.
6. განმცხადებელმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დოკუმენტის კუთვნილების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა.
7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
8. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, მასზე, რომ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელ ს. ხ-ის მიერ 2001 წლის 10 სექტემბერს ა. ა-ის ძე ბ-ის სახელზე გაცემული განკარგულება ეკუთვნის 1… დაბადებულ ა. თ-ის ძე ბ-ს (პ/ნ …).
9. სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 312-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომელზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა, ან მოსპობა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, სასამართლო განიხილავს საქმეებს უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში, ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს.
10. სსსკ-ის 313-ე მუხლის თანახმად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ადგენს ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.
11. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2001 წლის 10 სექტემბერს განმცხადებელმა იძულებით აუქციონზე შეიძინა მ-ის სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი საცხვარე N1, თუმცა, სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემულ განკარგულებაში შემძენის მამის სახელი შეცდომით ჩაიწერა; აღნიშნული შეცდომის სხვა წესით გასწორება შეუძლებელია, სააღსრულებო ბიუროს არქივში არ ინახება მითითებული ქონების გასხვისების საქმე.
12. ამდენად, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი - სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელ ს. ხ-ის მიერ 2001 წლის 10 სექტემბერს გაცემული განკარგულება ეკუთვნის ა. თ-ის ძე ბ-ს (პირადი №…).
13. სასამართლომ არ გაიზიარა დაინტერესებული პირის - სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელ მ. ც-ის პოზიცია, რომ მოცემული საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო. სასამართლომ განმარტა, რომ უმეტეს შემთხვევაში უფლების დამდგენი დოკუმენტები გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. დოკუმენტის კუთვნილების ფაქტის დადგენის თაობაზე განცხადებების წარმოებაში მიღების ერთ-ერთ წინაპირობას, სწორედ შესაბამისი ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით, იმ ადმინისტრაციული ორგანოს უარი წარმოადგენს, რომლის მიერაც არის გაცემული კონკრეტული საბუთი; სწორედ იმ ორგანომ უნდა უზრუნველყოს მის მიერ გაცემულ საბუთში არსებული უსწორობის გასწორება. თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიმართოს პირმა სასამართლოს. ამდენად მხოლოდ ის ფაქტი, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ვერ გახდებოდა საქმის ადმისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრს დაკარგავდა და უმოქმედოდ დარჩებოდა სსსკ-ით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტის კუთვნილების ფაქტის დადგენის უდავო სამართალწარმოების წესით განხილვის შესაძლებლობა. სასამართლომ აღნიშნა, ასევე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის არ არსებობდა დავა თვით განკარგულების გაცემის კანონიერებაზე და სადავო არ იყო ის ფაქტი, რომ განმცხადებელმა ნამდვილად შეიძინა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ფაქტის დადასტურება შეუძლებელი იყო სხვა წესით, უფლების დამდგენი საბუთის კუთვნილების ფაქტზე შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიეღო სასამართლოს.
15. სააღსრულებო ბიურომ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
16. სააპელაციო საჩივარი შემდეგ საფუძვლებს ემყარება:
16.1. უსწოროა სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზე, რომ 10.09.2001 წელს სააღსრულებო ბიუროს მიერ გამართულ იძულებით აუქციონზე ახალქალაქის რაიონის სოფელ მ-ის სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი საცხვარე N1 შეიძინა ა. თ-ის ძე ბ-მა, თუმცა, შესაბამის განკარგულებაში შემძენის მამის სახელად, ნაცვლად თ-ისა, შეცდომით ჩაიწერა ა. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი გაიცა შემძენზე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სააღსრულებო ბიუროს მიერ მოწყობილ აუქციონზე.
16.2. ის გარემოება, რომ პირი ფლობს ქონებას, არ გულისხმობს, რომ პირი წარმოადგენს სადავო ქონების მესაკუთრეს.
16.3 სააღსრულებო ბიუროს განკარგულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტია, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის"დ" ქვეპუნქტი, ვინაიდან აღნიშნული მუხლი ვრცელდება უფლების დამდგენ საბუთზე და არა ადმინისტრაციულ აქტზე. ადმინისტრაციულ აქტში ცვლილება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით. ამდენად, არ არსებობდა იურიდიული ფაქტის დადგენის წინაპირობა.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
18. სააპელაციო სასამართლომ თავისი განჩინებით დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1- 6, 8-12 პუნქტებში მითითებული ფაქტები.
19. მოცემული დავის სამართლებრივი შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 312-ე მუხლზე და განმარტა, რომ ა.თ-ის ძე ბ-ის მიერ მოთხოვნილი ფაქტის დადგენა იურიდიული მნიშვნელობისაა, ვინაიდან კანონი ამ ფაქტს უკავშირებს იურიდიული ურთიერთობის წარმოშობას, კერძოდ, განმცხადებელი ითხოვდა, განკარგულებაში არსებული ხარვეზის გამო, უფლებადამდგენი საბუთის მისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენას, რის საფუძველზეც, სამომავლოდ, უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციასაც მოითხოვდა.
20. სასამართლოს მითითებით, უდავო წარმოების წესით განიხილება მხარის მოთხოვნა ისეთი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე, რა დროსაც შეუძლებელია მოხდეს პირის იდენტიფიცირება იმ დოკუმენტების მიმართ, რომლებშიც მისი პირადი მომაცემები არასწორადაა დაფიქსირებული. განმცხადებელი ითხოვდა უფლების დამდგენი საბუთების მისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენას, რომელშიც მისი მამის სახელი აღნიშნულია არასწორად (მითითებულია “ა- ი”, ნაცვლად „თ-ისა“). ამასთან, დგინდება უფლების დამდგენი დოკუმენტის პირისადმი კუთვნილება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მოთხოვნა და დაადგინა იურიდიული ფაქტი იმის შესახებ, რომ სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელ ს. ხ-ის მიერ 2001 წლის 10 სექტემბერს 10.09.2001წელს ა. ა-ის ძე ბ-ის სახელზე გაცემული განკარგულება ეკუთვნის 1… დაბადებულ ა. თ-ის ძე ბ-ს (პ/ნ …).
21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრება, ანუ იურიდიული ფაქტზე პრეტენზიის გაცხადება, არ წარმოშობდა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსსკ-ის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს შემდეგ გარემოებათა გამო: უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, რათა მან განიხილოს საქმე საერთო სასარჩელო წესით. მოხმობილი ნორმის მიხედვით, უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას, აღიძვრება დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ, წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე. მითითებული ნორმით, უდავო წარმოებით საქმის განხილვამდე და გადაწყვეტილების გამოტანამდე სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, შესაძლებელია თუ არა, აღიძრას დავა უფლების შესახებ და მიიღოს ზომები, რომ განსახილველი ფაქტის შესახებ შეატყობინოს სავარაუდოდ დაინტერესებულ პირებს. უდავო წარმოებით განსახილველი საქმე სასარჩელო წარმოებით განსახილველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეზე აღიძვრის დავა უფლების შესახებ. უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმეების იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, ყველა იურიდიული ფაქტის დადგენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს განმცხადებლის მიზნისა და ფაქტის იურიდიული მნიშვნელობის დადგენა. ამასთან, განმცხადებლის იურიდიული ფაქტის დადგენის მიზანს უმეტესწილად უკავშირდება დაინტერესებული პირის არსებობა, რომელიც არ არის იდენტური მოდავე პირისა. მიუხედავად იმისა, რომ უდავო წარმოებაში არ გვყავს ურთიერთდაპირისპირებული მხარეები და არ არსებობს დავა უფლებაზე, უდავო წარმოება შეიძლება მივიჩნიოთ უდავოდ მხოლოდ იმ მხრივ, რომ მასში არა გვაქვს უფლების შესახებ დავა, რომელიც დამახასიათებელია სასარჩელო წარმოებისთვის. უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეში დადგენილია ფაქტები და არა ამ ფაქტების სამართლებრივი შედეგები, ე.ი, თუ რა შედეგს უკავშირებს კანონი უდავო წარმოების წესით დადგენილ ფაქტს. უდავო წარმოებაში დაინტერესებული პირის არსებობა და ამ პირის მიერ გამოთქმული უარყოფითი მოსაზრება დასადგენ იურიდიულ ფაქტთან მიმართებით, ცალსახად არ ნიშნავს ამ პირის უფლების დარღვევას. სსსკ-ის 311-ე მუხლზე დაყრდნობით, უფლების შესახებ მაშინ დავობენ, როდესაც კონკრეტული განმცხადებლისათვის დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იჭრება დაინტერესებული პირის უფლებაში და ართმევს მას შესაძლებლობას, სრულად და თავისუფლად გამოიყენოს ეს უფლება. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეების განხილვისას დაინტერესებულ პირებს წარმოადგენენ პროცესის ის მონაწილენი, რომელთა უფლებებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ კონკრეტულ საქმეზე გამოტანილმა სასამართლო გადაწყვეტილებამ. პროცესის ეს მონაწილეები ამიტომაც დაინტერესებული არიან საქმის სწორად გადაწყვეტით.
22. სასამართლომ აღნიშნა, რომ სააღსრულებო ბიუროს არც სააპელაციო საჩივარში და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ მიუთითებია განსახილველი იურიდიული ფაქტის დადგენით თავისი მატერიალური უფლების დარღვევაზე, რაც სასარჩელო წარმოებაში მოდავე მხარის სტატუსისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, მის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეიძლება შეფასებულიყო გადაწყვეტილების გაუქმებისა და განცხადების განუხილველად დატოვების საფუძვლად.
23. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ 2001 წლის აუქციონზე გასხვისდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ის სახელმწიფო საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონება, ამ საქმეში დაინტერესებული პირის სახით ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, სააღსრულებო ბიუროსთან ერთად, მიწვეულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდეგში - ქონების ეროვნული სააგენტო), რომლის წარმომადგენელსაც აუქციონზე გასხვისებულ ქონებაზე პრეტენზია არ განუცხადებია. ქონების ეროვნულ სააგენტოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია და, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს ინსტანციაში საქმის განხილვისას, 19.05.2015 წლის სხდომაზე მიწვეული იყო, მისი წარმომადგენელი არ გამოცხადებულა. შესაბამისად, ამ დაინტერესებულ პირს შედავება იურიდიულ ფაქტზე არ განუხორციელებია.
24. სააღსრულებო ბიურომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
24.1. კასატორის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად მიუთითა გადაწყვეტილებაში, ხოლო შემდეგ - სააპელაციო სასამართლომ, რომ 2001 წლის 10 სექტემბრის განკარგულებაში შემძენის მამის სახელი არის შეცდომით მითითებული.
24.2. კასატორის განმარტებით, განკარგულება, რომელიც გადაეცემა აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილ პირს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
24.3. კასატორის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს მოცემული საკითხის გადაწყვეტისას არ უნდა გამოეყენებინათ სსსკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, ვინაიდან აღნიშნული ვრცელდება უფლების დამდგენ საბუთზე და არა ადმინისტრაციულ აქტზე. ადმინისტრაციულ აქტში ცვლილება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით, რის გამოც არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული წინაპირობა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე.
24.4. კასატორის მითითებით, ა. ა-ის ძე ბ-მა 2001 წლის 10 სექტემბერს სააღსრულებო ბიუროს მიერ გამართულ იძულებით აუქციონზე ახალქალაქის რაიონის სოფელ მ-ის სახელმწიფოს კუთვნილი #1 საცხვარე შეიძინა, განკარგულებით დასტურდება, რომ თავადაა ქონების შემძენი და არა არატავაზდ თ-ის ძე ბ-ი.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებოს ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეული უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
26. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
29. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:
31.1. კასატორის პრეტენზიის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებს მოცემული საკითხის გადაწყვეტისას არ უნდა გამოეყენებინათ სსსკ-ის 312-ე მუხლი, სააღსრულებო ბიუროს განკარგულება აუქციონზე ქონების გასხვისების თაობაზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და საკითხითიც ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსით გათვალისწინებული წესით უნდა მოწესრიგებულიყო. კასატორი სადავოდ ხდის ა. თ-ის ძე ბ-ის მიერ ახალქალაქის რაიონის სოფელ მ-ში, სახელმწიფოს კუთვნილი ქონების აუქციონზე შეძენის ფაქტსაც.
32.2. სასამართლო კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სსსკ-ის 310-ე და 312-ე მუხლებზე მითითებით, ამ გარემოებების პირობებში, მართებული დასკვნა გამოიტანა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო: სსსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზეც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. მოცემულ შემთხვევაში, ა. ბ-ის მიერ მოთხოვნილი ფაქტის დადგენა იურიდიული მნიშვნელობისაა, ვინაიდან კანონი ამ ფაქტს უკავშირებს მისი ქონებრივი უფლების წარმოშობას, კერძოდ, განმცხადებელი ითხოვს, საბუთში არსებული ხარვეზის გამო, უფლებადამდგენი საბუთის მისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენას, რის საფუძველზეც სამომავლოდ შესაძლებლობა ექნება, მოითხოვოს აუქციონზე შეძენილი ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება.
33.3. სსსკ-ის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუქნტის შესაბამისად, სასამართლო განიხილავს საქმეებს უფლების დამდგენი საბუთების იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს, ან გვარს. „აღნიშნული ქცევის წესიდან გამომდინარეობს, რომ უდავო წარმოების წესით განიხილება მხარის მოთხოვნა ისეთი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე, რა დროსაც შეუძლებელია მოხდეს პირის იდენტიფიცირება იმ დოკუმენტების მიმართ, რომლებშიც მისი პირადი მონაცემები არასწორადაა დაფიქსირებული“. განმცხადებელი ითხოვს უფლების დამდგენი საბუთის მისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენას, რომელშიც მისი მამის სახელი აღნიშნულია არასწორად (მითითებულია ა., ნაცვლად სახელისა - თ-ი). ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება უფლების დამდგენი დოკუმენტის პირისადმი კუთვნილება. კასატორის პრეტენზია, მოცემული საკითხის ზოგადი ადმინისტრაციული წესით მოწესრიგების თაობაზეც, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია (იხ. სუსგ 2014 წლის 11 მარტი, საქმეზე № ას-1085-1035-2013).
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №07119, გადახდის თარიღი 2015 წლის 24 ივლისი), 70 % - 210 (ორას ათი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე