საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-780-737-2015 22 ოქტომბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "I-E" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2012 წლის 5 აპრილს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს „ახალი ტალღა“ (შემდეგში - შემსყიდველი) და შპს-ას „I-E” (შემდეგში - მიმწოდებელი) შორის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე N58 ხელშეკრულება გაფორმდა.
2. ხელშეკრულების 2.1 ქვეპუნქტით შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულებად განისაზღვრა 9800 (ცხრა ათას რვაასი) ლარი, 4.1 ქვეპუნქტით, საქონლის მიწოდების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღე შეთანხმდა, ხოლო 8.5 ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 2000 (ორი ათასი) ლარი.
3. მხარეებს შორის გაფორმებული N58 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2012 წლის 12 აპრილს N58/1 მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა.
4. 2014 წლის 3 ივლისს და 15 ივლისს შემსყიდველმა მიმწოდებელს წერილობით აცნობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე, რაზედაც მიმწოდებელმა უარი განაცხადა.
5. შემსყიდველმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს - 2000 ლარის დაკისრება.
6. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
8. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 316.1, 317-ე და 327-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მოდავე მხარეებს შორის არსებობდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, მიმწოდებელს შემსყიდველისათვის, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში, ანუ 2012 წლის 10 აპრილამდე, უნდა მიეწოდებინა საქონელი.
9. სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მოსარჩელეს მიაწოდა ორი დღის დაგვიანებით.
11. სასამართლოს მითითებით, სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
12. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომლის გადახდევინებაც ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
13. სასამართლომ მიუთითა, რომ, სსკ-ის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას; ხოლო, 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს დადგენილ დროში.
14. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ შეასრულა ვალდებულება, თუმცა - დაგვიანებით. მართალია, მხარეები 2012 წლის 5 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების 8.5. ქვეპუნქტით წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს თაობაზე, მაგრამ - ისინი შეთანხმდნენ მხოლოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის და არა ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობისათვის მის დაკისრებაზე; სსკ-ის 419-ე მუხლი კი, იმპერატიულად მოითხოვს ასეთი შეთანხმების არსებობას.
15. ამდენად, ვინაიდან მხარეებს შორის არ არსებობდა წერილობითი შეთანხმება ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, სასამართლომ სარჩელი დაუსაბუთებლად მიიჩნია.
16. შემსყიდველმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
17. სააპელაციო საჩივარი შემდეგ საფუძვლებს ემყარება:
2012 წლის 5 აპრილს მხარეთა შორის გაფორმებული №58 ხელშერულების 8.5 ქვეპუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ, თუ რომელიმე მხარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებდა, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 2000 ლარი, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა და საქონელი შემსყიდველს დაგვიანებით მიაწოდა, მან არ შეასრულა საკუთარი ვალდებულება, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
18. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და არსებითად სწორია, რის გამოც შემსყიდველის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
19. სასამართლომ, სსსკ-ის 377-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და, იმავე კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დასაბუთების ნაცვლად მიუთითა მათზე.სასამართლოს აღნიშნული დასკვნები ასახულია მისი განჩინების 1.2-1.3 პუნქტებში.სასამართლომ ისინი გაიზიარა იგივე ფორმულირებით და, ამიტომ, სიტყვასიტყვით განჩინებაში განმეორებით აღარ მიუთითა.
20. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ საქმეში სადავო ფაქტები არ არის. შემსყიდველი (აპელანტი) უთითებდა, რომ ეს ფაქტები საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა, თუმცა მან, სააპელაციო საჩივარსა და სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში ასახული მოსაზრებებით, ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და არსებითად სწორია, რის გამოც შემსყიდველის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
21. შემსყიდველმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
22. კასატორის მითითებით, მოპასუხე მხარეს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს სსკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, თუმცა სასამართლო ამ ფაქტობრივ გარემოებას არასწორად აფასებს და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად არის შესრულებული, რაც არასწორია.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით შემსყიდველის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემსყიდველის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეული უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
27. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:
29.1. მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.5 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძვლიანობა.
29.2. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
29.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
29.4. დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მოსარჩელეს ორი დღის დაგვიანებით გადასცა.
29.5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 8.5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო 2000 ლარი მხოლოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის.
29.6. სსკ-ის 419-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
29.7. საკასაციო სასამართლო მოხმობილი ნორმის საფუძველზე განმარტავს, რომ კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდევინებაც და ვალდებულების შესრულებაც. თუკი, პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, მაშინ კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდევინება მისი შესრულების სანაცვლოდ, მაგრამ, თუკი კრედიტორი მოინდომებს ვალდებულების შესრულებას, იგი კარგავს პირაგასამტეხლოზე უფლებას.
29.8. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულება შეასრულა ორი დღის დაგვიანებით, ხოლო ხელშეკრულების მონაწილე მხარეები პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმდნენ მხოლოდ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს კასატორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოდ მიაჩნია.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი, ამასთან, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი, სულ 255 (ორას ორმოცდათხუთმეტი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღას" (ს/კ 246954620) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარიდან (საგადახდო მოთხოვნა №02065, გადახდის თარიღი 2015 წლის 15 ივლისი და საგადახდო მოთხოვნა №02055, გადახდის თარიღი 2015 წლის 14 ივლისი), 255 (ორას ორმოცდათხუთმეტი) ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე